მასობრივი ფსიქოზი
ისტორია იცნობს მასობრივი ისტერიის ისეთ გამოვლინებებს, როგორებიცაა:
- წმინდა ვიტუსის ცეკვის, ტარანტიზმის, შეუჩერებელი ცეკვის ეპიდემიები;
- კრუნჩხვის, სლოკინის, ტიკის ეპიდემიები;
- მასობრივი თვითმკვლელობა.
დღემდე გაურკვეველია ერთი ადამიანისგან მეორეზე ისტერიის გადაცემის მექანიზმები, აუხსნელია, რატომ მოქმედებს ის ადამიანთა ერთ ჯგუფზე და არა მეორეზე. თუ შუა საუკუნეების მასობრივი ფსიქოზები ადამიანთა ფანატიზმისა და ცრურწმენების შედეგი იყო, მეოცე საუკუნიდან, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევრიდან, მასობრივი ფსიქოზის ეპიდემიურ ტალღებს ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმები უდევს საფუძვლად და ხშირად დაინტერესებულ პირთა ვიწრო ჯგუფს ემსახურება. დღეს ფართოდ გავრცელდა მასობრივი ფსიქოზის ისეთი ფორმები, როგორებიცაა:
- კომპიუტერული თამაშების მანიაკური სიყვარული - აზარტული თამაშებისადმი მანიაკური მიდრეკილების ერთ-ერთი ფორმა;
- აპგრეიდომანია - ტექნიკური საშუალებების სრულყოფისადმი ავადმყოფური სწრაფვა, რომელსაც საფუძვლად მეტწილად პატივმოყვარეობა, შური, პირადი საკუთრების სიყვარული უდევს;
- ჩატომანია - მისი საფუძველია ურთიერთობისა და თვითრეალიზაციის მასობრივად დაუკმაყოფილებელი გრძნობა;
- ვირუსოფობია;
- სოციალური ქსელები - ურთიერთობის ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფორმა ყველა მეტ-ნაკლებად აქტიურ მომხმარებელს "ასაჩუქრებს" დროის ფუჭი კარგვით და ფსიქოლოგიური პრობლემებით, რომლებიც შეიძლება ფიზიკური ჯანმრთელობის შერყევის მიზეზადაც იქცეს;
- აეროფობია - მგზავრთა შორის უეცრად აღმოცენებული ფრენის შიში;
- სეისმოფობია - მიწისძვრის შიში, რომელიც უეცრად მოიცავს საზოგადოების დიდ ნაწილს.
მასობრივი ფსიქოზის ფორმირების მექანიზმები
მასობრივი ფსიქოზი მოიცავს არაკოლექტიური ქცევის მასობრივი ფორმის ისეთ სუბიექტს, როგორიცაა ბრბო. რა არის ბრბოს მახასიათებელი, როდის იქცევიან ადამიანები ბრბოდ? ბრბო არის:
- ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც ყალიბდება საერთო ინტერესების საფუძველზე, ხშირად - სრულიად არაორგანიზებულად, მაგრამ აუცილებლად იმ ვითარებაში, რომელიც მოიცავს საერთო ინტერესებს და უშვებს რაციონალურ განსჯას;
- კონტაქტური, გარეგნულად არაორგანიზებული ერთობა, რომელიც მოქმედებს უკიდურესად ემოციურად და ერთსულოვნად;
- ერთობლიობა ინდივიდებისა, რომლებიც შეადგენენ მრავალრიცხოვან ამორფულ ჯგუფს და უმეტესად არ აქვთ ურთიერთშორის პირდაპირი კონტაქტი, მაგრამ დაკავშირებულნი არიან რომელიმე მეტ-ნაკლებად მუდმივი ინტერესით. ასეთებია მასობრივი მისწრაფებები, მასობრივი ისტერია, მასობრივი მიგრაცია, მასობრივი პატრიოტული თუ ცრუპატრიოტული მოძრაობები.
არაკოლექტიური ქცევის მასობრივ ფორმებში დიდ როლს ასრულებს ქვეცნობიერი პროცესები. ემოციური აღგზნების საფუძველზე აღმოცენდება სტიქიური ქმედებები რაიმე შთამბეჭდავი, ადამიანის მთავარ ფასეულობებთან დაკავშირებული მოვლენების, მაგალითად, უფლებების დაცვის გამო. ზიგმუნდ ფროიდმა წამოაყენა ბრბოს ფენომენის აღწერისთვის საკმაოდ პროდუქტიული იდეა. ის ბრბოს განიხილავდა როგორც ჰიპნოზის ქვეშ მყოფ ადამიანთა მასას. ბრბოს ფსიქოლოგიაში ყველაზე საშიში და ყველაზე არსებითია მისი მგრძნობელობა შთაგონების მიმართ. ყველა აზრს, იდეას ან რწმუნებას ბრბო მთლიანად იღებს ან უარყოფს, ანუ იღებს როგორც აბსოლუტურად ჭეშმარიტს ან აბსოლუტურად მცდარს. ყველა შემთხვევაში ბრბოს შთაგონების წყაროა ილუზია, რომელიც რომელიმე ერთი ინდივიდის ცნობიერებაში იბადება მეტ-ნაკლებად ბუნდოვანი მოგონების წყალობით. სწორედ ეს ილუზია იქცევა ბირთვად იმ კრისტალის ფორმირებისთვის, რომელიც ავსებს ადამიანის გონების მთელ სივრცეს და აჩლუნგებს ანდა სავსებით თრგუნავს კრიტიკის უნარს. ბრიტანელი ნეიროფიზიოლოგი კრის ფრიტი ამტკიცებს, რომ ტვინს შეუძლია შექმნას მატერიალური სამყაროსა და სხვა ადამიანების შინაგანი სამყაროს ცრუ მოდელები. სხვისი შინაგანი სამყაროს ცრუ მოდელების შემოწმება კი სულაც არ არის ადვილი. გარდა ამისა, ადამიანს შეუძლია, ეს ცრუ მოდელები წარმატებით გაუზიაროს სხვებს. ზოგჯერ ასეთ ბოდვით იდეას იზიარებს ორი ადამიანი, ზოგჯერ კი ასეთი ფსიქოზი მოიცავს ადამიანთა უფრო დიდ ჯგუფს (მაგალითად, ერთი ოჯახის წევრებს), სანამ მათ მცდარ იდეებს სხვები არ გააბათილებენ. თუმცა როდესაც ცრუ წარმოდგენებს იზიარებს ადამიანთა დიდი ჯგუფი, ჭეშმარიტების პოვნა ძალიან რთულდება. რაღაც ასეთი მოხდა ჯონსტაუნის ტრაგიკული ისტორიის დროს - 1978 წლის 18 ნოემბერს, როცა 911 ადამიანმა ციანიდის მიღებით მოიკლა თავი.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მასობრივი ფსიქოზის აღმოცენებას
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები;
- ინტერნეტი;
- ფსიქოტროპული საშუალებები;
- ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ომი.
მაინც რატომ აიტაცებენ ხოლმე ადამიანები ასე ადვილად დევიანტურ ქცევას, რატომ ერთვება ამ პროცესში მეტი და მეტი ხალხი და საბოლოოდ რატომ იღებს ეს ყოველივე მასობრივი ფსიქოზის სახეს? საზოგადოებრივი ჯგუფი საკმაოდ რთული სისტემაა. ამიტომ ჯობს ვისაუბროთ არა უშუალო მიზეზებზე, არამედ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს ფსიქოზის ფორმირებას. ესენია:
- კრიტიკული, ლოგიკური, დამოუკიდებელი აზროვნების უნარის დაქვეითება;
- ცხოვრების ხარისხის დაქვეითება;
- არასპეციფიკური აგრესიულობა;
- მაღალი ფასეულობების დონეზე დანაკარგის შიში;
- პოზიტიური განმტკიცება;
- პრობლემის პერსონიფიკაცია;
- საერთო მტერი;
- კოლექტიური უპასუხისმგებლობა;
- შეთავაზებული რეცეპტების სიმარტივე;
- შედეგის მისაღებად ძალისხმევის მინიმიზაცია;
- იდეათა ლიდერების ძალისხმევა საჭირო ქცევების ფორმირებისთვის;
- იდეათა თვითდაცვა;
- ურთიერთობების მსხვრევის შიში.
კრიტიკული, ლოგიკური, დამოუკიდებელი აზროვნების უნარის დაქვეითება
ამ დროს აზროვნება აღარ არის ადამიანის ქმედებათა რეგულატორი. მიზეზად შეიძლება იქცეს ფიზიოლოგიური შეზღუდვები, მაგალითად, ჭამის, ძილის. ცნობილია, რომ ძილის შეზღუდვას ძალოვან სტრუქტურებში საჭირო ინფორმაციის მისაღებად იყენებდნენ. შესაძლოა, ასეთი რამ გამოიწვიოს სოციალურმა ფაქტორებმაც. აზროვნება საკმაოდ ფაქიზი პროცესია. საკმარისია, შეიზღუდოს განათლება, ინიციატივა და დამოუკიდებლობა დასჯადი გახდეს, რომ სულ მცირე ხანში საჭირო შედეგს მივიღებთ. მოკვეთის შიში საკმაოდ მძლავრი მექანიზმია საჭირო ქცევის ფორმირებისთვის, ეს ყველაფერი კი ინსტინქტს ემყარება - ტომიდან განდევნილ ადამიანს ხომ სიკვდილი ემუქრებოდა!
პრობლემები, კრიზისი, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება
ეს ფაქტორები საზოგადოებაში ირიბად ზრდის აგრესიას. გადარჩენისთვის ბრძოლა აგრესიულ და კონკურენტულ ქცევას ბადებს. გარდა ამისა, ბოლოდროინდელ გამოკვლევათა შედეგების თანახმად, რაც უფრო მძიმეა ვითარება, მით უფრო ხშირად არიდებს თავს ხალხი გამოსავლის დამოუკიდებლად ძიებასა და ანალიზს და მით უფრო იზრდება ლიდერის ავტორიტეტი, მისი გადაწყვეტილებების მიმართ დამოკიდებულება არაკრიტიკული ხდება.
არასპეციფიკური აგრესიულობა
არსებობს ეგზოტიკური ჰიპოთეზები, რომელთა თანახმადაც არასპეციფიკური აგრესიულობის ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მზის აქტივობასთან, კლიმატის ცვლილებებთან, კვების ხასიათთან. ასეთი ჰიპოთეზების მთლიანად გაზიარება, რასაკვირველია, რთულია, მაგრამ ვერც იმას უარვყოფთ, რომ ადამიანი დიდი სისტემების ზეგავლენას ემორჩილება.
პრობლემის პერსონიფიკაცია
"ყოველ კატასტროფას აქვს სახელი და გვარი", - ამბობდნენ წითლები. რას ნიშნავს ეს? - იმას, რომ დამნაშავე ყოველთვის მოიძებნება. ადამიანი მიდრეკილია ყოველი მოვლენის პერსონიფიცირებისკენ. სწორედ ამიტომ იღებს ის მითითებებს კონკრეტული დამნაშავის არსებობის შესახებ. ეს უფრო ადვილია, ვიდრე ასტრონომების რთული განმარტებების მოსმენა.
საერთო მტერი
საერთო მტრის ფენომენი პერსონიფიკაციის კერძო მაგალითია. ის საკმაოდ მძლავრი გამაერთიანებელი ფაქტორია და ლიდერებს საშუალებას აძლევს, მასების ყურადღება საშინაო პრობლემებიდან გადაიტანონ. მთავარია, სწორად ავირჩიოთ კანდიდატი მტრის როლისთვის. ის ძლიერი, უძლეველი უნდა იყოს. სხვაგვარად მას დავამარცხებდით და მტერიც გაქრებოდა, ხალხი კი გაიგებდა, რომ, მიუხედავად მტრის დამარცხებისა, პრობლემები არ მოგვარდა.
კოლექტიური უპასუხისმგებლობა
რაც უფრო მეტად არის ხალხი ჩათრეული ქმედებასა თუ უმოქმედობაში, მით უფრო ნაკლებია შანსი, ვინმემ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაიწყოს. ეს მაშინაც კი არ მოხდება, როდესაც თითოეული ადამიანი აცნობიერებს, რომ არასწორად იქცევა. ეს ფაქტები აღწერილია სოციალურ ფსიქოლოგიაში ანალიზის გარეშე. არ არის გამორიცხული ორი მომენტის შერწყმა: ერთი მხრივ, ნებისმიერ ქმედებას სჭირდება ძალისხმევა და ეს შეიძლება უსიამოვნებების წყაროდაც იქცეს; მეორე მხრივ, რაც მეტია ხალხი, მით მეტია შანსი, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვიღაც სხვამ აიღოს. რეალურ ცხოვრებაში ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანთა დიდ ჯგუფში თამამი პიროვნება არც აღმოჩნდება.
მარტივი რეცეპტები
რაც უფრო მარტივია მიზეზშედეგობრივი კავშირი, მით უფრო ფართოდ ვრცელდება ის. ადამიანები პრიმიტიულ მიზეზებს უფრო იოლად იღებენ, ვიდრე რთულს, თუნდაც რეალურს.
შედეგის მისაღწევად ძალისხმევის შემცირება
თანაბარ პირობებში ადამიანი უპირატესობას ანიჭებს იმ მეთოდს, რომელიც ნაკლები ენერგიის დახარჯვას ითხოვს. ალბათ ამიტომ არის, რომ საზოგადოება სწრაფად აიტაცებს ხოლმე "გასახდომ საშუალებებს" - ცხადია, ტაბლეტის გადაყლაპვა უფრო იოლია, ვიდრე დიეტა და ვარჯიში.
ლიდერების ქცევის მოტივაცია - ფარული ინტერესები
ამის მაგალითია საინფორმაციო კამპანიები იმ საომარი მოქმედებების დაწყების წინ, რომელთა რეალური მიზანიც ნავთობის მოპოვებაა, ხოლო იდეოლოგიური გამართლება - თავისუფლებისათვის ბრძოლა. ამ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის საშუალება, აქტიურად იყენებს და მხარს უჭერს საჭირო ლიდერებს. როცა არსებობს სათანადო მიზეზი, აშკარა ლიდერების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ქცევა ყალიბდება, თუმცა უფრო დიდხანს და სტიქიურად. ლიდერი არა მარტო მიმართულების მიმცემის, არამედ კატალიზატორის ფუნქციასაც ასრულებს.
იდეათა დაცვა
წესისამებრ, ბრბო საკუთარ აზრს ამ ფორმით იცავს: "წინააღმდეგი ხარ? ესე იგი გულზე მოგხვდა, ესე იგი ჩვენ მართლები ვართ, შენ კი მტერი ხარ, სასჯელის ღირსი ხარ!" ასეთი მსჯელობის მაგალითი, სამწუხაროდ, მრავლად გვაქვს როგორც ძველ, ისე უახლეს ისტორიაში ("ხუნვეიბინების შეჩერება თუ გინდა, ესე იგი რევოლუციისა და ჩინელი ხალხის მტერი ხარ!"). აღარაფერს ვიტყვით ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულზე... ასეთი განცხადებების შემდეგ განსჯა სწრაფად გადაინაცვლებს ემოციათა სიბრტყეზე და საპირისპირო მხრიდან ნებისმიერი არგუმენტი უგულებელყოფილი რჩება, ანდა იმის დასტურად აღიქმება, რომ მათი ავტორი მართლაც მტერია.
ურთიერთობის დარღვევის შიში
ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა პაულ ვაცლავიკმა ნაშრომში "კომუნიკაციის პიროვნებათაშორისი თეორია" ასეთი ეფექტი აღწერა: ადამიანებს შეიძლება აშკარად არასასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდეთ, აცნობიერებდნენ ამას, მაგრამ ურთიერთობას მაინც არ წყვეტდნენ. ეს იმიტომ, რომ ურთიერთობაში არის არა მარტო ცუდი, არამედ კარგიც; არსებულით მუდმივ უკმაყოფილებას მისი გაწყვეტის შიში გადაწონის.
ისტორია მოგვითხრობს...
1998 წელს იორდანიაში 806 მოზარდს უცნაური დაავადება დაემართა. თავდაპირველად ის ვაქცინის გვერდით ეფექტად მიიჩნიეს, მაგრამ მოგვიანებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მისი რეალური მიზეზი მასობრივი ისტერია იყო. ფსიქოზის აღმოცენებაში ბრალი მიუძღოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაავადების მიზეზი უხარისხო ვაქცინა იყო. მართალია, პირველი შემთხვევები მართლაც ვაქცინის გვერდითი ეფექტებით იყო გამოწვეული, მაგრამ შემდგომ, ინფორმაციის არაადეკვატური გავრცელების შემდეგ, დაწესებულებებს 806-მა მოსწავლემ მიმართა. ამათგან 122 კლინიკაში მოათავსეს. რასაკვირველია, თავისი როლი შეასრულა მთავრობის მიმართ უნდობლობამ და ეჭვმაც. 1995 წელს ნიგერიის სოფელში უცნაურმა დაავადებამ იფეთქა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 16 წლის გოგონას კიდურები დაუსუსტდა და სიარულის უნარი წაერთვა. გოგონა ინფექციაზე ეჭვით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ შემთხვევიდან 24 საათის შემდეგ იგივე დაემართა იმავე სკოლის 22 მოსწავლეს, 10 დღეში "დაავადებულთა" რიცხვმა 156-ს მიაღწია. ბავშვების მდგომარეობა 24-48 საათში გამოსწორდა. დაავადების მიზეზი მასობრივი ისტერია იყო. 1789 წლის ივლის-აგვისტოში რევოლუციური საფრანგეთი მოიცვა შიშმა, რომ ბრიტანელთა თუ ავსტრიელთა უძლეველი ჯარები სოფელს სოფელზე იპყრობდნენ. პარადოქსი ის იყო, რომ ამ ამბავს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. 1876 წელს ჩინეთის ქალაქ ნანკინში გავრცელდა ჭორი უჩინარი დემონების შესახებ, რომლებიც ხალხს ნაწნავებს აკვნეტდნენ. 1993 წელს კაიროს 32 სკოლის 1300 მოსწავლე გოგონა უცნაური ეპიდემიის მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ ხმამაღლა კითხვისას უეცრად გონება დაკარგა. მას მალე მიბაძა რამდენიმე მეგობარმა, შემდეგ კი გულის წასვლის ეპიდემია ელვისებურად გავრცელდა. გოგონები მალევე გამოჯანმრთელდნენ.