პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

 

მეჩვენება, რომ დედაჩემს სულ არ უყვარს ჩემი გოგონა. მკაცრად ეპყრობა, ხაზგასმით მიმართავს: "მარიამ!" არასოდეს დაუძახია მისთვის საალერსო სახელი... სამაგიეროდ ძალიან ანებივრებს ჩემს დისშვილს: ჩუქნის უამრავ რამეს, დაჰყავს ზოოპარკში, თეატრში... მესმის, რომ ჩემი ქმარი არ მოსწონს, მაგრამ ჩემმა შვილმა რა დააშავა, ის ხომ მისი შვილიშვილია?" ანა, 28 წლის

ბებიის ასეთ დამოკიდებულებაზე თავად თქვენი გოგონა როგორ რეაგირებს? შესაძლოა, მას ეს ამბავი თქვენზე ნაკლებად აღელვებდეს, რადგან თვითონაც არცთუ ისე ძალიან უყვარს ბებია. თუ გოგონაც ძალიან განიცდის, ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, როგორ უყვარს თქვენს შვილს ბებია, როგორ ჰგავს მას... ეს ძალიან ფრთხილად გააკეთეთ, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ნამდვილად ასეა. არ შეიძლება, ამან დედათქვენზე არ იმოქმედოს.

 

ვგრძნობ, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ძალიან მიჭირს. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ ვიგრძენი, რომ გადავიღალე, თითქოს ერთიანად დავიშალე. იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, როცა ცოტა ხანში ყველაფერი თავიდან დაიწყება: ისევ ლექციებზე ჯდომა, საკონტროლოებისთვის მომზადება და ყველაზე დიდი საშინელება - გამოცდები. როგორ გავთავისუფლდე ამ დაძაბულობისა და შიშისგან? ლიკა, 19 წლის

უწინარეს ყოვლისა, შეაქეთ საკუთარი თავი სიმამაცისთვის. ეს ხომ მართლაც გმირობაა - შეეჭიდო იმას, რაც ასე გაშინებს, გადალახო შიში. თქვენ უკვე უკან მოიტოვეთ ერთი სასწავლო წელი და რამდენიმე გამოცდაც ჩააბარეთ. ამისთვის საკუთარ თავს რაიმე საჩუქარი მიუძღვენით და დაფიქრდით იმაზე, რომ თუ გასულ წელს მოახერხეთ შიშის დაძლევა, მაშინ ამას მომავალშიც შეძლებთ.

 

წლების წინ მყავდა შეყვარებული. ჩვენ მხურვალე რომანი გვქონდა. შემდეგ მიმატოვა... დიდხანს განვიცდიდი, მერე კი გამიჩნდა განცდა, რომ ის გრძნობა გაქრა... ახლახან მას შემთხვევით შევხვდი. იმ შეხვედრის შემდეგ მოსვენება დავკარგე. ახლა ყოველდღე ვფიქრობ მასზე, მაგრამ მყავს ქმარი, შვილები. როგორ დავივიწყო ძველი სიყვარული? მარი, 34 წლის

ადამიანისთვის სავსებით ბუნებრივია, ახსოვდეს თავისი წარსული ცხოვრების ნათელი და სასიამოვნო წუთები, გრძნობები. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს ახლანდელ ცხოვრებაში რამე რიგზე არ არის ან, პირიქით, ურთიერთობა მეტისმეტად მშვიდი, ზომიერი გახდა. ნუ ეცდებით ებრძოლოთ საკუთარ თავს და ძველი გრძობები გონებიდან ამოიგდოთ. უმჯობესია, სხვაგვარად მოიქცეთ: გაიხსენეთ ადრინდელი სიყვარულის ყველაზე მშვენიერი წუთები, უთხარით საკუთარ თავს: "მიხარია, რომ ეს ყველაფერი მოხდა, მაგრამ წარსული წარსულია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ". ეცადეთ, გადაიტანოთ ყურადღება ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანებზე, ხშირად გაიხსენეთ ნათელი და ბედნიერი წუთები, რომლებიც თქვენს ქმარსა და შვილებთან არის დაკავშირებული.

 

დამღალა ახლობლების რჩევებმა იმის შესახებ, სად და როგორ გადავიხადო ქორწილი. ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, რომ მიჭირს მათთან კამათი, მეჩვენება, მართლაც შეიძლება რაღაც გამომრჩეს. უკვე აღარც კი მინდა ქორწილის გადახდა... ნუციკო, 27 წლის

ეცადეთ, რამდენიმე დღე საქმროს გარდა არავის ესაუბროთ ქორწილის თაობაზე. ამ ხნის განმავლობაში თქვენ ორი გადაწყვეტთ, როგორი ქორწილი გინდათ. მაგალითად, არ არის აუცილებელი, მოაწყოთ ხმაურიანი დღესასწული რთული სცენარით; სავსებით შესაძლებელია, მშვიდად დასხდეთ პატარა დარბაზში უახლოეს ადამიანებთნ ერთად. ქორწილი ხომ მეგობრებისა და ახლობლებისთვის გასამართი შოუ არ არის - ეს თქვენი პირადი ზეიმია. ასე რომ, თუ შემთხვევით "დაგავიწყდათ", ჩართოთ სცენარში რომელიმე ტრადიციული ელემენტი, ეს ტრაგედია არ იქნება. მთავარია, თქვენ და თქვენი საქმრო დარჩეთ კმაყოფილი.


 

ჩემს ხუთი წლის გოგონას საკუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენა აქვს, ჰგონია, რომ ამქვეყნად მასზე ლამაზი და ჭკვიანი არავინ არის. თან ძალიან ჭირვეულია, პირდაპირ მეფის ასულივით იქცევა... ნანა, 31 წლის

ასე ნუ განიცდით, "მეფის ასულის" პრეტენზიები ამ ასაკის გოგონებისთვის ნორმალურია. საჭიროც კი, რადგან ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის უყვართ. უკეთესია, ზედმეტად ეფეროთ, ვიდრე დააკლოთ ალერსი. პრობლემა შემდეგშია: თქვენს გოგონას შეუძლია წარმოიდგინოს, რომ რაკი ყველაზე ჭკვიანი და ლამაზია, ამიტომ ყველაფრის უფლებას მისცემენ და არა მხოლოდ მშობლები, არამედ ყველა სხვა ადამიანიც, ვისაც კი ოდესმე შეხვდება. ასეთი პოზიცია მას მხოლოდ ავნებს, ამიტომ ეცადეთ გამოუმუშაოთ პატივისცემა სხვა ადამიანების მიმართ, მიაჩვიეთ, დაიცვას საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესები. დადგება დღე, როდესაც ბავშვს სკოლაში წასვლა მოუწევს, იქ კი არავინ დაუთმობს "არაჩვეულებრივი სილამაზისა და ნიჭიერების" გამო. თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ, პატარას საკუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენა აღარ ექნება.

 

ჩემი მოზარდი და მეტისმეტად ქარაფშუტაა, არასერიოზულად, ზერელედ ეკიდება ურთიერთობებს, ნაჩქარევად და დაუფიქრებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ცოტა ხნის წინ სტუმრად გაჰყვა სახლში შემთხვევით ნაცნობს, შემდეგ კი იქიდან გაქცევით უშველა თავს. დედას ყველაფერი დავუმალეთ, რადგან გული აწუხებს... ჩემს დას ამ შემთხვევამაც ვერ ასწავლა ჭკუა, მხოლოდ სითამამე შემატა. როცა ვაფრთხილებ, მპასუხობს: "ნუ გეშინია, თავს იოლად დავიძვრენ!" როგორ მოვიქცე? ქეთი, 22 წლის

აუხსენით დას, როგორ ინერვიულებთ თქვენ და დედა, თუ მას რაიმე შეემთხვა. ეცადეთ ასწავლოთ უსაფრთხოების წესები. მაგალითად, თუ მანქანაში ჩაუჯდა ისეთ ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობს, წინასწარ შეგატყობინოთ მისი ნომერი; თუ სტუმრად დააპირა წასვლა, მისამართი ან ტელეფონის ნომერი გაცნობოთ. თუ თქვენთვის თქმა არ სურს, აცნობოს უახლოეს მეგობარს. მთავარია, საჭიროების შემთხვევაში იცოდეთ, სად ეძებოთ.

აუხსენით ისიც, რომ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც კარგად არ იცნობს, შინ არ უნდა გაჰყვეს - უხერხულია. უმჯობესია ხალხმრავალ ადგილას ისაუბრონ და გაერთონ. აჩქარება არაფერს არგებს. თუ მათი ურთიერთობა სასიკეთოდ განვითარდა, მას მერეც მიეცემა საშუალება, სტუმრად ეწვიოს შეყვარებულს. გასაგებია, რომ მოზარდისთვის ამ ყველაფრის ახსნა ადვილი არ არის, მაგრამ მაინც უნდა სცადოთ, რადგან გამოუცდელობის გამო თქვენმა დამ შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას.

 

მყავს თანამშრომელი, რომელიც შენიშვნებით თავს მაბეზრებს. რამდენიმეჯერ თავისი მოურიდებელი კომენტარებით მატირა კიდეც. როცა უსამართლოდ მსაყვედურობენ, ვიბნევი, ის კი მშვენივრად ამჩნევს ამას და უფრო მწარედ დამცინის. ვხედავ, რომ ეს არც ჩემს კოლეგებს მოსწონთ, მაგრამ თავი ისე უჭირავთ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. როგორ მოვიქცე? უკვე სამსახურის მიტოვებაზე ვფიქრობ... მარი, 23 წლის

არსებობს პრობლემის მოგვარების ორი გზა: პირველი - ყურადღებას ნუ მიაქცევთ კოლეგის შენიშვნებს, ცალი ყურიდან შეუშვით, მეორიდან კი გამოუშვით. შეგიძლიათ, თავადაც წაივარჯიშოთ ენამახვილობაში, ოღონდ ეცადეთ, თქვენი ხუმრობა მხიარული იყოს და არა დამცინავი. ამ შემთხვევაში კოლექტივის სიმპათიაც თქვენს მხარეს იქნება. მეორე საშუალებას შეიძლება "მეხამრიდი" ვუწოდოთ: თანამშრომლის ეკლიან გამოხდომებს უპასუხეთ მშვიდად და ზრდილობიანად: "დიახ, ალბათ გაქვს საფუძველი ასე იფიქრო" ან "რა თქმა უნდა, გაქვს უფლება, გქონდეს ასეთი აზრი". ამ ხერხით თავიდან აიცილებთ კონფლიქტს, თანაც აშკარად დაანახვებთ თანამოსაუბრეს, რომ მისი სიტყვები მხოლოდ მისი პირადი აზრის გამოხატულებაა და არა ობიექტური ჭეშმარიტებისა.