ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

სამწუხაროდ, ლიდერი გულისხმობს არა მხოლოდ უნარს, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, არამედ გარკვეულ სისასტიკეს, სიმკაცრესა და სწორხაზოვნებასაც. თუ თქვენს ქალიშვილს აქვს ასეთი თვისებები, მაშინ ის მათ თავს ვერ დააღწევს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ იგი, რომ არაპრაგმატულად იქცევა, როცა მეგობრებზე ზეწოლას ახდენს. შეეცადეთ აუხსნათ, რომ "ხელმძღვანელობის" ასეთმა ავტორიტარულმა სტილმა შეიძლება მისთვის არასასიამოვნო შედეგებამდე მიიყვანოს: უპირველეს ყოვლისა, მეგობრებს მის მიმართ, სიყვარულისა და პატივისცემის ნაცვლად, აუცილებლად გაუჩნდებათ შიში და ზიზღი, მეორეც, ადრე თუ გვიან უბრალოდ შეწყვეტენ მასთან ურთიერთობას. ასევე უნდა გაესაუბროთ ქალიშვილს იმის შესახებ, რომ ლიდერობა - ეს არის სტრატეგია და არა მბრძანებლური კილოთი მითითებების გაცემის უნარი. მაგალითად, საკამათო სიტუაციაში მისთვის უმჯობესი იქნება პირველმა თვითონ შესთავაზოს კომპრომისი. აუცილებელია "ხელქვეითების" არა მხოლოდ დასჯა, არამედ წახალისებაც. ურჩიეთ ქალიშვილს, თავისი მეგობრების ადგილას წარმოიდგინოს თავი და თქვას, რა გრძნობა შეიძლებოდა გასჩენოდა ასეთი ლიდერის მიმართ. ეს მარტივი სვლა ხშირად ეხმარება მოზარდებს საკუთარი ეგოცენტრიზმის გადალახვაში, რათა სხვა თვალით შეხედონ საგნებსა და მოვლენებს.

ვერაფრით ამიხსნია, რა ხდება ჩემს თავს. ადრე, როცა რაიმე პრობლემა მქონდა, რჩევას მეგობარ გოგონებს ვთხოვდი, ახლა კი ყველაზე უკეთ მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მარტო ვარ. არ ვიცი, რატომ გამიჩნდა მარტოობის სურვილი. ცოტა მეშინია კიდეც, ფსიქოლოგს ხომ არ მივმართო? რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს მდგომარეობა? მარიამი, 23 წლის

დამშვიდდით, აღელვებისა და შეშფოთების საფუძველი არ გაქვთ. თქვენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აგროვებთ, ამიტომაც უფრო იშვიათად მიმართავთ მეგობრებს რჩევისთვის. გაიხსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის თანატოლების აზრი გარდატეხის ასაკში, როგორ კარგავდა იგი მნიშვნელობას თანდათანობით. ახლა კი ხვდებით, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა ადამიანმა თვითონ უნდა შეძლოს, რადგან თქვენ ნაცვლად თქვენი ცხოვრებით ვერავინ იცხოვრებს.

სიმპათიური ბიჭი ვარ. დიდი ხანია ვმეგობრობ ერთ გოგონასთან. ჩვენ მართლაც კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ მე ის შემიყვარდა და სიყვარულში გამოვუტყდი. მან ყველაფერი არასერიოზულად მიიღო და დიდხანს იცინა. ვერ წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა უახლოესი მეგობარი შემყვარებოდა. შემდეგ ვუთხარი, რომ ვეხუმრე და სინამდვილეში არ მიყვარს. საერთოდ დამშორდა. ახლა ძალიან ცუდად ვარ. მე იგი მართლა მიყვარს, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავარწმუნო ამაში. ლევანი, 17 წლის

მოზარდებს შორის ხშირად ხდება, რომ მეგობრობა უფრო სერიოზულ გრძნობაში გადაიზრდება ხოლმე. თქვენი მეგობრის საქციელი გასაგებია. თქვენ ის დააბნიეთ - ჯერ სიყვარულში გამოუტყდით, მერე კი უთხარით, რომ ეხუმრეთ. მისი ნდობა დაკარგეთ, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. დაუკავშირდით და უთხარით, რომ მასთან ძალიან სერიოზული საქმე გაქვთ და მშვიდად დაელაპარაკეთ. იქნებ მასაც აქვს თქვენ მიმართ სერიოზული გრძნობა. აუხსენით, რომ გოგონასა და ვაჟის მეგობრობა ხშირად გადაიზრდება ხოლმე სიყვარულში, ამაში არანორმალური და უცნაური არაფერია.


სამსახურში ერთი განყოფილებიდან მეორეში გადამიყვანეს. ახლა ხშირად მიწევს ტელეფონით საუბარი. ყოველთვის მიჭირდა უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა, მით უმეტეს ტელეფონით, ამიტომ ვცდილობ, სატელეფონო ზარები სამუშაო დღის ბოლოსთვის გადავდო. ყოველი ზარის წინ ძალის მოკრებას 5-10 წუთს ვანდომებ, მერე კი ამდენივე დრო დასამშვიდებლად მჭირდება. რა მოვუხერხო ამ პრობლემას? ქეთი, 24 წლის

წინასწარ განსაზღვრეთ, რამდენი სატელეფონო საუბარი გექნებათ დღეში და თანაბრად გაანაწილეთ ზარები მთელი სამუშაო დროის განმავლობაში. ეცადეთ, დაიცვათ გრაფიკი, თუნდაც ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ. ნუ დაატანთ თავს ძალას, რომ ერთი ზარიდან მეორეზე გადახვიდეთ. საკუთარი თავი ყოველი ზარის შემდეგ დააჯილდოეთ - შოკოლადის ნატეხით, კოლეგასთან საუბრით. გარკვეული ხნის შემდეგ შიში გაივლის და ტელეფონით სულ უფრო და უფრო მშვიდად ისაუბრებთ. თუ გსურთ ეს პროცესი დააჩქაროთ, შეგიძლიათ ფსიქოლოგს მიმართოთ და სპეციალური ტრენინგები გაიაროთ, რათა უფრო თავდაჯერებული გახდეთ.

მძიმედ ავად გამიხდა მამა. მის მკურნალობას ძალიან დიდი თანხები სჭირდება, მე კი არც ისე დიდი ხელფასი მაქვს. ბევრ რამეზე მიხდება უარის თქმა და ეს ალბათ დიდხანს გაგრძელდება. ალბათ სამსახურის გამოცვლა და უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს ძებნაც მომიწევს. ამეებზე ფიქრიც კი მთრგუნავს, რადგან შესანიშნავ კოლექტივში ვმუშაობ... იქნებ ვცადო ჩემი უფროსის დარწმუნება, რომ ხელფასი მომიმატოს? ხომ არ იქნება ეს უხერხული? ანა, 29 წლის

თუ არ გაქვთ და არც გქონიათ განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები და თქვენს ყველა თანამშრომელს, რომლებიც მსგავს თანამდებობაზე მუშაობენ, ერთნაირი ხელფასი აქვს, ამ შემთხვევაში თქვენი პირადი პრობლემები სერიოზულ არგუმენტად ვერ გამოდგება. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მოცემულ სიტუაციაში - ეს არის თქვენი უფროსის "შანტაჟირება" თქვენი წასვლით. იქნებ შეძლოთ აუხსნათ მას, რომ იძულებული ხართ, სხვა სამუშაოზე გადახვიდეთ და მხოლოდ მაშინ დარჩებით, თუ ხელფასს მოგიმატებენ. თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად უნდა იყოთ მზად წასასვლელად.

დიდხანს ვეძებდი ადამიანს, რომელთანაც თავს კარგად ვიგრძნობდი. ვიპოვე ჩემი ოცნების მამაკაცი. ძალიან ალერსიანი, თბილი და ყურადღებიანია. ახლა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, თუმცა არ მშორდება იმის განცდა, რომ ჩვენი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება. ეს ეჭვი სიცოცხლეს მიმწარებს! როგორ მოვერიო თავს? ია, 35 წლის

სამწუხაროდ, ვერავინ მისცემს ადამიანს მუდმივი ბედნიერების გარანტიას, თუმცა ბედნიერების გახანგრძლივება თქვენს ხელთაა. ნებისმიერი ხანგრძლივი ურთიერთობა მუხლჩაუხრელი "შენების" შედეგია, რომელშიც ორი "მშენებელი" მონაწილეობს. თქვენი მუდმივი დაძაბულობა, ეჭვი ან უმიზეზო და უსაფუძვლო სევდაა სწორედ თქვენი ურთიერთობის მთავარი მტერი. ეცადეთ დატკბეთ ყოველი წუთით, რომელსაც საყვარელ მამაკაცთან ატარებთ.

რთული არჩევანის წინაშე დავდექი. ჩემი საუკეთესო მეგობარი მთხოვს, მის ქმარს ვუთხრა, თითქოს ღამით ჩემთან რჩება ხოლმე, სინამდვილეში კი სხვას ხვდება. არ მინდა ტყუილის თქმა, მაგრამ არც დაქალის გაცემა მინდა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. თეონა, 32 წლის

აუცილებლად უთხარით მეგობარს, რომ არ გსურთ ტყუილის თქმა. უთხარით აგრეთვე ისიც, რომ თქვენთვის მტკივნეულია იმის გააზრება, რომ მათი ურთიერთობის დანგრევაში მონაწილეობთ. როცა თქვენი მეგობარი დაინახავს, რომ ასე ძალიან განიცდით მისი და მისი მეუღლის ურთიერთობას, ალბათ არ ესიამოვნება. აგრძნობინეთ, რომ თქვენ ყოველთვის მის მხარეს იქნებით, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ ეს საიდუმლო რომანები პირადი ცხოვრების მოწყობის ნაკლებად ეფექტური გზაა.