აღსანიშნავია ის, რომ კიტრი სტრუქტურირებულ წყალს შეიცავს. მისი სამკურნალო თვისებები ტუტე
სამკურნალო თვისებები
სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი – ეს არის არასრული ჩამონათვალი კიტრის სამკურნალო თვისებებისა. კიტრში შემავალი პექტინები აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, აფერხებენ ლპობით პროცესებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. თურმე, კიტრით სისტემატურად კვება აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კანს ტონუსსა და ელასტიკურობას უნარჩუნებს. კიტრის წყალობით ორგანიზმში ქვეითდება ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნა, ამიტომაც ამ მცენარის ნაყოფს, როგორც დიეტურ პროდუქტს, სიმსუქნით დაავადებულთა კვებით რაციონში განსაკუთრებული ადგილი აქვს. „კიტრით განტვირთვის“ დღეები კი სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის. „კიტრის დღეები“ არა მხოლოდ სამკურნალო, პროფილაქტიკის მიზნითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისათვის დღეში 2კგ კიტრი მცირეოდენ მარილთან ერთად 5 მიღებაზე უნდა გადაანაწილოთ.
გასტრიტისა (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავების დროს, ასევე რემისიისას (ძირითად სიმპტომთა შენელება-შესუსტებისას), რეკომენდებულია კიტრის თაფლნარევი წვენის მიღება (1 სადილის კოვზი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, შეგიძლიათ ერთი კიტრი მიირთვათ თაფლის მიყოლებით).
კიტრი კოსმეტოლოგიაში
კიტრს უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტოლოგიაში. კანის გასაგრილებლად და ნაოჭების გასასწორებლად კიტრის თხელი ანათალები 10-12 წუთით კანის შესაბამის უბნებზე უნდა დაიწყოთ.
კიტრის ექსტრაქტზე დამზადებული ლოსიონები კანის გამწმენდი საუკეთესო საშუალებაა. კიტრის ახალგამოწურული წვენი კანს ათეთრებს და არბილებს. მის ხშირად გამოყენებას განსაკუთრებით მათ ურჩევენ, ვისაც ცხიმიანი, ფოროვანი და მოყვითალო ელფერის კანი აქვს.
- სახის გასაწმენდი სითხე თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ. კიტრი წვრილად გახეხეთ, დოლბანდში გაწურეთ, წვენი კიდევ გაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში და მიღებულ მოცულობაზე ორჯერ მეტი სპირტი დაასხით, ნარევი ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში შეინახეთ. გამოყენების წინ სახის გაწმენდისათვის საჭირო ოდენობის ლოსიონი წყლით გააზავეთ (პროპორციით 1:2);
- თუ ოცნებობთ, ახალგაზრდობა დიდხანს შეინარჩუნოთ, ძლიერ გამოგადგებათ ლოსიონი, რომელიც გახეხილი კიტრისა და ყვავილის ფურცლებისაგან მზადდება. აიღეთ 5 საშუალო ზომის კიტრი, წვრილათ გახეხეთ, დაუმატეთ 5 ვარდისა და 2 თეთრი შროშანის გვირგვინის ფურცლები, დაასხით 1/2 ლიტრი არაყი და 3 კვირით დატოვეთ. შემდეგ გადაწურეთ და სახის გასაწმენდად გამოიყენეთ, ოღონდ მოხმარების წინ აუცილებლად გააზავეთ – 1/2 ჭიქა ნაყენს დაუმატეთ ამდენივე ანადუღარი თბილი წყალი, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და ლიმონის წვენი. ამ ლოსიონით კანის გაწმენდის შემდეგ ცხიმიანი კრემი შეიზილეთ. თუ ამ პროცედურას სისტემატურად ჩაიტარებთ, სახის კანი საოცრად მომხიბლავი გაგიხდებათ და რაც მთავარია, ნაოჭებიც გაგიქრებათ.
საინტერესო ფაქტები
თურმე კიტრის რეკორდები გინესის წიგნშია შეტანილი. ყველაზე გრძელი კიტრი – 1,83 მეტრი სიგრძის – უნგრეთშია გაზრდილი და კულტურის ჩინურ სახესხვაობას მიეკუთვნება. სათბურის პირობებში 6 კგ-მდე წონის კიტრია გამოყვანილი, ბუნებრივ პირობებში კი – 3,7 კგ წონის ნაყოფია გაზრდილი.