პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

საინტერესოა, რაში სჭირდება ამ ყოველივეს მოყოლა? იქნებ მას საკუთარი ინტერესი აქვს, სურს, ამ ხერხით თავისკენ მიგიზიდოს (თუ ის შენი უიღბლო თაყვანისმცემელია) ან შენი შეყვარებული გადაიბიროს (თუ გოგონაა, თუნდაც შენს ახლობლად ითვლებოდეს)? იცი, რამდენი მოსიყვარულე წყვილი დააშორეს ასეთმა "კეთილისმსურველებმა"? გამორიცხული არ არის, ვინმეს შურდეს თქვენი ან ძველი წყენის გამო შურისძიება სურდეს. არის მეორე ვარიანტიც: იქნებ იქ ეძებ ღალატს, სადაც ის არ არის? დავუშვათ, შეხვდა შენი შეყვარებული ნაცნობ ქალიშვილს სადმე კაფეში. რა მოხდა? ეჭვი შეყვარებულებს შორის ყოველთვის არსებობს, მაგრამ ზომიერება არ უნდა დაივიწყო. როგორც კი შენი შეყვარებულის გვერდით მდედრობითი სქესის არსება გამოჩნდება, ნერვიულობას იწყებ? მაშ, საკუთარ თვითშეფასებაზე უნდა დაფიქრდე. მისი ამაღლება სხვადასხვა საშუალებით შეიძლება. მაგალითად, ცეკვით. საცეკვაო-მოძრაობითი თერაპიის ორიოდე სეანსი და იგრძნობ, რამდენად ქალური, მომხიბვლელი და თავდაჯერებული შეგიძლია გახდე. კიდევ ერთი: სცადე, უპასუხო კითხვას - აქვს თუ არა მომავალი თქვენს ურთიერთობას? თუ შენმა შეყვარებულმა გვერდზე ყურება დაიწყო, იქნებ მიაჩნია, რომ შენ - რა გულსატკენიც არ უნდა იყოს ამის მოსმენა - უკვე "წაკითხული წიგნი" ხარ და რაღაც ახალი სურს? მიგაჩნია, რომ ღირს მისთვის ბრძოლა? მაშ, ეცადე გახდე "სასურველი ნადავლი", რომელიც შეიძლება ხელიდან გაუსხლტეს, რომელიც ხიბლავს და რაღაცას ჰპირდება. გაიჩინე ახალი გატაცება, ხშირად შეხვდი მეგობრებს, მიახვედრე შეყვარებული, რომ ცხოვრება მისით არ იწყება და არ მთავრდება. თქვენი ყოველი შეხვედრა მისთვის აღმოჩენად უნდა იქცეს და "სხვა ქალი" მალე დავიწყებას მიეცემა. თუ ყოველივე ამის შემდეგ შენმა შეყვარებულმა მაინც განაგრძო ფლირტი სიმპათიურ გოგონებთან, ესე იგი ის გამოუსწორებელი მექალთანეა. თუ ამის მოთმენა არ გსურს, მაშინ აღარც განშორება უნდა მიგაჩნდეს ტრაგედიად. თანაც შენს ცხოვრებაში კიდევ იმდენი საინტერესო რამ შეიძლება მოხდეს, რომ სევდისა და დეპრესიისთვის ვერც კი მოიცლი.

 

მყავს შეყვარებული, რომელიც ყოფილ გოგონასთან დღემდე მეგობრობს. ამას კიდევ შევეგუებოდი, მაგრამ მისი ყოფილი მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს. ხშირად სთხოვს დახმარებას ჩემს შეყვარებულს: ხან ავეჯი აქვს გადასაადგილებელი, ხან პრინტერი უფუჭდება... გვყავს საერთო მეგობრები, ამიტომ ერთმანეთს ხშირად ვხვდებით. ჰოდა, როგორც კი ის გოგო ჩემს შეყვარებულს დაინახავს, მაშინვე იწყება: "გახსოვს, ერთმანეთს რომ ვხვდებოდით..." და მაშინდელ ისტორიებს ჰყვება. ჩემი შეყვარებულიც ღიმილით უსმენს. რაში სჭირდება ეს ყველაფერი?

თუ ეს გოგონა, ნაცვლად იმისა, რომ ახალი რომანი გააჩაღოს, მთელ დროს შენს შეყვარებულს ახარჯავს, როგორც ჩანს, ის მისთვის ჯერ კიდევ ძვირფასია. არსებობს მეორე ვარიანტიც: უბრალოდ, მოსწონს შენი წვალება, ხედავს, რომ მისი არსებობა არ გსიამოვნებს და ამით ტკბება. მესამე: მიჩვეულია თავის ყოფილზე ბატონობას და საკუთარ თავს ამ სიამოვნებაზე უარს ვერც ახლა ეუბნება, მით უმეტეს, რომ შენი შეყვარებულიც ხალისით ასრულებს მის დავალებებს. ის უფრო საინტერესოა, რატომ იქცევა ასე შენი შეყვარებული. თუ იმ გოგონას საკუთარი ინიციატივით არ დასცილებია, იქნებ ისევ ის უყვარს, შენთან კი უბრალოდ სიმშვიდის პოვნას ცდილობს, ან იქნებ ვერც კი ამჩნევს, რას განიცდი იმ გოგონას მიმართ და იმდენად გულუბრყვილოა, რომ გულწრფელად სჯერა - შენ და მის ყოფილს ერთმანეთთან შესანიშნავი დამოკიდებულება გაქვთ, ან უბრალოდ ტკბება იმით, რომ მისი ყურადღების მიპყრობას ორი მშვენიერი გოგონა ცდილობს. შენი მღელვარების მთავარი მიზეზი თვითრწმენის ნაკლებობაა. რაკი შეყვარებულის ყოფილ გოგონას კონკურენტად აღიქვამ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა მტკიცე არ არის. ეს ცუდი ნიშანია. შეყვარებულთან გულახდილი საუბარი პასუხს გასცემს ყველა კითხვას. ოღონდ იმას კი ნუ ეტყვი, რომ ცუდად იქცევა, არამედ აუხსენი, რას განიცდი. შესთავაზე, შენს ადგილას საკუთარი თავი დააყენოს - რას იგრძნობდა, ყოფილი შეყვარებული ხშირად რომ გირეკავდეს და დახმარებას გთხოვდეს? აუხსენი, რომ მათი ურთიერთობის წინააღმდეგი არ ხარ, მაგრამ არ გსურს, შენი შეყვარებული მთელ თავისუფალ დროს ექს-გოგონას საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად ხარჯავდეს.


 

მეც და ჩემი მეუღლეც ვმუშაობთ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ვიდრე მე მასზე მეტი შემოსავალი არ გამიჩნდა. ვამჩნევ, რომ ეს არ მოსწონს, გამუდმებით დაძაბული და მოღუშულია... ნუთუ შეიძლება, მატერიალურმა კეთილდღეობამ ჩემი ოჯახური ბედნიერება შეიწიროს?

დრო, როცა ოჯახის მარჩენლად მამაკაცი ითვლებოდა, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ქალები უფრო და უფრო ხშირად ინაწილებენ მატერიალურ პასუხისმგებლობას და ხშირად ერთადერთი შემომტანებიც კი არიან. მაშ, რატომ არის, რომ  ცოლის პროფესიულ წარმატებებს ოჯახურ კონფლიქტამდე მივყავართ?

ორივე, თქვენც და თქვენი მეუღლეც, პროფესიულ კარიერაზე ზრუნავთ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბედი თქვენ გაცილებით წინ გადაგისვრით... ქმარი როგორც არ უნდა ამაყობდეს თქვენი წარმატებით, მის სიხარულს მაინც დაჩრდილავს ერთგვარი სევდა და გულისტკენა: "რატომ მე არა?" ეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ისეთ სიტუაციების წარმოშობის ალბათობა, რომლებშიც ნებით თუ უნებლიეთ ხაზი ესმება თქვენს მატერიალურ უპირატესობას. მაგალითად, არ გირჩევთ ქმრისთვის ძალიან ძვირფასი საჩუქრების მიძღვნას, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ის ვერ შეძლებს, იმავეთი გიპასუხოთ. ნუ გადაიხდით თანხას რესტორანსა თუ კლუბში. ნაცვლად ამისა, მეუღლეს ხშირად აგრძნობინეთ, რომ დარწმუნებული ხართ, ხვალ მისი ვარსკვლავური საათიც ჩამოჰკრავს. მამაკაცისთვის საუკეთესო მხარდაჭერა თქვენი სიყვარული იქნება და არა უსასრულო რჩევები, შენიშვნები და მცდელობა, ნაცნობების დახმარებით "სადმე ფულიან ადგილას" მოაწყოთ. ხშირად კამათობთ თემაზე "ვინ არის ოჯახის უფროსი". გამორიცხული არ არის, ამ უთანხმოების მიზეზი უფრო ღრმად იყოს საძიებელი. უბრალოდ, ფინანსურ საკითხებზე კამათი თქვენ და თქვენს მეუღლეს უფრო უსაფრთხო გეჩვენებათ. ან იქნებ იმ მსხვილი კუპიურების ხსენებით, საფულეში რომ გიწყვიათ, მართლაც ცდილობთ საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას...

რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ამან თქვენი მეუღლე არ გააღიზიანოს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ოჯახი რინგი არ არის. ეცადეთ, ქმარს გულახდილად ესაუბროთ. გაიხსენეთ ყველაფერი, რაც გაკავშირებთ. ერთად ცხოვრების პირველ თვეებში ხომ არ გქონდათ ერთმანეთთან ბრძოლისა და გაჯიბრების სურვილი? ჰოდა, ახლაც შეიძლება, ერთმანეთის წარმატებით იხაროთ. მთავარი სურვილია. ამბობენ, რომ როცა ქალები კარიერაზე ზრუნვას გაორმაგებული ენერგიით იწყებენ, მამაკაცები უფრო პასიურები ხდებიან. რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ის შემთხვევა, როცა ქმარი, უსაქმური და ალფონსი, შესანიშნავად არის მოწყობილი ცოლის ხარჯზე. ასეთ მამაკაცთან ყოფნა საერთოდ არ ღირს. სხვა საქმეა, როცა თქვენი კავშირი თანასწორია, უბრალოდ, თქვენ უფრო უკეთ ახერხებთ ფულის შოვნას, ხოლო მას შესანიშნავად გამოსდის ბავშვების მოვლა, სიამოვნებით ამზადებს სადილ-ვახშამს და, საერთოდ, თქვენზე უკეთ უძღვება საოჯახო საქმეებს. მთავარია, ორივემ მიიღოთ ეს როლი და ერთმანეთისგან შეუძლებელი არ მოითხოვოთ. ცნობილია, რომ ახალდაქორწინებულები უფრო ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს საალერსო სიტყვებს, ვიდრე დიდი ხნის მეუღლები. ფსიქოლოგები შეგვახსენებენ: დროული ქება მომგებიანი ხერხია მომწიფებული კონფლიქტის განსამუხტავად. მამაკაცების უმრავლესობა, ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებს, ყოველი ქმედების შემდეგ ქებას ელის საყვარელი ქალისგან. ქმარი დაბღვერილი დადის? შესაძლოა, მას დიდი ხანია არ გაუგონია საალერსო სიტყვები, ამიტომ დაიმახსოვრეთ და რაც შეიძლება ხშირად წარმოთქვით მარტივი ფრაზა: "ვაიმე, რა ყოჩაღი ხარ!"