ფსიქოლოგიური დახმარება

მისი წარმოდგენისგან განვსხვავდები: სხეულზე ტატუირება მაქვს, ცხვირზე - პირსინგი, არც სამზარეულოში ტრიალი მეხერხება... ჰოდა, ჩემი სადედამთილოც გამუდმებით ჩასჩიჩინებს შვილს, რომ მე მის ოჯახს არ შევეფერები. საბედნიეროდ, ჩემი საქმრო სხვაგვარად ფიქრობს. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ დაქორწინება, მაგრამ ძალიან მეშინია, რომ დედამისი მაინც შეეცდება ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებას. როგორ მოვიქცე? ელენე, 22 წლის
უწინარეს ყოვლისა, გამოიყენეთ ყველა საშუალება, რომ ქორწინების შემდეგ ქმრის მშობლებისგან განცალკევებით იცხოვროთ. თუ არც თქვენ და არც თქვენს საქმროს არ გაქვთ ცალკე საცხოვრებელი ფართი, შეეცადეთ იქირაოთ, ერთი ოთახი მაინც. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი დედამთილი უბრალოდ კი არ ჩაერევა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში, არამედ მისი მუდმივი მონაწილე იქნება.
მეორე: ეცადეთ, არ ეკამათოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დაეთანხმოთ, მაგრამ საპირისპირო აზრი ზრდილობიანად და არგუმენტირებულად გამოხატეთ. ერთი მხრივ, თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ აღიარებთ, რომ დედამთილის აზრი მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, აუცილებელია მოთმინებით აუხსნათ, რატომ არ იზიარებთ მას. მაგალითად: "მართალი ხართ, ეს კაბა ძალიან ლამაზია, მაგრამ მე არ მიხდება". ასევე უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი ქმარი ამა თუ იმ საკითხზე დედის აზრს იზიარებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თქვენი საქმრო სერიოზული მამაკაცია, რომელიც თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს, დაეყრდნობა საკუთარ გამოცდილებასა და აზრს. ამ შეთხვევაში თქვენს დედამთილს მისი გადარწმუნება გაუჭირდება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჩემი უფროსი ხელქვეითებს უხეშად ეპყრობა, უყვირის, შეურაცხყოფს... მე ამას დღემდე ვერ შევეჩვიე - ვიძაბები, ვიბნევი, ხშირად ცრემლიც კი წამსკდება ხოლმე. იქნებ სხვა სამუშაო ვეძებო? არადა, ეს სამსახური ხელს მაძლევს - სახლთან ახლოს არის, ანაზღაურებაც ნორმალურია. როგორ მოვიქცე? ვერიკო, 28 წლის
სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ზომაა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ. თავდაპირველად კი შეეცადეთ, ჭკუა ასწავლოთ უზრდელ ხელმძღვანელს. როცა კიდევ ერთხელ აუწევს ხმას, მოიკრიბეთ ძალა და უთხარით: "თუ შეიძლება, ნუ მიყვირით!" მთავარია, ეს ჟღერდეს როგორც თავდაჯერებული ადამიანის მშვიდი რჩევა. გარდა ამისა, მოეთათბირეთ კოლეგებს, რომლებიც ასევე არიან შეურაცხყოფილნი უფროსის უხეში მოპყრობით - შეგიძლიათ, საჩივრით მიმართოთ ზემდგომ ხელმძღვანელობას. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, დაფიქრდით, გიღირთ კი ეს სამუშაო (ანაზღაურება, სახლთან სიახლოვე) ამ ფასად? მუდმივი ნერვიულობა ხომ, ბოლოს და ბოლოს, თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედებს.
ჩემი შეყვარებული თავის საქმეს ხშირად მაკეთებინებს, თავად კი იშვიათად მეხმარება. როგორ მოვიქცე? მარი, 25 წლის
მანიპულირებისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა იმის ჩვენებაა, რომ ყველაფერს შესანიშნავად ხედავთ და უარს ამბობთ, ითამაშოთ სხვისი წესებით. როცა ყმაწვილი კიდევ ერთხელ გთხოვთ დახმარებას, ეშმაკობას მიმართეთ: თუ შენ, ასეთი გონიერი და ძლიერი მამაკაცი, თავს ვერ ართმევ ამ ამოცანას, მე როგორღა დაგეხმარო-თქო? სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ იღებს საკუთარ თავზე, როცა ხედავს, რომ ამას მის ნაცვლად სხვა არ გააკეთებს.
რაც შვილი გამიჩნდა, სახლში ჩავჯექი. ადრე მე და ჩემი ქმარი აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდით, ახლა კი მე ბავშვს ვარ მიჯაჭვული, ის ერთობა. მშობიარობის შემდეგ ერთხანს ისიც შინ იჯდა და მეხმარებოდა, მაგრამ მალე მობეზრდა, მეგობრებმაც ისევ დაიწყეს მისი დაპატიჟება საქეიფოდ, სანადიროდ... ცხადია, კალთაზე ვერ გამოვიბამ, მაგრამ გამუდმებით მარტო ყოფნა ძალიან მოსაწყენია. მარიკა, 26 წლის
დაელაპარაკეთ მეუღლეს. ერთად, ალბათ, იპოვით კომპრომისს. მაგალითად, შეიძლება შეთანხმდეთ, რომ მეგობრებისთვის თვეში 2-3 უქმე დღეს გამოყოფს, დანარჩენ დროს კი თქვენთან გაატარებს. გარდა ამისა, შეიძლება ისეთი ღონისძიების ორგანიზებაც, სადაც ბავშვთან ერთად წასვლას შეძლებთ. მაგალითად, შეიძლება პიკნიკის მოწყობა: უკვე დათბა, შეკრიბეთ მეგობრები ოჯახებითურთ და ქალაქგარეთ გაისეირნეთ.