ქალები ღამის კოშმარებს მამაკაცებზე ორჯერ უფრო ხშირად ხედავენ - ფსიქოლოგიური ვარჯიში, რომელიც კოშმარების ნეგატიური ზემოქმედებისგან დაგიცავთ
- უკანასკნელ ხანს გავრცელდა მოსაზრება, რომ კოშმარულ სიზმრებს ერთგვარი სქესობრივი დიმორფიზმი ახასიათებს, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?
- ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ქალები ღამის კოშმარებს მამაკაცებზე ორჯერ უფრო ხშირად ხედავენ. ეს რამდენიმე მიზეზით აიხსნება. უმთავრესი მიზეზი ქალის ორგანიზმში მიმდინრე ყოველთვიური მენსტრუალური ცვლილებებია, უფრო ზუსტად, სხეულის ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა, რომელიც მენსტრუალურ ციკლს ახასიათებს.
განსხვავების მიზეზია ისიც, რომ უძილობა გაცილებით ხშირია ქალებში, კოშმარული სიზმრები კი ყველაზე ხშირად, მოგეხსენებათ ძილის დარღვევის თანამდევია. არსებობს მოსაზრება, რომ ქალები ზუსტად იმავე სიხშირით ხედავენ კოშმარებს, როგორითაც მამაკაცები. უბრალოდ, ისინი ყველაფერს კარგად იმახსოვრებენ და ხატოვნადაც ჰყვებიან, მამაკაცებს კი გამოღვიძების შემდეგ სიზმარი აღარ ახსოვთ.
ქალების კოშმარები გაცილებით შემზარავი შინაარსისაა და გაცილებით ღრმა კვალს ტოვებს მათ ფსიქიკაზე, რადგან ქალებს მამაკაცებზე მდიდარი ფანტაზია აქვთ და მათზე ემოციურებიც არიან.
- როდის არის საჭირო სპეციალისტთან მისვლა?
- ეს აუცილებელია მაშინ, როდესაც უსიამოვნო სიზმრები იმდენად ხშირად მეორდება, რომ უძილობის მიზეზად იქცევა - ბევრს უსიამოვნო განცდების გამო ძილი უტყდება, ბევრი კი კოშმარის ნახვის შიშით თვითონვე ამბობს უარს დაძინებაზე.
- რას ურჩევდით მათ, ვისაც კოშმარული სიზმრები ძილს ხშირად უფრთხობს?
- კოშმარული სიზმრები უმეტეს შემთხვევაში არ წარმოადგენს ფსიქიკურ დარღვევებს, ამიტომ მათთან ბრძოლა შიშველი ხელებითაც შეიძლება. საკმარისია, შთააგონოთ თავს, რომ ყველაფერი რიგზეა და ეს მხოლოდ ცუდი სიზმარია, რომელიც გაღვიძებისთანავე უკვალოდ გაქრება. უნდა შეეცადოთ, გამოღვიძებისთანავე რამენაირად შეცვალოთ ნანახის სცენარი.
ამისთვის კარგად გაიხსენეთ ნანახი, მისი შინაარსი და შეეცადეთ, გონებაში ფინალი თქვენთვის მისაღები სიუჟეტით შეცვალოთ, შემდეგ შეცვლილი სცენარი რამდენჯერმე გაიმეორეთ. ამას ყველაფერს დაიმახსოვრებს ტვინის შესაბამისი სტრუქტურები და გაიხსენებს ძილის დროს, რაც აუცილებლად აისახება სიზმრის შინაარსზე.
ღამის კოშმარები ყველაზე ხშირად შინაგანი, გადაუჭრელი ემოციური კონფლიქტების გამოძახილია, ამიტომ აუცილებელია, მათ შესახებ ახლობლებს ესაუბროთ. ასეთ დროს შედეგიანია გულახდილ საუბარს სანდო ადამიანთან, მეგობართან, ფსიქოთერაპევტთან, რათა მათთან ერთად დაადგინოთ, რა დგას ამ სიზმრების უკან.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღამის კოშმარების გამშვები მექანიზმი შიშებია, რომელთაც მრავლობითი სახის მოლოდინი ახლავს, მაგალითად, როდესაც ადამიანი მიდის ჩაბნელებულ ქუჩაში, აქვს შიში, რომ შესაძლოა თავს დაესხას შეიარაღებული თავდამსხმელი, მაგრამ ამისთვის რეალურად საჭიროა თავდამსხმელი.
დაძინების შემდეგ ეს განცდები ისე ფორმირდება, რომ ძილში თავდამსხმელი თვითონვე ჩნდება და იწყება ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია: ვხედავთ ყველაზე საშინელ სიუჟეტს, რომლის წარმოდგენაც კი ჩვენს ფანტაზიას შეუძლია.
საკმარისია, შევწყვიტოთ ფიქრი მოსალოდნელ საფრთხეზე, რომ კოშმარებიც გაქრება. გახსოვდეთ, ღამით, სიზმრებში, მთავარი მტერი თქვენი სულის სიღრმეში დამალული შიშია.
კოშმარულ სიზმრებს ერთი დადებითი თვისებაც აქვს: ისინი ერთგვარად ეხმარება ტვინს იმ საგანგაშო და ამაღელვებელი მოვლენების გადატანაში, რომლებსაც შესაძლოა ადამიანი მომავალში გადაეყაროს. ისინი ექსტრემალური სიტუაციების რეპეტიციას წარმოადგენს - მოსალოდნელი საფრთხის ძილში გაცნობის შედეგ ადამიანი უკეთესად უმკლავდება მას რეალურ ცხოვრებაში.
ასე რომ, კოშმარული სიზმრების მეშვეობით ადამიანი სწავლობს, როგორ მოიქცეს რეალურ სტრესულ სიტუაციაში.
შეგიძლიათ, ჩაიტაროთ ხუთსაფეხურიანი ფსიქოლოგიური ვარჯიშიც:
საფეხური პირველი: დაჯექით მოხერხებულად, მოეშვით. შეგიძლიათ, ამისთვის გამოიყენოთ ნებისმიერი საშუალება, ყველაზე ხშირად კი პაციენტებს ვურჩევთ, შეიგრძნონ საკუთარი სუნთქვა და სწორედ მასზე შეაჩერონ ყურადღება. შეიგრძენით ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. დაბინდეთ გონება ისე, თითქოს დასაძინებლად ემზადებოდეთ.
საფეხური მეორე: დახუჭეთ თვალები, უყურეთ კოშმარულ სიზმარს ხელახლა და მთლიანად განიცადეთ ის, რასაც ძილში განიცდით, ოღონდ ამ დროს ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე და არა სიზმრის შინაარსზე.
საფეხური მესამე: ჩახედეთ შიშს თვალებში, შეიმეცნეთ, რისი გეშინიათ ყველაზე მეტად და რას უფრთხით, განაწყვეთ თავი მის დასამარცხებლად.
საფეხური მეოთხე: წარმოსახვაში მიეცით საშინელი სიზმრების გმირებს იმის საშუალება, აკეთონ, რაც უნდათ, წარმოიდგინეთ, რომ ამას შორიდან უყურებთ და შემდეგ ყოველივეს ვიღაცას უყვებით.
საფეხური მეხუთე: კარგად გაიაზრეთ, რას გთავაზობთ კოშმარული სიზმრის ისტორია, რამდენად შეუძლია მას თქვენი ცხოვრების შეცვლა და რამდენად არის ეს შესაძლებელი.
თუ ყოველივეს ბოლომდე გააზრებას შეძლებთ, აუცილებლად იპოვით გზას, კოშმარი თქვენს მოკავშირედ აქციოთ, რათა მისი ხელმეორედ ნახვა ყოველგვარი ნეგატიური გრძნობისა და ემოციის გარეშე შეძლოთ.