ოჯახური ბედნიერების საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახური ბედნიერების საიდუმლო

 

  • გაუფრთხილდით ოჯახს ისე, როგორც, მაგალითად, ჯანმრთელობას. ალბათ, არასოდეს მოგივათ ასეთი აზრი: "თუნდაც მძიმედ გავხდე ავად, საშიში არაფერია - ეს ხომ წვრილმანია". გადაიტანეთ ეს პრინციპი ოჯახზე. არასოდეს წამოიწყოთ საუბარი განშორებასა და განქორწინებაზე - ეს თქვენც და თქვენს მეუღლესაც ქვეცნობიერად ასეთი ნაბიჯისკენ გიბიძგებთ.
  • ისეთ სერიოზულ საქმეში, როგორიც ოჯახური ცხოვრებაა, დიდ როლს ასრულებს ძალიან არასერიოზული ფაქტორი - იუმორის გრძნობა. გაიხსენეთ, როგორ დაგეხმარათ ხუმრობა კონფლიქტის განმუხტვაში, ხოლო თუ შეძლებთ, საკუთარ თავს დასცინოთ, ეს მრავალი წყენისგან გიხსნით. იუმორის გრძნობა ხსნის დაძაბულობას და საშუალებას გვაძლევს, ძალდაუტანებლად განვიხილოთ რთული თემები.
  • ზოგჯერ გვეჩვენება, რომ საყვარელ ადამიანს ისე კარგად ვიცნობთ, მისი ნებისმიერი საქციელისა თუ განწყობის მიზეზი უფრო უკეთ გვესმის, ვიდრე თვითონ მას. "შენ ყველაფრით უკმაყოფილო ხარ, იმიტომ, რომ ძალიან დაიღალე", "არ დამირეკე, იმიტომ, რომ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდა", - საკუთარი დასკვნა ისეთი ლოგიკური გგონიათ, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ასეთმა ფიქრებმა რომ არ დაგიპყროთ და ორაზროვანი სიტუაციები არ შეიქმნას, უფრო ხშირად მოუსმინეთ მეუღლეს და ნაკლები გასაქანი მიეცით თქვენს ფანტაზიას. მხოლოდ ასე გაიგებთ, რა მოხდა სინამდვილეში.
  • ჩვენთვის ოჯახი, უპირველეს ყოვლისა, სტაბილურობასთან ასოცირდება, მაგრამ თუ ოჯახური ცხოვრება დროდადრო რამით არ გამოვაცოცხლეთ, სტაბილურობა თანდათან მოწყენილობად იქცევა. შემოიღეთ ახალი ტრადიციები, შეიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი, თუ ამაზე ხელი არ მიგიწვდებათ, ინტერიერი მაინც, ხშირად მიაწოდეთ მეუღლეს საკუთარი იდეები და მისიც აიტაცეთ. ასეთ შემთხვევაში კერიის სითბო არასოდეს მოგაკლდებათ.
  • მეუღლეთა ინტერესების სრული თანხვედრა შესანიშნავია, მაგრამ, სამწუხაროდ, იშვიათი. ადამიანები სხვადასხვანაირნი არიან. ნუ დაივიწყებთ ამას. თუნდაც მეუღლის ჰობი არც ისე სასიამოვნო მოგეჩვენოთ, მაინც ნუ გააკრიტიკებთ - გატაცებას ხომ ადამიანის შინაგანი სამყაროს დიდი ნაწილი უჭირავს და ძალიან სასიამოვნოა, როცა ახლობლებს ესმით ჩვენი, უხარიათ ჩვენი წარმატება. თუ ქმარი ფიზიკოსია, ხოლო თქვენ - ლირიკოსი (ან პირიქით) და მუდამ სხვადასხვა მხარეს მიიწევთ, ეცადეთ, იპოვოთ ის, რაც გაგაერთიანებთ.
  • ოჯახი - ეს თქვენი უახლოესი ადამიანების წრეა. მათ განცდები არ უნდა დაუმალოთ. შენიღბვის ხელოვნება კოლეგებთან გამოიყენეთ, სახლში კი, თუ რამე გაწუხებთ, აუცილებლად გაენდეთ შინაურებს. ნუ დაიგროვებთ უარყოფით ემოციებს, თორემ ოდესმე თქვენი უკმაყოფილება ვულკანივით ამოხეთქავს და შეიძლება, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. შემოიღეთ ოჯახში ასეთი წესი: თუ ვინმე რამით უკმაყოფილოა, უკმაყოფილება თამამად უნდა გამოხატოს, შემდეგ კი ყველა ერთად უნდა შეეცადოთ პრობლემის მოგვარებას, კომპრომისის პოვნას.
  • ოჯახური კეთილდღეობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი ხალხი დადის თქვენთან. იყავით თბილი, ხელგაშლილი და გულღია დიასახლისი, მაგრამ ფართოდ ნუ გაუღებთ თქვენი სახლისა და გულის კარს მათ, ვინც არ აფასებს ოჯახურ კერას. ცუდი მაგალითი გადამდებია, ხოლო კარგი - მისაბაძი. თუ თქვენს ახლო მეგობრებს ბედნიერი ოჯახი აქვთ, ეს პოზიტიურად განაწყობს მთელ თქვენს სამეგობროს, ხოლო თუ ზოგიერთი მარტოხელაა, ზოგიერთი კი - განქორწინების ზღვარზე, თქვენ და თქვენს რჩეულს უნებურად შესაძლოა არცთუ სასიამოვნო აზრები დაგებადოთ. რა თქმა უნდა, იმას არ გირჩევთ, რადიკალურად შეცვალოთ ნაცნობების წრე ან სახლი ციხესიმაგრეს დაამსგავსოთ, მაგრამ ალბათ, ურიგო არ იქნება, დაუკვირდეთ საერთო ვითარებას და დასკვნები გამოიტანოთ.
  • იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ეცადეთ, ხშირად გაიხსენოთ ეს უბრალო ჭეშმარიტება. ადამიანის გულისტკენა ადვილია, წყენის განელებას კი შესაძლოა წლები დასჭირდეს. როგორც არ უნდა გტკენდეთ გულს ახლობლების უტაქტობა, ეცადეთ, საღად შეაფასოთ მათი საქციელი, ნუ გააზვიადებთ ტრაგედიას. ასეთი ტაქტიკა დაგეხმარებათ, ოჯახში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი შეინარჩუნოთ და უაზრო სკანდალები თავიდან აიცილოთ.
  • ხანდახან იდეალურ ოჯახშიც კი ხდება კონფლიქტი. ეს მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, აისახება ჩვენს ურთიერთობაზე, ამიტომ გვიჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მალე გადავხარშოთ ოჯახური პრობლემები, ვუამბოთ მათ შესახებ ახლო მეგობრებს და დავივიწყოთ. მაგრამ რამდენად სასარგებლოა ასეთი "თერაპია"? მეგობრებთან ჭორაობა პრობლემებს ვერ მოგვიგვარებს, ირგვლივ მყოფებს კი თქვენი ოჯახის შესახებ ცუდ შთაბეჭდილებას შეუქმნის. გარდა ამისა, ყველა მსმენელი მთელი გულით როდი თანაგიგრძნობთ, სამწუხაროდ, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც გულის სიღრმეში შესაძლოა გაუხარდეთ კიდეც თქვენი წარუმატებლობა. ასეთი ცრუ კეთილის მოსურნეები შემთხვევას არ გაუშვებენ ხელიდან, რომ ქვეყანას არ მოსდონ თქვენი პრობლემების შესახებ. ასე რომ, იქნებ არ ღირდეს ოჯახური უსიამოვნებების გარეთ გატანა და სხვისი მსჯელობის საგნად ქცევა?
  • როცა რამის შეკერვას ვაპირებთ, გვჭირდება ძაფი, რათა ქსოვილის ორი ნაჭერი ერთმანეთს მივაკეროთ. იგივე პრინციპი მოქმედებს ოჯახშიც - აქაც საჭიროა საშუალება, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ორ ძალიან ახლობელ, მაგრამ მაინც ძალიან განსხვავებულ ადამიანს. ასეთ საშუალებად შეიძლება იქცეს ოჯახური ტრადიციები: ერთობლივი გასეირნება, სადღესასწაულო წვეულებები...
  • თუ ოჯახური ტრადიციები წარსულს გვახსენებს, ერთობლივი გეგმები, პირიქით, მომავლის ორიენტირებს გვისახავს. სამომავლო გეგმებზე საუბარი გვინერგავს რწმენას, რომ ჩვენს ოჯახს არაფერი ემუქრება და მიზნების ერთობლივად განხორციელებისკენ გვიბიძგებს, ერთმანეთთან უფრო მტკიცედ გვაკავშირებს.

 

ოჯახურ ცხოვრებაში მთავარი მოთმინებაა. უამისოდ ოჯახის შენარჩუნება ძნელია. ნურასოდეს იკამათებთ ბავშვების თანდასწრებით, ნუ აქცევთ ბავშვებს ლანძღვა-გინების მოწმედ. ცოლ-ქმარი ადვილად მორიგდება, ჩავლილი უთანხმოება კი ბავშვების ცნობიერებას დაღს ასვამს. შერიგებისკენ ნაბიჯი ორივემ ერთდროულად უნდა გადადგას. ყველა კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს.

ოჯახური ბედნიერების კიდევ ერთი საიდუმლო ის არის, რომ ორ ადამიანს გულწრფელად უნდა უყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული, ურთიერთგაგება, ნდობა და პატივისცემა - აი ოჯახური ბედნიერების საძირკველი. ადამიანები იცვლებიან. მათ გრძნობებს დრო ცდის. ნამდვილი გრძნობა არ ქრება, - შესაძლოა, მხოლოდ ადრინდელი მგზნებარება განელდეს. თუ ამ საფეხურსაც მოთმინებით გადალახავთ, მიხვდებით, რომ გაიმარჯვეთ, ცხოვრების რთულ გამოცდას გაუძელით და კვლავაც გაუძლებთ. მთავარია, სიყვარული გადაარჩინოთ.