სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

.

  • ჭვავის რქის ნაყენი თირკმელებისთვის სასარგებლოა

დიდი ხანია, მაწუხებს თირკმელები. დამისვეს პიელონეფრიტის დიაგნოზი. რამდენიმეჯერ საავადმყოფოშიც მოვხვდი. კლინიკაში, ცხადია, შეტევებს მიხსნიდნენ, მაგრამ სხვა შედეგი მკურნალობამ ვერ გამოიღო. ბოლოს გადავწყვიტე, მეგობრის ბებიის რჩევა მეღო ყურად და მისი ნასწავლები წამალი გამომეყენებინა.

ჭვავის რქის მიწისზედა ნაწილი კარგად გავრეცხოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავასხათ მდუღარე წყალი და გადავწუროთ. მივიღოთ თბილი, 1/4-1/2 ჩაის ჭიქა, დღეში 3-ჯერ.მალე თავი უკეთ ვიგრძენი, მაგრამ ამ ნაყენს კიდევ რამდენიმე თვეს ვსვამდი და აი, უკვე რამდენი წელია, თირკმელებს აღარ შევუწუხებივარ.

  • ნაძვის გირჩები კენჭებისგან გაგათავისუფლებთ

მრავალ თქვენგანს ეცოდინება, რა საშინელებაა ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვება. რამდენიმე წელია, რაც ნაღველკენჭოვანი დაავადება დამიდგინეს და ოპერაცია შემომთავაზეს. ერთი მხრივ - შიშის, მეორე მხრივ - უსახსრობის გამო ქირურგიულ ჩარევაზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე, ის წამალი მეცადა, მეზობელმა რომ მასწავლა. თქვენ წარმოიდგინეთ, დამავიწყდა კიდეც, ოდესღაც კენჭები რომ მაწუხებდა...

აი ამ წამლის რეცეპტი:

გაზაფხულზე, როდესაც ნაძვის გირჩები ჯერ კიდევ პატარა და მწვანეა, მოკრიფეთ, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს. ადუღეთ 5 წუთს. ნახარში რომ გაცივდება, მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობა არანაკლებ 3 კვირას უნდა გაგრძელდეს.

  • კრაზანა ავადმყოფობის მტერი

დედაჩემმა 85 წლამდე იცოცხლა და დამეფიცება, რომ არც მეხსიერებას, არც ჯანმრთელობას არასოდეს ემდუროდა. რაც თავი მახსოვს, ჩვენს ოჯახში ყოველთვის აგროვებდნენ სამკურნალო მცენარეებს. მათი მოხმარება დედამ ჩინებულად იცოდა. ყველაზე ხშირად კრაზანას ჩაის ამზადებდა. ამ მცენარეს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ბევრი იცნობს. ის აუმჯობესებს მადას, აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ჩაის მომზადების წესი ასეთია:

  1. 1 სუფრის კოვზი გამხმარი კრაზანა მოვათავსოთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დავახუროთ თავსახური და 30 წუთით შევდგათ მდუღარე წყლის აბაზანაზე. შემდეგ გავაცივოთ და გადავწუროთ. მივიღოთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  2. კარგია კრაზანას ზეთიც, რომელიც ხელს უწყობს ნაღვლის დენას. ის ასე მზადდება. ვიღებთ 5 სუფრის კოვზ კრაზანას ნედლ ყვავილსა და ფოთოლს, ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში და ვასხამთ ნახევარ ლიტრ მზესუმზირას ზეთს. 10 დღით ვდგამთ სიბნელეში, შემდეგ გადავწურავთ. ვიღებთ დილაობით, უზმოზე, თითო სუფრის კოვზს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • გვირილა გამონაყარისგან გიხსნით

რამდენიმე წელია, სახეზე გამონაყარი გამიჩნდა. ზოგჯერ ისე მაყრის, რომ შინიდან გასვლა აღარ მინდა. ასე მგონია, ქუჩაში ყველა მე მომჩერებია. დამეთანხმებით, დიდი ვერაფერი სიამოვნებაა.

დედას მეგობარმა ასწავლა სახის გაწმენდის პროცედურა, რომელმაც, მთლად მომარჩინა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ შესამჩნევად გამისუფთავა კანი. იმედი მაქვს, ეს რეცეპტი თქვენც გამოგადგებათ:

1 ჩაის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და შეურიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა რძის შრატი. ამ ნაზავით სახე დღეში რამდენიმეჯერ გაიწმინდეთ.

  • ხაჭო, რძე და თაფლი ცხიმიანი კანისთვის

ცხიმიანი კანი მაქვს. გარდატეხის ასაკში ხომ დამტანჯა, - ახლაც საკმაო უხერხულობას მიქმნის. ჩემი მეგობარი რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა - რაც ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი ნიღაბი მასწავლა, ამოვისუნთქე. ნიღაბი მარტივი გასაკეთებელია, სახის კანს ახალისებს, ასუფთავებს და ელასტიკურს ხდის.

აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ხაჭო, ამდენივე რძე, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 5-7 წვეთი კალენდულას ნაყენი, აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და მთელ სახეზე წაისვით. დაიტოვეთ 15-20 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი მარილწყლით.

  • სტაფილოს ზეთი ხელებს მოგიშუშებთ

დიასახლისს საქმეს რა გამოულევს, კოსმეტიკური პროცედურებისთვის კი ბევრს არც დრო აქვს, არც სახსარი და არც ენერგია. ამიტომ არის, რომ დიასახლისებს ხელები ადრე უბერდებათ და უუხეშდებათ. დაზიანებული ფრჩხილებით ხომ დღეს ვეღარავის გააკვირვებ. მეგობარმა მასწავლა ხელების მოსავლელი შინაური საშუალება, რომელსაც ცოტ-ცოტას ვამზადებ, რათა ყოველ ჯერზე ახალი წავისვა - ის უფრო ეფექტურია.

აიღეთ მომცრო სტაფილო, გახეხეთ წვრილად, ჩაყარეთ მომინანქრებულ ან ფაიფურის ჯამში და დაასხით იმდენი ზეთი, რომ დაიფაროს. მცირე ხანს დააყენეთ და დღეში რამდენიმეჯერ წაისვით ხელებზე.

  • კალენდულას ნაყენი ყელის ტკივილს არჩენს

კალენდულას არაჩვეულებრივი თვისებები აქვს, ამიტომ მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ვცდილობ, მისი სპირტიანი ნაყენი შინ მუდამ მქონდეს, რათა საჭიროებისას დრო არ დავკარგო. ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია ასეთი სავლები:

ვიღებთ 1-2 ჩაის კოვზ კალენდულას ნაყენს, ვაზავებთ თბილი ანადუღარი წყლით და დღეში 3-ჯერ ვივლებთ ყელში.

  • დაფნის ზეთი - დამწვრობის წამალი

დამწვრობის ტკივილი ალბათ ყველას გამოუცდია. მთელი დღე ქურასთან მოფუსფუსე დიასახლისებს ხომ მისი სიმწარე არავისგან ესწავლებათ... მე ძალიან მშველის დაფნის ზეთი, რომელსაც ასე ვამზადებ:

ვიღებ 50 გრამ დაფნის ფოთოლს, ვაქუცმაცებ, ვყრი ქილაში, ვასხამ 200 მლ მზესუმზირას ზეთს, ვახურავ ხუფს და 2 კვირით ვდგამ სიბნელეში. ტკივილსა და წვის შეგრძნებას თვალის დახამხამებაში აცხრობს.

  • ტირიფი, მარწყვი და კრაზანა სისხლძარღვების სამკურნალოდ

მოდის ზაფხული და გაგანიერებული ვენებიც თავს გვახსენებს. ამ პერიოდისთვის ყოველ წელიწადს ვიმარაგებ ნაყენს, რომლის ეფექტითაც ძალიან კმაყოფილი ვარ:

ვიღებთ 4 ჩაის კოვზ ტირიფის ქერქს, 1 ჩაის კოვზ ტყის მარწყვის ფესვს და 2 ჩაის კოვზ კრაზანას. ვასხამთ 1 ლიტრ მდუღარე წყალს, ვახურავთ სარქველს და 5 საათით ვაყენებთ. გადავწურავთ და ვიღებთ ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ. სასურველია, მესამე ულუფა დაძინებამდე 2 საათით ადრე მივიღოთ.

  • ნაძვის კვირტები ჩინებული ამოსახველებელი საშუალებაა

ხშირად ვკითხულობ თქვენს ჟურნალს, განსაკუთრებით - იმ რუბრიკას, სადაც მკითხველთა რეცეპტები იბეჭდება. მინდა, მეც გასწავლოთ ერთი შესანიშნავი საშუალება, რომელიც ათხიერებს ნახველს და აადვილებს მის ამოხველებას.

აიღეთ 3 ჩაის კოვზი ნაძვის კვირტი, 2 ჩაის კოვზი ალთეს ფესვი და 1 ჩაის კოვზი პიტნა. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი და დააყენეთ ნახევარ საათს. სვით დღის განმავლობაში თანაბარ ულუფებად.

  • წითელი ქარის მკურნალობა

რამდენიმე წლის წინათ ავტოკატასტროფაში მოვყევი და ორივე ფეხი მოვიტეხე. ერთ-ერთზე ორი ურთულესი ოპერაცია დამჭირდა. 6 თვე საავადმყოფოში ვიწექი. როცა გამოვეწერე, ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, მაგრამ დადგა გაზაფხული და ნაოპერაციევ ფეხზე ნელ-ნელა მზარდი სიწითლე შევამჩნიე. ყველგან გავიკითხ-გამოვიკითხე, ექიმთანაც ვიყავი. საბოლოოდ წითელი ქარის დიაგნოზი დამისვეს. ანტიბიოტიკოთერაპიის ერთი კურსი ჩავიტარე, სიწითლემ ოდნავ მიკლო, მაგრამ შემდეგ ისევ გამიჩნდა... მას შემდეგ წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მიმწვავდება. რამდენიმეწლიანი გამოცდილების წყალობით ვისწავლე, როგორ ვუწამლო თავს შინაური საშუალებებით.

  1. წითელი ქარის გამწვავებისას კარგია ჭვავისა და კარტოფილის ფქვილი. რომელიმე მათგანი გაწითლებულ ადგილზე დაიყარეთ და ზემოდან კომპრესის ქაღალდი დაიფინეთ, შემდეგ შეიხვიეთ და მთელი დღე დაიტოვეთ. სახვევი ყოველდღე უნდა იცვალოთ. პროცედურა უნდა ჩატარდეს გამთენიისას, მზის ამოსვლამდე 1 საათით ადრე.
  2. კარგია ქაფურის ზეთიც. გაწითლებულ ადგილებზე მასში დასველებული ბამბა დაიდეთ და შეიხვიეთ. პროცედურის გამეორება საჭიროა დღეში 2-ჯერ.
  3. დღეში 3-4-ჯერ წაისვით დინდგელის მალამო.
  4. ტკივილი და ქავილი საგრძნობლად იკლებს, თუ ყოველ 2 საათში ერთხელ მტკივან ადგილებზე ღორის მუცლის ქონს წაისვამთ.

  • გულმავიწყობას ჭინჭარი ებრძვის

ახალგაზრდობიდანვე ვემზადებოდი სკლეროზთან შესახვედრად, ვცდილობდი, ისეთი საკვები მიმეღო, რომ მასთან `პაემანი~ რაც შეიძლება მეტი ხნით გადამედო, მაგრამ დაძაბულმა ცხოვრებამ თავისი კვალი დამატყო, თითქმის ყველგან ქაღალდითა და კალმით დავდივარ. არც ისეთი ასაკოვანი ვარ. ახლავე სკლეროზის საწინააღმდეგო წამლების სმა რომ დავიწყო, სიბერეში რაღა მეშველება-მეთქი, ვიფიქრე, ამიტომ ისევ ფიტოთერაპიული საშუალებები ვამჯობინე და არც მინანია. ძალიან მარგო ჭინჭრის ფოთლების ნაყენმა. აი მისი მომზადებისა და მიღების წესი:

აიღეთ 200 გრამი ჭინჭარი (ყველას მაისში მოკრეფილი სჯობს) და დაასხათ 0,5 ლ არაყი. ჭურჭელს თავი დოლბანდით მოუკარით, პირველ დღე-ღამეს ფანჯარაზე დადგით, მომდევნო 6 დღე კი სიბნელეში მოათავსეთ, შემდეგ გაწურეთ და თავდახურულ მინის ჭურჭელში შეინახეთ. სვით თითო ჩაის კოვზი ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და თითო ჩაის კოვზი - ღამით, ძილის წინ.

მეხსიერების გაუმჯობესებას კურსის დაწყებიდან ორ კვირაში იგრძნობთ, რადგან გაუმჯობესდება გულის მუშაობა, სისხლის მიმოქცევა და მისი შემადგენლობა.

მეხსიერებისთვის კარგია ყოველ დილით, უზმოზე, ცხელი ვაშლისძმარგარეული წყლის (1 ჩაის ჭიქა წყალში 1-2 ჩაის კოვზი ძმარი) ან ლიმონის წვენის მიღება.

  • როცა საკვერცხეებს უჭირს

30 წლისა გავთხოვდი. ქალიშვილობაში არაფერს ვუჩიოდი, გათხოვების შემდეგ კი რა დამემართა, არ ვიცი, თითქოს ერთიანად მოვიშალე, ყველაფერი ამტკივდა. ისე გავიზარდე, წამალი რა იყო, არ ვიცოდი, ოჯახის შექმნის შემდეგ კი თვე არ გავიდოდა, რომელიმე სპეციალისტის კაბინეტის კართან არ ავტუზულიყავი. ბავშვიც არა და არ ამყვა. არადა, ჩემს ასაკში დრო, მოგეხსენებათ, უფრო სწრაფად გარბის... ცოტა ხანს ვაცადე და თავს სასიკეთო რომ ვერაფერი შევატყვე, გინეკოლოგს მივაშურე. აღმოჩნდა, რომ საკვერცხეების ფუნქცია მქონდა დაქვეითებული, რაც ჰორმონულ მოშლილობას იწვევდა და ბავშვიც ამიტომ არ მიჩნდებოდა.

ექიმმა წამლები დამინიშნა, მაგრამ მეორე მისვლისას შევატყვე, რომ შედეგით უკმაყოფილო ჩანდა. შინ დადარდიანებული დავბრუნდი, ქმარსა და დედამთილს ვერაფერი ვუთხარი და გულის გადასაყოლებლად მეგობარს მივაშურე. როცა ჩემი გულისტკივილი შევჩივლე, მითხრა, ეგ არაფერი, ისეთ რამეს გასწავლი, წამლების მოქმედება რომ გააძლიეროსო და საკვერცხეების ფუნქციის მასტიმულირებელი ხალხური საშუალებები მასწავლა.

დასუსტებული საკვერცხეებისთვის ძალიან კარგი ყოფილა გოგრა, ყველაზე სასარგებლო კი თურმე უმი გოგრის წვენია, რომელიც დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქა უნდა მივიღოთ.

ასევე ძალიან კარგია:

  1. ალოეს წვენი - 1 სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე;
  2. ასკილი და შავი მოცხარი - უნდა ავიღოთ მათი თანაბარი რაოდენობის ნაყოფი, 20 გრამ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გემოვნებით დავუმატოთ შაქარი. ძალზე სასიამოვნო დასალევია. უნდა მივიღოთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ;
  3. გვირილის, კრაზანას, ფარსმანდუკისა და ქრისტესისხლას ნარევი - უნდა ავიღოთ ეს მცენარეები თანაბარი რაოდენობით, 1 სუფრის კოვზს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და ვადუღოთ 10 წუთს. დავლიოთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
  4. საკვერცხეების ანთებისას შესანიშნავია გვირილის ყვავილის ნაყენით გამორეცხვა. 1,5 სადილის კოვზ მშრალ ყვავილს უნდა დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. შევფუთოთ, დავდგათ 20 წუთით, გავწუროთ. გამორეცხვები უნდა ჩატარდეს ვაგინალური ოყნით. ნაყენის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36-37 გრადუსს.

  • პარაზიტების გამოსადევნად

გაგონილი მქონდა, რომ ხალხური საშუალებებით ზოგიერთი ჭიის მოცილება შეიძლებოდა, მაგრამ ზუსტი რეცეპტი არ ვიცოდი. როცა ჩემი შვილიშვილი მახვილათი დაავადდა, პარაზიტების მოსაცილებელი ხალხური საშუალებებით განსაკუთრებით დავინტერესდი და რამდენიმე საინტერესო რეცეპტსაც მივაგენი.

  1. მახვილა ჭიის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალება ყოფილა რძიანი ნივრის ოყნა - 1 ჩაის ჭიქა რძეში უნდა ჩააგდოთ 1 თავი გარჩეული ნიორი, დარბილებამდე ხარშოთ, გადაწუროთ, გააცივოთ და ბავშვს ნახევარი ჭიქის ოყნა გაუკეთოთ. მოზრდილებს მთლიანი ულუფა უკეთდება. პროფილაქტიკისთვის შეიძლება ნივრის ოყნა გაიმეოროთ ერთი კვირის შემდეგ.
  2. მახვილა ჭიას ბროწეულის ქერქის დახმარებითაც გამოდევნით: ერთი ბროწეულის ქერქს უნდა დაასხათ 150 მლ მდუღარე წყალი, ნაყენი გაყოთ 3 ულუფად და მიიღოთ მშიერ კუჭზე, 30 წუთის განმავლობაში. 3-4 საათის შემდეგ საჭიროა საფაღარათო საშუალების მიღება, რაც პარაზიტის გამოდევნას გააადვილებს.
  3. შედარებით დიდი პარაზიტების გამოდევნა ასე შეიძლება: უნდა აიღოთ 100 გრამი გოგრის გული, გაატაროთ ხორცსაკეპში და დაუმატოთ 50 გრამი თაფლი. უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი უზმოზე 10-14 დღის განმავლობაში. ბოლო დღეს ნარევს 1 საათის შემდეგ უნდა დააყოლოთ 1 ჩაის ჭიქა თბილი რძე, რომელშიც წინასწარ უნდა მოხარშოთ 1 თავი გარჩეული ნიორი, 30 წუთის შემდეგ კი მიიღოთ ძლიერი საფაღარათო საშუალება, მაგალითად, ინგლისური მარილი. კიდევ 1 საათის შემდეგ კი საჭიროა გვირილის ყვავილის ნაყენის თბილი ოყნა. რეზო სინაურიძე, ქუთაისი

  • ბალზამი მწეველებისთვის

18 წლიდან ვეწეოდი სიგარეტს. ცოტ-ცოტას ვვარჯიშობდი, სასმელს არ ვეტანებოდი და ამგვარად ფორმას ვინარჩუნებდი, მაგრამ წლებს მაინც თავისი მიაქვს... 55 წლისას ქრონიკული ბრონქიტი დამემართა. ექიმებმა მირჩიეს, რაც შეიძლება სწრაფად დამენებებინა თავი სიგარეტისთვის. რა აღარ ვცადე, სპეციალურ წამლებსაც ვიღებდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ერთ დღეს ეზოში შეკრებილ მეზობლებს შევჩივლე ჩემი გასაჭირი და ერთმა 100 წელს მიტანებულმა პაპამ ასეთი წამალი მასწავლა:

  1. ვიღებთ 2 კოვზ შვრიას, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, წამოვადუღებთ, გავაციებთ და კიდევ ერთხელ გავაცხელებთ. ცეცხლიდან ისე გადმოვდგამთ, ადუღებას არ დავაცდით. ამის შემდეგ დავდგამთ 1 საათით და გავწურავთ. ვიღებთ 1/3 ჭიქას დღეში ერთხელ, 3-4 კვირის განმავლობაში.
  2. კარგია ევკალიპტის ფოთლების ნაყენიც: 1 სადილის კოვზ ფოთოლს ვასხამთ 2 ჭიქა მდუღარეს, 1 საათით ვაყენებთ, გავწურავთ, დავუმატებთ 1 სადილის კოვზ თაფლსა და 1 სადილის კოვზ გლიცერინს. ვიღებთ 1/4 ჭიქას დღეში 5-6-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში.
  3. რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ, პირში სასმელი სოდის წყალხსნარი (1 სადილის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე) გამოივლეთ.
  4. ბალზამი მწეველებისთვის: აიღეთ 1 ჩაის კოვზი ჩაი, 0,5 ჩაის კოვზი ვარდკაჭაჭა, 0,5 ჩაის კოვზი ჭინჭარი, 0,5 ჩაის კოვზი პიტნა და 1/4 ჩაის კოვზი კატაბალახა. აურიეთ ერთმანეთში და დახურულ ქილაში შეინახეთ. როცა მოწევა მოგინდებათ, აიღეთ 1 ჩაის კოვზი ეს ნარევი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 8-10 წუთით დააყენეთ.
  5. 1 სადილის კოვზ უმ გახეხილ ჭარხალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი თაფლი და წვრილად დაჭრილი ლიმონი, აურიეთ ერთმანეთში და მიაყოლეთ ჩაის. მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მარილიანის, ხორცისა და შებოლილი პროდუქტების მიღება.