გათხოვების შიში
სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ჩვენ გვეშინია, ვუფრთხით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან სადღაც, ძალიან ღრმად მტკიცედ გვწამს: „ამის გაკეთება არ შემიძლია!“ „მეშინია!“...
რა და ვინ დგას ამის უკან? მაინც საიდან მოდის ეს ნეგატიურის მოლოდინი? ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ამის წინაპირობები შორეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, ყველაფერი ეს მშობლიური ოჯახიდან მოდის. ამიტომ ყოველთვის, როცა წარმოვთქვამთ მაგიურ ფრაზას „მეშინია“ ან „არ შემიძლია“, ყური მივუგდოთ ჩვენს შინაგან ხმას, საიდან მოდის, ვისი ხმა ჩაგვესმის. იქნებ ეს დედის ხმაა, რომელიც არ ცდილობდა, ჩვენში ბავშვობიდანვე გამოემუშავებინა და წაეხალისებინა დამოუკიდებლობის გრძნობა?! გავიხსენოთ, ის ყოველთვის ჩვენს ნაცვლად აკეთებდა ყველაფერს. რეალურად ჩვენც შეგვეძლო ჩვენით გაკეთება, მაგრამ ხელს გვიშლიდა ამაში! სწორედ ასე ხდება ჩვენს ცნობიერებაში შეჩვეული უსუსურობის განმტკიცება, რაც ხელს უწყობს გარკვეული კომპლექსების, განსაკუთრებით კი არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას.
„არ შემიძლია“ – ამ ფრაზის უკან ყოველთვის დგას წარსულის კონკრეტული ეპიზოდი. შევეცადოთ აღვიდგინოთ მეხსიერებაში წარსული უმცირეს წვრილმანებამდე: ბგერები, სუნი, სახეები და ადამიანთა ქცევები. შევეცადოთ ცნობიერებაში „დაკონსერვებული“ ეს გამოცდილება ხელახლა განვიცადოთ. რისთვის? იმისათვის, რომ მოვიკრიბოთ ძალა, სიმამაცე, სითამამე და გავაკეთოთ ყველაფერი „არ შემიძლიას!“, „მეშინიას!“ გადალახვის საშუალებით. ბევრი ქალი აღიარებს, რომ აწუხებს აზრები: „მე ვერ გავთხოვდები“, „მეშინია“. ყველაზე საინტერესო კი ამ ფრაზებში გაგრძელებაა: „...იმიტომ, რომ ამისათვის არასაკმარისად კარგი ვარ, მაინც მიმატოვებენ“ და ა.შ. შეეცადეთ გადაეწყოთ ამ ნეგატიურის მოლოდინისგან, უთხარით საკუთარ თავს: „მე მაქვს სრული უფლება, მქონდეს საკუთარი, სრულიად განსხვავებული ბედი!“
პარადოქსია, მაგრამ სატანჯველისგან გათავისუფლება უფრო საშიშია, ვიდრე თვით სატანჯველი. რატომ? იმიტომ, რომ ტანჯვას უკვე შევეჩვიეთ, უკეთ შეგვიძლია ორიენტირება ცხოვრების ამ „ჩრდილოვან“ ნაწილში. არ ვადანაშაულებთ ამაში არავის. ცხოვრების ნათელ, „მზიან“ ნაწილში გადასვლა კი, სადაც არის სიცოცხლის ხალისი, ბედნიერება, წარმატება, ძალაუფლება – გვაშინებს მოსალოდნელი სირთულეებით და შესაძლო მარცხით. „საკუთარ სახეს დავკარგავ“, „შევარცხვენ საკუთარ თავს და ახლობლებს“ – აი, ასე ახდენს ბევრი ქალი მარცხის პროგნოზირებას. უთხარით საკუთარ თავს: „ცდა ბედის მონახევრეა“ და თამამად უნდა გადადგათ ნაბიჯი იდუმალი ბედისკენ! თვითშთაგონების ძალა ძალიან დიდია. არ უნდა იცხოვროთ ნეგატიური განწყობით, არ უნდა მისდიოთ ნეგატიურ კონცეფციას, თორემ საკუთარი ძალის რწმენას დაკარგავთ.
სქესობრივი ურთიერთობის კომპლექსი
გარეგნობა და სქესობრივი ურთიერთობა საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ამას სექსოლოგებიც ამტკიცებენ. სხვადასხვა სახის ჩივილით მათთან მისულ პაციენტებს ყოველთვის ეკითხებიან, თუ რამდენად კმაყოფილნი არიან ისინი საკუთარი გარეგნობით. ზოგიერთ ქალს აქვს პრეტენზიები საკუთარი თავის მიმართ, არ აკმაყოფილებს საკუთარი გარეგნობა, მიაჩნია, რომ ბევრი ნაკლი აქვს, რის გამოც უარს ამბობს გათხოვებასა და სქესობრივ ცხოვრებაზე. ზოგჯერ საკუთარი სხეულის, საკუთარი სასქესო ორგანოს მიმართ ზიზღის გრძნობასაც კი განიცდის, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მომავალ ცხოვრებაში. ამ პრობლემების გამო ყალიბდება კომპლექსი და ქალს უჩნდება გათხოვების შიში. არ სურს საყვარელი მამაკაცისთვის თავისი ნაკლის გამჟღავნება, უფრთხის მამაკაცთან სქესობრივ კავშირს, აქვს გაშიშვლების შიში – მაგალითად, ჭარბთმიანობის გამო და ა.შ. ისეც ხდება, რომ ქალს სქესობრივი ლტოლვა უქრება. მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მათ შორის სასქესო ორგანოების მიდამოში ტკივილი, დისპარეუნია, რაც მტკივნეულ აქტს ნიშნავს, რის გამოც ქალი ხშირად სქესობრივ კავშირს თავს არიდებს, ვაგინიზმი – საშოს კუნთის უნებლიე შეკუმშვა, რომლის შემდგომი გართულება სქესობრივი ცხოვრების შიშია. ყოველივე ამის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ შეგრძნებები ხშირად ფსიქოგენურში გადადის.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უარყოფითი ემოცია ფსიქიკაში უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე დადებითი. სქესობრივი ლტოლვის გაქრობა ან სქესობრივი კავშირის შიში შეიძლება სხვა მიზეზებმაც განაპირობოს. ეს შეიძლება იყოს ჰორმონული დარღვევები, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ხშირი მიღება, თირკმლის დაავადებები, ფსიქოსოციალური ფაქტორები. ზოგჯერ ის სტრესების, დეპრესიის, სქესობრივი ტრავმების, ნევროზების, კონფლიქტების და ა.შ. მიზეზებითაც ჩნდება. ზოგჯერ ქალს რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვს, რომლის დაფარვასაც ცდილობს და საერთოდ უარს ამბობს გათხოვებასა და სქესობრივ ურთიერთობაზე. მკურნალობა ქალის თვითშეფასების ამაღლებით უნდა დაიწყოს. თუ არ ჩავთვლით არასრულფასოვნების კომპლექსს, ჩვენი ძირითადი კომპლექსები სწორედ სქესობრივი სახისაა, თუმცა, ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა ჩვენ სექსზე არ ვფიქრობთ. მეთოდები, რომელთა წყალობითაც შეიძლება თავი დავაღწიოთ კომპლექსებს, უამრავია. ყველა ისინი ერთნაირად ეფექტურია, თუ სპეციალისტი ფლობს საჭირო გამოცდილებას და კვალიფიკაციას. ამიტომ სპეციალისტი უნდა აირჩეს იმის მიხედვით, რომელი მეთოდი უფრო მისაღებია თქვენთვის.