ოჯახური ჰარმონია
„ოჰო, დღეს გემრიელი ვახშამი გვექნება!“ - აი, მთელი მისი შეხვედრა. როგორ მოვიქცე? გაგონდებათ, როგორ დარბიხართ დილიდან საღამომდე, ჩამოჯდომას, დასვენებასა და ჭამას კი არა, ზოგჯერ ტუალეტში შესვლასაც ვერ ასწრებთ. ყრით ჩანთებს იტაკზე, მკაცრად ეუბნებით ქმარს, რას ფიქრობთ მასზე, შემდეგ კი სევდიანი სახით სამზარეულოსკენ მიემართებით ვახშმის მოსამზადებლად. წარმოსახვაში კი ასეთი საოცნებო სურათი იხატება:
ქმარი წინსაფარაფარებული გხვდებათ კართან, გახარებული გეამბორებათ, პალტოს გახდაში გეხმარებათ, სამზარეულოდან კი გემრიელი სურნელი იფრქვევა... კი მაგრამ, რა არის აქ ასეთი ფანტასტიკური? ყველაფერი თქვენს ხელთაა, ძვირფასო ქალბატონებო, თუ სწორად მიუდგებით საქმეს. გაიხსენეთ, როგორ უამბობთ ნაცნობ-მეგობრებს, რომ თქვენი ქმარი თქვენი უფროსი შვილია. მართლაც, მამაკაცები ხშირად ბავშვებივით უზრუნველად უყურებენ ცხოვრებას და ბავშვებივით უყვართ თამაში. თუ მოინდომებთ, თამაშით ყველაფერს მიაღწევთ, მათ შორის - ჰარმონიასაც ურთიერთობებში. მთავარია, მშვიდად გაარკვიოთ, რომელ თამაშს ამჯობინებს თქვენი ძვირფასი მეუღლე.
არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ოცნებობენ, გამოგადგნენ. დიახ, ნუ გაიკვირვებთ! განა კარგა ხნის წინათ, ჯერ კიდევ თქვენი ერთობლივი ცხოვრების გარიჟრაჟზე, თქვენ თვითონ არ აიკიდეთ სუსტ ქალურ მხრებზე საოჯახო საქმეების მთელი სიმძიმე, რათა მას დაემთავრებინა ინსტიტუტი, დაეწერა დისერტაცია, ეპოვა სამსახური, დაწინაურებულიყო, შეეძინა ახალი პროფესია?.. ყოველივე ამას მან წარმატებით გაართვა თავი და ახლა უბრალოდ საფულის როლშია. დაგვეთანხმებით, ეს მოსაწყენია - ფული მოდის და მიდის, თვალებში კი რჩება მოწყენილობა, სევდა და დაღლილობა. დაეხმარეთ მას, ხელახლა იპოვოს ცხოვრების აზრი და ამავე დროს გამონახეთ დრო თქვენი თავისთვის, წადით საპარიკმახეროში, გაისეირნეთ მაღაზიებში ან უბრალოდ კაფეში დაჯექით მეგობრებთან ერთად. დაიწყეთ წვრილმანებიდან. მაგალითად, მიიღეთ შხაპი, საწოლ ოთახში „დაივიწყეთ“ პირსახოცი და ქმარს სთხოვეთ მოტანა, რათა წყლის წურწურით არ მოგიწიოთ ოთახებში სიარული. შეიძლება, კართან მძიმე ჩანთებით მისულმა ყველა ჯიბეში გულდასმით კი არ ეძებოთ გასაღები, უბრალოდ დარეკოთ ზარი - ქმარს ძალაუნებურად მოუწევს საყვარელი სავარძლიდან წამოდგომა და თქვენთვის კარის გაღება. გაუღიმეთ რაც შეიძლება ალერსიანად და სანამ ის გონს მოვა, ჩანთები მიაწოდეთ სამზარეულოში შესატანად. ასეთი წვრილმანების მოფიქრება უხვად შეიძლება: აიღეთ ხელში ცხელი ქვაბი ან ტაფა და სთხოვეთ, მოგაწოდოთ სადგამი; სანამ თქვენ, ვთქვათ, სალათისთვის ბოსტნეულს ჭრით, სთხოვეთ კატლეტების გადაბრუნება, ონკანის დაკეტვა; სთხოვეთ, დააჭიროს თითი სარეცხი მანქანის ღილაკს, იმიტომ, რომ თქვენ ხელები გაფქვილული (სველი, ჭუჭყიანი) გაქვთ ან, ბოლოს და ბოლოს, ძალიან გჭირდებათ ტუალეტში შესვლა! ამ ექსპერიმენტების დროს მთავარია მადლიერება: ის რომ არ დაგხმარებოდათ, ან გაიჭრიდით ხელს, ან დაიწვავდით, ანდა რაიმე უფრო უარესი შეგემთხვეოდათ... ოღონდ ეს სიტყვები გულწრფელად და გულში ჩამწვდომად უნდა წარმოთქვათ. სასურველია, მართლა გრძნობდეთ იმას, რასაც ამბობთ - რომ ის ნამდვილად აკეთებს თქვენთვის რაღაც სასარგებლოს და სასიამოვნოს. მერე კი უფრო რთულ დავალებებზე გადასვლაც შეიძლება.
არიან მამაკაცები, რომლებიც ყველაფერს მხოლოდ წინააღმდეგობრივი გრძნობის გამო აკეთებენ. მათზე, უკეთესი რომ არ შეიძლება, ისე კარგად მოქმედებს თამაში „საწყენია, რომ არ შეგიძლია“. „სამწუხაროა, რომ შენ ტელევიზორს უყურებ (ან გაზეთს კითხულობ და ა.შ.) და არ შეგიძლია... გაკეთება, თორემ მე ამ დროს... გავაკეთებდი (აქ, ცხადია, უნდა დაასახელოთ ძალიან გემრიელი ან საინტერესო რამ). ის რომ დაგხმარებოდათ, რას გააკეთებდით, თქვენ უკეთ იცით, მაგრამ მოტივი, მასში დახმარების სურვილი რომ გააღვიძოს, დამაჯერებელი უნდა იყოს. ეს ყველაფერი უნდა წარმოთქვათ ნელა, გაემართოთ იმის გასაკეთებლად, რისი დავალებაც გსურთ მისთვის და დაელოდოთ მის რეაქციას. ნუ იჩქარებთ, მიეცით გაგონილის „გადახარშვის“ საშუალება. როგორ იფიქრეთ, რომ მას რაიმე არ შეუძლია?! მოკლედ, ყველაფერი გასაგებია.
არსებობს თამაშები ძუნწი რაინდებისთვის, განსაკუთრებით - თუ მათ ნივთების შეკეთება ემარჯვებათ. „ეს საშინელი უთო ისევ გაფუჭდა!“ - შეწუხებული ამბობთ თქვენ, თუმცა იცით, რომ დაზიანება უმნიშვნელოა, ის კი თავის საყვარელ ფეხბურთს უყურებს. თქვენ აღმაფრენით განაგრძობთ: „ახლის შეძენა მოგვიწევს“. ეს ფრაზა შესაძლოა მას არ ეხებოდეს; უბრალოდ, იმედგაცრუებული, თქვენთვის მსჯელობთ. სიტყვები „შეძენა მოგვიწევს“ მიზანს აღწევს - ის უთოს შლის და არკვევს, რომ საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ გაწყვეტილი მავთულის გადაბმა. თქვენ კი ბედნიერებისგან ცალ ფეხზე ხტით, რადგან უთოზე თავდახრილ, გულმოდგინედ მომუშავე ქმარს უყურებთ.
თუ თქვენი ქმარი დარწმუნებულია, რომ მისი მთავარი ღირსება მისი სქესია, ცოტაოდენი სამსახიობო ნიჭის გამოყენებაც მოგიწევთ. ამრიგად, ხელს ჰკიდებთ რაიმე საქმეს, რომელშიც ხელის წაშველება არ გაწყენდათ, მაგრამ თხოვნას აზრი არ აქვს... იწყებთ მოქმედებას მარტო, მაგრამ მისი თანდასწრებით და, სასურველია, რაც შეიძლება მოუხერხებლად. ადრე თუ გვიან მას ნერვები უმტყუნებს და შეჰყვირებს: „მომეცი აქ!“ როცა ის საზეიმოდ გაჩვენებთ შედეგს, მოგიწევთ დაეთანხმოთ, რომ მას თქვენზე უკეთ გამოუვიდა. მეორე-მესამე ასეთი ექსპერიმენტის შემდეგ შეიძლება საუბარში ნელ-ნელა შეაპაროთ, რომ მზარეულობაში, კერვაში და ა.შ. ქალები მამაკაცებს ვერც კი შეედრებიან. წასცხეთ მალამო მის თავმოყვარეობას. დაე, ეგონოს თავი ყველაზე-ყველაზე... თქვენ ხომ იცით, რომ თქვენ აიძულეთ იმის გაკეთება, რაც გინდოდათ და არა პირიქით.
შეიძლება გაითამაშოთ „მხიარული კატასტროფა“: დოლბანდით შეიხვიეთ თითი, წინასწარ ჩაალაგეთ ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელი და როცა ის, ბოლოს და ბოლოს, თავისი მობრძანებით გაგაბედნიერებთ, შეხვდით მგლოვიარე სახით, თითქოს ეს-ესაა უახლოესი მეგობარი დაგეკარგოთ: „წარმოგიდგენია, რა საშინელებაა?! არც კი ვიცი, როგორ გითხრა...“ - დაიწყეთ წუწუნი და როცა შეატყობთ, რომ უკვე გვარიანად შეშინდა, აცნობეთ, რომ ძალიან ღრმად გაიჭერით თითი და ჭურჭლის დარეცხვა და ვახშმის მომზადება ვერ შეძელით. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ მაშველის როლი, განსაკუთრებით მაშინ, თუ სერიოზული არაფერი მომხდარა... ზოგიერთი მაშინვე აიფარებს წინსაფარს, ზოგი კი შემოგთავაზებთ, მიატოვოთ ჭურჭელი და რესტორანში ივახშმოთ. ამასაც აქვს თავისი ხიბლი...
რა უნდა გახსოვდეთ:
თუ თქვენი მეუღლე დაღლილია ან გაღიზიანებული, თავი დაანებეთ, მიეცით მოსვენების საშუალება, შეეცადეთ, თბილი სიტყვებით, ალერსით, კომპლიმენტებით გუნებაზე მოიყვანოთ.
მისი ნებისმიერი ინიციატივა წაახალისეთ, განურჩევლად შედეგისა. უპირველეს ყოვლისა, შეაქეთ ის, მერე კი მშვიდად, კეთილგანწყობილი ტონით ურჩიეთ, შემდეგში სხვაგვარად მოიქცეს.
შეეცადეთ ლექსიკონიდან ამოიღოთ სიტყვები: „მოვალეობა“, „საჭიროა“ და მისთანანი. უმჯობესია, დაარწმუნოთ ისიც და საკუთარი თავიც, რომ მისი დახმარება, თანაგრძნობა დიდ სიამოვნებას განიჭებთ, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოჰყავხართ. ამით ის იმაღლებს სტატუსს როგორც ოჯახის უფროსი, როგორც ქმარი, როგორც მამა. ეს ბევრად უფრო კარგად მოქმედებს.
ნუ დაიშურებთ საქებარ სიტყვებს, კომპლიმენტებს, რაც შეიძლება ხშირად მოიგონეთ, რა სასიამოვნო იყო ორივესთვის გუშინდელი დღე, რამდენიმე დღის წინანდელი საღამო, როცა მან გააკეთა ესა და ეს და ა.შ. თუ თქვენი ქმრის საყვარელ თამაშს ვერ მიაგენით და გადაწყვიტეთ, ისევ თავად ზიდოთ ჭაპანი, არა უშავს, არც ეს არის უბედურება. თქვენ ხომ აღმოაჩინეთ „თქვენი“ საყვარელი თამაში - ქანცგაწყვეტილი ცხენი. ჩანს, ეს როლი ძალიან მოგწონთ და არ გეთმობათ. ითამაშეთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!