უძილობა, შფოთვა და „ბიკინის სეზონის“ სტრესი - რა ემართება ნერვულ სისტემას ზაფხულში? - ფსიქოლოგი ანა ჩანგაშვილი სეზონურ დეპრესიასა და შფოთვაზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ყველგან ერთი და იგივე კითხვა ესმის: „როდის მიდიხარ დასასვენებლად?“, „ბიკინის სეზონისთვის ემზადები?“. თუმცა, სანამ სოციალური ქსელები „იდეალური დასვენების“ ფოტოებით ივსება, ათასობით ადამიანი გაურკვეველ შფოთვას, უძილობასა და აუხსნელ დეპრესიას ებრძვის.
არსებობს თუ არა რეალურად „ზაფხულის დეპრესია“, რატომ გვტანჯავს დანაშაულის განცდა შვებულების დროს და როგორ დავიცვათ საკუთარი მენტალური ჯანმრთელობა მზის ჭარბი სხივებისგან? ფსიქოლოგი ანა ჩანგაშვილი გვიყვება, რა ემართება ბიოლოგიურ საათს ზაფხულში, საიდან ჩნდება დანაშაულის გრძნობა მუშაობის შეწყვეტისას და როგორ უნდა დავუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს პოსტ-შვებულების სტრესის გარეშე
- ქალბატონო ანა, მზის და სითბოს ფონზე, რამდენად რეალურია „ზაფხულის დეპრესია“ და რით განსხვავდება ის ზამთრის სეზონური აშლილობისგან?
- დიახ, ზაფხულის დეპრესია მითი არ გახლავთ. სეზონური აფექტური აშლილობაა, რომელიც ვლინდება ცხელ თვეებში. ახასიათებს შფოთვა, უძილობა, მადის დაკარგვა და წონაში კლება. აფექტური აშლილობის ორივე ფორმა (ზამთრისაც და ზაფხულისაც) მჭიდრო კავშირშია ადამიანის შინაგან ბიოლოგიურ საათთან. ზამთრის აშლილობას მზის შუქის შემცირება იწვევს, ზაფხულში კი მზის შუქის სიჭარბე და მასთან დაკავშირებული სიცხე.
ამ ორი მდგომარეობას ბევრი რამ განასხვავებს. მაშინ, როცა ზამთრის აშლილობისას ადამიანი ძილს და ჭამას ეტანება, ზაფხულის დეპრესიისას ხშირია უძილობა, ძილის ნაკლებობა, უმადობა და წონაში კლება. ისინი მეტად აჟიტირებულები არიან და არა აპათიურები. შეიძლება იყოს სუიციდური ფიქრებიც.

- რატომ იწვევს მაღალი ტემპერატურა შფოთვას, გაღიზიანებადობასა და უძილობას - რა ემართება ამ დროს ნერვულ სისტემას?
- გამომწვევ მიზეზებად შეიძლება განვიხილოთ სიცხე და დღის ხანგრძლივი სინათლე (მზის ჭარბი რადიაცია). მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი.
ასევე დიდ როლს თამაშობს ადამიანის ტემპერამენტის ტიპი და ხასიათის თავისებურებები, მაგალითად მელანქოლიკისთვის ზაფხულში მუდმივად გახსნილი ფანჯრები, გაწეული ფარდები, ხმაური, „ზედმეტი“ კომუნიკაცია - ბუნებრივია იქნება შფოთვის წყარო.
ზაფხულის დეპრესიის ნიშნების გამწვავება „გამოტოვების“ შიშსაც შეუძლია. მაგალითად განცდა „ყველა ერთობა“ და „რამეს არ გამოვაკლდე“.
- როგორ განვასხვაოთ ჩვეულებრივი სიცხისგან გამოწვეული დაღლილობა რეალური ფსიქოლოგიური პრობლემისგან?
- ცხადია, სიცხით გაღიზიანება და ზაფხულის შფოთვა ყოველთვის სეზონურ აშლილობაზე არ მიგვანიშნებს. შესაძლოა ჩვენი შფოთვა მრავალ ემოციურ ფაქტორს უკავშირდებოდეს. მოგეხსენებათ, რომ ზაფხული არასტაბილური პერიოდია, იცვლება დღის განრიგი, შვებულების თარიღის, დასვენების ადგილის შერჩევა და სხვა მრავალი გარემოების გათვალისწინება ხშირად იწვევს დაძაბულობას.
ასევე ოჯახებით გადაადგილება, უცხო გარემო, ზოგ შემთხვევაში ოჯახური მთლიანობის დროებითი „რღვევა“ მაგალითად შვილები მიდიან საზაფხულო ბანაკებში, ან ბავშვები რჩებიან ბებიებთან და მშობლები მიდიან სამოგზაუროდ და ა.შ.
- რატომ გვიჭირს მოდუნება შვებულების დროს და საიდან ჩნდება დანაშაულის გრძნობა, როცა არ ვმუშაობთ?
- შვებულებისას დანაშაულის განცდა არის „გადაწვის“ შედეგი, როცა ადამიანს ჰგონია, რომ დასვენებით სხვებს აზარალებს. ამ ფიქრების გამომწვევი მიზეზებია: მუდმივი ჩართულობა სამუშაო პროცესში. სხვების მოლოდინებზე ზედმეტი ფიქრი. შიში, რომ საქმე შეფერხდება.
ამიტომ, წინასწარ უნდა გადავანაწილოთ საქმეები და გავაფრთხილოთ კოლეგები. შეახსენოთ თავს, რომ დასვენება ძალების აღდგენისთვის აუცილებელია. მივიღოთ დასვენება, როგორც თქვენი უფლება და არა როგორც პრივილეგია.

- როგორ ავირიდოთ თავიდან ძლიერი დეპრესიული ფონი და სტრესი, რაც ხშირად დასვენების დასრულებას მოჰყვება ხოლმე?
- დასვენების დასრულების დეპრესია (ანუ პოსტ-შვებულების სტრესი) არის დროებითი დაღლილობის, მოწყენილობისა და შფოთვის განცდა, რომელიც ადამიანს შვებულებიდან ან მოგზაურობიდან სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნებისას ეუფლება. კარგი იქნება, თუ მგზავრობისა და დასვენების დასრულების შემდეგ, სამსახურში გასვლამდე მინიმუმ ერთი დღე სახლში დაისვენებთ. ნელ-ნელა დაუბრუნდით ჩვეულ რიტმს, თავიდანვე არ გადაიტვირთებით რთული საქმეებით. დაგეგმეთ სასიამოვნო აქტივობა, მცირე გასეირნება. დალაგებული სახლი და მოწესრიგებული გარემო სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარება.
- ზაფხულში სოციალური ქსელები ივსება იდეალური კადრებით. რატომ გვგონია, რომ ამ დროს ყველა ჩვენზე ბედნიერია?
- სოციალურ ქსელებში იდეალური ცხოვრების ყურება ხშირად იწვევს შფოთვას და განცდას, იმისა, რომ სხვები უფრო ბედნიერები არიან. რადგან ძირითადად ადამიანები ერთმანეთს მხოლოდ ცხოვრების საუკეთესო წუთებს ვუზიარებთ და არა ყოველდღიურ სირთულეებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები სოციალურ ქსელებში ტვირთავენ მხოლოდ წარმატებულ და ლამაზ მომენტებს.
ტყუილად გვგონია, რომ სხვების ცხოვრება სრულყოფილია, ჩვენი კი - არა. მუდმივი შედარება ამცირებს საკუთარი თავის რწმენას და ბედნიერების განცდას. დავაწესოთ ლიმიტი ეკრანთან გატარებულ დროზე. ვფოკუსირდეთ საკუთარ თავზე და დავაფასოთ ჩვენი მიღწევები.
- „ბიკინის სეზონის“ დადგომასთან ერთად, რატომ იმატებს სხეულის გამო უხერხულობა და საკუთარი თავის უკმაყოფილება?
- საკუთარი სხეულის მიუღებლობა ბიკინის სეზონზე ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. სოციალური მედია და სილამაზის სტანდარტები ხშირად იდეალურ ფიგურებს გვთხოვს, რაც შფოთვასა და დისკომფორტს იწვევს. გვახსოვდეს, რომ ზაფხული და დასვენება ყველას ეკუთვნის, მიუხედავად წონისა და გარეგნობისა.
- რა არის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი, რომ ზაფხულში საკუთარი სხეულის მიმართ ნაკლებად კრიტიკულები გავხდეთ?
- შეწყვიტოთ შედარება. სულ უნდა გვახსოვდეს რომ საკუთარი სხეული უნიკალურია და არა გამოსაფენი ,,პროდუქტი". ავირჩიოთ კომფორტული ტანსაცმელი, ჩავიცვათ ისეთი საცურაო კოსტიუმი, რომელშიც თავად ვგრძნობთ თავს კარგად. ვიზრუნეთ სხეულზე სიყვარულით, რადგან ის მეგობარია და არა მტერი. ის გვაძლევთ საშუალებას, ვიმოძრაოთ და ვიგრძნოთ ცხოვრება.

- რა არის მთავარი რეკომენდაცია – როგორ შევინარჩუნოთ მენტალური ჯანმრთელობა ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში?
- ზაფხულის აფექტური აშლილობის მქონე ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია შუადღის განმავლობაში სახლში დარჩენით, ცივი შხაპით, ცურვით.
რაც შეეხება ზოგადად ზაფხულის შფოთვას: გვახსოვდეს, რომ ზაფხული წლის ყველაზე ხანმოკლე პერიოდია და მალე დასრულდება, შევეცადოთ მშვიდად მივიღოთ მისი ,,გამოწვევები". აუცილებელია მივიღოთ ბევრი სითხე, ვაკონტროლოთ ძილის რეჟიმი, შევზღუდოთ მზეზე ყოფნა პიკის საათებში და შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობის დაბალანსებული ტემპი.
ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი დასვენების შეგრძნებაა და არა ძვირადღირებულ კურორტებზე გამგზავრება. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენივე მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს.