როცა სახლში არეულობა და ქაოსია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა სახლში არეულობა და ქაოსია

რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავე და წესრიგი თქვენთვის? წარმოიდგინეთ, მარტო რომ ცხოვრობდეთ და დღის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებდეთ, რა სიხშირით შეძლებდით დალაგებას, რას გააკეთებდით ყოველდღე და რას - დროგამოშვებით. შეადგინეთ აუცილებლად გასაკეთებელი, გადაუდებელი საქმეების სია. შემდეგ გადაწყვიტეთ, საოჯახო საქმეების რა ნაწილში შეგიძლიათ დაიხმაროთ თქვენი მეუღლე და რაში - უფროსი შვილი. კარგი იქნება, თუ მოვალეობებს ოჯახური შეკრების დროს გაინაწილებთ. რაც უფრო ხშირად მიიღებენ ოჯახის წევრები მონაწილეობას სახლის დალაგებაში, მით მეტად მოწესრიგებულნი გახდებიან თვითონაც.

“ცოტა ხნის წინ შევიცვალე სამსახური და აღმოვჩნდი მამაკაცთა კომპანიაში. ოც მამაკაცში მხოლოდ სამი ქალია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა თავს დედოფლად  გრძნობ, თუმცა ამავე დროს ძალიან რთულია სწორი ურთიერთობის აწყობა და პროფესიული ზრდა. როგორ მოვახერხო ეს?” სალომე, 25 წლის

უპირველესად, თავად აირჩიეთ სასურველი პოზიცია კოლექტივში. ვარიანტი პირველი - გუნდის სრულფასოვანი წევრი რომ გახდეთ, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ შეეწყოთ მუშაობის მამაკაცურ სტილს, აითვისოთ საჭირო თავისებურებები: უნდა შეეჩვიოთ მუშაობის მაღალ ტემპს, შეეგუოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ეთიკური ასპექტების არარსებობას (უხეშობა მამაკაცთა კოლექტივში ყოველთვის უპატივცემულობის ნიშანი არ არის). მოგიწევთ იმის დამტკიცებაც, რომ არავისზე ნაკლებად არ შეგიძლიათ სამუშაოსთვის თავის გართმევა, რომ სხვა კოლეგების მსგავსად, თქვენც საიმედო ადამიანი ხართ. სანაცვლოდ, მიიღებთ სტაბილურ პატივისცემასა და აღიარებას კოლეგა მამაკაცების მხრიდან. არის მეორე ვარიანტიც - შესაძლებელია, პირიქით, ხაზი გაუსვათ თქვენს ქალურობას, ღიად გამოაჩინოთ თქვენი არა მარტო ძლიერი, არამედ სუსტი (არანაკლებ მომხიბვლელი) მხარეები. თავის ასეთად წარმოჩენისას ნაკლებად უნდა გქონდეთ პროფესიული დაფასებისა და კარიერაში სწრაფი წინსვლის იმედი, სამაგიეროდ, დაგაფასებენ სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს შექმნის უნარის, სიტუაციების დროულად განმუხტვის გამო. რომელი როლია უფრო თქვენეული - ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

“ჩემი დაქალი გამუდმებით მთხოვს  დახმარებას, რომელიც საერთოდ არ სჭირდება. ის სულ შემომჩივის შეყვარებულთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე. ყოველთვის ვაძლევ რჩევებს, მაგრამ არც ერთს არ ითვალისწინებს და არაფერს აკეთებს სიტუაციის შესაცვლელად. უკვე აღარ ვიცი, რით დავეხმარო, უძლურების განცდა დამეუფლა”. ეკა, 23 წლის

ძალიან ხშირად ადამიანები იმიტომ არ წუწუნებენ და ჩივიან პრობლემების გამო, რომ რჩევები მიიღონ ან რაიმე შეცვალონ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, თქვენს მეგობარს თანაგრძნობა სჭირდება. შესაძლოა, თავის პრობლემებზე საუბრისას ისინი ნაკლებ სერიოზული ეჩვენება ან სხვა მხრიდან უყურებს მათ. ამიტომ ნუ ელით, რომ თქვენს  რეკომენდაციებს შეასრულებს; ნურც მის ბედნიერებაზე პასუხისმგებლობას ითავებთ. თქვენ ისედაც ეხმარებით მისი წუწუნის მოსმენით. მთავარია, შეეცადეთ აგრძნობინოთ, რომ თქვენთვის სულერთი არ არის მისი პრობლემები და განცდები.

“ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მეჩვენება, რომ ჩემი ცხოვრება შავად დაწერილი სცენარის მიხედვით მიდის. აი, ახლა რეპეტიციას გავივლი და შემდეგ კარგად დავიწყებ ცხოვრებას! ხშირად ვიჭერ საკუთარ თავს იმაში, რომ მშურს ყველა დაქალისა და მეგობრის: სახელებიც უკეთესი აქვთ, ქმრებიც კარგები ჰყავთ, ბავშვებიც - ჭკვიანები და ა.შ. 16 წელია გათხოვილი ვარ, ორი ბავშვი (5 და 10 წლის ბიჭები) მყავს, ვცხოვრობთ დედაჩემთან. ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი იყო, მაგრამ ვითმენდი და ველოდი. ვფიქრობდი, კიდევ ცოტას მოვითმენ და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მაგრამ არა, ყველაფერი სულ უფრო უარესდება (მე და ჩემი ქმარი ხშირად ვჩხუბობთ, ორივენი ნერვიულები და გაღიზიანებულები ვართ). ბოლო დროს სულ იმაზე ვფიქრობ, საერთოდ რისთვის გავჩნდი ამქვეყნად და რისთვის ვცხოვრობ (რა თქმა უნდა, ახლა ბავშვებისთვის ვარსებობ), სად ვარ მე თვითონ და ვინ ვარ?!” ირინა, 34 წლის

თქვენმა წერილმა გამახსენა სკარლეტ ო’ჰარას დევიზი - “ამაზე ხვალ ვიფიქრებ”. თუ კარგად მოვქექავთ თქვენს აზრებს, შეიძლება აღმოვაჩინოთ “ორშაბათისათვის” გადადებული ათეულობით და ასეულობით გეგმა. რამდენ მიზეზს ვიგონებთ, რომლებიც ჩანაფიქრის განხორციელებაში გვიშლის ხელს: ხან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ხან ჩვენივე წარუმატებლობა, ხან უფროსი... ეს სია დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს. ამ დროს მეზობლის საქმე კარგად მიდის... რამდენ ძვირფას წელს ვკარგავთ ასე! ინფანტილიზმისგან გათავისუფლება რთულია, მაგრამ შესაძლებელი. დასაწყისისთვის უნდა განსაზღვროთ მიზნები: ჩამოწერეთ ფურცელზე, რისკენ ისწრაფვით და როგორ ხედავთ თქვენს მომავალ ცხოვრებას. ახლა კი ჰკითხეთ თავს: “რა შემიძლია გავაკეთო ჩემი მიზნების განსახორციელებლად ახლა, ხვალ, უახლოეს კვირებსა თუ თვეებში?” თავიდან აიცილეთ მოჭარბებული იდეალიზმი - შეუძლებელია, ცხოვრება მხოლოდ სასიამოვნო სიტუაციებისა და მოვლენებისგან შედგებოდეს: ყოველთვის არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა, უიღბლობა, წარუმატებლობა, პრობლემა. ცხოვრებისეული პრაქტიკა და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა და მიღწევები ყოველთვის არაკომფორტულ პირობებში ხდება. უაზრობაა, იჯდე და ელოდო გარემოების იდეალურ ცვლილებას. იმისათვის, რომ გადალახოთ უიმედობა და გაუბედაობა, გაიხსენეთ - გზა ყოველთვის პირველი ნაბიჯის გადადმით იწყება. გამოიყენეთ მაქსიმალურად ბუნებით მონიჭებული შესაძლებლობები, ენდეთ საკუთარ თავსა და ინტუიციას, მყისიერად დაიწყეთ იმის განხორციელება, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. ძალიან მალე თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

“ჩემი ქმარი ეჭვიანობს იმის გამო, რომ მე ინტერნეტით ახალგაზრდა მამაკაცს ვესაუბრები. ჩვენ უბრალოდ ინტერნეტმიმოწერა გვაქვს, ჩემი ქმარი კი ეჭვიანობის სცენებს მართავს. ამისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მხოლოდ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ვაძლევთ ერთმანეთს რჩევებს, ვუზიარებთ აზრებს. მე მასთან ფლირტიც კი არ მაქვს! როგორ დავარწმუნო ქმარი?” ლიკა, 26 წლის

თქვენი ქმარი შეიძლება არა ვირტუალური ნაცნობის გამო, არამედ იმიტომ ეჭვიანობს, რომ თქვენი ყურადღება აკლია და სურს, თვითონაც იყოს ის ადამიანი, რომელსაც რჩევებს აძლევთ და პრობლემებზე ესაუბრებით. მეუღლის დასამშვიდებლად გაატარეთ მასთან მეტი დრო, უამბეთ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, დაინტერესდით სხვადასხვა საკითხზე მისი შეხედულებით. თანდათანობით ინტერნეტურთიერთობებზე მისი მკვეთრი რეაქციაც შემცირდება.

“მე 20 წლის ვარ, ჩემი შეყვარებული - 22-ის. ჩვენ ერთმანეთი ორი წლის წინ გავიცანით. გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. მას თავიდანვე არ აეწყო ურთიერთობა დედაჩემთან. ერთხელაც დედამ მითხრა, რომ არ მოსწონს ჩემი საყვარელი ადამიანის დამოკიდებულება ჩემ მიმართ - არ მანებივრებს საჩუქრებით და საერთოდ უყურადღებოა. მე ეს ძალიან მეწყინა და ყველაფერი ქმარს ვუამბე. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი: უსიამოვნებები, სრულიად უსაფუძვლო ჩხუბი, რის გამოც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ახლა ის მეუბნება, რომ არა დედაჩემი, ყველაფერი კარგად გვექნებოდაო. გვაქვს თუ არა მომავალი, არ ვიცი...” ინგა, 20 წლის

საკუთარ უსიამოვნებებსა და წარუმატებლობაში სხვისი დადანაშაულება ძალიან ადვილია. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს იყო თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობა, თუ რაიმე რიგზე არ იქნებოდა, ამას თვითონვე მოაგვარებდით. ვფიქრობ, პირდაპირი და გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, რა ხდება ახლა თქვენ შორის და რა გსურთ სამომავლოდ. ერთად დაფიქრდით თქვენს ურთიერთობაზე, განსაზღვრეთ, რა მოგწონთ მასში, რა გახარებთ, რა გიზიდავთ, რისი მიღება გსურთ ამ ურთიერთობიდან, რისი გაცემა შეგიძლიათ, რის შეწირვას შეძლებთ და რას ვერ დათმობთ ვერავითარ შემთხვევაში... მოვლენების ერთობლივი განსჯა აუცილებლად დაგეხმარებათ ურთიერთობების დარეგულირებაში.

“ჩემი ქმარი სიდედრს დედას ეძახის, მე კი ეს სულაც არ მომწონს! რა თქმა უნდა, მესმის, რომ სურს, უფრო ზრდილობიანი და თბილი იყოს დედაჩემის მიმართ, დედაჩემიც ყოველთვის ოცნებობდა, ბიჭი ჰყოლოდა, მაგრამ მე ასეთი მიმართვა რატომღაც ძალიან მაღიზიანებს. რატომ მაქვს ასეთი რეაქცია და როგორ დავძლიო ის?” ანი, 24 წლის

უპირველეს ყოვლისა, გაერკვიეთ თქვენი ასეთი გაღიზიანებისა და მძაფრი რეაქციის მიზეზში, რათა შემდგომ შეძლოთ აუხსნათ ქმარს, კონკრეტულად რა იწვევს თქვენს უარყოფით ემოციებს. იქნებ არ გსურთ ვინმეს გაუნაწილოთ დედისადმი ასეთი მიმართვის უფლება ან ასეთი რეაქცია იმიტომ გაქვთ, რომ დედას ასე შეიძლება დაუძახოს მხოლოდ თქვენმა ღვიძლმა ძმამ, რომელიც არ შეიძლება თქვენი ქმარი იყოს? შესაძლოა, სხვა მიზეზებიც არსებობს. დაელაპარაკეთ ქმარს და ყველაფერი აუხსენით. ის აუცილებლად შეასრულებს თქვენს თხოვნას. ნუ დაგავიწყდებათ დედასაც აუხსნათ, რომ სიძე თქვენი თხოვნით მიმართვას სხვაგვარად და არა რაიმე სხვა მიზეზით. არ დაუშვათ გაუგებრობა ახლობელ ადამიანებს შორის.