რას და რატომ ფარავს ადამიანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

რას და რატომ ფარავს ადამიანი

რას და რატომ ფარავს ადამიანი
როცა ახლობლის შესახებ რაღაც ვიცით, რაც მისთვის უცნობია, ამ ინფორმაციას ხშირად საიდუმლოდ ვინახავთ, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ასე ჯობს. გვესმის, რომ ამ ამბის გამხელით შეიძლება გული ვატკინოთ მას, დავანგრიოთ აქამდე არსებული ურთიერთობები, ადამიანს შევულახოთ რეპუტაცია...

საზოგადოდ, ასეთი არჩევანის წინაშე ხშირად ვდგებით: გავუმხილოთ ახლობელს სიმართლე და გული ვატკინოთ თუ გავჩუმდეთ და მოვატყუოთ?

და მაინც, დგება მომენტი, როდესაც გადავწყვეტთ, გავამხილოთ საიდუმლო. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს ყველაფერი საკუთარი თავისა და წარსულის შესახებ, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი აწმყო და მომავალი.

სიმართლეს კი სიფრთხილით უნდა
მოვეკიდოთ. როდის და როგორ გავამხილოთ საიდუმლო? ვის ვენდოთ? ყოველთვის სასარგებლოა თუ არა ეს?


საიდუმლოს დამცველის მოტივები


ყოველ ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს თავისი ისტორია, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია, ვისგან და როდის გაიგებს ის სიმართლეს. საიდუმლოს მფლობელი ცოცხალი ადამიანია, თავისი მოტივებითა და ინტერესებით. სწორედ ეს მოტივები და ინტერესები
მოქმედებენ გადაწყვეტილებაზე, როდის გამჟღავნდეს საიდუმლო. ფსიქოთერაპევტი მოგვითხრობს: „ბებიამ 12 წლის ნინოს ასეთი რამ უთხრა: “დედაშენს შენი თავიდან მოშორება უნდოდა, წავიდა ექიმთან, მაგრამ მან უთხრა, ბავშვი უკვე მოძრაობსო და ასე მოევლინე ქვეყანას!“ შვილიშვილს ბებია ზრდიდა, მაგრამ როცა გოგონა წამოიზარდა, დედასთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდა. საიდუმლო ბებიამ ეჭვიანობის გამო გაამჟღავნა: „არ გეგონოს, რომ დედაშენი ასეთი კარგია - მას შენი მოკვლა უნდოდა!“ ნინო 16 წლის რომ ყოფილიყო და მისთვის ეს ამბავი დედას მოეთხრო, სულ სხვა იქნებოდა... ახლა კი საიდუმლოს გამჟღავნება უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე მისი არცოდნა“.

ფსიქოლოგი მოგვითხრობს: „ცოტა ხნის წინ მუშაობა მომიხდა გოგონასთან, რომლის თვალწინ მამა მე-10 სართულიდან გადახტა. როდესაც მამიდა მოვიდა, ჯერ კიდევ შოკში მყოფგოგონას უამბო, რომ მათ ოჯახში ყველა მამაკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე - ბაბუამაც და გოგონას ორმა ბიძამაც. ამ ამბის გაგების შემდეგ გოგონა მძიმედ დაავადდა, მერე თვითონაც სცადა თავის მოკვლა, გაიკეთა რამდენიმე აბორტი იმის შიშით, რომ ბიჭი არ ჰყოლოდა... მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა ფსიქოლოგს. თერაპია ძალიან რთულად მიმდინარეობდა“.

როდესაც საიდუმლოს მფლობელი ემოციურად განიცდის ამ საიდუმლოს ცოდნას, იგი ავტომატურად ითრევს თავის განცდებში მსმენელს და არ აძლევს მას შესაძლებლობას, გააანალიზოს და გააცნობიეროს სიმართლე. ზოგჯერ საიდუმლოს მფლობელი თავს მოვალედ მიიჩნევს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს, რასაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.


თუ საიდუმლო შეიტყვეთ


გააცნობიერეთ, რომ ის, რასაც ახლა განიცდით: შიში, ტკივილი, მწუხარება, სევდა, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, - თქვენ არ გეკუთვნით. ნუ მისცემთ მათ უფლებას, ამოაყირაონ თქვენი წარმოდგენები.

ნუ იჩქარებთ და ნუ აჰყვებით გრძნობებს. სცადეთ დღიურის წარმოება: ის დაგეხმარებათ, მშვიდად შეაფასოთ სიტუაცია და დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოთ.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამშვიდდებით და წონასწორობას აღიდგენთ, ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულება საიდუმლოს მიმართ, გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა მისი გამხელა. „შევიტყვე, რომ მამა დედას ღალატობდა, - გვიამბობს ლიზა, - ერთხელ სტუმრები გვეწვივნენ. მე ისე ვიყავი გამწარებული, რომ პირდაპირ სუფრასთან მივახალე მამას სიმართლე. მერე მივხვდი, რომ უმჯობესი იქნებოდა, მამას დედასთან ცალკე გაერკვია ურთიერთობა. დედა ალბათ შეძლებდა მის პატიებას. მე კი ერთი ხელის მოსმით გავანადგურე ყველაფერი, რაც მათ აკავშირებდა“.

ადამიანმა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ფარდა ახადოს საიდუმლოს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გაითვალისწინოს:

უნდა გააცნობიეროს, რატომ დუმდა ამდენ ხანს და რატომ გადაწყვიტა დუმილის დარღვევა ახლა. გააანალიზოს საკუთარი მოტივები: ეს შეიძლება იყოს წუთიერი გაღიზიანება, საკუთარი თავის სიბრალული, რომ დუმილით „დაიღალა“...

საიდუმლოს გამჟღავნებისას უნდა ვიმოქმედოთ არა ვინმეს ან რამის წინააღმდეგ, არამედ ვინმეს ან რამის სასიკეთოდ. არ არის აუცილებელი თავყრილობის მოწყობა - უნდა ესაუბროთ მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც უშუალოდ ეხება საიდუმლო: ის თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს.

ინფორმაციაზე რეაქცია სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მწუხარებითა და ტკივილით დაწყებული, მოულოდნელი გულგრილობით დამთავრებული.

ჩვენ ბევრ რამეს ვუმალავთ ბავშვებს, გვინდა, ავარიდოთ უსიამოვნებები... მაგალითად, მამა ნარკოტიკებს იღებს; ბევრს მიაჩნია, რომ ასეთი რამის ცოდნამ ბავშვისთვის შეიძლება ცუდი მაგალითის როლი შეასრულოს. ყველას შეიძლება მოეცაროს ხელი, მოუვიდეს შეცდომა. ბავშვებს ეს კარგად ესმით. ყველაზე დიდი შეცდომა კი დუმილია. თუ ბავშვს სიმართლეს ვეტყვით და ავუხსნით, რატომ მოხდა ეს, მას საშუალება მიეცემა, თავი აარიდოს მსგავს შეცდომას.

ერთ-ერთი ოჯახის ფსიქოთერაპევტი მოგვითხრობს: „გიორგისა და ანას მშობლები შვიდი წელია განქორწინდნენ. ბავშვებმა ამის შესახებ არაფერი იციან. მათ ეუბნებიან, რომ მამა ხშირად მიემგზავრება მივლინებებში. გარკვეული ხნის შემდეგ ბავშვებმა მოუკლეს სწავლას, უხეშად იქცევიან. ისინი გრძნობენ, რომ ოჯახში რაღაც ხდება და რაკი პასუხს ვერ იღებენ, ცდილობენ თავიანთი ქცევით განმუხტონ სიტუაცია. მაგრამ მშობლებს არ სურთ აღიარონ, რომ მათი მრავალწლიანი საიდუმლო შეცდომაა და მიაჩნიათ, რომ მღელვარებისთვის საბაბი არ არსებობს. როგორც ფრანგული ფსიქოანალიზის კლასიკოსი ფრანსუაზ დოლტო ამბობდა, მხოლოდ ბავშვება და ძაღლებმა იციან ოჯახის შესახებ ყველაფერი. თუ მშობლები რამეს ბოლომდე არ ამბობენ, ბავშვები „დუმილის შეთქმულების“ მონაწილენი ხდებიან. მათ ხშირად უვითარდებათ სომატური დარღვევები ან, უფრო უარესი, თავს დამნაშავედ გრძნობენ იმაში, რაც მათ მშობლებს აწუხებთ. საიდუმლოს გამჟღავნება ბავშვებს დანაშაულის განცდისაგან ათავისუფლებს.


რას გრძნობენ ისინი


რა არ ეხებათ ბავშვებს?

„ბავშვს აქვს უფლება იცოდეს ყველაფერი, რაც მას ეხება“, - ამბობს ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი კლოდ ალმოსი, - ის, რომ მას ჰყავს ნახევარდები და ნახევარძმები, ის, რომ ნაშვილებია, ოჯახის წევრის ავადმყოფობის ან გარდაცვალების ამბავი - ანუ ყველაფერი, რაც მის წარმომავლობას ან მომავალს უკავშირდება“.

ბავშვს დიდხანს უმალავდით სიმართლეს? - მისი გამჟღავნება არასოდეს არის გვიან. აღიარეთ, რომ არ იყავით მართალი, უპასუხეთ მის კითხვებს, დაეხმარეთ, სწორი დამოკიდებულება გამოიმუშაოს იმის მიმართ, რაც ახლა შეიტყო. შეიძლება მიმართოთ ფსიქოთერაპევტსაც. ცხადია, არ არის საჭირო, ბავშვებს აბსოლუტურად ყველაფერი გავუმხილოთ. მაგალითად, მშობლების პირადი ცხოვრების დეტალები, უფროსების ურთიერთობა. ასეთი საიდუმლო გარკვეული თვალსაზრისით სასარგებლოც კია ბავშვების განვითარებისთვის.


როდის ვუამბოთ?

ბავშვისთვის საიდუმლოს გამჟღავნება იმ მომენტში ჯობს, როცა ის ამით დაინტერესდება. თუმცა, არ არის აუცილებელი, ყველაფერი იმთავითვე დაწვრილებით ვუამბოთ. მაგალითად, კითხვაზე: „სად არის მამა?“ შეიძლება გულწრფელად ვუპასუხოთ: „ის სხვაგან ცხოვრობს“. გარკვეული ხნის შემდეგ დააზუსტეთ: „ისე მოხდა, რომ ჩვენ წავიჩხუბეთ, ის სხვაგან ცხოვრობს და ჩვენ მასთან არ მივდივართ“. მაგრამ როცა ერთ-ერთ მშობელს რომანი აქვს სხვასთან, ბავშვისთვის ამის გამხელა არასწორია. ამით მას თავს მოვახვევთ უფროსების პრობლემებს და დავაყენებთ მძიმე არჩევანის წინაშე: ვისი მხარე დაიკავოს? განურჩევლად იმისა, ეხება თუ არა ბავშვს საიდუმლო, უნდა ავუხსნათ მას ჩვენი ემოციები. შეიძლება ვუთხრათ ასე: „დიახ, ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ისინი შენ არ გეხება, ჩვენ მათ თავად მოვაგვარებთ“. როცა ბავშვები გრძნობენ, რომ მშობლებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ თავიანთ პრობლემებს, თითქოს შვებას გრძნობენ და იხსნიან ამ ტვირთს. როცა ბავშვს საიდუმლოს უმჟღავნებთ, ეცადეთ, ესაუბროთ მისი ასაკის, მისი აზროვნების შესატყვისად, უბრალო სიტყვებით, ნუ ჩაუღრმავდებით დეტალებს. მაგალითად, თუ ბავშვი ნაშვილებია, საჭიროა რაც შეიძლება ადრე გაუმხილოთ მას ეს, ამასთან, უთხრათ, რომ ის სასურველი, ნანატრი შვილია, დეტალების ახსნა კი შეიძლება გადადოთ იმ დროისთვის, როცა ის ამის თაობაზე თავად მოითხოვს ახსნა-განმარტებებს.

საიდუმლოზე ყველა თავისებურად რეაგირებს. იმაზე, როგორ შეიტყობს ადამიანი აქამდე დაფარულ ინფორმაციას, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მისი პიროვნული მდგომარეობა. ფსიქოლოგებისთვის ცნობილია უამრავი შემთხვევა, როცა ბავშვები ან მოზარდები შემთხვევით პოულობდნენ ძველ დოკუმენტებს და მათთვის ცნობილი ხდებოდა ის, რის შესახებაც ოჯახში არ საუბრობდნენ. „გოგონამ შემთხვევით იპოვა მოწმობა გენეტიკური ექსპერტიზის შესახებ: ოდესღაც მამამისს ეჭვი ეპარებოდა, რომ გოგონა ნამდვილად მისი შვილი იყო. ექსპერტიზამ დადებითი პასუხი გასცა, თუმცა მშობლები მაინც დასცილდნენ ერთმანეთს. გოგონასთვის ამის გაგება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. როდესაც მას 18 წელი შეუსრულდა, შეატყობინეს, რომ მამა სიკვდილის პირას იყო, მაგრამ გოგონამ იგი არ ინახულა. ოდესღაც მამამ უარი თქვა მასზე - მან იმავეთი უპასუხა. მოგვიანებით კი ძალიან ინანა ეს“.

საიდუმლოს გაგება ყოველთვის არასასიამოვნო როდია; ადამიანს, რომელიც უფრო მეტს იგებს თავისი ოჯახის შესახებ, ეუფლება გაოცებაც, სიამაყეც, მერე კი უჩნდება უამრავი კითხვა. წინაპრები მისთვის უკვე აღარ არიან მხოლოდ ძველ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი სახეები - ისინი ცოცხალ ადამიანებად იქცევიან: ცოცხლდება კავშირი თაობებს შორის, და ჩნდება სურვილი ოჯახური ისტორიის შესწავლისა, არა მხოლოდ იმისთვის, რომ რაიმე გამოასწორო, არამედ იმისთვისაც, რომ უკეთ გაუგო საკუთარ თავს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის
ფასი: 29.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დამამშვიდებელი საშუალება
ფასი: 28.9
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
დედებს და მამებს შეიძლება მშობლებთან რთული ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ბებიებისა და ბაბუების შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე.
სტრესი სამსახურში XXI საუკუნის ნამდვილი ეპიდემიაა. საოფისე ტიპის სამსახურების თანამშრომელთა მესამედზე მეტი პერმანენტულ
პირველ ხანებში ერთად ცხოვრება ბედნიერებას გვანიჭებს.
ზაფხულის დასაწყისი ბევრი ადამიანისათვის გამოცდების ციებ-ცხელებას უკავშირდება.
სო­ფელ აღა­ი­ან­ში 16 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად დედა იყო, სა­კუ­თა­რი 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლი გახ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან
სასიყვარულო სამკუთხედების უნივერსალური „თეორემა“, რომელიც ცხოვრების ყველა შემთხვევას მიესადაგება, არ არსებობს.
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად