რატომ მოიცავს ადამიანებს უსაგნო ისტერია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ მოიცავს ადამიანებს უსაგნო ისტერია

  • რას წარმოადგენს მასობრივი ფსიქოზი? რით გამოიხატება ის?
  • ფსიქოზის სხვადასხვა ფორმა არსებობს: მანიაკურ-დეპრესიული, პარანოიდული... ნებისმიერი ფორმის დროს სამყაროს აღქმა გაუკუღმართებულია. როგორ ფიქრობთ, იმავე პრობლემის წინაშე დგას თუ არა დღეს ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი?
  • კლასიკური მედიცინა ფსიქოზის მიზეზებს შორის გამოყოფს როგორც ენდოგენურ (შინაგან), ასევე ეგზოგენურ (გარეგან) ფაქტორებს. თქვენი აზრით, რა იწვევს მასობრივ ფსიქოზს? რა უწყობს ხელს მის აფეთქებას?
  • ჰიტლერი პირდაპირ აცხადებდა, რომ ფსიქოზით შეპყრობილი მასების მართვა და გამოყენება მარტივია! მისი და სხვა გამოჩენილ მოღვაწეთა პარანოიის, ფსიქოზისა თუ მანიაკური მდგომარეობის შესახებაც ბევრი რამ არის ცნობილი. ისიც აღსანიშნავია, რომ მასებზე გავლენას, მათ მართვასა თუ ფანატიზმამდე მიყვანას საკუთრივ ფსიქოზით შეპყრობილი, პარანოიით დაავადებული პირები ადვილად ახერხებენ. მსოფლიო ისტორიამ ამის არაერთი საინტერესო მაგალითი შემოგვინახა. თქვენ, როგორც ისტორიკოსი, დღეს რა პარალელებსა და ანალოგიებს ხედავთ ამ თვალსაზრისით? საქართველოში არსებული ვითარების შეფასებითა და ანალიზით რა დასკვნებს გამოიტანთ?

 


გთავაზობთ ბატონი სოსო მანჯავიძის კომენტარსა და შეფასებას:

- 1978 წლის 18 ნოემბერს დაბა ჯონსტაუნში, გაიანაში, ხალხთა ტაძრის ხელმძღვანელის ჯიმ უორენ ჯონსის ქადაგებით ეგზალტირებულმა სექტის 900-ზე მეტმა წევრმა თავი ლიმონათში გარეული ციანიდით მოიკლა. მათ შორის 260 ბავშვი იყო. სან-ფრანცისკო, ხიდი „ოქროს კარიბჭე", თვითმკვლელთა ერთგვარი მექა. მისი არსებობის განმავლობაში აქ 1500-მა ადამიანმა მოიკლა თავი. ასეთივე სავალალო რეპუტაციით სხვა ხიდებიც სარგებლობენ, მაგალითად, კლიფტონის ხიდი ბრისტოლში და ნანკინისა ჩინეთში. 1982 წელს რუანდაში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გენოციდი მოხდა, როდესაც ხუტუს ეთნოსმა მონათესავე ტუტსის მილიონამდე წარმომადგენელი ერთი თვის განმავლობაში წამებით გამოასალმა სიცოცხლეს. XV-XVI საუკუნეების ევროპაში ალქაჯებზე გამოცხადებული ნადირობის შედეგად მთელი ქალაქები ქალების გარეშე დარჩნენ. ამ ქალების ერთადერთი "დანაშაული" ხალი ან სიელმე იყო, რაც ალქაჯობის უტყუარ მტკიცებულებად ითვლებოდა. 1933 წელი, გერმანია. გერმანელმა ხალხმა დაიჯერა, რომ ის უმაღლესი რასაა, რომელმაც მსოფლიოზე უნდა იბატონოს. არიული სისხლის სიწმინდე რელიგიის ხარისხში ავიდა. შედეგი - 75 მილიონი დაღუპული ადამიანი და მილიონობით გაუპატიურებული „არიული რასის“ გერმანელი ქალი! კამბოჯა, 1975-79 წლები. მაოისტური ისტერიით შეპყრობილებმა ორმილიონ-ნახევარი თანამემამულე გაანადგურეს. ჩვენს დროში - ისლამური ტერორიზმი. ასიათასობით შაჰიდი მოუთმენლად ელის, როდის მიეცემა საშუალება, თავი შესწიროს ისლამს და სამოთხეში მოხვდეს... მასობრივი ფსიქოზები კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ამ ურთულესი მოვლენის მთავარი ნიშანია ადამიანთა ირაციონალური ქცევა. რაციონალურად, ანუ საღი აზრის შესაბამისად მოქმედება ადამიანთა ინტერესების მიხედვით ფასდება. ირაციონალურია ქცევა, როდესაც ადამიანი უგულებელყოფს ძირითად ბიოლოგიურ ინსტინქტს იდეათა გარკვეული კომპლექსის სასარგებლოდ. ესაა თანამედროვე სამეცნიერო თვალსაზრისი და მისი ნაკლოვანებანი ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს. პირველი და მთავარი ნაკლი ამგვარი ხედვისა გახლავთ ის, რომ ადამიანები მთელი თავიანი არსებობის განმავლობაში თავიანთ მიწიერ არსებობას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ყოფის ერთ-ერთ ეტაპად განიხილავდნენ. მათი ქმედებები კი, რომლებიც მატერიალისტური ხედვით აბსურდული და ფსიქოპათური ჩანს, სავსებით გასაგები და რაციონალურია მათი რელიგიურ-მისტიკური წარმოდგენების ფონზე. ინდოელი იოგები, ტოლტეკური თუ კელტური რელიგიური ტრადიციების ადეპტები ამის მკაფიო ილუსტრაცია გახლავთ. აქედან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა: არსებობს ორგვარი რაციონალიზმი - მატერიალისტური და მისტიკური - და მათ შორის მიმართებათა დადგენის გარეშე შეუძლებელია სერიოზული საუბარი საკუთრივ საღი აზრის რაობის შესახებ. უამისოდ კი საღი აზრის დაკარგვის მიზეზებზე საუბარიც უსაგნო ხდება. თანამედროვე მიდგომა ამ საკითხისადმი ზედაპირულია იმ მიზეზით, რომ რელიგიური და სამეცნიერო ცოდნის შეუთავსებლობის მცდარ წანამძღვარს ეფუძნება. რელიგიური ხედვა ამ საკითხთან მიმართებით სამყაროს იერარქიულობის პრინციპზეა დაფუძნებული და მკაცრ მიზეზშედეგობრივ კავშირს ამყარებს ადამიანთა ქცევასა და მათ ბედს შორის. ჩემი აზრით, თანამედროვე ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ამოცანა კაცობრიობის მიერ დაგროვილი რელიგიური ცოდნის თანამედროვე ტერმინოლოგიაში თარგმანება და ცდისეულ მონაცემებთან მისი მისადაგება უნდა გახდეს და არა ერთიმეორეზე უფრო ზედაპირული ახალი მყვირალა თეორიების ტირაჟირება. მაგალითად, განვიხილოთ ბიზანტიის იმპერიის დაცემის ტრაგიკული ისტორია: ადამიანებმა, რომლებიც მსოფლიოს ამ მოწინავე სახელმწიფოს მართავდნენ, ერთბაშად დაკარგეს ეს უნარი. საოცარი აპათია დაეუფლა კონსტანტინოპოლის მმართველ ელიტას. 150 ყველაზე ცნობილი ბიზანტიელიდან მხოლოდ 30 იყო დაოჯახებული. ლოთობამ და გარყვნილებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აშკარა თურქული საფრთხის მიუხედავად, უმდიდრესი ბიზანტიელი დიდებულები არმიისთვის ფულის გაცემაზე უარს ამბობდნენ, რისთვისაც სასტიკად ზღეს კიდეც, როდესაც მაჰმუდ ლამაზმა ქალაქი აიღო. მატერიალისტური ხედვით შეუძლებელია ადამიანთა ამგვარი მოქმედება ავხსნათ, ხოლო რელიგიური ახსნა ამ მოვლენისა, რომელიც მას ამპარტავნებითა და ანგარების ცოდვებით ხსნის, ფსიქოლოგიურ და ისტორიულ მეცნიერებებში ტერმინ "ცოდვის" შესაბამისი ცნების არარსებობის გამო არ განიხილება. გარნისის ბრძოლაში, როდესაც მტერი ქვეყანას განადგურებას უქადდა, შურით დაავადებულმა ზაქარია მხარგრძელმა ამ ვნებას მთელი ქვეყნის მომავალი შესწირა. სოხოისტასთან ასევე შურმა და ამპარტავნებამ იმსხვერპლა უამრავი მეომარი და დაიკარგა მესხეთი და ეს მაშინ, როცა ელემენტარული ლოგიკური აზროვნება საკმარისი იყო მოსალოდნელი შედეგების წარმოსადგენად. ეს მაგალითები იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ ქვენა ემოციები, რომლებსაც, ბუნებრივია, თავისი ფაქიზი მატერიალური ვიბრაციები და მახასიათებლები აქვს, ისე ძლიერად ზემოქმედებს ადამიანზე, რომ აკარგვინებს მას რაციონალური აზროვნების უნარს და თვითგადარჩენის ინსტინქტის ხმასაც კი ახშობს. სწორედ აქ დგება საკითხი ზემოთ ნახსენები ემოციების რაობის, მათი ბუნების შესახებ. ცნობილია შიშის ემოციის ვიბრაციული მახასიათებლები და ამ ვიბრაციის ერთნაირი ზემოქმედება ადამიანებზე - ისინი პანიკურ შიშს განიცდიან. მეცნიერებისთვის მიუღწეველია უფრო ფაქიზი ემოციების მატერიალური თვისებები, არადა სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი არსებობის მთავარ შინაარსს და სწორედ მათით და მათთვის ხდება დედამიწაზე ყველა ადამიანური დრამა, ტრაგედია თუ კომედია. საქმე ის არის, რომ ამ ვიბრაციებს, რომლებსაც ჩვენ ამპარტავნებას, შურს, სიძულვილს, გაოცებას, სიხარულს, სიყვარულს თუ სხვა სახელებს ვუწოდებთ, თავ-თავისი სიხშირის შესაბამისი ადგილი აქვს ფაქიზ მატერიალურ სამყაროში, სადაც ჩვენ გაუცნობიერებლად ვცხოვრობთ ჩვენი ემოციური ცხოვრებით. ცხადია, ეს სამყარო დასახლებულია. ცხადია, კითხვები "მარტო ვართ თუ არა სამყაროში" ან "არსებობს თუ არა ღმერთი" მარგინალიზებული მატერიალიზმის მოედანზე დარჩა. არსებობს რელიგიური თვალსაზრისი ამ საკითხზე - ადამიანი აქ დასახლებული არსებებისთვის ენერგიის წყაროა. ისინი ადამიანის მიერ გენერირებული ენერგიით იკვებებიან და დაინტერესებულნი არიან ამ ენერგიის მაქსიმალური გამოყოფით. სწორედ მათ უწოდებენ რელიგიური ტრადიციები დემონებს, ასურებს, დევებს და მათი ბატონობისაგან თავის დასაღწევად ასკეტიზმს, ლოცვას, ემოციებისგან გათავისუფლებას მიმართავენ. თუ მასობრივი ფსიქოზის ფენომენს ამ ჭრილში განვიხილავთ, გასაგები გახდება მთავარი - რატომ მოიცავს ადამიანებს უსაგნო ისტერია, რატომ მთავრდება ეს ისტერია უმეტესად სისხლიანი მსხვერპლით, რატომ უკავშირდება ყველაზე დიდი ტრაგედიები კერპთაყვანისმცემლობას. ეს ისეთი დაცემაა ადამიანური ბუნებისა, როდესაც ნათელ ძალებს მისი დაცვა აღარ შეუძლიათ და ისიც მთლიანად ექცევა დემონური ვიბრაციების გავლენის ქვეშ. გავიხსენოთ მასობრივი თვითმკვლელობები ეგზალტირებული სექტებისა, გავიხსენოთ ჰიტლერიზმი, მაოიზმი, სტალინიზმი და ბოლოს დავინახოთ, რა მივიღეთ "მიშა-მიშას" ძახილისა და მისგან კერპის შექმნის შედეგად. და ეს ხდება ქვეყანაში, რომელმაც ქრისტიანობა 17 საუკუნის წინ მიიღო. დიდი გერმანელი მოაზროვნე, პოეტი და მისტიკოსი გოეთე ამბობდა, რომ კაცობრიობა სულ წინ მიდის, მაგრამ ადამიანი არ იცვლება. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი ადამიანის სულს არაფერს ეუბნება. პირიქით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და სოციალური ქსელების მეშვეობით სულ უფრო აშკარა ხდება საკუთარი არსებობის საფუძვლებისგან ადამიანთა სრული გაუცხოების საფრთხე.