ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

საშინლად უიღბლო ვარ. ვერ მოვხვდი უმაღლეს სასწავლებელში; ძალიან მიჭირს კარგი სამუშაოს შოვნა - ყოველთვის სხვა მასწრებს; თუ რამის შესაძენად რიგში ჩავდექი, ჩემ წინ გათავდება... აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მარიამი, 29 წლის

არსებობს ჩინური თქმულება: ერთი გლეხის ერთადერთი შვილი ცხენიდან გადმოვარდა, ფეხი მოიტეხა და დაკოჭლდა. საწყალი ბიჭი, ბედმა როგორ უმტყუნაო, - გაიძახოდნენ მეზობლები. სულ მალე იმპერატორმა მეზობელ სახელმწიფოს ომი გამოუცხადა და ყველა ახალგაზრდა კაცი საომრად წაიყვანეს. უმეტესობა უკან არ დაბრუნდა. მხოლოდ იმ გლეხის ხეიბარი შვილი არ წასულა ომში. მაშ, ვის გაუღიმა ბედმა და ვის - არა? როგორც ხედავთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ასე ადვილი არ არის. იღბალიც და უიღბლობაც იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვაფასებთ ჩვენ თვითონ მომხდარს. ისწავლეთ უიღბლობის შემთხვევაშიც კი ამაში პლუსის დანახვა. რამის შეძენა ვერ მოასწარით? სამაგიეროდ, ფული დაგეზოგათ. სასურველ ვაკანსიაზე არ მიგიღეს? სამაგიეროდ, დაგრჩათ თავისუფალი დრო, რათა უფრო უკეთესი სამსახური ეძებოთ.

ჩემმა შვიდი წლის გოგონამ გამომიცხადა, რომ სინამდვილეში მას სხვა დედა ჰყავს, რომ ის ჩემზე კეთილია და უკეთესი, რომ ის აუცილებლად მოძებნის მას და თავისთან წაიყვანს. საიდან აქვს ჩემს გოგონას ასეთი აზრები? ქრისტინე, 32 წლის

ბავშვი სხვა, "ნამდვილ" მშობლებს მაშინ იგონებს, როცა ნაწყენია, აკლია ყურადღება, ალერსი, როცა მისი არ ესმით... თვით იდეა კი ფილმიდან ან წიგნიდან არის აღებული. ეს პოპულარული სიუჟეტია: მთავარი გმირი, რომელმაც უამრავი განსაცდელი გამოიარა, ბოლოს მოსიყვარულე ოჯახს პოულობს. როცა გოგონა კიდევ ერთხელ გეტყვით ასეთ რამეს, ჰკითხეთ: "ჩემზე ნაწყენი ხარ?" გაარკვიეთ, რა ეწყინა. საზოგადოდ კი, მეტი დრო დაუთმეთ შვილს, ხშირად მიეალერსეთ, უთხარით, რომ ძალიან გიყვართ.

ვშიშობ, რომ ვერასდროს ვიპოვი მეორე ნახევარს... ყველა მეუბნება, რომ სიყვარული წინ მაქვს, მაგრამ რა მესიყვარულება, როცა ოცდაოთხი საათი ციბრუტივით ვტრიალებ სახლს, სამსახურსა და ინსტიტუტს შორის? სხვა თუ არაფერი, ვინმე რომ შემიყვარდეს, ჯერ ხომ უნდა გავიცნო... ია, 25 წლის

ხომ გახსოვთ ანდაზა, სადაც არი ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. ადამიანი სიყვარულს ყველგან იპოვის: ქუჩაში, კაფეში, სამსახურში.... ისეც ხდება, რომ ორი ადამიანი ზოგჯერ წლობით იცნობს ერთმანეთს, სანამ მათ შორის გრძნობა იფეთქებს. სხვა თვალით შეხედეთ კოლეგებს, თანაკურსელებს, როგორმე გამოძებნეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად - მათ შეიძლება ვინმე გაგაცნონ. სხვა თუ არაფერი, ერთფეროვანი ცხოვრება დაგღლით და დაგთრგუნავთ.

ნაცნობის ვალი მქონდა. მოულოდნელად ხელში ფული ჩამივარდა. აღარ მინდოდა, ვალის დაბრუნება გადამედო, მაგრამ მივლინებაში მივდიოდი და არ მეცალა, ამიტომ ფული - საკმაოდ მოზრდილი თანხა - ჩემს დას დავუტოვე გადასაცემად, მან კი დახარჯა... ახლა მეფიცება, დაგიბრუნებო, მაგრამ ვიცი, რომ ამდენ ფულს ვერსად იშოვის. როგორ მოვიქცე? რაც მთავარია, როგორ შევხედო თვალებში ჩემს ნაცნობს? ელენე, 29 წლის

უპირველეს ყოვლისა, აუხსენით დას, რომ დაუკითხავად ფულის დახარჯვა იგივეა, რაც ქურდობა, განურჩევლად იმისა, ვისი იყო ეს ფული - ნათესავისა თუ გარეშე პირისა. მეორეც, დაე, ფულის შოვნაზე მან იტეხოს თავი, თუნდაც ისესხოს ან კრედიტი აიღოს... თუ ახლა აპატიებთ, შესაძლოა, ასე მეორედაც მოიქცეს. იმ ნაცნობს კი, რომელსაც ფული სესხად გამოართვით, უამბეთ მომხდარის შესახებ და ჰკითხეთ, ხომ არ შეუძლია, კიდევ ცოტა ხანს გაცადოთ.


ჩემმა ბიჭუნამ ეზოში ცუდი სიტყვები ისწავლა. არადა ჯერ მხოლოდ ოთხი წლისაა... მე და ჩემს ქმარსაც კი უწმაწური სიტყვებით გვიმასპინძლდება. როგორ გადავაჩვიო? ნინო, 26 წლის

ამ ასაკში ბავშვს არ ესმის მსგავსი სიტყვების მნიშვნელობა, უბრალოდ, უფროს ბავშვებს ბაძავს. ამის გამო ნუ დასჯით. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკში ბავშვები ზოგჯერ მშობლების ჯიბრზე იქცევიან ასე, განგებ აკეთებენ იმას, რასაც უკრძალავენ. შეეცადეთ, დაიცვათ თქვენი პოზიცია. თუ ბავშვი ისევ ისე მოიქცევა, აღარ ეთამაშოთ, სანამ ცუდი სიტყვების თქმას თავს არ დაანებებს.

ჩემი საყვარელი მამაკაცი თავს არ უვლის, უფრო ზუსტად, ძალიან იშვიათად, კვირაში ერთხელ იპარსავს წვერს, მე კი გაუპარსავი არ მომწონს, მით უმეტეს, რომ წვერი არათანაბრად ეზრდება და უსიამოვნო შესახედავია. უკვე ბევრჯერ ვუთხარი ეს, მაგრამ ჩემს შენიშვნებს არაფრად აგდებს. ეკა, 22 წლის

შეეცადეთ, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იმოქმედოთ. უთხარით, რომ მისი წვერი გკაწრავთ და კოცნის შემდეგ კანი გიღიზიანდებათ; აჩუქეთ კარგი საპარსი მოწყობილობა, ერთიც თქვენ თვითონ დაიტოვეთ - იქნებ სწორედ თქვენთან სტუმრობისას დაიყოლიოთ, რომ თავი მოიწესრიგოს. დაარწმუნეთ, რომ თუ თხოვნას შეგისრულებთ, ამას ძალიან დააფასებთ, რადგან მისი მხრივ ეს იქნება საყვარელი ქალის გამო ჩადენილი გმირობა.

ჩემი უფროსი სხვების თანდასწრებით მამცირებს. გამუდმებით მესმის, რომ არაფრის მაქნისი ვარ, უვიცი, უნიჭო... სინამდვილეში ასე არ არის; მე უკვე საკმაოდ ბევრს მივაღწიე პროფესიულ ასპარეზზე, ყურს მიგდებენ, რჩევებს მეკითხებიან... როგორ შევცვალო ჩემდამი უფროსის დამოკიდებულება? მაკა, 24 წლის

შესაძლოა, უფროსზე სამუშაოს დაწყების პირველ დღეებშივე ვერ მოახდინეთ კარგი შთაბეჭდილება. შესაძლოა, მან თქვენში თავდაჯერების ნაკლებობა იგრძნო და ეს თქვენს არაკომპეტენტურობას მიაწერა... ნუ მიიტანთ გულთან ახლოს უფროსის ყველა გამოთქმას, მოისმინეთ მხოლოდ ის, რასაც შინაგანად ეთანხმებით. იცოდეთ საკუთარი თავის ფასი და თავიც შესაბამისად გეჭიროთ.

ვერაფრით მოვაგვარე ურთიერთობა ჩემი მეუღლის პატარა გოგონასთან. მას ჰგონია, რომ მის დედ-მამას შორის მომხდარი განხეთქილება ჩემი ბრალია. ჩემი ქმარი ვერაფერს ეუბნება. როგორ მოვიქცე? ხათუნა, 28 წლის

გოგონას ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული შეფასების მკვეთრი სისტემა, ამიტომ აზრი შეიძლება ბევრჯერ შეეცვალოს. ყურადღება მიაქციეთ არა მის სიტყვებს, არამედ ქცევას. ნუ ეცდებით, რამე დაუმტკიცოთ. ეცადეთ, ჩართოთ ერთობლივ საქმიანობაში: ისეირნოთ, ითამაშოთ... თქვენ ხომ ერთი მიზანი გაქვთ - იცხოვროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. როცა გოგონა წამოიზრდება, მშობლებს შორის მომხდარი განხეთქილების მიზეზს უკეთ გაიგებს.

იმედი მქონდა, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი პირველ ცოლთან გაყრისთანავე ცოლობას მთხოვდა, მას კი ქორწინების გაგონებაც არ სურს. არც ნათესავებს აცნობს ჩემს თავს. როგორ მოვიქცე? ანა, 23 წლის

ცოლქმრული ურთიერთობის გაწყვეტა ადვილი არ არის. გაყრა ყოველთვის მტკივნეულია. დროა საჭირო, რომ ადამიანი ცვლილებებს შეეგუოს. ნუ დააძალებთ დაუყოვნებლივ დაქორწინებას - ამით თქვენ მას არჩევანის უფლებას ართმევთ. მას ამ რთულ პერიოდში თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა უფრო სჭირდება.