პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

 

მამაჩემი ბევრს მუშაობს, სამუშაო სრულიად აცლის ძალას და ენერგიას, მაგრამ პენსიაზე ფიქრიც კი არ უნდა. მე და ჩემი ქმარი მზად ვართ, ფინანსურად დავეხმაროთ, მაგრამ არც ამის გაგონება სურს. როგორ მოვიქცეთ? როგორ გადავატანინოთ ყურადღება სხვა საქმიანობაზე? ნინო, 35 წლის

როგორც ჩანს, მამათქვენისთვის სამუშაოზე უარის თქმა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ "ძალა აღარ ერჩის", ამიტომ ჯიუტად არ სურს საუბარი პენსიასა და "ფინანსურ დახმარებაზე". არ სურს, ვინმეზე იყოს დამოკიდებული, თუნდაც საკუთარ ქალიშვილზე. მართალი ბრძანდებით, საჭიროა მისი ენერგიის სხვა მხარეს მიმართვა. მამათქვენს ალბათ ჰქონდა რაიმე ოცნება ან ჩანაფიქრი, რომელიც უდროობის გამო ვერ განახორციელა, მაგალითად, მოგზაურობა ან ბაღის გაშენება. ეცადეთ დაარწმუნოთ, რომ საამისო დრო მოვიდა.

 

მყავს რვა წლის ბიჭუნა. ამას წინათ სუპერმარკეტში წავიყოლე, მან კი ტკბილეულის მოპარვა სცადა. ზედამხედველმა და დაცვის თანამშრომელმა შეამჩნიეს, რასაც, ბუნებრივია, ძალიან არასასიამოვნო საუბარი მოჰყვა. ვერ გამიგია, რაში დასჭირდა ეს ჩემს შვილს. რვა წლის ასაკში კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქურდობა ცუდია. გარდა ამისა, მას არაფერი აკლია, შინ ყოველთვის გვაქვს მისთვის განკუთვნილი ტკბილეული. რაშია საქმე? საიდან შეიძლება მოდიოდეს ქურდობის სურვილი? თამარი, 27 წლის

შეარჩიეთ დრო, როცა შეძლებთ, მშვიდად განიხილოთ ეს სიტუაცია. უთხარით თქვენს შვილს, რომ მისმა საქციელმა ძალიან გაგაკვირვათ და დაგაბნიათ, რომ ვერ ხვდებით, რატომ მოიქცა ასე. იქნებ ბიჭუნამ თვითონ აგიხსნათ, რამ უბიძგა ამ ნაბიჯისკენ. მაგალითად, იქნებ სურდა, თვითონვე აერჩია ტკბილეული ან ვერ გაბედა, თქვენთვის კანფეტების ამ ნაკრების შეძენა ეთხოვა. შესაძლოა, უბრალოდ ვერ მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა ან თავი ვერ შეიკავა. ასეა თუ ისე, ეცადეთ, ბრალმდებლის კილოთი არ ესაუბროთ. უბრალოდ სთხოვეთ, ასე აღარასოდეს მოიქცეს და თუ რამე მოუნდება, აუცილებლად გითხრათ. გარდა ამისა, ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ ბიჭუნას. ზოგჯერ ბავშვები ცუდად იმისთვის იქცევიან, რომ უფროსების ყურადღება მიიპყრონ და მათი მზრუნველობა დაიმსახურონ.

 

მალე ვთხოვდები, მე კი სხვა შემიყვარდა... მას მალულად ვხვდები და საქმროს ვატყუებ. მთავარი კი ის არის, რომ ვერ გამიგია, რომელი უფრო მეტად მჭირდება. უკვე აღარ მინდა, ცოლად ჩემს საქმროს გავყვე, მაგრამ მეშინია, მერე არ ვინანო, რადგან ჩემი ახალი თაყვანისმცემელი არც ისე სერიოზულია. როგორ მოვიქცე? ანა, 20 წლის

თქვენი პრობლემა ორად უნდა გაიყოს: თქვენი ურთიერთობა საქმროსთან და თქვენი ურთიერთობა ახალ თაყვანისმცემელთან. თუ დარწმუნებული ხართ, რომ არ გინდათ საქმროსთან ცხოვრება, მაშინ თქვენი ქორწინებიდან კარგი არაფერი გამოვა. გსურთ კი საერთოდ მასთან ურთიერთობა? რაც შეეხება თქვენს ახალ შეყვარებულს, ეცადეთ გაარკვიოთ, რას ნიშნავს თქვენთვის "სერიოზული". მზად ხართ, განაგრძოთ მასთან შეხვედრა, თუნდაც იცოდეთ, რომ ამ რომანისაგან სხვადასხვა რამეს ელით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ.


 

mkurnali.geერთი წელიც არ არის, რაც გავთხოვდი და უკვე ვეჭვიანობ და მეშინია. ვშიშობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ტიპური უბედური, უიღბლო ცოლქმრული წყვილისას ემსგავსება. ქმარი სიურპრიზებს აღარ მიწყობს, აღარსად დავყავარ, ძალიან მაკლია მისი ყურადღება, მე თვითონ კი მეშინია რომანტიკული საღამოების მოწყობისა, რადგან მას ასეთი რამეები არ უყვარს. როცა ვცდილობ, მას ამ სიტუაციაზე ვესაუბრო, მპასუხობს, რომ ოჯახი სხვა მიზნით იქმნება... სოფო, 23 წლის

ქორწინებიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ ადამიანები უფრო ნაკლებ დროს უთმობენ რომანტიკას და უფრო მეტს - პრაქტიკულ საკითხებს. მგზნებარე ემოციები თანდათან ნელდება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეუღლეებს ერთმანეთი აღარ უყვართ და ერთმანეთისადმი ინტერესს კარგავენ. მზადყოფნა, რომ ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ და ოჯახს ერთად გაუძღვნენ, ხშირად უფრო მეტად გამოხატავს ნაზ გრძნობებს, ვიდრე ვახშამი სანთლების თანხლებით. მაგრამ თუ გსურთ, ოჯახურ ცხოვრებაში მრავალფეროვნება შეიტანოთ, ჰკითხეთ თქვენს ქმარს, რა მიაჩნია სასიამოვნო დროსტარებად. ალბათ შეძლებთ, მიაღწიოთ კომპრომისს და იპოვოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ორივე თქვენგანისთვის საინტერესო და რომანტიკული იქნება.

 

ქალაქთან ახლოს აგარაკი გვაქვს, ხშირად მივდივართ და ქალაქის ხმაურისგან ვისვენებთ, მაგრამ ჩვენს იდილიას გამუდმებით არღვევენ მეზობლები. მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შემოგვიღონ კარი, ჭორაობა გაგვიბან და აზრადაც არ მოსდით, რომ მათი დანახვა ყოველთვის სასურველი არ არის. არც ჩხუბი და უთანხმოება მინდა... როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა დელიკატურად? თინიკო, 27 წლის

მეზობლებთან ჩხუბი ნამდვილად არ ღირს, მათი ზღვარგადასული "მეზობლობის" თავიდან აცილება კი საჭიროა. უპირველეს ყოვლისა, კარს საკეტი დაუყენეთ, თუ რამე გკითხეს, უპასუხეთ, რომ ხშირად უყურებთ კრიმინალურ ქრონიკას. თუ მეზობლებს თქვენთან საუბარი სურთ, თქვენ კი მათთვის არ გცალიათ, შესთავაზეთ, სხვა დროს გესტუმრონ და დროც დათქვით. ზოგჯერ თავადაც გამოიჩინეთ ინიციატივა და ესტუმრეთ ან თქვენთან მოიწვიეთ.

 

ჩემი ყოფილი ქმარი ჩვენს შვილს არავითარ ყურადღებას არ აქცევს. ალიმენტს იხდის, მაგრამ ბავშვთან საერთოდ არ აქვს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს გამიწევია წინააღმდეგობა მამისა და შვილის შეხვედრისთვის. ხშირად დაბადების დღის მილოცვაც კი ავიწყდება... ვხედავ, რომ ბავშვი საშინლად განიცდის უმამობას. როგორ დავარწმუნო ჩემი ყოფილი ქმარი, რომ ბიჭს მამასთან ურთიერთობა სჭირდება? მარიკა, 31 წლის

ეცადეთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. მაგალითად, კვირაში ერთხელ დაურეკეთ ყოფილ ქმარს და უამბეთ ბავშვის მიღწევებზე, წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზე. მიეცით საშუალება, კვლავ იგრძნოს მამობრივი კავშირი ბავშვთან. ამასთანავე, ეცადეთ, არაფერი უსაყვედუროთ. აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ ბიჭი ცდილობს, მას დაემსგავსოს, რომ ძალიან ენატრება და აკლია მამა. უთხარით ისიც, რომ ბავშვს ძალიან გაუხარდება, თუ მამა თავისთან მიიპატიჟებს ან მასთან ერთად გაისეირნებს სადმე.