ენდეთ საკუთარ ინტუიციას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

მყავს ორი პატარა გოგონა და მოზარდი ვაჟი. სამივე საშინლად ფეთხუმი და დაუდევარია. სახლს ყოველ დილით ძირისძირობამდე ვალაგებ, მაგრამ შუადღისას ყველაფერი ისევ თავდაყირა დგას. ისე ვატყობ, ბავშვებისთვისაც და ჩემი ქმრისთვისაც სულერთია, სისუფთავეა სახლში თუ სიბინძურე, წესრიგია თუ ზედახორა. უამრავ ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ არავინ მიფასებს... ნინო, 36 წლის

რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავე და წესრიგი თავად თქვენთვის? წარმოიდგინეთ, მარტო რომ ცხოვრობდეთ და დღის უდიდეს ნაწილს სამსახურში ატარებდეთ, რამდენად ხშირად შეძლებდით სახლის დალაგებას, რას გააკეთებდით ყოველდღე და რას - დროგამოშვებით. ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რასაც წესრიგის დასამყარებლად აკეთებთ და დაფიქრდით, რა არის ნამდვილად აუცილებელი, გადაუდებელი და რისი გაკეთება შეიძლება უფრო იშვიათად. შემდეგ გადაწყვიტეთ, საოჯახო საქმეების რა ნაწილი გადაულოცოთ მეუღლეს და რა - უფროს შვილს. რაც უფრო მეტად მიიღებენ მონაწილეობას ოჯახის წევრები სახლის დალაგებაში, მით უფრო მოწესრიგებულნი გახდებიან.

მეგობარი გამუდმებით მთხოვს დახმარებას, რომელიც, მე მგონი, საერთოდ არ სჭირდება. გამუდმებით თავის პრობლემებს შემომჩივის და მეც ათასგვარ რჩევას ვაძლევ, მაგრამ ყურსაც არ მიგდებს და არაფერს აკეთებს სიტუაციის შესაცვლელად. უკვე აღარ ვიცი, რით დავეხმარო. გამიჩნდა განცდა, რომ სრულიად უძლური ვარ. ეკა, 23 წლის

ჩვენს გასაჭირს ხშირად იმისთვის კი არ შევჩივით სხვას, რომ რჩევა მივიღოთ, არამედ იმისთვის, რომ გული მოვიოხოთ და თანაგრძნობით აღსავსე სიტყვები მოვისმინოთ. როგორც ჩანს, თქვენს მეგობარს უბრალოდ თქვენი თანაგრძნობა სჭირდება, ამიტომ ნუ ელით, რომ ზედმიწევნით შეასრულებს თქვენს რჩევებს. ნუ ეცდებით, საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენი მეგობრის ბედნიერების გამო - თქვენ მას ისედაც ეხმარებით, როცა მის წუწუნს ისმენთ. საკმარისია აგრძნობინოთ, რომ მისი პრობლემებისა და განცდების მიმართ გულგრილი არ ხართ.

ინტერნეტით ერთი მამაკაცი გავიცანი. ჩვენს ურთიერთობას ფლირტსაც კი ვერ დავარქმევ; უბრალოდ, მიმოწერა გვაქვს - ჩვენ-ჩვენს პრობლემებზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ, აზრებს ვუზიარებთ. ჩემი ქმარი კი ეჭვიანობს, თუმცა ავუხსენი, რომ საამისოდ არავითარი საფუძველი არ არსებობს. როგორ მოვიქცე? ლიკა, 26 წლის

თქვენი ქმარი შესაძლოა ეჭვიანობდეს არა იმის გამო, რომ თქვენ, მისი აზრით, რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ ვირტუალურ ნაცნობთან, არამედ იმ მიზეზით, რომ მას უბრალოდ თქვენი ყურადღება აკლია. მას სურს, თვითონვე იყოს ადამიანი, რომელსაც რჩევას სთხოვთ და თქვენს პრობლემებზე ესაუბრებით.

მეუღლე რომ დაამშვიდოთ, მეტი დრო გაატარეთ მის გვერდით, მოუყევით, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ჰკითხეთ აზრი სხვადასხვა საკითხზე. ამ შემთხვევაში მას ნაკლებად ატკენს გულს თქვენი ინტერნეტურთიერთობა.

ცოტა ხნის წინ ახალ სამსახურში გადავედი და მამაკაცთა კომპანიაში აღმოვჩნდი. ოფისში ოცი მამაკაცი და სამად სამი ქალია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა თავს დედოფლად გრძნობ, მაგრამ ამავე დროს ძალიან რთულია სწორი ურთიერთობის აგება. როგორ მოვახერხო ეს? სალომე, 25 წლის

უპირველეს ყოვლისა, უნდა აირჩიოთ პოზიცია, რომლის დაკავებაც გსურთ ახალ კოლექტივში. ვარიანტი პირველი - გუნდის სრულფასოვანი წევრი რომ გახდეთ, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ შეეწყოთ მუშაობის მამაკაცურ სტილს, მაღალ ტემპს, შეეგუოთ თქვენი აზრით მნიშვნელოვანი ეთიკური ასპექტების არარსებობას (თუმცა გახსოვდეთ, რომ უხეშობა მამაკაცთა კოლექტივში ყოველთვის უპატივცემულობის ნიშანი არ არის). მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ საქმეს არავისზე ნაკლებად არ ართმევთ თავს, რომ თქვენი ნდობა შეიძლება. სამაგიეროდ მიიღებთ პატივისცემასა და აღიარებას კოლეგა მამაკაცების მხრიდან.

არის მეორე ვარიანტიც - პირიქით, ხაზი გაუსვათ თქვენს ქალურობას, გამოაჩინოთ თქვენი არა არტო ძლიერი, არამედ სუსტი (არანაკლებ მომხიბვლელი) მხარეებიც. ამ შემთხვევაში ნაკლებმოსალოდნელია დაგაფასონ როგორც პროფესიონალი, არც სწრაფი კარიერული წინსვლის იმედი უნდა გქონდეთ. სამაგიეროდ თქვენ ეყვარებით სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის, რთული სიტუაციების განმუხტვის უნარის გამო. რომელი როლია უფრო თქვენეული, თქვენი გადასაწყვეტია.


მე 20 წლის ვარ, ჩემი შეყვარებული - 22-ის. ერთმანეთი ერთი წლის წინ გავიცანით. დედაჩემს ის თავიდანვე არ მოეწონა. ერთხელ მითხრა, საჩუქრებს იშვიათად გიძღვნის და, საერთოდ, ყურადღებას არ გაქცევსო. მე ეს ძალიან მეწყინა და ყველაფერი ჩემს შეყვარებულს ვუამბე. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი უთანხმოება და საბოლოოდ ერთმანეთს დავშორდით. ახლა მეუბნება, რომ არა დედაშენი, ყველაფერი კარგად იქნებოდაო. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა რამის გამოსწორება. ინგა, 20 წლის

საკუთარი უიღბლობის სხვისთვის დაბრალება ძალიან ადვილია, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენსა და თქვენს საყვარელ მამაკაცს შორის რაღაც იმთავითვე ვერ იყო რიგზე. გულახდილი საუბარი შესაძლოა დაგეხმაროთ იმის გარკვევაში, რა ხდება ახლა და რა გსურთ სამომავლოდ. დაფიქრდით იმაზე, რა მოგწონთ თქვენს ურთიერთობაში, რა გახარებთ, რა გიზიდავთ, რისი მიღება გსურთ ამ ურთიერთობისგან, რისი გაცემა შეგიძლიათ, რას შესწირავთ მსხვერპლად და რას - არა.

ხშირად მეჩვენება, რომ შავად დაწერილი სცენარის მიხედვით ვცხოვრობ, რომ აი, ახლა რეპეტიციას გავივლი და მერე ნამდვილ ცხოვრებას დავიწყებ. ხშირად ვიჭერ საკუთარ თავს იმაში, რომ მშურს ყველა მეგობრის: სახლებიც უკეთესი აქვთ, ქმრებიც კარგი ჰყავთ, შვილებიც... მე კი 16 წელია გათხოვილი ვარ, მყავს ორი შვილი (ბიჭები, 5 და 10 წლის). ვცხოვრობთ დედაჩემთან. ოჯახური ცხოვრებისას რა არ გადამხდენია, მაგრამ ვითმენდი და ველოდი, თავს ვირწმუნებდი, ცოტაც და ყველაფერი მოგვარდება-მეთქი. მაგრამ არა, ყველაფერი უფრო და უფრო უარესდება. მე და ჩემი ქმარი ხშირად ვჩხუბობთ, ნერვიულები და გაღიზიანებულები ვართ. ბოლო დროს სულ იმაზე ვფიქრობ, საერთოდ რისთვის ვცოცხლობ ან რა მინდა... ირინა, 34 წლის

თუ გონებას კარგად მოვიჩხრეკთ, სამომავლოდ გადადებულ ათეულობით, ასეულობით გეგმას აღმოვაჩენთ. რა ვირტუოზულად გამოვიგონებთ ხოლმე მიზეზებს, რომლებიც ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს გვიშლიან! ხან ქვეყანაშია არახელსაყრელი ვითარება, ხან არ გვიმართლებს, ხან ოჯახის წევრები გვიშლიან ხელს... რამდენ ძვირფას წელს ვკარგავთ ასე!

ინფანტილიზმისგან თავის დაღწევა ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. თავდაპირველად მიზნები განსაზღვრეთ, ჩამოწერეთ, რისკენ მიისწრაფვით და როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი, მერე კი ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მიზნის მისაღწევად ახლა, ხვალ, უახლოეს კვირასა თუ თვეს.

თავი არიდეთ ზედმეტ იდეალიზმს - შეუძლებელია, ცხოვრება მხოლოდ სასიამოვნო მოვლენებისაგან შედგებოდეს. ყოველთვის არსებობს დაბრკოლება, წარუმატებლობა, სირთულე...

ცხოვრებისეული პრაქტიკა და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა ყოველთვის არაკომფორტულ პირობებში ხდება. უაზრობაა, იჯდე და გარემოებათა იდეალურ თანხვედრას ელოდო. იმისთვის, რომ უსასოობა და გაუბედაობა გადალახოთ, გაიხსენეთ - გზა ყოველთვის პირველი ნაბიჯის გადადგმით იწყება. მაქსიმალურად გამოიყენეთ, რაც თქვენთვის ბუნებას მოუცია, ენდეთ საკუთარ ინტუიციას. ახლავე დაიწყეთ იმის განხორციელება, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. სულ მალე თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.