პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

თქვენთვის აუცილებელია, ძმასთან ისეთი ურთიერთობა დაამყაროთ, რომ ის გენდოთ. ვიდრე თქვენს შორის ასეთი ურთიერთობა არ იქნება, ის თქვენს რჩევებს ზეწოლად აღიქვამს. თუ ნამდვილად გინდათ, რომ თქვენი ძმა დამოუკიდებელი პიროვნება გახდეს, არ უნდა ეცადოთ საკუთარი გავლენის ქვეშAმის მოქცევას. სცადეთ, გაუგოთ მას. დაინტერესდით მისი გატაცებით, მისი ყოველდღიური საქმეებით, ესაუბრეთ თქვენს პირად პრობლემებზე და ნუ გაკიცხავთ უსაქმურობის გამო. როდესაც ერთმანეთის მოსმენას ისწავლით, შეძლებთ მშვიდად მსჯელობას ნებისმიერ თემაზე, მათ შორის - თქვენი ძმის სამომავლო გეგმებზეც.

 

ცოტა ხნის წინ მე და ჩემი მეუღლე ნათესავებს ვესტუმრეთ. ქმრის დეიდამ მაშინვე დაუწყო ფერება, ხვევნა-კოცნა და ჩახუტება ჩემს 4 წლის გოგონას. ბავშვს ფამილარობა არ უყვარს. შევამჩნიე, რომ წუხდა და ცდილობდა, აბეზარი ნათესავის ალერსისთვის თავი დაეღწია. იძულებული გავხდი, დეიდასთვის მეთხოვა, თავი დაანებე-მეთქი. ქალს საშინლად ეწყინა. გაბრაზდა ქმარიც, მითხრა, რომ არაადეკვატური ვარ, რომ ბავშვებს ყოველთვის ეფერებიან, გულში იხუტებენ და ამაში უცნაური არაფერია. ნუთუ მისი ხანდაზმული ნათესავების გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი შვილის განცდები?

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, რა თქმა უნდა, ბავშვის გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ძნელია იყო იდეალური დედა. თქვენ რომ მეუღლის დეიდასთან ერთად ცხოვრობდეთ და ის ყოველდღე აწუხებდეს ბავშვს ზედმეტი და აბეზარი ალერსით, მაშინ ამ ეგზეკუციის შეწყვეტა აუცილებელი იქნებოდა, მაგრამ თუ მას წელიწადში ერთხელ ნახულობთ, სავსებით შესაძლებელია დაიყოლიოთ ბავშვი, როგორმე გაუძლოს ნათესაური გრძნობების გადმოფრქვევას. ეცადეთ, პირად მაგალითზე დაანახვოთ ბავშვს, როგორ გახარებთ ახლობლებთან შეხვედრა.

 

შარშან ჩავაბარე უნივერსიტეტში. ჩვენს ჯგუფში სწავლობენ ბავშვები, რომელთა მიმართ სიმპათიითა და პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ ჩვენ შორის რატომღაც ვერაფრით დამყარდა მეგობრული ურთიერთობა, დაბადების დღეებსა და სხვა წვეულებებზე არ მეპატიჟებიან, თუმცა ბუნებით სრულიადაც არ ვარ გულჩათხრობილი, არც წარბშეკრული დავდივარ, მყავს მეგობრები. ამიტომაც მიკვირს, რომ უნივერსიტეტში ასეთ იზოლაციაში აღმოვჩნდი. რისი ბრალი უნდა იყოს ეს?

რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეთ. მეტიც - ეს უტოპიაა. უმჯობესი იქნება, თუ ამოარჩევთ 2-3 თანაჯგუფელს, რომლებთანაც, თქვენი აზრით, უფრო ადვილია მეგობრული ურთიერთობის გაბმა. კარგად დააკვირდით, სწავლის გარდა შეხების რა წერტილები შეიძლება მოძებნოთ მათთან, რა გაქვთ საერთო. უფრო მეტად რომ დაუახლოვდეთ, საკმარისია, ბუფეტში ან სტუდენტურ კაფეში მათთან ერთად მიუჯდეთ მაგიდას და საუბარი გაუბათ. ახალი მეგობრების პროტექციით შესაძლოა საერთო თავყრილობებზეც მოხვდეთ. არსებობს კიდევ ერთი ქმედითი საშუალება: დაპატიჟეთ მთელი ჯგუფი თქვენს დაბადების დღეზე (ან სხვა საბაბით მიიწვიეთ შინ). შესაძლოა, ასი პროცენტით არც ამან გაამართლოს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგიმეგობრდებიან.


 

ძალიან განვიცდი, რომ დედის მიმართ ნდობა დავკარგე. მას საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია. წინათ მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ახლა კი მეშინია, გული გადავუშალო. მას ძალიან უყვარს სხვებთან ჩემზე, ჩემს ცხოვრებაზე მსჯელობა, ჩემს ნაამბობს უყვება ნაცნობებს, მეგობრებს, ნათესავებს... ბევრჯერ ვთხოვე, ჩემი მონაყოლი საიდუმლოდ შეენახა, მაგრამ არავითარი თხოვნა არ ჭრის! როგორ მოვიქცე?

როგორც ჩანს, დედათქვენი ასე იმიტომ იქცევა, რომ ამაყობს თქვენით, თქვენი წარმატებებით, მიღწევებით. როცა ასეთი ძლიერი განცდების ქვეშაა, აქვს მოთხოვნილება, ისინი სხვასაც გაუზიაროს. ალბათ, თქვენც იმავეს განიცდით, როცა მას ახალ ამბებს უყვებით, მიუხედავად იმისა, რომ იცით, როგორ უჭირს საიდუმლოს შენახვა. ნუ დააკისრებთ მთელ პასუხისმგებლობას ახლობელ ადამიანს, ნუ მოსთხოვთ დუმილს. უმჯობესია, არ უამბოთ ის, რაც უცხოთა ყურისთვის არ  არის განკუთვნილი.

 

mkurnali.geდიდი ხანია, მომწონს ერთი ბიჭი. სკოლაში ერთად ვსწავლობდით, მაგრამ მაშინ მასთან მიახლოებასაც ვერ ვბედავდი. რამდენიმე ხნის წინ მიმოწერა დავიწყეთ. ვგრძნობ, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ არის, მაგრამ არავითარ ინიციატივას არ იჩენს, მე კი ლოდინით დავიღალე. როგორ ვუბიძგო, რომ მეტი გამბედაობა გამოიჩინოს?

ნუ მიეცემით ილუზიებს და ყველაფერს ახალგაზრდა კაცის მორიდებულობას ნუ დააბრალებთ. ინტერნეტით ურთიერთობა, როგორც წესი, ზედაპირულია, ასე ასეულობით "მეგობრის" გაჩენა შეიძლება. ადვილი შესამოწმებელია, სურს თუ არა ამ ყმაწვილს თქვენთან სერიოზული ურთიერთობა: შესთავაზეთ შეხვედრა. თუ მოუცლელობა მოიმიზეზა ან სხვა გადაულახავ დაბრკოლებებზე დაიწყო საუბარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ახალგაზრდა კაცი თქვენი რომანის გმირი არ არის.

 

ჩემი შეყვარებული ხშირად მაკითხავს მანქანით სამუშაოს შემდეგ. ყველა ინტერესით ადევნებს თვალს ჩვენს ურთიერთობას. ერთმა თანამშრომელმა გოგონამ ერთხელ მითხრა: "ეგ შენი ბიჭი აქ ნუ მოგყავს, თორემ წაგართმევ!" მიუხედავად იმისა, რომ ეს ხუმრობის კილოთი იყო ნათქვამი, ჩემზე მაინც ცუდად იმოქმედა. უნდა მეშინოდეს თუ არა?

თქვენი შეყვარებულის გარშემო ალბათ კიდევ ბევრი გოგონა ტრიალებს, ამიტომ თქვენი წინდაუხედავი კოლეგისა სხვებზე მეტად არ უნდა გეშინოდეთ. გარდა ამისა, მამაკაცი ფინია ხომ არ არის, წაგართვან და მისი სურვილის გარეშე სადმე წაიყვანონ? თუ მაინც ღელავთ, გაუზიარეთ თქვენი განცდები შეყვარებულს, ხუმრობით გადაუკარით სიტყვა იმაზე, რომ ის ძალიან სიმპათიური და მომხიბვლელია. ეს კომპლიმენტი მას ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს და მადლიერების ნიშნად შეეცდება, ნერვიულობის საბაბი არ მოგცეთ.