დეპრესიული აზრები ადამიანის მეხსიერებისთვის სახიფათოა
ანუ დეპრესია პირდაპირ აუარესებს მეხსიერებას. ამასთან, სულაც არაა აუცილებელი კლინიკურ დეპრესიასთან გვქონდეს საქმე, თავისთავად დეპრესიული აზრებიც კი ნეგატიურად მოქმედებს მეხსიერებაზე.
უარყოფითი აზრები დეპრესიული ადამიანების მეხსიერებაში დიდხანს რჩება. ეს აზრები, რომლებიც გარეგანი სტიმულაციითაა განპირობებული, ზოგჯერ ადამიანს თხრობის ძაფის დაჭერის საშუალებას არ აძლევს. ეს მოსაზრება დაამტკიცა 75 სტუდენტზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელთაგან 30-ს დეპრესიის სიმპტომები ჰქონდა, 45-ს კი არა. ყველა მონაწილეს უნდა დაემახსოვრებინა რიცხვების თანმიმდევრობა. დეპრესიული განწყობის ადამიანები ამოცანას უფრო ცუდად გაუმკლავდნენ.
როგორც ჩანს, მეხსიერება შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციას იტევს. დეპრესიული აზრები კი დიდ ადგილს იკავებს, იმდენად, რამდენადაც ადამიანს ისინი დიდხანს არ ტოვებს, შესაბამისად, პრობლემები ახალი ინფორმაციის ათვისებისას ჩნდება.
ლალი ჩხიკვაძე