ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

- წინა სამსახური იმის გამო მიატოვეთ, რომ სხვა გამოსავალი ვერ იპოვეთ და ახლა მამაკაცის მცირედ ყურადღებასაც კი, ქვეცნობიერად, სამუშაოს დაკარგვის საფრთხედ აღიქვამთ. გამოსავალი კი შეიძლება მოურიდებელი თაყვანისმცემლის ქცევისადმი ირონიული დამოკიდებულება ან არშიყობის მეგობრულ ურთიერთობად ქცევა იყოს. ასე დევნის მანიისგან გათავისუფლდებით და თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

ჩემი მკურნალი ექიმი ნდობას არ აღმიძრავს, თუმცა ის საუკეთესო სპეციალისტად ითვლება კლინიკაში. სხვისი ძებნის აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ მასთან ვერაფრით ავაწყვე ურთიერთობა. ყველა ჩემს კითხვას უხალისოდ პასუხობს, თავისი ინიციატივით არასოდეს არაფერს მიხსნის, მე კი არ მინდა, ბრმად შევასრულო მისი მითითებები!

თამარი, 31 წლის

- წარმოიდგინეთ, როგორ ჟღერს თქვენი კითხვები შორიდან. იქნებ ექიმი მათ თქვენი უნდობლობის დასტურად ან მასთან უფრო ახლო კონტაქტის დამყარების მცდელობად მიიჩნევს. სცადეთ, აუხსნათ, რატომ უსვამთ ამა თუ იმ კითხვას. მაგალითად, თუ მისი ნაწერის ამოკითხვას ცდილობთ, პირდაპირ უთხარით: "მე მიჭირს სხვისი ხელწერის გარჩევა; მიკარნახეთ, თუ შეიძლება, წამლის სახელწოდება". ბევრ პაციენტს სწყინს, რომ ექიმი მას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს: კარგი სპეციალისტი დღეში ათობით პაციენტს იღებს და გარკვეული ემოციური სიცივე არის საფუძველი იმისა, რომ მან მშვიდად და ჯანსაღად იაზროვნოს, ემოციების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

დროდადრო ჩვენთან სტუმრად ჩამოდის ჩემი ქმრის დისშვილი. მას ძალიან ცუდი თვისება აქვს - უყვარს ჩვენს ნივთებში ქექვა. არაფერი იკარგება, მაგრამ სუნამოები და კრემები, აქსესუარები და ტანსაცმელი ყოველთვის გადაადგილებული მხვდება. არ ვიცი, რა ვქნა - ყველაფერს ხომ არ ჩავკეტავ?! მისთვის შენიშვნის მიცემაც მერიდება, ნათესავებთან ურთიერთობის გაფუჭება არ მინდა...

ნესტანი, 27 წლის

- გააკეთეთ პატარა ბარათები წარწერით: "ხელს ნუ მახლებ!", "ახლავე დახურე ჩემი კოსმეტიკური ჩანთა!" ჩააწყვეთ ისინი უჯრებში, მიამაგრეთ ტანსაცმელზე. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ მისი სახელიც მიაწეროთ. გოგონა ყველაფერს მიხვდება. თუ ამას ბიძამისს შესჩივლებს - მაშინ იმის აღიარებაც მოუწევს, რომ დაუკითხავად იჩხრიკებოდა თქვენს კარადებში.

ჩემი უფროსი ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ ზრდილობა ნამდვილად აკლია. ზედმეტს არაფერს ითხოვს, მაგრამ ასეთი ფრაზებით მოგვმართავს: "მომართვი, წაიღე, თავისუფალი ხარ!" არასოდეს გეტყვის: "გმადლობ" ან "თუ შეიძლება", "გეთაყვა". ახლობლებს მიაჩნიათ, რომ სუსტი ვარ, რაკი ასეთ მოპყრობას ვითმენ და მირჩევენ, სამსახური მივატოვო. იქნებ მართლა ასე ჯობდეს?

ანა, 29 წლის

- მნიშვნელოვანია არა თქვენი ახლობლების, არამედ პირადად თქვენი აზრი. ეს თქვენი უფროსია და სიტუაციაში თქვენ უკეთ უნდა ერკვეოდეთ, ვიდრე ვინმე სხვა. რა თქმა უნდა, სასურველია, იდეალური ხელმძღვანელი გყავდეთ, მაგრამ ასეთები არ არსებობენ. ყველას თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. საქმე ის არის, რამდენად აწონასწორებენ ისინი ერთმანეთს. მზად ხართ შეეგუოთ უფროსის უზრდელობას, რომელიც არც ისე ცუდი ადამიანია? თუ სხვა ყველაფერი ხელს გაძლევთ, მაშინ ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრს, მაგრამ თუ ცუდმა მანერებმა დაგღალათ და მუშაობაში ხელს გიშლით, მაშინ, ალბათ, მართლაც უნდა დაფიქრდეთ სამსახურის მიტოვებაზე.

ძალიან მინდა, წონა დავიკლო, მაგრამ ფიტნესკლუბში სიარული მეუხერხულება - სპორტულ დარბაზში ბევრი მოხდენილი ქალიშვილია, მე კი მშობიარობის შემდეგ საშინლად დავუშნოვდი. მეჩვენება, რომ დარბაზში ყველა მე მიყურებს და დამცინის. როგორ დავაღწიო თავი ამ კომპლექსს? არადა, ვარჯიში აუცილებელია უწინდელი ფორმის დასაბრუნებლად.

ლიკა, 28 წლის

- ლიკა, გვერწმუნეთ, მსგავსი კომპელქსები მოხდენილ გოგონებსაც აქვთ. ნუ გეგონებათ, რომ ისინი თქვენდამი არაკეთილგანწყობილნი იქნებიან. პირიქით, სცადეთ, ესაუბროთ დიეტებსა თუ ვარჯიშთა კომპლექსებზე. მღელვარება თანდათან გაგივლით და მშვიდად იზრუნებთ გარეგნობაზე.

ინტერნეტით ახალგაზრდა კაცი გავიცანი. ის საინტერესო მოსაუბრეა, უამრავ კითხვას მისვამს, აინტერესებს ჩემი ამბები და ღელავს ჩემ გამო, თუმცა ერთი რამ მაწუხებს: დროდადრო მთხოვს, ვესტუმრო, რათა "განვმარტოვდეთ" და "მოვდუნდეთ", ამიტომ მე არ ვჩქარობ მასთან შეხვედრას და ვცდილობ, ვირტუალური საუბრებით შემოვიფარგლო. შეიძლება, უფრო სერიოზული ურთიერთობის იმედი მქონდეს ისეთ ადამიანთან, რომელიც მხოლოდ ინტიმური სიახლოვისკენ მიისწრაფვის?

ნინო, 23 წლის

- მამაკაცებს უჭირთ იმის აღიარება, რომ თავს მარტოსულებად გრძნობენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა კაცებმა, განსაკუთრებით - გამოუცდელებმა, არ იციან, რაზე შეიძლება ააგონ ურთიერთობა, გარდა სექსისა. ნუ შეშინდებით. უბრალოდ, დაიცავით თქვენი ინტერესები და აუხსენით თქვენს ნაცნობს, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ურთიერთობა. შესთავაზეთ შეხვედრის სხვა ვარიანტები, რომლებიც ინტიმურ კავშირს გამორიცხავს. თუ დაგთანხმდათ, ეს მიგანიშნებთ, რომ ის არ არის მონადირე, რომელიც იოლ საკბილოს ეძებს. შეხვედრისას კარგად დააკვირდით მას. შესაძლოა, უშუალო კონტაქტის დროს ვერ შემოგბედოთ თამამი წინადადება, რომელსაც ვირტუალური საუბრისას გთავაზობდათ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას ადამიანზე, რომლის შესახებ ცოდნაც მხოლოდ ინტერნეტმიმოწერას ეფუძნება. რეალურად ის შესაძლოა სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდეს.

ჩემი ხელმძღვანელი გვიანობამდე მუშაობს და ჩემგანაც იმავეს მოითხოვს. მას ოჯახი არ აქვს, ამიტომ შეუძლია, დღე და ღამე სამსახურში გაატაროს, მე კი ორი ბავშვი მყავს, რომლებიც საბავშვო ბაღიდან უნდა გამოვიყვანო. უფროსი დამატებით ანაზღაურებას მპირდება, მაგრამ საქმე ფული როდია!

ნატალია, 29 წლის

- უაზრობაა შეფთან დავა, უბრალოდ, უარი უთხარით. თქვენ ხომ გაქვთ საფუძვლიანი მიზეზი, რომ სამსახურში გვიანობამდე არ დარჩეთ. შრომის კოდექსიც თქვენს მხარესაა. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ერთი რამ: როგორც ჩანს, თქვენს უფროსს უყვარს ის სამუშაო, რომელსაც ასრულებს. დააფასეთ ეს, გამოხატეთ ინტერესი მისი მორიგი იდეის მიმართ, უთხარით, რომ საბავშვო ბაღისკენ მიმავალი განუწყვეტლივ ამაზე იფიქრებთ. შეიძლება ბრძოლაში შინაურებიც ჩართოთ: სთხოვეთ, რომ სამუშაო დღის ბოლოს აუცილებლად დაგირეკონ და გთხოვონ, სასწრაფოდ დაბრუნდეთ შინ.