სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

  • ლიმონის წვენი ხველებას შეგიმსუბუქებთ

ძალიან სუსტი ბრონქები მაქვს. ოდნავი გაციებაც კი მტანჯველი, ხანგრძლივი ხველებით მირთულდება. ჩემი გასაჭირი თითქმის ყველა ახლობელმა იცის. მეგობარმა მასწავლა შინაური წამალი, რომელმაც ძალიან მარგო:1 ლიმონს დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით ქურიდან, გაცივება აცადეთ, გაჭერით შუაზე და წვენი ჩაის ჭიქაში გამოწურეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სასმელი გლიცერინი და ჭიქა თაფლით შეავსეთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ და ძილის წინ.

  • დილის კოქტეილი

მინდა, ნაბახუსევის წამალი შემოგთავაზოთ. ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება, რომ საშინელებაა... პირადად მე დათრობის მეორე დღეს ძალიან მშველის ეს კოქტეილი:

აიღეთ 1 ჩაის ჭიქა ნატურალური ფორთოხლის წვენი, 1 ცალი ლიმონი და 100 გრამი თაფლი. 5 წუთის განმავლობაში ურიეთ შეიკერით ან მიქსერით. შეგიძლიათ, დაამატოთ 1 ცალი კვერცხის გულიც. ეს კოქტეილი გაღვიძებისთანავე მოიმზადეთ და მაშინვე დალიეთ.

  • ხახვის ფურცლები კოჟრების მოცილებაში დაგეხმარებათ

დარწმუნებული ვარ, კოჟრები ბევრს აწყევლინებს თავბედს. მეც ამ დღეში ვიყავი, ვიდრე მეგობარმა მათი მოშორება არ მასწავლა:

ხახვის ფურცლები ჩაყარეთ გაუმჭვირვალ ჭურჭელში, დაასხით ღვინის ძმარი, მჭიდროდ დაახურეთ სარქველი და 2 კვირას ასე დატოვეთ. შემდეგ ძმარი გადაასხით, ხოლო ხახვის ფურცლები ოდნავ შეაშრეთ და 2-3 მმ-ის სისქეზე დაიწყვეთ კოჟრებზე, მათ გარშემო, კანზე, ვაზელინი წაისვით, შეიხვიეთ და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით ფეხები რამდენიმე წუთით საპნიანი ან სოდიანი წყლის აბაზანაში ჩააწყვეთ (1 სუფრის კოვზი სოდა 3 ლიტრ წყალზე). ამის შემდეგ შეგიძლიათ, კოჟრი ამოიფხიკოთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა შეგიძლიათ 2-3-ჯერ გაიმეოროთ.

  • ქერტლს ალთეს თესლი მოგაცილებთ

თმის ცვენა და ქერტლი მაწუხებს. მინდა, გასწავლოთ რეცეპტი, რომელიც პირადად გამოვცადე და კმაყოფილი დავრჩი:

აიღეთ 1 ჩაის კოვზი ალთეს თესლი, დაუმატეთ 20 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და 1 საათით დადგით წყლის აბაზანაზე. შემდეგ გადაწურეთ და გააცივეთ. შემთბარი ზეთიანი ექსტრაქტი კვირაში 2-3-ჯერ შეიზილეთ თავის კანში. მკურნალობის კურსი 15 პროცედურას მოიცავს. აუცილებლობისას 2-3 კვირის შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.

  • ნივრის კომპრესები ვენების სამკურნალოდ

ბოლო ხანს ძალიან შემაწუხა ქვედა კიდურების ვენებმა. ფეხები განსაკუთრებით ზაფხულობით მისივდებოდა და მიმძიმდებოდა. გამობერილი ვენები გარედანაც დამეტყო. მართალია, უმეტესად სოფელში ვარ და მძიმე სამუშაოს ვასრულებ, მაგრამ ჩემი ვენებდაბერილი ფეხების ყურება მაინც არ მსიამოვნებს. მეგობარმა, რომელიც ჩემს დღეში იყო, მასწავლა შესანიშნავი კომპრესი, რომლის წყალობითაც ვენები ერთ თვეში გამიქრა და უკვე ერთი წელია, აღარც შევუწუხებივარ.

რამდენიმე კბილი ნიორი დანაყეთ ან გახეხეთ. 1 ჩაის კოვზს დაამატეთ 2 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და გამობერილ ვენაზე დაიდეთ. დაიფარეთ პერგამენტი, თბილად შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. კომპრესი იკეთეთ ყოველ საღამოს 1 თვის განმავლობაში. დილით ფეხები დაიბანეთ, შემოიხვიეთ ელასტიკური ბანდი და ჩაიცვით წინდა.

  • სებორეული დერმატიტის დროს სალბის ფოთლები გამოგადგებათ

სალბის სამკურნალო თვისებებს ბევრი იცნობს. მასზე თქვენს ჟურნალშიც არაერთხელ წამიკითხავს. დიდი ხანია მაწუხებს კანის დაავადება, რომელსაც, ექიმების განმარტებით, სებორეული დერმატიტი ჰქვია. მას სალბის ფოთლებით ვმკურნალობ.

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ სალბის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და 3-5 წუთს დატოვეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ ნახევარ საათს დააყენეთ, გადაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. გამოიყენეთ კანის გასაწმენდად და საფენებად.

  • ალოე ანგინისგან გიხსნით

ხშირად ვცივდები და პირველივე დღიდან აუტანელი ყელის ტკივილი მაწუხებს. ექიმმა მითხრა, სუსტი გლანდები გაქვსო და ოპერაცია შემომთავაზა. გამოგიტყდებით, ქირურგის დანის სიკვდილივით მეშინია, ამიტომ ვამჯობინე, შინაური წამლებით მემკურნალა. შინ უამრავი ოთახის მცენარე მაქვს. მათი მოშენებისას, გარდა დეკორატიული ეფექტისა, სამკურნალო თვისებებსაც ვითვალისწინებ, ამიტომ ჩემს ორანჟერეაში განსაკუთრებული ადგილი ალოეს უკავია. ეს წამალიც მისგან მზადდება:

ნახევარლიტრიანი ქილა სანახევროდ შეავსეთ სამი წლის ალოეს დაქუცმაცებული ფოთლით. დააყარეთ იმდენი შაქრის ფხვნილი, რომ ფოთოლს1 სმ-ით ფარავდეს. თავი დოლბანდით მოუკარით და 3 დღე-ღამით დადგით სიბნელეში. შემდეგ ქილა შეავსეთ არყით და კიდევ სამ დღეს გააჩერეთ. ბოლოს გადაწურეთ. ალოე გაწურეთ დოლბანდში და გამონაწური ნაყენს დაუმატეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით გამოჯანმრთელებამდე.

  • ალოეს წვენი ფურუნკულს არჩენს

ეს რამდენიმე წელია, ფურუნკულებმა შემაწუხა. მეზობელმა გაჭრაც მირჩია, მაგრამ გადავრჩი _ დედის თანამშრომელმა მასწავლა, როგორი საფენები უნდა მეხმარა ასეთ დროს.

აიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ალოეს ახალგამოწურული წვენი და შეურიეთ ამდენივე მცენარეული ზეთი (უმჯობესია, ზეითუნის). ამ ნარევში დაასველეთ რამდენიმე ფენა დოლბანდი და მტკივან ადგილას დაიდეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ, ძილის წინ, არანაკლებ 1 კვირის განმავლობაში.

  • როგორ დავიხსნათ თავი გულძმარვისგან

უკვე 10 წელია, ქრონიკული გასტრიტი მაქვს. პერიოდულად ვმკურნალობ, მაგრამ ახალნამკურნალევზეც კი, განსაკუთრებით _ დილაობით, ხშირად მაწუხებს გულძმარვა, რომელსაც ახლობლის რჩევით ასე ვშველი:

ყოველდღე, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე, 2-3 სადილის კოვზ უმი კარტოფილის წვენს ვსვამ და ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც მივირთვა საუზმედ წყალში მოხარშული წიწიბურას უცხიმო ფაფა.

კვირაში სამჯერ მაინც ვსვამ ასისთავას ნაყენს, რომელსაც კუჭიდან აირები გამოაქვს, არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და კარგად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე.

ასევე კარგია ფარსმანდუკი, კრაზანა, პიტნისა და გვირილის ნაყენი. აიღეთ თანაბარი რაოდენობის მცენარეთა ნარევი, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, წამოადუღეთ და გადაწურეთ. ნაყენის ნახევარი დალიეთ სადილის წინ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ნახევარი კი _ სამხრის ან ვახშმის წინ.

  • ერთად მოვათვინიეროთ პროთრომბინი

გენეტიკურად ვარ მიდრეკილი პროთრომბინის მომატებისკენ, რაც განსაკუთრებით სიცხეში მახსენებს თავს. ბოლო ხანს, ყველა სიკეთესთან ერთად, ღვიძლმაც შემომიტია, ამიტომ ქიმიური პრეპარატებისგან თავის შეკავება მირჩიეს და მეც პროთრომბინს ასე ვათვინიერებ:

საღამოს 1 ჩაის ჭიქა ბორჯომში ვასხამ ნახევარი ლიმონის წვენს და დილამდე ვტოვებ, დილით კი უზმოზე, ჭამამდე 15 წუთით ადრე ვსვამ. კურსი 10 დღეს გრძელდება. შემდეგ აუცილებელია სისხლში პროთრომბინის მაჩვენებლის განსაზღვრა. თუ ის კვლავ მაღალი აღმოჩნდა, შესაძლებელია კიდევ ერთი კურსის ჩატარება.

ვისაც კუჭ-ნაწლავი საშუალებას აძლევს, შეუძლია, ასეთი რამ სცადოს: კანიანად გახეხოს ლიმონი და დაუმატოს ორჯერ მეტი ოდენობის შაქარი. მიიღებს ხილფაფის კონსისტენციის მასას, რომელიც უნდა მიიღოს დღეში რამდენჯერმე, თითო ჩაის კოვზი.

ლეღვის მოყვარულთა გასახარად კი მინდა გაუწყოთ, რომ მისი ნაყოფის ჭამა სისხლში პროთრომბინის დასაქვეითებლად საუკეთესო საშუალება ყოფილა.

  • ალერგიის მკურნალობა კვერცხის ნაჭუჭსა და მუმიოს ანდეთ

ანდეთ ალერგიის მკურნალობა კვერცხის ნაჭუჭსა და მუმიოს და მერწმუნეთ, არ ინანებთ. ორივე რეცეპტი არაერთხელ მაქვს ნაცადი საკუთარ თავზე.

აიღეთ 10 ცალი ახალი თეთრი კვერცხის ნაჭუჭი, მოაცალეთ აპკი, 5 წუთით მოათავსეთ მდუღარეში, გააშრეთ და დაფქვით. შემდეგ დაასხით 10 ლიმონის წვენი და 10 დღით დადგით სიბნელეში. გაწურეთ და დაამატეთ 10 კვერცხის გულისა და 10 სუფრის კოვზი შაქრისგან მომზადებული გოგლიმოგლი, მიღებულ ნაზავს დაასხით 1 ბოთლი კონიაკი და კარგად აურიეთ.

უნდა მიიღოთ 30 მლ, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. გამონაყარის გაქრობის შემდეგ ნაყენი კიდევ სამ დღეს მაინც უნდა სვათ, შემდეგ კი შეგიძლიათ 6 თვე შეისვენოთ. საჭიროების შემთხვევაში კურსის განმეორება მანამდეც შეიძლება.

ნაყენისთვის, აუცილებელია, ნამდვილი მუმიე შეარჩიოთ. გახსოვდეთ: ნამდვილი მუმიეო წყალში ნალექის გარეშე იხსნება.

მუმიოს მიღება სხვაგვარადაც შეიძლება: 1 გრამი უნდა გახსნათ 1 ლიტრ თბილ წყალში და დალიოთ დღეში ერთხელ, დილით. აუცილებლად უნდა მიაყოლოთ თბილი რძე.

მუმიოს მიღებისას გაითვალისწინეთ დასაშვები დოზები: 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 50 მლ, 4-დან 7 წლამდე - 10 მლ, 8 წელზე უფროსებისთვის - 100 მლ.

მკურნალობის კურსი 20 დღეს გრძელდება.

თუ ალერგია გამწვავებულია, მუმიეს ხსნარი შეგიძლიათ 2-3-ჯერაც მიიღოთ, მაგრამ დასაშვებ დოზას დღის განმავლობაში არამც და არამც არ გადააჭარბოთ.

  • ანემიის სამკურნალოდ

ჯანმრთელობას არასოდეს ვუჩიოდი, ამიტომ გამიკვირდა, როცა ორსულობისას ძლიერი ანემია დამემართა. სამი შვილი მყავს, სამივე არანორმალურად მაღალი ჰემოგლობინით დაიბადა, მე კი მისი მაჩვენებელი 45-50-ზე მაღლა ვერაფრით ავიყვანე.

მთელი სიცოცხლე ანემიის საწინააღმდეგო საშუალებებს ვაგროვებ. მსურს, ჩემი კიდობნიდან ზოგი რამ თქვენც შემოგთავაზოთ:

  1. ყოველ დილა-საღამოს დალიეთ 2-3- სუფრის კოვზი ჭარხლის, სტაფილოსა და ბოლოკის ახალგამოწურული წვენების ნარევი, თანაფარდობით 1:1:1.
  2. ყოველ დილით, უზმოზე, მიირთვით არაჟნით ან ზეთით შეკაზმული 100 გრამი გახეხილი სტაფილო.
  3. 150 გრამ ალოეს ახალ წვენს დაუმატეთ 250 გრამი თაფლი და 350 მლ ღვინო. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

  • შიმშილის დამარცხება არც ისე ძნელია

წონის დაკლების უამრავი საშუალება არსებობს. პირადად მეც სასწაულმოქმედი დიეტების მთელი კრებული მაქვს. დიეტას ყოველთვის დიდი ხალისით ვიწყებ, მაგრამ ბოლომდე მიყვანა მიჭირს. რამდენიმე ხნის წინ შვილმა თანამშრომელი გამაცნო, რომელმაც დიეტების პერიოდში დამხმარე საშუალებების შესახებ მომითხრო. ვფიქრობ, ეს თქვენთვისაც არანაკლებ საინტერესო იქნება.

ნებისმიერი დიეტის დროს კარგი ყოფილა დღეში რამდენიმეჯერ მწვანე ჩაის მიღება. დიეტის დარღვევის მთავარი მიზეზი შიმშილის შეგრძნებაა, რომელიც ასე უნდა დაიოკოთ:

უნდა აიღოთ 50 გრამი სიმინდის ულვაში, დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 1-2 საათს გააჩეროთ და გადაწუროთ. როგორც კი შიმშილი შემოგიტევთ, მაშინვე უნდა დალიოთ 2-3 სადილის კოვზი. ის მადას აქვეითებს და შიმშილს გაცილებით ადვილად ასატანს ხდის. თუ დიეტისთვის დამახასიათებელი ყაბზობა დაგემართათ, აიღეთ 200 გრამი ხორბლის ქატო, დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წუთს და გადაწურეთ. უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

  • ბუასილი რომ არ გაგვირთულდეს

ჩვენებური სამზარეულოს წყალობით ჩვენს მხარეში ოჯახს ვერ ნახავთ, ერთი წევრი მაინც რომ არ უჩიოდეს სწორი ნაწლავის ამა თუ იმ დაავადებას. ყველაზე მეტად ბუასილი გვტანჯავს, ამიტომ რომელიმე ჩვენგანი რამე ახალ რეცეპტს შეიტყობს თუ არა, მაშინვე ყველას უზიარებს. რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა და ადვილად ვიცილებთ თავიდან ბუასილის გართულებებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს უმწარებს სიცოცხლეს.

  • აღეთ 2-3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. დაიდეთ ამ ნაყენის საფენები ჰემოროიდულ კვანძებზე, ვიდრე სულმთლად არ შეგიხორცდებათ.
  • გათლილი კარტოფილისგან გამოჭერით სწორი ნაწლავის სანათურის ფორმის სანთლები და ყოველ საღამოს, ძილის წინ, უკანა ტანში გაიკეთეთ, ოღონდ წინასწარ აუცილებლად გამოირეცხეთ სწორი ნაწლავი ცივი წყლით.
  • დააქუცმაცეთ ფარსმანდუკი, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით სპირტი, დატოვეთ 2 კვირა. მიიღეთ სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას, 30 წვეთი, გაზავებული ცოტაოდენი წყლით, დღეში 3-ჯერ. რამდენიმე დღეში სისხლდენა შეწყდება.
  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას ასევე კარგია ჭინჭარი და ძახველი.
  • ჭინჭრის 2 სუფრის კოვზ მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 1 საათს გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ.
  • 4 ჩაის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და 30 წუთს ადუღეთ, გადაწურეთ და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.