პანდემიური ახალი წელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანდემიური ახალი წელი

ყველა სასწაულს ელის, აცილებს ძველ წელს და ხვდება ახალს - ახალი სურვილებით, ოცნებებით, იმედებით.

საქართველოში ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია - ყველა ერთ ჭერქვეშ ხვდება ახალ წელს საზეიმო სუფრით, ტრადიციული კერძებით. ამას ემატება საზეიმოდ მორთული სახლი, ნაძვის ხე, ბრჭყვიალა სათამაშოები, გირლანდები, სანთლები...

შინ თუ გარეთ ყველაფერი ბრწყინავს. საახალწლო განწყობას ამძაფრებს საზეიმო სამზადისი, ფუსფუსი, ერთმანეთისთვის საახალწლო საჩუქრების მომზადება. ბავშვებისთვის ახალი წელი ასოცირდება მხიარულებასთან, ტკბილეულთან, საჩუქრებთან, ნაძვის ხესთან, თოვლის პაპასთან, ზღაპართან... ამას ვერაფერი შეედრება. სასიამოვნო განწყობა აქვთ უფროსებსაც. ისინი ცდილობენ, დღესასწაული მოუწყონ საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც. ბავშვობაში მიღებული დადებითი ემოციები ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ დღესასწაულს მოვუწყობთ და როგორ მივულოცავთ პატარებს. მათ გონებაში ყველაზე მკაფიოდ გამორჩეული დღეები აღიბეჭდება.

საოჯახო სამზადისის პარალელურად სადღესასწაულო მზადებაა მთელ ქვეყანაში, იდგმება საახალწლო ნაძვის ხე ქალაქის ცენტრში, იგეგმება საბავშვო ღონისძიებები, საახალწლო ბაზრობები, მაგრამ...

წლევანდელი ახალი წელი, ალბათ, ძალიან განსხვავებული იქნება არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში და ახალი წლის თანმხლები საზეიმო განწყობა ყველასათვის ერთნაირად ამაღლებული ვერ იქნება.

მთელი სამყარო დიდი გამოწვევის წინაშე დგას და მას კოვიდ-19 ჰქვია, ეს არის საკმაოდ მძიმე ვირუსული ინფექცია, რომელმაც პანდემია გამოიწვია და უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა, ის თითქმის ერთი წელია მძვინვარებს და თან ახლავს დიდი შეზღუდვები ადამიანთა ცხოვრებაში, რაც თავისთავად უზარმაზარ სტრესს უკავშირდება. უმძიმეს ვირუსს რომ ადვილად გავუმკლავდეთ, მისი მძიმე ზემოქმედებისაგან დავიცვათ ორგანიზმი და გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა დისტანციური ცხოვრების რეჟიმი, ინფიცირებულთა და მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანთა იზოლირება. ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს წლევანდელ საახალწლო განწყობილებაზე, რა თქმა უნდა, იძულებული ვიქნებით ყველაზე ლამაზი დღესასწაული ოჯახურ წრეში აღვნიშნოთ. უნდა დავემორჩილოთ მიღებულ სამედიცინო პროტოკოლს, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველასთვის! დროებით უნდა ვთქვათ უარი მეგობრებთან, ნათესავებთან შეხვედრებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზეიმო განწყობა არ უნდა გვქონდეს ან ბავშვებს გავუფერმკრთალოთ ყველაზე საყვარელი და ჯადოსნური დღესასწაული.

ყველაფერი, შეძლებისდაგვარად, ისევ ტრადიციულად უნდა გავაკეთოთ.

მოაწესრიგეთ სახლი

თუ ირგვლივ უწესრიგოდ ყრია ნივთები, მტვერი ბატონობს და სასიამოვნო სისუფთავე არ იგრძნობა, ეს უკვე 50%-ით ამცირებს სადღესასწაულო განწყობას. ტყუილად როდი დამკვიდრდა ახალი წლის წინ სახლის საფუძვლიანი დალაგების ტრადიცია - ამ გზით ადამიანები საცხოვრებელს მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი მტვრის, მოძველებული ნივთებისა და უარყოფითი ენერგიისგან ათავისუფლებენ.

სადღესასწაულო აქსესუარები

დაწკრიალებული სახლიც კი ვერ გაგიჩენთ საზეიმო განწყობას, თუ მას საგანგებოდ არ მორთავთ და გაალამაზებთ. არ არის აუცილებელი, ყველგან გირლანდები და წვიმები ეკიდოს - რამდენიმე მარჯვედ და გემოვნებით შერჩეული შტრიხიც საკმარისია, რომ სახლმა სადღესასწაულო იერი მიიღოს.

საქმე

საქმეები რამდენიმე დღით დაივიწყეთ. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ მეტისმეტად იხარჯებით, ახალი წელი ხომ მართლაც გამორჩეული დღესასწაულია.

მუსიკა და ფილმები

ეცადეთ, ამ დღეებში სასიამოვნო მელოდიებს უსმინოთ, ისეთებს, რომლებიც მოგადუნებთ კიდეც და განწყობასაც აგიმაღლებთ. უყურეთ ფილმებს, რომლებიც სადღესასწაულო ატმოსფეროს უხდება და შეეფერება.

ურთიერთობა ახლობლებთან

ნუ გამოხატავთ პესიმიზმს ახლობლებთან ურთიერთობისას, ეცადეთ, ყველას მხიარული ეჩვენოთ და შეამჩნევთ, რომ თავისთავად დაგეუფლებათ სასიამოვნო განწყობა და დიდხანს აღარ მიგატოვებთ.

გამონახეთ დრო საჩუქრებისთვის

საახალწლო ფასდაკლებები, ნაძვის ხის მოსართავებით სავსე სტელაჟები, არომატული სანთლების სურნელი - ეს ყველაფერი წინასაახალწლო სასაჩუქრე ქაოსია, რომელიც ყველა მსურველს ენერგიითა და სადღესასწაულო განწყობით ავსებს. თუ ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევა გსურთ და არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ, ისეირნეთ ვიტრინებს შორის - რამეს მოსაწონს აუცილებლად წააწყდებით და განწყობაც გამოგიკეთდებათ.

გარეგნობა

დღესასწაულისთვის უნდა მოამზადოთ არა მხოლოდ სახლი, არამედ საკუთარი თავიც. მოწესრიგდით, წინასწარ შეარჩიეთ სამოსი. სულაც არ არის საჭირო, ძვირფასი და ცნობილი ბრენდისა იყოს, მთავარია სილამაზე. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ტანსაცმელი მაშინაც კი გამოვიცვალოთ, თუ ახალ წელს მარტო ვხვდებით.

გაიხსენეთ საახალწლო ტრადიციები

შობა-ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები მრავალრიცხოვანია. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ ამოარჩიოთ რამდენიმე, თუნდაც მისალოცი ბარათების გაგზავნა. იქნებ საკუთარი ტრადიციებიც გაქვთ? სწორედ მათი გახსენების დროა!

შეიყვარეთ!

ალბათ გვეტყვით, რომ ასეთი რამ შეკვეთით არ ხდება და მართალიც იქნებით, მაგრამ ჩვენ ხომ ზღაპრული უფლისწულის ან ულამაზესი მეფის ასულის შეყვარებას არ გთავაზობთ - შეიყვარეთ თუნდაც მსახიობი, რომელიც საახალწლო კომედიაში მთავარ როლს ასრულებს, ცხადია, ნახევრად სერიოზულად. გაიხსენეთ სასიამოვნო ადამიანები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. სიყვარული ადამიანს ენდორფინებით ავსებს, მაშინაც კი, როცა სიყვარულის ობიექტი გამოგონილია. შეიყვარეთ ის, ვინც თქვენ გვერდითაა, ვისაც თქვენიანად მიიჩნევთ, შეიყვარეთ საკუთარი თავი და, რაც მთავარია, იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის სურვილი გექნებათ!

ირწმუნეთ, რომ სასწაულები ხდება!

ეს ყველაზე ძნელია. რაც უფრო გვემატება წლები, მით მეტად გვიჭირს იმის დაჯერება, რომ სასწაულები ხდება და შესაძლოა, ასეთი რამ ჩვენც გადაგვხდეს თავს. უნდა გვახსოვდეს, რომ თოვლის ბაბუა დიდების წერილებსაც კითხულობს, რომ სასწაულებს ადამიანი თავად ახდენს და ეს, უპირველესად, საკუთარი თავისთვის და ძვირფასი ადამიანებისთვის უნდა გავაკეთოთ. საახალწლო განწყობა თავისთავად არის პატარა სასწაული, რომელსაც, აშკარად თუ მალულად, ყველა ველით, ამიტომ თუ გსურთ, აგიხდეთ ოცნება, სასწაულის გჯეროდეთ!

ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მართლაც უმძიმეს პერიოდში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე, დავძლიოთ შფოთვა, რათა შევუმსუბუქოთ ერთმანეთს დაძაბულობა, დავიცვათ ბავშვები შიშებისა და მძიმე სტრესისაგან, რაც ვირუსული ინფექციით შეიძლება იყოს გამოწვეული. ვიზრუნოთ იზოლაციაში მყოფებმა, არ დავკარგოთ ახალი წლის დღესასწაულის შეგრძნება. საახალწლო სამზადისში ჩავერთოთ ყველანი ბავშვებთან ერთად, გავუზიაროთ დადებითი ემოციები ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, სადღესასწაულო მილოცვებით, ხალისიანი, გამამხნევებელი სიტყვებით გადავცეთ ერთმანეთს სიყვარული, რომელსაც მაგიური ძალა აქვს და ყველანაირ უმძიმეს გამოწვევას გავუმკლავდებით. მართალია, წლევანდელი პანდემიური ახალი წელი იქნება დისტანციური, მაგრამ მაინც ახალი და იმედიანი.