სიბერე და ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიბერე და ფსიქოლოგიური პრობლემები

ჩვენი მშობლები, ოდესღაც ახალგაზრდა, ლამაზი, ენერგიული ადამიანები, დღეს სუსტი და მგრძნობიარე, საოცრად გულჩვილი მოხუცები არიან. იყო დრო, ისინი გვასწავლიდნენ ცხოვრებას, ახლა კი ჩვენ მათ პატარებივით ვეპყრობით და დამრიგებლური კილოთი ვესაუბრებით. ზოგჯერ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ, მერე კი სინდისი გვქენჯნის - ჩვენ ხომ ისინი ძალიან გვიყვარს!

გართულებული ურთიერთობები

მოხუცებთან ურთიერთობა ძალიან რთულია. ერთ დროს ენერგიული ადამიანები პასიურები ხდებიან, იოლად ღიზიანდებიან, ეცვლებათ ხასიათი, ინტერესები, უჩნდებათ ასაკობრივი კომპლექსები: შიშები (ავადმყოფობის, წაქცევის, რაიმეს დაკარგვის), ზედმეტობის განცდა... როდესაც მშობლები და შვილები ერთად ცხოვრობენ, ურთიერთობები საკმაოდ რთულდება. ოჯახში შემოდის ახალი წევრი - რძალი ან სიძე, ჩნდებიან შვილიშვილები. უფროს თაობას უჭირს პოზიციების დათმობა, ახალი კი თავისი წესების დამკვიდრებას ცდილობს. ერთმანეთს ეჯახება ინტერესები, შეხედულებები აღზრდის თაობაზე, ტრადიციები. ამას ემატება მშობელთა ასაკობრივი თავისებურებები. შვილი მშობლებსა და მეუღლეს შორის იჭყლიტება...

როდესაც მშობლები და შვილები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილება უფრო ადვილია. თუ იმ ხნის მანძილზე, რაც ერთად აღარ ცხოვრობთ, მშობლების საქციელსა და ხასიათში მკვეთრი ცვლილებები შეამჩნიეთ, ნუ გაგიკვირდებათ, შეეცადეთ გაუგოთ. ისინი ბევრ რამეს სხვანაირად აღიქვამენ. მაგალითად, მეზობელ ქალთან წაკამათება, რაც თქვენთვის უმნიშვნელოა, დედისთვის მნიშვნელოვანია. დედას უყვარს ფილმის, სპექტაკლის, სერიალისა თუ ტელეგადაცემის მოყოლა, რაიმე ამბის შეტყობინება, მამას პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე ფასების მომატება და გადასახადების გაზრდა აღელვებს - ეს მათთვის თქვენთან ურთიერთობის ერთგვარი გზაა. თქვენ, რა თქმა უნდა, სხვა აზრი, სხვა ინტერესები, სხვაგვარი გემოვნება გაქვთ, არც ოჯახური თუ სამსახურებრივი პრობლემები გაკლიათ, მაგრამ... გაღიზიანებული კილოთი ნუ მიახლით, რომ ამ სისულელეებისთვის არ გცალიათ. არაფერი დაშავდება, თუ ცოტა ხანს ყურს დაუგდებთ და განმუხტვის საშუალებას მისცემთ.

შვილები ძალიან ღიზიანდებიან, როცა საქმეში ყურებამდე ჩაფლულებს ან დაღლილ-გასავათებულებს ხანდაზმული მშობლები ყურადღებას სთხოვენ. საქმე ის არის, რომ თქვენ სხვადასხვა რიტმით ცხოვრობთ. პენსიონერ მამას და დედას, თქვენგან განსხვავებით, უამრავი დრო აქვთ. მათ არსად ეჩქარებათ, ამიტომ მათი მონათხრობი, როგორც წესი, გრძელი, დეტალური და თანმიმდევრულია. ნებისყოფა დაძაბეთ, მოთმინება მოიკრიბეთ. მოხუცები თქვენგან თანაგრძნობას ელიან.

ხანდაზმულები და სიახლეები

ასაკოვანი ადამიანები სიახლეებს ძნელად ეგუებიან. შვილებს სურთ, მშობლებს ჯაფა შეუმსუბუქონ და მათთვის ახალი ტიპის სარეცხ მანქანას, მიკროტალღოვან ღუმელს ან სხვა ელექტროხელსაწყოებს ყიდულობენ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი აღმოაჩენენ, რომ მშობლებს მათი გამოყენება არც კი უცდიათ. ნუ გაბრაზდებით, ყველა ჩვენგანი მეტ-ნაკლებად კონსერვატიულია. მით უმეტეს, ხანდაზმულები. მათ ურჩევნიათ, ძველი, შეჩვეული ნივთები გამოიყენონ, რადგან სიახლეებს უფრთხიან. ხშირად რემონტზეც კი უარს ამბობენ. ნერვებს ნურც მათ მოუშლით და ნურც თქვენ მოიშლით. იქნებ გახუნებული კედლები თქვენსავით არ აღიზიანებთ ან, უბრალოდ, რემონტთან დაკავშირებული ალიაქოთი აშინებთ...

ხანდაზმულებს ყურადღება სჭირდებათ

შვილები ყოველდღე აპირებენ, მშობლები ინახულონ, - ისე, უმიზეზოდ, - მაგრამ გადაუდებელი საქმეები არ ილევა, თუმცა საკმარისია, დედა ან მამა ავად გახდეს, რომ სანოვაგითა და წამლებით დატვირთულები თავქუდმოგლეჯილები გარბიან მათკენ. როდესაც ასე იქცევით, სინდისის წინაშე პირნათელი ხართ. ვერავინ დაგწამებთ, რომ მოვალეობის გრძნობა არ გაგაჩნიათ. ალბათ, მშობლებს ფულსაც სისტემატურად უგზავნით. უბედურება ის არის, რომ ისინი ამას ყურადღებას არ აქცევენ. მათთვის ნივთები ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მათ თქვენი ყურადღება და სითბო უფრო სჭირდებათ და ენატრებათ. ხანდაზმულთა უმრავლესობა ასე თუ ისე ინახავს თავს, ახალ ტანსაცმელს, ავეჯს, ძვირფას პროდუქტებს არ ითხოვს, არც შვილების უყურადღებობის გამო ჩივის, პირიქით, ნაცნობებთან სულ მათ ქება-დიდებაშია, მაგრამ ეს არ კმარა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათ შვილებთან სიახლოვე არასდროს ჰყოფნით.

ხანდაზმულები და ავადმყოფობა

ხანში შესული მშობლები ხშირად ავადმყოფობენ. ეს ასაკის თანამდევი მოვლენაა და ვერსად გავექცევით. მამა მხედველობას უჩივის და საჭესთან იშვიათად ჯდება, დედას სახლის დალაგება უჭირს და ამის გამო წუხს, ხშირად დადის პოლიკლინიკაში, მერე კი დაწვრილებით გიყვებათ ექიმის ნათქვამს.

მოხუცებს თავიანთი ჯანმრთელობის მიმართ ურთერთსაპირისპირო დამოკიდებულება აქვთ. ერთნი თაყვანს სცემენ წამლებს, საათობით სხედან ექიმთა მოსაცდელებში, მეორენი კი უდიერად ეპყრობიან საკუთარ ჯანმრთელობას და ირთულებენ კიდეც მდგომარეობას, უფრო მეტ პრობლემას უქმნიან როგორც საკუთარ თავს, ისე შვილებს, ზოგი კი იმდენად მშიშარაა, რომ თუ ლოგინში ჩაწვა, ვერაფრით წამოაყენებთ. თუ თქვენი მშობლები გამუდმებით ავადმყოფობაზე ლაპარაკობენ და წამლებს სვამენ, შეეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. თუ ავადმყოფობას მალავენ და ისეთ საქმეს ეჭიდებიან, რაც მათ ძალებს აღემატება, მათ ჯანმრთელობას თვალყური ადევნეთ.

მოხუცები და ბავშვები

ვიდრე შვილიშვილები პატარები არიან, ბებიას და ბაბუას არ შორდებიან, მათაც მზე და მთვარე მათზე ამოსდით და რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ მათთვის, ყველაფერში ერევიან, რაც მათ გაზრდასა და აღზრდას ეხება. ყიდულობენ პროდუქტებს, საჭირო ნივთებს, დაჰყავთ სასეირნოდ, შემდეგ კი - საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, სპორტულ თუ სხვა წრეებში, რითაც თვითონაც დიდ სიამოვნებას იღებენ და შვილებსაც ეხმარებიან, მაგრამ ბავშვები იზრდებიან, თავიანთი საზრუნავი უჩნდებათ და მოხუცი ბებიისა და ბაბუისთვის ვეღარ იცლიან, მათ კი გული სტკივათ.

ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ ბებიასა და ბაბუას მათი ყურადღება, სიყვარული და სითბო სჭირდებათ. ზოგჯერ ახსნაც არ არის საჭირო, უბრალოდ, რაიმე მიზეზი მოიფიქრეთ, რომ ისინი ერთმანეთს შეახვედროთ. შვილიშვილებს ბებია და ბაბუა ძალიან უყვართ, მაგრამ დროის გამონახვა და სიყვარულის გამომჟღავნება უჭირთ. დაეხმარეთ ამაში.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მოხუცების უცნაურობას თქვენი შვილები უფრო შემწყნარებლურად ეკიდებიან, ვიდრე თქვენ. მათ მოთმინება იშვიათად ღალატობთ. მაინც როგორ ახერხებენ ამას? ალბათ, რაღაცები შვილებისგანაც უნდა ვისწავლოთ...

მშობლის ცრემლი და სევდა

ალბათ, ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეეძლება, გულგრილად უყუროს დედის ან მამის სევდიან, ცრემლიან თვალებს. ისინი სიბერეში ბავშვებივით გულჩვილნი და მგრძნობიარენი ხდებიან. ეს გულს გვიკლავს და დანაშაულის განცდას გვიჩენს. ვცდილობთ, დავუყვავოთ, დავამშვიდოთ ისინი. მოფერებითა და ხუმრობით სასურველ შედეგსაც ვაღწევთ, მაგრამ მალე ყველაფერი მეორდება. ერთხანს ვცდილობთ, ყურადღება არ მივაქციოთ მათ მორიგ ცრემლიან რეაქციას, მაგრამ მათი მუდმივი სენტიმენტალიზმი თანდათან გამაღიზიანებელი ხდება. გსურთ, დაეხმაროთ? მაშინ უნდა დაეუფლოთ მთავარ ხელოვნებას, რომელსაც ფსიქოთერაპევტები გვასწავლიან - თანაუგრძნოთ სიბრალულის გარეშე.

თქვენ ყველაზე უკეთ იცნობთ საკუთარ მშობლებს, გიყვართ ისინი ისეთები, როგორებიც არიან, მაგრამ ეცადეთ, გამოიჩინოთ მეტი ყურადღება, გამოძებნოთ დრო და გაისეირნოთ მათთან ერთად. მათთვის ხომ ბედნიერებაა შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად ყოფნა! ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადრე თუ გვიან ისიც მოხუცდება, ისიც გულჩვილი, სუსტი და მგრძნობიარე, ზოგჯერ თავის მომაბეზრებელი, ჭირვეული და ახირებული გახდება, ამიტომ გაითავისეთ ხანდაზმულთა პრობლემები და ისე არ მოიქცეთ, რომ მოხუცებმა თავი ზედმეტად იგრძნონ.