სამკურნალო მცენარეები

ფეიხოა

ფეიხოა
ფეიხოას გემო მაყვლის, ანანასისა და მოცხარის ერთგვარი ნარევია. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, უწინარესად – ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამინს), ასევე – ორგანულ მჟავებს, პექტინს და სხვ. მის შემადგენლობაში შედის კატექინები და ლეიკოანტოციანებიც – ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას.

P ვიტამინისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის წყალობით ფეიხოა ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ვაშლის მჟავას შემცველობის წყალობით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აცხრობს წყურვილს, ხოლო პექტინებს ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს.

გარდა ამისა, რაციონში ფეიხოას ჩართვა სასარგებლოა პიელონეფრიტის
დროს. თუმცა მისი მთავარი ღირსებაა იოდის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი ნაერთების მაღალი შემცველობა: 100 გრამი 3 მგ იოდს შეიცავს. ეს ელემენტი ასეთი რაოდენობით არც ერთ სხვა მცენარეულ თუ ცხოველურ პროდუქტში არ არის, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის პროფილაქტიკისთვის ფეიხოა აუცილებლად უნდა შევიტანოთ რაციონში. გირჩევთ, საზამთროდ მოიმარაგოთ ფეიხოას
კომპოტი ან ცოცხლად შეინახოთ იგი.


ცოცხალი ფეიხოა ზამთრისთვის

მწიფე ფეიხოა გარეცხეთ, თავი და ბოლო მოაჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ შაქარი თანაფარდობით 1:1-ზე, გადაიღეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში ან სარდაფში.


კომპოტი

500 გრამი ფეიხოა გარეცხეთ, 3-5 წუთით ჩაყარეთ მდუღარე წყალში, შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ და ქილებში გაანაწილეთ. დაასხით წინასწარ მომზადებული სიროფი (300 გ შაქარი 2 ლ წყალზე) და გაასტერილეთ. სიტკბო თუ არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ შაქარი მეტი ან ნაკლები გამოიყენოთ.


გემრიელი ჩაროზი - ფეიხოასა და ატმის მარმელადი

საჭიროა:

  • 250 გ ფეიხოა და ამდენივე კურკაგამოცლილი ყვითელი ატამი;
  • 500 გ შაქარი;
  • 1/2 პაკეტი ჟელატინი.

ატამი თხლად დაჭერით სიგრძეზე, მოაყარეთ 250 გ შაქარი და ჟელატინი, დატოვეთ მთელი ღამით. დილით შედგით ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით, გზადაგზა დაუმატეთ გათლილი, თხლად დაჭრილი ფეიხოა და დარჩენილი შაქარი. ხარშეთ 2 წუთი.