ქალი და ზამთრის დეპრესია
არა აქვს მნიშვნელობა, ზამთარი გიყვართ თუ არა, მელანქოლიური განწყობა ხშირად ამ პერიოდის თანმხლებია, თუმცა, ხშირად დეპრესიაში გადაიზრდება და სხვადასხვა სიმპტომით გამოიხატება: დაღლილობით, ენერგიის დაკარგვით, ძილიანობითა და ყველაფრისადმი უკმაყოფილებით, დაბნეულობით, ტკბილეულის მიმართ ძლიერი ლტოლვით, გაღიზიანებითა და ცუდი განწყობით.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ამ ემოციურ მდგომარეობას ქალები მამაკაცებზე 2-ჯერ ხშირად განიცდიან. სეზონური დეპრესიის მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დღის ხანგრძლივობის შემცირებაა, რადგან მზის სხივების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ჰოპოთალამუსის (ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა განწყობა, ძილი, მადა, სექსი და ა.შ.) მუშაობაზე, არღვევს მელატონინის („ძილის ჰორმონი“) ბალანსს და აფერხებს სეროტონინის („ბედნიერების ჰორმონი“) გამოყოფას.
ზამთრის დეპრესიის ნიშნები, როგორც წესი, ვლინდება შემოდგომის დასაწყისში, როდესაც დღის ხანგრძლივობა საგრძნობლად კლებულობს. იწყება წვიმიანი და პირქუში ამინდები. ამ პერიოდში ადამიანს გაციებისა და სურდოთი გამოწვეული უხერხული მომენტების შიში უჩნდება და სახლიდან გასვლის სურვილი არ აქვს.
როგორ ავიცილოთ ზამთრის დეპრესია ან შევამციროთ მისი სიმპტომების სიძლიერე?!
1. დღისით რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ: გარდა იმისა, რომ აგიმაღლდებათ განწყობა, დღის სინათლე D ვიტამინის გამოყოფას უწყობს ხელს, რომლის ნაკლებობაც დეპრესიას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.
2. მეტი დრო ფანჯარასთან გაატარეთ. ამ დროს შესაძლოა, შემოქმედებითმა მუზამაც კი მოგაკითხოთ. მასზე ფიქრი განწყობას გამოგისწორებთ.
3. რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ და დაიტვირთეთ ფიზიკურად. ვარჯიშები და მოძრაობა სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, განწყობის ამაღლებაზეა პასუხისმგებელი. განსაკუთრებით სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ვარჯიში: ამით თქვენ ზამთრის დეპრესიას ორმაგ დარტყმას მიაყენებთ.
4. გაატარეთ მეტი დრო მეგობრებთან ერთად, უყურეთ სასიამოვნო ფილმს. არაფერი ჯობს მეგობრებთან დროის გატარებას. მათთან საუბარი გაგახალისებთ.
5. იკითხეთ საინტერესო წიგნები. ენერგიულები რომ იყოთ, კარგად გამოიძინეთ და ბევრი იცინეთ. მთავარია, არ დანებდეთ და არ მისცეთ ზამთარს განწყობის გაფუჭების უფლება.
ისტორია
სეზონური აფექტური აშლილობა პირველად აღიწერა და დასახელდა ნორმან როზენტალისა და მისი კოლეგების მიერ ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში 1984 წელს.
როზენტალმა აღმოაჩინა, რომ მას ჰქონდა დეპრესია ჩრდილოეთ ამერიკაში, ზამთრის ბნელ და ცივ დღეებში, მას სურდა ეპოვა დეპრესიის გამომწვევი მიზეზი, რის შემდეგაც ჩამოაყალიბა თეორია, რომლის მიხედვითაც ზამთრის დეპრესიის მიზეზად დაასახელა ზამთარში არსებული ბუნებრივი სინათლის შემცირება. შემდეგ როზენტალმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა SAD-ის ფენომენის აღმოსაჩენად და როზენტალის თეორია დადასტურდა ემპირიული მონაცემებით.
მიუხედავად იმისა, რომ როზენტალის იდეებს თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა სამეცნიერო საზოგადოება, SAD-მა აღიარება მოიპოვა.
მიზეზები
სეზონური აფექტური აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზებია:
- ბიოლოგიური საათის დარღვევა - მზის სინათლის შემცირება შემოდგომასა და ზამთარში იწვევს ზამთრის აფექტურ აშლილობას. მზის სინათლის შემცირება ან მატება შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდეს სხეულის შინაგან ბიოლოგიურ საათზე და იწვევდეს დეპრესიულ შეგრძნებებს.
- სეროტონინის დონე - იგივე ბედნიერების ჰორმონი, ქიმიური ნივთიერებაა, რომლის გამომუშავებაც ნერვულ უჯრედებში ხდება და დიდ გავლენას ახდენს ხასიათსა და განწყობილებაზე. სეროტონინის გამომუშავებაზე, საკვების გარდა, დიდ გავლენას ახდენს მზის სინათლე. მზის სინათლეზე ტვინი გამოიმუშავებს სეროტონინს, რაც ადამიანს ეხმარება იყოს უფრო კონცენტრირებული და მშვიდი, მზის გარეშე სეროტონინის დონე მცირდება, რაც იწვევს სეზონურ დეპრესიას.
- მელატონინის დონე - სიბნელეში ტვინი გამოიმუშავებს ჰორმონ მელატონინს, რომელიც ძილში გვეხმარება. ღამით მისი რაოდენობა ორგანიზმში განსაკუთრებით მომატებულია (ზამთარში ძილიანობა). ხოლო დღისით - ნაკლები (ზაფხულში უძილობა). უძილობის დროს, „ბიოლოგიური საათის“ კორექტირებისთვის, მას აბების სახით იღებენ.
- როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული გენეტიკური საფუძველი სეზონური აფექტური აშლილობის განვითარებისთვის, რადგან აღმოჩენილია ზოგიერთი გენი, რომელიც მნიშვნელოვნად უკავშირდება სეზონურ აშლილობას.
რისკ-ფაქტორები
- ქალებს შორის ორჯერ-სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებთან.
- SAD უფრო ხშირად გვხვდება მოზრდილებში, ვიდრე ხანდაზმულ ასაკში.
- ოჯახის ისტორია. SAD-ით დაავადებულ ადამიანებს შეიძლება ჰყავდეთ სისხლით ნათესავები SAD-ით ან დეპრესიის სხვა ფორმით.
- დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა - დეპრესიის სიმპტომები შეიძლება სეზონურად გაუარესდეს. გაზაფხულმა და ზაფხულმა ბიპოლარული აშლილობის მქონე ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს მანიაკალური სიმპტომების ინტენსიური ფორმა: მაგ: აწეული გუნებ-განწყობა.
- გეოგრაფიული მდებარეობა - ეკვატორიდან შორს ცხოვრება, მაგ: რაც უფრო შორს ცხოვრობენ ადამიანები ეკვატორიდან, მით მეტია შანსი, რომ ზამთრის სეზონური აშლილობის „მსხვერპლნი“ გახდნენ.
გართულებები
SAD შეიძლება გაუარესდეს და გამოიწვიოს პრობლემები, თუ პიროვნებას ჯერ კიდევ არ აქვს აღმოჩენილი, რომ სეზონური აფექტური აშლილობა ახასიათებს.
- სოციალური იზოლირება.
- სკოლის ან სამსახურის პრობლემები.
- ნივთიერებების ბოროტად გამოყენება.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა დარღვევები, მაგ: შფოთვა ან კვების დარღვევები.
- სუიციდური აზრები ან ქცევა.
როდის მივმართოთ ექიმს?
ზოგიერთ დღეებში განწყობის დაქვეითება ნორმალურია. თუ განწყობის ცვლილება ხანგრძლივია და დაკარგეთ თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებში ჩართვის ინტერესი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ იცვლება ძილის რეჟიმი, მადა, აღინიშნება სუიციდური ფიქრები ან იწყება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.