სტრესი ჩვენს ცხოვრებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრესი ჩვენს ცხოვრებაში

 ადამიანი ძლიერია განსაზღვრულ ზღვრამდე. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს სახლში, სამსახურში, ქუჩაში, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენსავე ან საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს, სტიქიურ უბედურებას, კატასტროფას? ამ საკითხების შესახებ ვესაუბრებით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ბატონ დავით ზურაბაშვილს.

- ბატონო დავით, რა არის სტრესი?

- სტრესი არის ის უეცარი მდგომარეობა, რომელიც დაუგეგმავად ხდება ადამიანის ცხოვრებაში. სტრესია წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი, განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებისათვის - დენის ათწუთიანი გამორთვა. ზოგს ეგებ გაეღიმოს კიდეც, რადგან იყო დრო, როდესაც ჩვენ დენის გამორთვას ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამდით, თუმცა ბოლო ხანს ისე შევეჩვიეთ მუდმივ დენს, რომ როდესაც ელექტროენერგიის მოწოდება უეცრად შეწყდება, მიზეზს ვკითხულობთ, ვნერვიულობთ, თუ წყალი თავის დროზე არ მოვიდა... ერთი სიტყვით, სტრესი არის ის, რისთვისაც მზად არ ვიყავით, რასაც არ ველოდით. მეცნიერული თვალსაზრისით კი სტრესი არის ორგანიზმის რეაქცია გარემოს ექსტრემალური ცვლილებებისადმი.

- თქვენ ჩამოთვალეთ სტრესის გამომწვევი სტიქიური მოვლენები, საყოფაცხოვრებო მიზეზები. ომი თუ შეიძლება ჩაითვალოს სტრესულ ფაქტორად?

- ერთია, როდესაც ადამიანი შორს არის და ომი უშუალოდ არ ეხება, მაგრამ ეხება მის ქვეყანას, მისთვის ძვირფას ადამიანებს, და მეორეა, როდესაც საკუთარ თავზე იწვნევ ომის მთელ საშინელებას. სტრესი, რომელიც უშუალოდ შეგეხო, ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე სტრესი, რომელიც განიცადე როგორც მაყურებელმა. როდესაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, კაფეები, რესტორნები - ადგილები, სადაც ადამიანი დასასვენებლად, განსატვირთად დადის - თითქმის ცარიელი იყო. პრაქტიკულად, სტრესი, რომელიც განიცადეს გორში, ცხინვალში, კოდორში მყოფმა ადამიანებმა, განიცადა დანარჩენმა საქართველომაც - მათაც კი, ვინც მხოლოდ პრესით ადევნებდა თვალს მოვლენებს და არც ახლობლები თუ სახლ-კარი დაუკარგავს. აქ შემდეგი მომენტია: როდესაც მე ვითავისებ ქვეყანას, როგორც ჩემსას, საკუთარს, უბედურების გადატანა ჩემთვის უფრო ადვილია. მე მარტო არ ვარ, ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ჩვენ ყველას გვიჭირს. ჩვენ ერთად დავძლევთ ამ პრობლემას. თუ ჩავთვალე, რომ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა და მე მარტო ვარ, მაშინ სტრესიდან გამოსვლა გაცილებით მეტად გამიჭირდება.

- ესე იგი, თანადგომის, კოლექტიური დახმარების იმედი სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია?

- დიახ, ასეა. შედარებისთვის გავიხსენოთ აფხაზეთის ომის პერიოდი. მაშინ ვითარება დიამეტრულად განსხვავებული იყო. როდესაც იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, თბილისში ბევრი მხიარულად ატარებდა დროს. მაშინ ჩვენ არ ვიყავით ერთიანები. დღეს კი ყველა ცდილობდა, დახმარებოდა დაზარალებულ მოსახლეობას, იქნებოდა ეს თანხის გადარიცხვა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებით შეწევნა. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ გააცნობიერა, რა ხდებოდა ქვეყანაში და მონაწილე გახდა ამ მოვლენებისა, მიიღო გადაწყვეტილება და გადადგა ქვეყნის მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის სასიკეთო ნაბიჯი.

- როგორ ავარიდოთ თავი სტრესს, ან როგორ დავძლიოთ იგი?

- სტრესისთვის თავის არიდება შეუძლებელია. ყველაზე ქმედითი გზა ის იქნება, რომ მუდამ მზად ვიყოთ ექსტრემალური სიტუაციებისთვის, რაც, დამეთანხმებით, არარეალურია. უნდა ვიცხოვროთ ჩვეულებრივად, ლაღად, სტრესის შემთხვევაში კი გვქონდეს ადეკვატური რეაქცია და განვაგრძოთ წინსვლა.

- როგორ ვიპოვოთ ძალა წინსვლისთვის?

- პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის პრობლემის ვერბალიზაცია: მოვუყვეთ ამ პრობლემის შესახებ მეზობელს, ახლობელს, ამხანაგს, მეუღლეს, შვილს, მეგობარს... ჯერ ჩვენ გადმოვცემთ, რას განვიცდით, შემდეგ მოვისმენთ თანამოსაუბრის აზრს ამის თაობაზე. ერთსა და იმავე ფაქტს ჩვენ სხვადასხვა ინტერპრეტაციას ვაძლევთ. სტრესული ფაქტის ინტერპრეტაცია ცალმხრივად, ერთი ადამიანის ხედვით, სრულყოფილი არ იქნება, საჭიროა, პრობლემა დავინახოთ გლობალურად - ჩემი ხედვით, თქვენი ხედვით, მისი ხედვით, ყოველი მხრიდან. ამის შემდეგ ერთად დავგეგმოთ, როგორ მოვიქცეთ მომავალში. მოხდა საქართველოში არეულობა, გვყავს ლტოლვილები. ვისაც რა შეგვიძლია, იმით დავეხმაროთ ერთმანეთს. ის უარყოფითი ენერგია, რომელიც იმ მოვლენების დროს დაგროვდა, სადღაც უნდა დაიხარჯოს და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ სწორედ ამაში დახარჯა. ამ საქმიანობის შესახებ მე ვუყვები სხვას, ის სხვა მიყვება, რა გააკეთა მან. შემდეგ უკვე ერთად ვგეგმავთ, რა გავაკეთოთ ხვალ. ასე რომ, სტრესთან ბრძოლა არის გუნდური ბრძოლა.

- გასაგებია, რომ გლობალურ სტრესთან ბრძოლა მხოლოდ გუნდურად არის შესაძლებელი, მაგრამ როდესაც ადამიანს პირადი პრობლემები აქვს, როგორ უნდა მოიქცეს, რომ არ ჩავარდეს დეპრესიაში და ღირსეულად გაუმკლავდეს თავს დატეხილ უსიამოვნებებს?

- სტრესთან ბრძოლის ფორმულა უნივერსალურია: ჯერ - უარყოფითი ემოციის გამოხატვა, შემდეგ -მოქმედება. ტყეში გზაც რომ დაგებნეთ და მარტოდმარტო დარჩეთ, ეს ფორმულა ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ: შეგიძლიათ, დაჯდეთ და აღელვებული საკუთარ თავს ელაპარაკოთ, მერე კი, როდესაც დამშვიდდებით, დაფიქრდეთ იმაზე, საით წახვიდეთ.

- აცნობიერებს თუ არა ადამიანი, რომ იგი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება?

- სტრესულ მდგომარეობაში ადამიანი სავსებით აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე. სხვა საქმეა აფექტი, მაგრამ ის მეტად ხანმოკლეა.


 

- დღეს თუ შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობა გამოდის სტრესული მდგომარეობიდან? ხომ არ გახშირდა თქვენი პროფილის სპეციალისტებთან პაციენტთა ვიზიტები?

- არა, არ გახშირებულა. არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ. მათმა ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურებმა ამ დღეებში ისე კარგად იმუშავეს, რომ ფსიქიატრებამდე პაციენტების მისვლის საჭიროება აღარ შექმნილა.

- დამოკიდებულია თუ არა სტრესისადმი ამტანობა ადამიანის კონსტიტუციურ ტიპზე?

- ალბათ, უფრო მართებული იქნება, ვთქვათ არა კონსტიტუციური, არამედ ეთნოკულტურული ტიპი. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადამიანების რეაქცია სტრესზე სხვადასხვანაირია. ქართლელები გაწონასწორებული, არააფექტური ხალხია და პანიკა არ დაუფლებიათ, დინჯად, მშვიდად შეხვდნენ ყველაფერს. ჯერ ერთი, ეს მათ ხასიათში დევს, მეორეც, საქართველოს ისტორიის მანძილზე ქართლელები სულ იბრძოდნენ, ამიტომ მათში დევს ქვეცნობიერი მზაობა ომისადმი. გორის მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა ასეთი ანეკდოტი: გორელები შუა ქუჩაში დადიანო. მართლაც ასე იყო, რადგან მიწისძვრის მიმართ გენეტიკური მზაობა ჩვენში არ დევს. მაგალითად, იაპონიაში, სადაც კვირაში ერთხელ ხდება მიწისძვრა, შუა ქუჩაში არავინ დადის.

- კიდევ რაზეა დამოკიდებული სტრესის დროს ადამიანის რეაქცია?

- ეთნოსზე, სქესზე, დროზე. მაგალითად, ცნობილია, რომ გამთენიისას დაბომბვა ყველაზე შოკისმომგვრელია, შუაღამისას ან დღისით დაბომბვა შედარებით ადვილი გადასატანია.

- რა სიმპტომები ახასიათებს სტრესულ მდგომარეობას?

- კლასიკური ნიშნებია შფოთვა, ოფლიანობა, უსიამოვნო სიზმრები, დილით ისეთი შეგრძნებით გაღვიძება, თითქოს მთელი ღამე ფიზიკურ შრომაში გავატარეთ. დანარჩენი ნიუანსები, სიტუაციის კვალობაზე, სხვადასხვაა: გულისცემის გახშირება, სუნთქვის რიტმის ცვლილება და სხვა.

- შეიძლება თუ არა, სტრესმა გამოიწვიოს ორგანული დაავადება ან გაამწვაოს მისი ქრონიკული ფორმა?

- ასეთი რამ არ მოხდება. სტრესი ერთჯერადი, ხანმოკლე მოვლენაა. ის სწევს არტერიულ წნევას, მაგრამ არასოდეს გამოიწვევს ინსულტს.

- მაგრამ ხომ ვერ გავექცევით ნერვულ ფაქტორს და მის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე?

- სტრესი არის ფსიქიკური (ორგანული) ფაქტორი, რომელიც სომატურ მხარეზე არ მოქმედებს. ის არ არის იმდენად ხანგრძლივი, რომ სომატურ დაავადებას დაუდოს სათავე.

- მაგრამ რაკი ფსიქოსომატური დაავადებების ცნება მაინც არსებობს, როგორც ჩანს, მას საფუძველიც აქვს...

- ეს ცნება გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ რაღაც აწუხებს. მაგალითად, ზოგი გულს უჩივის და კარდიოლოგთან დადის ან აქვს ვეგეტატური შეტევები, თუმცა ამ კუთხით აბსოლუტურად ჯანმრთელია. აი, სომატურმა ფაქტორმა კი მართლაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკის ცვლილებები და, ამის კვალობაზე, მეორეული ნევროზი. კიდევ ერთი რამ შეიძლება ითქვას: სტრესის დროს ხდება ორგანიზმის ძალთა და ფუნქციათა მობილიზება, სტრესის შემდგომ პერიოდში კი ორგანიზმი თითქოს ერთბაშად ეშვება, იმუნიტეტი ქვეითდება, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ზოგიერთი დაავადების განვითარებას.

- ზემოთ ვერბალური ურთიერთობის კეთილისმყოფელ როლზე ვისაუბრეთ. შეიძლება თუ არა, სტრესის დაძლევაში დაგვეხმაროს მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა?

- ყველაფერი ის, რაც შექმნილია ადამიანის მიერ, სასარგებლოა საზოგადოების განვითარებისათვის. ალკოჰოლი სტრესთან გამკლავებაში ვერ დაგეხმარებათ. ეს ერთმნიშვნელოვანია. რაც შეეხება მუსიკას, თეატრს, მხატვრობას - ყოველივე ის, რაც ადამიანს ემოციების გადმოფრქვევის საშუალებას მისცემს, საუკეთესო საშუალებაა სტრესისგან თავის დასაღწევად. აუცილებელია ძილის მოწესრიგება. შრომის რაციონალური ორგანიზება.

სტრესის მორალური ასპექტი გულისხმობს, რა გავაკეთეთ პირადად ჩვენ, როგორ მივიღეთ მონაწილეობა პრობლემის გადაჭრაში: დავიმალეთ თუ ყველაფერი ვიღონეთ, რაც შეგვეძლო. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა, პირნათელი უნდა იყოს მათი ხსოვნის წინაშე, ვინც ამ ოკუპაციას შეეწირა, ჰქონდეს საკუთარი თავისთვის სათქმელი, რომ ყველაფერს აკეთებს ქვეყნის წინსვლისათვის.