სათითურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სათითურა

შეუძლებელია, გულგრილი დავრჩეთ მისი უცნაური, ზანზალაკისმაგვარი კუნწულების მიმართ. სწორედ ასეთი ფორმის ყვავილების გამო ეწოდა მცენარეს სათითურა. სათითურას სამშობლო ევროპა და თურქეთია. ამ ქვეყნებში ის ტყეებში, მდინარის ნაპირებზე, გზებთან და ქვიან ადგილებშიც კი გვხვდება. სათითურა შეიძლება ერთ, ორ ან მრავალწლიანი მცენარე იყოს. წლის უმეტეს ხანს სათითურა მოკრძალებულად გამოიყურება. მისი მსხვილი, მოგრძო, მკვრივი და შეხებით ბუსუსოვანი ფოთლები მიწასთან ახლოს არის განლაგებული და შესაძლოა, ვერც კი შევამჩნიოთ. ზაფხული კი სათითურას მეტამორფოზის პერიოდია. ის სრულიად გარდაიქმნება: უჩნდება ერთი ან რამდენიმე გრძელი ღერო, რომელთა ბოლოზეც საოცრად ეფექტური ყვავილედი იწონებს თავს. აყვავებული სათითურა სიმაღლით ორ მეტრს აღწევს. ყვავილედი სხვადასხვაფერია - თეთრი, ვარდისფერი, მოვარდისფრო-იისფერი, მოყვითალო და მოწითალო-ყავისფერი. ყვავილობის დამთავრებისას ღეროს მიწასთან ახლოს ჭრიან, რის შემდეგაც ზაფხულის დასრულებამდე შესაძლოა მცენარემ კიდევ ორი, ოღონდ უფრო დაბალი ღერო ამოიტანოს.

 

მინიმალური მოთხოვნები

როგორც აღვნიშნეთ, სათითურა არ არის მომთხოვნი მცენარე. ის ყინვაგამძლეა, იზრდება ნებისმიერი შემადგენლობისა და მჟავიანობის ნიადაგებზე, კარგად ეგუება კაშკაშა სინათლესაც და ჩრდილსაც, არც სიცხეში და წყლის დეფიციტის პირობებში იღუპება ადვილად. თუმცა სათითურასათვის იდეალური მაინც ტენიანი გარემო, ნახევრადჩრდილი და ჰუმუსით მდიდარი მჟავა რეაქციის მქონე ნიადაგია. სწორედ ასეთ პირობებში გამოიყურება მცენარე ძალიან კარგად. სათითურას მოვლაც თითქმის არ სჭირდება. ერთადერთი, რაც მისთვის აუცილებელია, არის გაზაფხულზე გამხმარი ფოთლების მოჭრა და ყვავილობის დასრულებისას ღეროს გადაჭრა.

 

გამრავლება

სათითურა თესლით მრავლდება. მას მცენარე საკმაოდ დიდი რაოდენობით წარმოქმნის - ყოველი ყვავილი 2 მილიონამდე თესლს გვაძლევს. ყველაზე ხარისხიანი თესლი დაბლა განლაგებულ ყვავილებშია. ყვავილობის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ თესლი შეიძლება მოვაგროვოთ, გვიან შემოდგომაზე კი ჩავთესოთ მიწიან პატარა ყუთში ან პირდაპირ გრუნტში. ამ შემთხვევაში მცენარე მომდევნო წელს იყვავილებს. ჯიშის სიწმინდის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია, ერთმანეთის ახლოს ერთი ჯიშის მცენარეები იყოს დარგული. რასაკვირველია, თუ ბაღის ფართობი ამის საშუალებას გაძლევთ.

 

ბაღის სამკაული

სათითურა ადვილი შესამჩნევია სხვა მცენარეებს შორის, რის გამოც მას რგავენ შუა ან უკანა რიგებში, კედლებთან ან ხეების ქვეშ. ყვავილმა შეიძლება გაგვილამაზოს ბაღის ჩრდილიანი ადგილები, განსაკუთრებით - მშრალი ჩრდილის არე. სათითურასათვის იდეალური მეზობლები არიან ნახევრად ჩრდილის მოყვარული ბუჩქები და ხეები. აყვავებული სათითურა სხვა მცენარეთა შორის საოცრად მომხიბლავი სანახავია.

 

თქმულებები მოგვითხრობენ

მომხიბლავი სათითურა საკმაოდ პოპულარულია ევროპულ ფოლკლორში. მისი ერთ-ერთი ძველი ინგლისური სახელწოდება `ფერიის ხელთათმანს~ ნიშნავს. თქმულებების თანახმად, ფერიები სწორედ იმ ადგილებს აფარებდნენ თავს, სადაც სათითურა ხარობდა. თანამედროვე ინგლისური სახელწოდება კი სხვა ლეგენდასთანაა დაკავშირებული: ბოროტმა ჯადოქრებმა სათითურას ყვავილები მელას მისცეს, რათა მას მისი ყვავილები თათებზე წამოეცვა და შეუმჩნევლად და უხმაუროდ მიჰპარვოდა მსხვერპლს. ლეგენდის თანახმად, სათითურას ყვავილებზე არსებული მომხიბლავი ლაქებიც ფერიების ნახელავია - მათ ასე მოუნიშნავთ ყვავილი, რომლის სილამაზე სასიკვდილო შხამს მალავდა. სათითურა ძველთაგანვე გამოიყენება ყოფა-ცხოვრებასა და მედიცინაში. ამჟამად მისგან საგულე გლიკოზიდებს ამზადებენ. ეს პრეპარატები გულის მუშაობის სტიმულატორებია და გულის უკმარისობის დროს გამოიყენება. ფარმაცევტული წარმოებისათვის სათითურას ფოთლებს ყვავილობის დასასრულს აგროვებენ. ამ დროს მასში არსებული სამკურნალო  ნივთიერებები განსაკუთრებით აქტიურია. მედიკოსებმა კარგად იციან, რომ სათითურას პრეპარატებს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში ინტოქსიკაციის გამოწვევა შეუძლიათ. ინტოქსიკაციის რისკი დიდია მაშინაც, როცა  სათითურას პრეპარატებს სამკურნალოდ იღებენ. ამ მოვლენას ექიმები გლიკოზიდურ ინტოქსიკაციას უწოდებენ. აი, ამიტომ არის საშიში სათითურას პრეპარატების მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის გარეშე. სათითურას დიდ დოზას ჯანმრთელი ადამიანის მოკვლაც კი შეუძლია, ამიტომ თუ თქვენს ბაღში პატარა ბავშვი თამაშობს, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მას არასოდეს გაუჩნდება ამ ლამაზი მცენარისთვის გემოს გასინჯვის სურვილი.