ფსიქოლოგიური დახმარება
დარწმუნებული ვარ, რომ ქმარი ჩემი ერთგულია. მიუხედავად ამისა, მეღვიძება და ცივი ოფლი მასხამს, - ღალატი გამოცდილი მაქვს და ვიცი, რაც არის ეს. როგორ დავაღწიო თავი ასეთ სიზმრებს? ანა, 25 წლის.
ასეთი სიზმრები იმაზე მეტყველებს, რომ გადატანილი ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ არ მოსულხართ გონს. კარგია, რომ ახერხებთ სიზმრების სინამდვილისგან გამიჯვნას, გახსოვთ, რომ თქვენი ქმარი ის არ არის, ვინც გული გატკინათ, - სხვა ადამიანია, რომელთანაც სულ სხვაგვარი ურთიერთობა გაქვთ. ყოველ საღამოს, ძილის წინ, დაფიქრდით იმაზე, როგორ განსხვავდება ის თავისი წინამორბედისგან, "დაგეგმეთ" სასიამოვნო, კეთილი სიზმარი, - წარმოიდგინეთ ის, რის ნახვაც გაგიხარდებათ. თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, მიმართეთ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს.
სამოდელო ბიზნესი მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი გოგონა პატარაობიდან ათვალიერებდა მოდის ჟურნალებს, თვალყურს ადევნებდა მოდას, ახლა კი გადაწყვიტა, მოდელი გახდეს და პრაქტიკულად არაფერს ჭამს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ძალა დავატანო? იქნებ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა გზაც არსებობდეს? თამარი, 41 წლის
თქვენს ქალიშვილს მიაჩნია, რომ სწორედ მოდელის გარეგნობა (ანუ განსაკუთრებული სიგამხდრე) მისცემს საშუალებას, გოგონების შურით აღსავსე გამოხედვა და ბიჭების აღფრთოვანებული მზერა დაიმსახუროს. ამიტომაც ტრიალებს გამუდმებით სარკესთან და შიმშილობს. რა თქმა უნდა, თქვენ ეს არ მოგწონთ, მაგრამ აკრძალვები, შენიშვნები და დასჯა არაფერს მოგცემთ, პირიქით, უფრო მეტად გაუძლიერებს გოგონას გახდომის სურვილს.
შეეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ ამ გატაცებამ ზიანი არ მიაყენოს მის ორგანიზმს. პირველი - მონაწილეობა მიიღეთ დიეტის შერჩევაში. შეეცადეთ, ისეთი ვარიანტი ურჩიოთ, რომელიც სწორ და მრავალფეროვან კვებას ეფუძნება და არა დღიური რაციონის ორ კოვზ მაწონსა და ნახევარ ვაშლზე დაყვანას. თუ ამაზე ვერ შეთანხმდით, როგორმე დიეტოლოგთან ვიზიტზე დაიყოლიეთ - ის გოგონას "ექსკლუზიურ დიეტას" შეუდგენს, რომლითაც ორივე კმაყოფილი დარჩებით.
მეორე: გოგონას სურვილი, ჰქონდეს მომხიბვლელი სხეული, შესანიშნავი საბაბია, დააინტერესოთ ის სპორტით, ფიტნესით ან ცეკვით - ყოველივე იმით, რაც მოხდენილი და სწორი ტანდეგობის ჩამოყალიბებაში დახმარება. მესამე: შეგიძლიათ, გოგონას შესანიშნავი საჩუქარი მიუძღვნათ - დააფინანსოთ მისი ფოტოსესია რომელიმე სტუდიაში. ის საკუთარი თავის რწმენით აივსება და თვითგვემაზე უარს იტყვის.
შეყვარებული მყავს, მაგრამ დროებით ჩვენი ურთიერთობის დამალვა მიწევს. რამდენიმე დღის წინ კი მეგობარმა გამანდო, რომ ჩემს საყვარელ მამაკაცს მოსწონს! თავადაც სურს, მასთან რომანი გააბას, გამუდმებით მასზე ლაპარაკობს... ვშიშობ, რომ როცა ჩვენი ურთიერთობა გამჟღავნდება, ჩემი დაქალი ნაწყენი დარჩება. ტატა, 28 წლის
როცა სიმართლე გაირკვევა, თქვენი მეგობარი განაწყენებული დარჩება ორი მიზეზის გამო: პირველი - იმიტომ, რომ ახალგაზრდა კაცმა არჩევანი თქვენზე შეაჩერა და არა მასზე; მეორე - იმიტომ, რომ შესაძლოა მოეჩვენოს, თითქოს მთელი ამ ხნის განმავლობაში გულში დასცინოდით. ამიტომ ეცადეთ, ყოველგვარი საბაბით თავი აარიდოთ თქვენს რჩეულზე საუბარს. მაგალითად, უთხარით მეგობარს, რომ, თქვენი აზრით, ის მისდამი უბრალოდ თავაზიანია. ქალიშვილს ეს, რა თქმა უნდა, დააღონებს. სამაგიეროდ, თქვენ მასთან მართალი იქნებით.
როცა შინ არ ვარ, უმცროსი და უნებართვოდ იღებს ჩემს ნივთებს. მშობლებისა არ ერიდება, შეუძლია, მათ თვალწინ შევიდეს ჩემს ოთახში და უნებართვოდ აიღოს ჩემი სამკაულები, ჩაიცვას ჩემი ტანსაცმელი... შემდეგ კი უკვირს, რომ ვბრაზობ. როგორ ავუხსნა, რომ ეს ჩემი ტერიტორიაა? კარზე საკეტის გაკეთებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ მშობლები წინააღმდეგნი არიან. დედა გამუდმებით მიმეორებს: "თქვენ ხომ დები ხართ!" ქეთი, 22 წლის
ზოგჯერ მოზარდების საქციელი გარშემო მყოფთათვის მიუღებელია, რადგან მათ არ იციან, როგორ მიიქციონ ყურადღება ან როგორ მიაღწიონ სასურველ შედეგს. ასეა თუ ისე, დას მშვიდად გაესაუბრეთ. სცადეთ გაიგოთ, რატომ იქცევა ასე, რა აწუხებს, რა სურს. იქნებ მიაჩნია, რომ ტანსაცმელი, რომელსაც მისთვის მშობლები ყიდულობენ, "მისი ასაკისთვის შეუფერებელია", რომ უკვე დიდია და სხვაგვარი სამოსი შეეფერება... ამის შემდეგ იმაზე მოილაპარაკეთ, როგორ უნდა მოიქცეს თითოეული თქვენგანი. მაგალითად, თქვენ თქვენთვის განსაკუთრებით ფასეულ ნივთებს კარადაში ჩაკეტავთ, დანარჩენებს კი გარეთ დატოვებთ და დას მათი გამოყენების ნებას დართავთ, ოღონდ იმ პირობით, რომ თავადაც ასე მოიქცევა.
ნებისმიერ მარცხს, უმნიშვნელოსაც კი, ტრაგედიად აღვიქვამ და საშინლად განვიცდი. როგორ დავძლიო ეს თვისება? მარიამი, 24 წლის
უპირველეს ყოვლისა, ცხოვრებას მარტივად უნდა შეხედოთ. აღიარეთ, რომ ზოგჯერ გიჩნდებათ სურვილი, ვინმეს გულში ჩაეკრათ და იტიროთ, და იმისთვის, რომ გარშემო მყოფთა თანაგრძნობა გამოიწვიოთ, ირჩევთ მარტივ გზას: აზვიადებთ იმ სირთულეებს, რომლებთანაც გიხდებათ შეჯახება. სინამდვილეში თავადაც ხვდებით, რომ პრობლემა არცთუ ისე დიდია, მაგრამ თქვენ ყურადღება გჭირდებათ, რომელიც ხშირად გაკლიათ. ყოველივე ეს საგანგაშო არ არის, თუ, რა თქმა უნდა, არ გადააჭარბებთ.
აი, როგორ უნდა მოიქცეთ: თავი დაანებეთ ვარაუდებს! ხშირად ბუზს სპილოდ მხოლოდ იმიტომ აქცევთ, რომ გეშინიათ მოსალოდნელი დასასრულისა, რომელიც შესაძლოა არც კი დადგეს, მაგრამ წარმოსახვით უკვე განიცადეთ. იქნებ მოვლენებს მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ან არასწორად აფასებთ? უფროსმა გამოგიძახათ, თქვენ კი უმალვე იწყებთ მკითხაობას, რისთვის შეიძლება გაგკიცხონ ან, უფრო უარესი, გაგათავისუფლონ კიდეც! დამშვიდდით, იქნებ მას მხოლოდ ის სურს, დავალება მოგცეთ ან სულაც მადლობა გადაგიხადოთ? განეწყვეთ ოპტიმისტურად, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და ნუ წარმოიდგენთ საბედისწერო ფინალს.
- დილით საცობში მოხვდით, დღისით შენიშვნა მიიღეთ უფროსისგან, საღამოს წაეჩხუბეთ ქმარს და მორჩა - უკვე გადაწყვიტეთ, რომ უბედურ ვარსკვლავზე ხართ დაბადებული. თავი დაანებეთ განზოგადებას! უბრალოდ, ეს წარუმატებელი დღე იყო და არა კატასტროფა ან დასასრულის დასაწყისი.
- გადაიტანეთ ყურადღება რაიმე სასიამოვნოზე, მაგალითად, ნახეთ კომედია, მოუსმინეთ საყვარელ სიმღერებს, გაიარეთ მაღაზიებში. ყველაზე უკეთესი იქნება, რაიმე საინტერესო საქმიანობა გამონახოთ და განიტვირთოთ.
თვალი გაუსწორეთ სიმართლეს!
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ შეცდომა მართლაც დაუშვით? მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანი მარცხს ათჯერ მეტხანს იმახსოვრებს, ვიდრე გამარჯვებას. როცა გონებაში განუწყვეტლივ ატრიალებთ თავს გადახდენილ წარუმატებლობას, კვლავ და კვლავ გიჩნდებათ უსიამოვნო განცდები და ამით მოვლენის მასშტაბს უფრო მეტად აფართოებთ.
- პანიკას ნუ მიეცემით, თავში ხელებს ნუ წაიშენთ და "დავიღუპეს" ძახილს ნუ მოჰყვებით. შეუძახეთ საკუთარ თავს: "ვითომ რა მოხდა ასეთი?!" გაიხსენეთ სიტუაცია ისე, თითქოს ამის შესახებ უცხო ადამიანს უყვებოდეთ. ეს შეიძლება სარკესთანაც გააკეთოთ, თან საკუთარ ანარეკლს უყურეთ და ყურადღებით დააკვირდით გამომეტყველებას.
- მღელვარებას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით? აღუწერეთ პრობლემა მეგობარს ან ქმარს, დაწვრილებით უამბეთ ყველაფერი. ეს დაგამშვიდებთ. უცხო თვალი აუცილებლად შეამჩნევს მომხდარში დადებით მომენტებს და თქვენც მიგაქცევინებთ ყურადღებას.
- ნუ დათრგუნავთ საკუთარ თავს. წარმოიდგინეთ, რომ მთაზე ან მე-16 სართულის აივანზე დგახართ და თქვენს პრობლემას ზემოდან დაჰყურებთ. ნუთუ მართლა ასეთი საშიშია?
- ნუ დაყოფთ ცხოვრებას შავ და თეთრ ზოლებად. ისწავლეთ ცუდში კარგის დანახვა.
შესაძლო ნეგატიური შედეგი უმჯობესია წინასწარ გათვალოთ და მისთვის მოემზადოთ. მაშინ ის ისე საშიში აღარ მოგეჩვენებათ. ამერიკელ მკვლევართა მონაცემებით, ოპტიმისტები ბიზნესში უფრო დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე პესიმისტები. ამას მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ოპტიმისტებს შესწევთ უნარი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის - ფინანსურიც, უფრო დაკვირვებით და გონივრულად მიიღონ. თუმცაღა იქვე გვაფრთხილებენ, რომ ზედმეტი ოპტიმიზმიც სახიფათოა - ის ხელს უშლის ადამიანს სიტუაციის საღად შეფასებაში და სარისკო მოქმედებებისკენ უბიძგებს. ყველაფერში ოქროს შუალედია საჭირო.