ტუბერკულოზით დაავადებულის ფსიქოლოგიური პორტრეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუბერკულოზით დაავადებულის ფსიქოლოგიური პორტრეტი

განსაკუთრებით უფრთხიან სწორედ ტუბერკულოზით დაავადებულთან ურთიერთობას, რადგან იციან, რომ ეს ინფექციური დაავადებაა. ფილტვის ტუბერკულოზი მართლაც გადამდებია. ასიდან 90-95 შემთხვევაში ის ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. ინფექციის წყაროა ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველების, ცემინების, ლაპარაკის დროს ჰაერში მიკობაქტერიის შემცველ უმცირეს წვეთებს აფრქვევს. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დასნებოვნება ავადმყოფთან დახურულ სივრცეში ხანგრძლივი კონტაქტისას ხდება. გაშლილ ადგილას (შენობის გარეთ) და საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით მისი გადაცემის ალბათობა მცირეა. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ ავადმყოფის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულებაა საჭირო, რადგან ეს განსაზღვრავს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მსოფლიოში მილიონობით ადამიანია ტუბერკულოზის ბაქტერიით ინფიცირებული, მაგრამ ავადმყოფად ყველას ვერ მივიჩნევთ. დაავადების გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას. სნეულება ინფიცირებულთა მხოლოდ 10%-ს უვითარდება, 90%-ში კი ბაცილა ორგანიზმში რჩება, მაგრამ არც ტუბერკულოზს იწვევს და არც სხვებს გადაედება. ასე რომ, ამის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, სანამ ავადმყოფს განაჩენს გამოუტანს. ტუბერკულოზით დაავადებულთა მიმართ ირგვლივ მყოფებს მეტი შემწყნარებლობა მართებთ, მით უფრო - მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. როგორია ასეთი ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა? წინათ ტუბერკულოზით დაავადებულნი იძულებულნი იყვნენ დიდი ხნით მოშორებოდნენ ოჯახს, სამსახურს, ემკურნალათ სტაციონარებში, დაესვენათ სანატორიუმებში. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით ასეთი ხანგრძლივი იზოლაცია აუცილებელი აღარ არის, რაც ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, გარშემო მყოფნი, როგორც წესი, ერიდებიან, უფრთხიან მათთან უშუალო კონტაქტს, ეს კი ავადმყოფებისთვის საკმაოდ მტკივნეულია. მათ არასრულფასოვნების განცდა უჩნდებათ, თვითონვე ერიდებიან ყველას, საკუთარ თავში იკეტებიან. მოძულებულად გრძნობენ თავს. ეს, ბუნებრივია, დიდი სტრესია, რომელიც მკურნალობის პროცესსაც ართულებს. მათ იზოლირება, განკვეთა კი არა, რწმენა, თანაგრძნობა და თანადგომა სჭირდებათ. ხშირად რთულდება ურთიერთობა მეუღლეებს შორის. შიში დაძაბულობას ზრდის და ცოლქმრულ ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება. დიაგნოზის შეტყობისთანავე ავადმყოფისთვის დგება ერთგვარი შოკის ფაზა - მან უნდა გაარკვიოს, რა ხდება მის თავს, რამდენად საშიშია ეს, შეიმუშაოს სტრატეგია, მოიკრიბოს ძალა. ამას მოსდევს წინააღმდეგობის ფაზა - ამ დროს ორგანიზმი ბრძოლისთვის მობილიზდება, მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები საგრძნობლად იმატებს. ამ პერიოდის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მაგრამ ყველაზე ამტანებსაც კი ადრე თუ გვიან დაუდგებათ მესამე - გამოფიტვის ფაზა, როცა თვითშეგრძნება და შრომის უნარი უფრო და უფრო უარესდება. ძირითადი მკურნალობის გარდა საჭიროა სტრესთან ბრძოლა. ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანისგან იკვეთება თავისებური ფსიქოტიპი. ზოგჯერ აგრესიული, უმეტესად კი დეპრესიული ხდება პიროვნება, რადგან ის საზოგადოებისგან იზოლირებულად, ზოგჯერ განკვეთილად გრძნობს თავს, უყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი. გაღიზიანებულია, ურთულდება ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო აქტიური არ არის, დეპრესიის დროს კი საკუთარ თავში იკეტება. ზოგჯერ აპათია იპყრობს,  მის გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და ზოგადად ცხოვრებისადმი ინტერესს კარგავს. ასეთი ადამიანების მიმართ თანმიმდევრული დამოკიდებულება უნდა ჩამოვიყალიბოთ, აუცილებელია მათი წახალისება, დასაქმება, შრომათერაპია - ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ავადმყოფმა უნდა იგრძნოს, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია, ცხოვრების თავისებური წესითა და რეჟიმით. აუცილებელია სრულფასოვანი კვება როგორც დაავადების, ისე სტრესული მდგომარეობის აღმოსაფხვრელად. სტრესის ნეგატიურ ზეგავლენას ამცირებს სუფთა ჰაერზე სეირნობა, სპორტი. მისი მეოხებით ორგანიზმში ენდორფინების (ე.წ. ბედნიერების ჰორმონის) დონე იმატებს და განწყობილება უმჯობესდება. ფილტვის კიბოთი, ტუბერკულოზითა და ფილტვების სხვა დაავადებით შეპყრობილმა ადამიანმა, უწინარეს ყოვლისა უნდა გააცნობიეროს საკუთარი მდგომარეობა, არავითარ შემთხვევაში არ ეცადოს პრობლემის დამალვას, არ დარჩეს მარტო საკუთარ თავთან. ირგვლივ მყოფებმაც (ახლობლებმა, მეგობრებმა, მეზობლებმა, თანამშრომლებმა და ა.შ.) უნდა იცოდნენ მისი მდგომარეობის შესახებ, მათი ქცევა უნდა იყოს გონივრული და ადეკვატური, რათა ავადმყოფს ტრავმა არ მიაყენონ, რადგან ფსიქოლოგიური ტრავმა მძიმე გადასატანია - მძიმე ავადმყოფობასთან ერთად. ავადმყოფის გარშემო ყოველთვის უნდა იყვნენ გულშემატკივრები, რომლებიც მოუსმენენ მას, თანაუგრძნობენ, მის წუხილს გაიზიარებენ. ავადმყოფი ზოგჯერ გაბოროტებულია, მაგრამ უნდა გავუგოთ მას. გარდა ამისა, მოვარიდოთ ისეთ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც მას აღიზიანებენ, ხელი შევუწყოთ მის კონტაქტს ისეთ ადამიანებთან, ვისთან ურთიერთობაც ახარებს და სიამოვნებას ანიჭებს. ფსიქიკური წონასწორობა რომ აღუდგეს, ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს რწმენა, გამოჯანმრთელების იმედი. ამაში უნდა დავეხმაროთ.