პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

ახლო ნათესავებს შორის საშინელი უთანხმოებაა ბინის გამო, რომელიც დიდ ბებიას ეკუთვნოდა და რომლის თაობაზეც ანდერძი არ დაუტოვებია. უკვე რამდენჯერმე შევიკრიბეთ მოსალაპარაკებლად, მაგრამ მსჯელობა ყოველთვის ჩხუბით მთავრდება. როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის მოგვარება? ელენე, 26 წლის

სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციებში ადამიანები არცთუ საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებენ. ამაზე ზემოქმედება ალბათ გაგიჭირდებათ, მაგრამ შეგიძლიათ, თავი ღირსეულად დაიჭიროთ და არ დაკარგოთ ადამიანის სახე. ნუ ჩაერთვებით ჩხუბში, გამოავლინეთ კეთილგონიერება. შესაძლოა, თქვენი მაგალითი გადამდები აღმოჩნდეს. უკიდურეს შემთხვევაში, ოჯახის ყველაზე კონფლიქტურ წევრებს შეახსენეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო კოდექსი მოქმედებს.

 

ახლახან ჩემს გოგონას რვა წელი შეუსრულდა. ის ძალიან შებოჭილი და გულჩათხრობილია, უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, დამეგობრება. სკოლაში მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავს (მასთან ერთად დადიოდა საბავშვო ბაღში), ახალი მეგობრები კი ვერა და ვერ შეიძინა. ვცადე სხვადასხვა სტუდიაში ტარებაც, მაგრამ იქაც სულ მარტო და განცალკევებით იჯდა. როგორ დავეხმარო? მარი, 27 წლის

უპირველეს ყოვლისა, ძალას ნუ დაატანთ ბავშვს, თანატოლებთან ურთიერთობა დაამყაროს. იქნებ მარტოობისკენ მიდრეკილება მისი ხასიათის თავისებურებაა. კარგი იქნება, თუ ჰკითხავთ, აწუხებს თუ არა თავად მას მეგობრების არყოლა, რა უშლის ხელს ურთიერთობაში, რისი ეშინია. გარდა ამისა, დააკვირდით, რამდენად თავისუფლად გრძნობს გოგონა თავს სახლში. იქნებ წვეულება მოაწყოთ, სხვა ბავშვები მოიწვიოთ? ნებისმიერ შემთხვევაში, მოუსმინეთ შვილს და თავს ნუ მოახვევთ თქვენს შეხედულებებს იმის შესახებ, როგორ იცხოვროს. შეგიძლიათ მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგსაც, რომელიც გოგონასთან საერთო ენის გამონახვაში დაგეხმარებათ.

 

დიდი ხანია გავიზარდე, მაგრამ დედაჩემი ისევ ბავშვივით მექცევა. ყველა წვრილმანზე ნერვიულობს, აკონტროლებს ჩემს თითოეულ ნაბიჯს, შემდეგ კი მადლიერებას ელის. როცა ვცდილობ ავუხსნა, რომ ასეთი მზრუნველობა არ მჭირდება, აღშფოთებას ვერ მალავს: "როგორ ელაპარაკები დედას?!" აზრადაც არ მოსდის, რომ შესაძლოა მართალი არ იყოს. ზოგჯერ მის გვერდით გაძლებაც კი მიჭირს... მარიკა, 29 წლის

მოზრდილ შვილებს ხშირად უჭირთ მშობლებთან ცხოვრება, თუნდაც ისინი პრობლემებს არ უქმნიდნენ. საუკეთესო გამოსავალი ცალ-ცალკე ცხოვრებაა. ეს კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს შვილებისა და მშობლების ურთიერთობაზე. თუ ბინის შეძენის ან დაქირავების საშუალება არ გაქვთ, მკაცრად შემოსაზღვრეთ თქვენი პირადი ცხოვრება. როცა დედა თქვენთვის რაიმეს გააკეთებს, მადლობა გადაუხადეთ დახარჯული ენერგიისა და დახმარების სურვილისთვის. ამასთანავე, მშვიდად და ზრდილობიანად მიანიშნეთ, რომ მას მართლაც შეუძლია, თქვენთვის სასარგებლო რამ გააკეთოს. მაგალითად, ასე: "დედა, დიდი მადლობა სვიტერისთვის, თუმცა ძალიან მჭირდება ქვედაკაბა. თუ სადმე წააწყდები მუხლებამდე სიგრძის ნაცრისფერ ქვედაკაბას, მითხარი, თუ შეიძლება!"

 

ამქვეყნად ყველაფრის მეშინია, განსაკუთრებით კი მამაკაცების. მეშინია, რამე უადგილოდ არ წამომცდეს, სასაცილო არ გამოვჩნდე, მეშინია ლამაზად ჩაცმა და მკვეთრი მაკიაჟის გაკეთება, მეშინია, მოწონების შემთხვევაში მამაკაცს ჩემი უფრო ახლოს გაცნობის სურვილი არ გაუჩნდეს... რა მოვუხერხო საკუთარ თავს? ირინა, 27 წლის

როგორც ჩანს, თქვენი შიში შემთხვევითი არ არის - ის ალბათ წარსულში გადატანილი ტრავმის შედეგია. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში იყო სიტუაცია, როდესაც ხმამაღალი ლაპარაკის ან კარგ ფორმაში ყოფნის გამო დაზარალდით, საჭირო გახდა, დამალულიყავით ან ჩუმად მჯდარიყავით, მოკრძალებულად მოქცეულიყავით, რათა თავიდან აგეცილებინათ ვისიმე თავდასხმა, უსიამოვნო ზეწოლა. სცადეთ გაარკვიოთ, ჩამოთვლილი სიტუაციებიდან კონკრეტულად რომელი გაშინებთ. თუ ეს შეძელით, შიშის დაძლევასაც მოახერხებთ.

 

ჩემს შეყვარებულს ცოლი ჰყავდა. ახლა განქორწინებულია, მაგრამ მაინც საიდუმლოდ ვხვდებით ერთმანეთს. როცა ვეკითხები, რატომ იქცევა ასე, მპასუხობს: "მოითმინე, ყველაფერს თავისი დრო აქვსო". რას უნდა ნიშნავდეს ეს? ნატო, 24 წლის

მამაკაცები, ყველაზე თამამებიც კი, უფრთხიან ცვლილებებს და მათთან დაკავშირებულ რისკს. ის განქორწინდა? - ეს უკვე ბევრს ნიშნავს. როგორც ჩანს, თქვენს რჩეულს პაუზა სჭირდება, ვიდრე მომდევნო ნაბიჯს გადადგამს - ხმამაღლა განაცხადებს თქვენი ურთიერთობის შესახებ. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ გულხელდაკრეფილი იჯდეთ. თქვენ თქვენი ინტერესები გაქვთ და გაქვთ უფლება, უკმაყოფილება გამოხატოთ. მოუყვანეთ მაგალითები: რომ მის დაბადების დღეზე სუფრასთან მისგან შორს იჯექით და ეს ძალიან გწყინდათ; იძულებული იყავით, საერთო ნაცნობებისთვის დაგემალათ, რომ მისი ცხოვრების ზოგიერთი დეტალი იცოდით და ამის გრცხვენოდათ... თუ გულახდილი იქნებით და არა აგრესიული, მამაკაცი არ შეუშინდება ზეწოლას და გაიგებს თქვენს განცდებს. ეს აუცილებლად იმოქმედებს მასზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ და გჭირდებათ ერთმანეთი.

 

ჩემსა და ჩემს შეყვარებულს შორის ასაკობრივი განსხვავებაა, რომელიც, ჩემი აზრით, ჩვენს ურთიერთობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ჩემი შეყვარებული მხოლოდ 24 წლისაა. ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით და ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ცოტა ხნის წინ დაქორწინება შემომთავაზა. ჯერ გამიხარდა, მერე დავეჭვდი - ვაითუ უეცრად ჩემთან ცხოვრება მოსწყინდეს?! არ მინდა ახალგაზრდა ქმრის გვერდით "ასაკოვან კეკლუცად" გამოვიყურებოდე... ეკა, 32 წლის

თქვენი შიში ბუნებრივია, მით უმეტეს, ისეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯის წინ, როგორიც დაქორწინებაა. დაფიქრდით იმაზე, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი. თუ თქვენი ეჭვი იმდენად ძლიერია, რომ ქორწინებისგან თავის შეკავებაზე მაინც ფიქრობთ, გირჩევთ, მიმართოთ ფსიქოლოგს, რომელიც ოჯახური საკითხების შესახებ გაგიწევთ კონსულტაციას. სასურველია, თქვენი ეჭვი შეყვარებულსაც გაანდოთ, აუხსნათ, რატომ უფრთხით დაქორწინებას და იმსჯელოთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.