ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

როცა მოთმინებას კარგავთ, ანუ "ბავშვურად" იქცევით, ამით დედ-მამას არწმუნებთ, რომ ჯერ კიდევ პატარა ხართ, ჯერ კიდევ გჭირდებათ მათი მზრუნველობა და რჩევა-დარიგება. ზრდასრული ადამიანი თავდაჯერებული და თავშეკავებულია, გრძნობებს არ ჰყვება. თანაც დანაშაულის განცდის გამო მოგვიანებით მაინც ასრულებთ მშობლების მითითებას... შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ მშობლების რჩევები ბრძანებები არ არის. ნურაფრის ახსნას ნუ ეცდებით, უბრალოდ უპასუხეთ: "გმადლობთ, გავითვალისწინებთ", - მერე კი მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. გავა ხანი და მშობლები მიხვდებიან, რომ მათი მუდმივი კონტროლი არ გჭირდებათ.

ჩემი შეყვარებული უცხოეთში სწავლობს. ერთმანეთს მხოლოდ არდადეგებზე ვხვდებით. ძალიან მოწყენილი ვარ და მენატრება. მეშინია, სხვა გოგონას არ დაუახლოვდეს. როგორ შევინარჩუნო მისი სიყვარული ასე შორს? ლიკა, 21 წლის

ალბათ შეამჩნევდით, რომ თქვენ თვითონ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებთ მისდამი ერთგულების შესანარჩუნებლად. ამ ახალგაზრდა კაცისადმი თქვენი სიყვარული საუკეთესო საწინდარია იმისა, რომ სხვას არ შეხედავთ. ასეთივე თვისება ახასიათებთ შეყვარებულ მამაკაცებსაც. თუ არ ენდობით, ალბათ ჯობს, გულახდილად ესაუბროთ ამის შესახებ. თუ ეცოდინება, რომ ასე ღელავთ, ალბათ თავს აარიდებს შემთხვევით ფლირტს. თუმცაღა სასიყვარულო ურთიერთობებში გარანტიის მიცემა შეუძლებელია.

ჩვევად მექცა შუაღამემდე ტელევიზორთან ჯდომა. ვერა და ვერ ვახერხებ, მოვწყდე ეკრანს. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გადაცემა განსაკუთრებით მაინტერესებს; ასჯერ მაინც გადავრთავ ხოლმე პროგრამიდან პროგრამაზე... ეს ხომ დამოკიდებულებაა? თამუნა, 33 წლის

აუცილებელია, ტელევიზორის ყურების დრო როგორმე შეზღუდოთ. თუ საამისოდ ნებისყოფა არ გყოფნით, შეიძლება გამოიყენოთ მაღვიძარა, რომელიც ზარით შეგახსენებთ, რომ საჭიროა, რამე უფრო სასარგებლო საქმეს მოჰკიდოთ ხელი. გარდა ამისა, პროგრამაში წინასწარ მონიშნეთ გადაცემები, რომელთა ნახვაც ძალიან გინდათ - ასე უკეთ მოახერხებთ დროის ორგანიზებას. კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია პულტის "დამალვა". ასე ყოველ ჯერზე მოგიწევთ დივანიდან ან საწოლიდან წამოდგომა, ეს კი ადრე თუ გვიან მოგბეზრდებათ. შუაღამემდე ტელევიზორის ყურებას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს: გაკლდებათ ძილი, ნერვული სისტემა ვერ ასწრებს დასვენებას, იღლება თვალები, შესაძლოა გაგიუარესდეთ მხედველობა. გარდა ამისა, ხშირად ნახავთ ისეთ ფილმებს ან გადაცემებს, რომლებიც ან გაგაღიზიანებთ, ან აღგაგზნებთ, ეს კი ძილს დაგირღვევთ, რომელიც ისედაც გაკლიათ.

უცნობებთან ურთიერთობისას ვიბნევი და ვიბოჭები. ისედაც მაკლია საკუთარი თავის რწმენა. მეგობარი თითებზე ჩამოსათვლელი მყავს, უცხო ხალხთან ურთიერთობა კი ძალიან მიჭირს. მომავალ წელს ინსტიტუტში უნდა ჩავაბარო. როგორ დავამყარო ურთიერთობა თანაკურსელებთან? ნატო, 17 წლის

სასარგებლო ჩვევის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია მუდმივი ვარჯიში, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. სთხოვეთ თქვენს მეგობარ გოგონებს, თავიანთი მეგობრები გაგაცნონ. შესაძლოა, მათთან შესაჩვევად რამდენიმე ხანი დაგჭირდეთ, მაგრამ თანდათანობით შეძლებთ, ჩაერთოთ მათ საუბარში. გახსოვდეთ, ადამიანი ყველაზე უკეთ იმაზე საუბრისას იხსნება, რაც უყვარს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ადამიანები ძალიან აფასებენ მოსმენის უნარს. თუ თქვენი ახალი ნაცნობი თავის ჰობის შესახებ მოგითხრობთ, საუბარში ჩასართავად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ; უბრალოდ, მოუსმინეთ.


მე მოწყენილი ვზივარ შინ, ჩემი ქმარი კი მეგობრებთან ერთად ერთობა. მე, ბუნებრივია, თან არ მივყავარ, - "ბავშვებს ვინმემ ხომ უნდა მიხედოს". მე ეს ძალიან მწყინს. ახლახან მე თვითონ წავედი ბარში მეგობრებთან ერთად, ბავშვებთან კი დედაჩემი დავტოვე - მინდოდა, ქმარი გამებრაზებინა. მან კი ჩემი არყოფნა ვერც შეამჩნია! ინგა, 36 წლის

ინსცენირება ბოლომდე უნდა მიგეყვანათ: შინ გვიან დაბრუნებულიყავით და გეთქვათ, რომ იმ ბარში, სადაც საღამო გაატარეთ, კოქტეილი გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე სხვაგან, ხოლო მუსიკა - ძალიან წყნარი; სამაგიეროდ, მამაკაცები არიან ძალიან სიმპათიურები. შესაძლოა, თქვენს მეუღლეს ამ დროს ეგრძნო ის, რასაც თქვენ განიცდით მისი შინ არყოფნისას. თუმცა ამ მეთოდებით ოჯახში ჰარმონიას ვერ მიაღწევთ. კომპრომისი უნდა მოძებნოთ.

ჩემმა მეგობარმა შეყვარებული წამართვა. მან კარგად იცოდა ჩემი გრძნობის შესახებ, მაგრამ თავს მაინც აწონებდა. ახლა ისინი ერთად არიან. რაც მთავარია, მას ვერაფრით გაუგია, რატომ ვარ ნაწყენი, რატომ არ მსურს მასთან ურთიერთობა. თავს იმით იმართლებს, თითქოს მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს არ ვხვდებოდით... როგორ ავუხსნა, რომ საძაგლად მომექცა? მარიამი, 19 წლის

ამ გოგონას თავი დამნაშავედ არ მიაჩნია, რადგან სწამს სიყვარულში თავისუფალი კონკურენციის. გსურთ აუხსნათ, რატომ ხართ ნაწყენი? ესაუბრეთ თქვენი გრძნობის შესახებ. იქნებ არ ეგონა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი ასე მოგწონდათ, იქნებ ეგონა, უბრალო სიმპათია გქონდათ მის მიმართ. კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეთ ვითარება - იქნებ ეს არ არის საკმაო მიზეზი მეგობრობის დასანგრევად. ესეც არ იყოს, იმ ვაჟს თქვენდამი სერიოზული გრძნობა რომ ჰქონოდა, თქვენს მეგობართან არ დაიწყებდა შეხვედრას.

სამი წელია გათხოვილი ვარ, მაგრამ ოჯახურმა ცხოვრებამ დამღალა. მინდა, ქმარს გავშორდე, მაგრამ ის გაყრის წინააღმდეგია - ამბობს, რომ ძალიან ვუყვარვარ და უჩემოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მთხოვს, არ მივატოვო. მასთან ურთიერთობას სიამოვნებით გავაგრძელებ, მაგრამ სხვა სტატუსით. მირჩიეთ, როგორ გადავიყვანო სასიყვარულო ურთიერთობა მეგობრულში. ელენე, 26 წლის

რომანტიკული მიჯაჭულობა და სიახლოვე მეგობრობაში მხოლოდ მაშინ შეიძლება გადაიზარდოს, როცა გრძნობა ერთდროულად უნელდება ორივე პარტნიორს. თუ ერთ-ერთს მაინც ისევ უყვარს, მაშინ მეგობრობა შეუძლებელია. ის, ვინც მიატოვეს, მზადაა შეინარჩუნოს ასეთი ურთიერთობის ილუზია, რათა საბოლოოდ არ დაკარგოს საყვარელი ადამიანი, თუმცა ეს მტანჯველია მისთვის  - ქალი ხომ ამაო იმედს აძლევს მას. მიდიხარ? - წადი! ნურც დაურეკავ და ნურც მისწერ. თუ გარკვეული ხნის შემდეგ გრძნობა მასაც გაუნელდება, შეგიძლიათ მეგობრული ურთიერთობა გააგრძელოთ.

ჩემს პატარა გოგონას ძალიან ეშინია ჩაბნელებულ ოთახში დაძინების. ბიძაშვილმა საშიში ისტორიები უამბო და მას შემდეგ ოთახში სინათლის ჩაქრობას არ გვანებებს. როგორ დავაძლევინოთ სიბნელის შიში? მარინა, 30 წლის

დღისით, მზის სინათლეზე, აიღეთ ფურცელი, ფანქრები და გოგონასთან ერთად დახატეთ თქვენი შიშები - თითოეულმა ცალ-ცალკე. უამბეთ ბავშვს, როგორია თქვენი შიში, როგორი ხასიათი აქვს მას, რისი ეშინია. შემდეგ იგივე გააკეთოს თქვენმა გოგონამ. თუ თვითონ ვერ მოიფიქრებს, რისი ეშინია მის შიშს, უკარნახეთ. მაგალითად, შესაძლოა, ვერ იტანდეს შინაურ ცხოველებს... მერე ნახატები დახიეთ და ქარს გაატანეთ, ხოლო გოგონას საწოლთან დაუსვით სათამაშო ძაღლი, რომ ანთებული ღამის ნათურა დაიცვას. რა თქმა უნდა, აუცილებლად გაესაუბრეთ გოგონას ბიძაშვილსა და მის მშობლებს, აუხსენით, რომ პატარების შეშინება არ შეიძლება.