სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ყოველ წელს, წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ვსვამთ მცენარეულ ჩაის, რომელიც აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და წმენდს ღვიძლს.

  • სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ დაქუცმაცებული ან დაფქვილი 20-20 გრამი ბაყაყურასა და ბაბუაწვერას ფესვი, 10-10 გრამი ჭინჭრისა და არყის ხის ფოთოლი. აიღეთ 2 სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი, თავზე დაახურეთ და 10 წუთით დადგით, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3 ფინჯანი, ოღონდ არ დაატკბოთ!

ჩემი ქმარი ასეთ რამეებს სკეპტიკურად უყურებდა, რადგან მიაჩნდა, რომ თუ დაავადებამ ერთხელ დაგრია ხელი, მისგან თავს ვერაფრით დაიხსნი, მაგრამ გული არ დამწყვიტა და ჩაი მაინც დალია, ერთი წლის შემდეგ კი შემაქო, რადგან აშკარად მომჯობინდა.

ნინელი ქარელი, გორი

 

სელის ბალზამი ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია

დაავადებას სჯობს წინ აღუდგე, ვიდრე უმკურნალო - ეს სამყაროსავით ძველი ჭეშმარიტებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, გვიან ვხვდებით, მაგრამ ისიც ხომ უთქვამთ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო... ასე რომ, როცა ჯანმრთელობა საკმაოდ შემერყა, მეც დავადექი ჭეშმარიტების გზას და საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე.

რამდენიმე წელიწადში ხალხურმა მედიცინამ ისე გამიტაცა, იმდენი სასარგებლო რამ შევიტყვე, რომ დღეს ნაცნობ-მეგობრები და ნათესავები უკვე რჩევისთვისაც კი მაკითხავენ. უმეტესად გამაახალგაზრდავებელი და ძალ-ღონის მომგვრელი საშუალებები აინტერესებთ. გწერთ მეტად სასარგებლო ბალზამის რეცეპტს, რომელსაც სწორედ ამგვარი ნიშან-თვისებები ახასიათებს.

  • აიღეთ 50 გრამი სელი, დაასხით 2 ლიტრი წყალი და ხარშეთ ორი საათის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე. რომ გაცივდება, გადაწურეთ და კვლავ წამოადუღეთ. ადუღდება თუ არა, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი როზმარინის ფოთოლი. დაახურეთ თავსახური და ნახევარი საათით დადგით. შემდეგ კიდევ ერთხელ გადაწურეთ. მიიღეთ ყოველდღიურად, დღეში რამდენიმეჯერ, მცირე ულუფებით. ჯამში დღეში 1 ჭიქა უნდა გამოგივიდეთ. 1 კვირის შემდეგ 7 დღით შეისვენეთ, შემდეგ მიღება განაგრძეთ.

სვით ეს ბალზამი მთელი ზამთრის განმავლობაში. დაინახავთ, გაზაფხულისთვის როგორ მომჯობინდებით და მოღონიერდებით. მისი ეფექტი პირადად მეც არაერთხელ გამომიცდია.

პავლე ვარდოსანიძე, ფოთი

 

ნაძვის წიწვების აბაზანა ართრიტს ამარცხებს

მრავალი წელია, ართრიტი გტანჯავს. აფთიაქი წამლებით არის სავსე, მაგრამ მაინც ვერ პოულობ იმ ერთადერთს, რომელიც გიშველის. ჯერ ერთს გამოცდი, მერე - მეორეს, საბოლოოდ კი, გინდა თუ არა, მაინც შინაურ საშუალებებს მიადგები, ასეთი საშუალებები კი უმეტესად სამკურნალო მცენარეებისგან მზადდება. ასეთი წამალი იმით არის მისაღები, რომ მისი ყიდვაც კი არ არის საჭირო, - წახვალ სოფელში და თვითონვე მოაგროვებ.

თავდაპირველად ნაცარქათამასგან მომზადებულ წამალს ვსვამდი: 300 გრამ მცენარეს ვასხამდი 5 ლიტრ მდუღარე წყალს, ვაყოვნებდი 5-6 საათს, გადავწურავდი და ყლუპ-ყლუპად ვიღებდი მთელი დღის განმავლობაში დღეგამოშვებით. მოგვიანებით მეზობლებმა ნაძვის წიწვების აბაზანები მირჩიეს. ისინი კიდევ უფრო ადვილი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რადგან ჩემი სოფელი პირდაპირ წიწვოვანი ტყის პირას არის გაშენებული. მოვაგროვე წიწვები და აბაზანებიც მივიღე. დღემდე მხოლოდ მათი წყალობით მიდგას სული.

  •  აიღეთ 40-50 გრამი წიწვი, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და კვლავ ცეცხლზე შემოდგით, კარგად წამოადუღეთ და შემდეგ შეფუთეთ. აბაზანაში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ ჩაჯდომისას ქვედა კიდურები მთლიანად დაგიფაროთ. რამდენსაც გაუძლებთ, იმდენად ცხელ წყალში ჩაასხით წიწვების ნახარში და ჩაჯექით 20-30 წუთით. აბაზანიდან ამოსვლისთანავე თბილად ჩაიცვით და 1 საათით მაინც ჩაწექით საწოლში. ეს აუცილებელია!

აბაზანა უნდა მიიღოთ ყოველ მესამე დღეს. კურსისთვის 7-10 აბაზანა საკმარისია.

არ არის აუცილებელი, წიწვები მხოლოდ ნაძვისა იყოს, შეგიძლიათ ფიჭვისა და სოჭისაც მოაგროვოთ და ერთმანეთში აურიოთ.

ნიკო ღაღანიძე, ბახმარო

 

შეხვდით  ზამთარს  გაკაჟებული

ხშირად გაგვიგონია, რომ გრიპის ეპიდემიის დროს ზოგიერთ ოჯახში ყველა ხდება ავად, ზოგიერთ ოჯახში კი - მხოლოდ ერთი-ორი კაცი. ეს აშკარა საბუთია იმისა, რომ გაკაჟებულ ორგანიზმს გრიპის ვირუსი ვერაფერს აკლებს.

ხანგრძლივი ძიების შემდეგ, როგორც იქნა, მივაგენი რამდენიმე საშუალებას, რომელიც ზამთრისპირზე ორგანიზმს აკაჟებს. დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მათ რეცეპტებს:

  • ნახევარი ლიმონი კანიანად დაჭერით წვრილად და ნახევარლიტრიან ქილაში ჩაყარეთ, დაამატეთ 2-3 კბილი დანაყილი ნიორი და დაასხით ანადუღარი თბილი წყალი. ქილა 4 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ კი მაცივარში მოათავსეთ. ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1 სადილის კოვზი, არ დაგავიწყდეთ - მიღებამდე ქილას კარგად უნდა ამოურიოთ.
  •  აიღეთ 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული, დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს, შეფუთეთ და დადგით მთელი ღამის განმავლობაში. დილით ნარევი გაფილტრეთ და ჩაისავით დალიეთ. სვით წყლის მაგივრადაც, როცა მოგწყურდებათ. მკურნალობის სრული კურსი 2 თვეა, თუმცა ორკვირიანი შესვენების შემდეგ მისი გამეორება შეგიძლიათ.
  • 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი უნდა დააქუცმაცოთ და კარგად აურიოთ ერთმანეთში. 4 ჩაის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 3-4 საათს გააჩეროთ. შემდეგ ნაყენი უნდა გაფილტროთ, გაყოთ 4 ტოლ ნაწილად და მიიღოთ დღეში 4-ჯერ, თითო მიღებაზე - თითო ულუფა.
  • ძალიან შედეგიანია ნაძვის წიწვებისგან მომზადებული წამალი. აიღეთ 4 ჭიქა წიწვი და დაასხით 3 ჭიქა ანადუღარი გაგრილებული წყალი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი მარილმჟავას ხსნარი (1:20). დააყენეთ სიბნელეში, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ. შეგიძლიათ, ოდნავ დაატკბოთ შაქრით.

რეზო ტყეშელაშვილი, სოფელი ბზვანი

დაფნა გიშველით

ღმერთმა სულ გამარჯვებით გატაროთ, ასეთ სასარგებლო საქმეს რომ ემსახურებით და გაჭირვებულ ხალხს ურჩევთ, რა იღონონ ავადმყოფობის დროს. ძალიან მიხარია, მკითხველთა წერილების გამოქვეყნება რომ დაიწყეთ. გადავწყვიტე, მეც შემოგიერთდეთ.

საშინელ დღეში მქონდა ხელის თითები, ოდნავ სიცივეზეც კი ისე მტკივდებოდა, მოძრაობა მიჭირდა. ხელთათმანებით ვიძინებდი, თითებს ბოლომდე ვერ ვშლიდი. ჩემმა მძახალმა ეს რომ გაიგო, ძალიან უბრალო, მაგრამ უებარი საშუალება მასწავლა:

  • ჭიქაში უნდა ჩააგდოთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და დაასხათ მდუღარე წყალი. როცა შეგრილდება, გადაწუროთ და დალიოთ. მეორე დღეს 2 ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე, მესამე დღეს - 3-ს და ასე ახვიდეთ 10 ფოთლამდე, შემდეგ ასეთივე თანმიმდევრობით ჩამოხვიდეთ 1 ფოთლამდე.

ამ კურსს ვიტარებ 6 თვეში ერთხელ. ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ, სცადეთ, ეგებ თქვენც მოგიხდეთ.

ჯულიეტა ფანცულაია


 

სალბი - კლიმაქსის წამალი

50 წლისას კლიმაქსი დამეწყო და, რაღა დაგიმალოთ, ძალიან შემაწუხა. ალების გამო შინიდან ცხვირს ვერ ვყოფდი - მრცხვენოდა, რადგან როდესაც ყველას სციოდა, მე, აწითლებული და გაოფლიანებული, სიგრილესა და ცივ წყალს ვეძებდი. დღეს კლიმაქსის საწინააღმდეგო უამრავი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ მათი შეძენის საშუალება არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური მეთოდებით მემკურნალა. მივაგენი ერთ მეთოდს, რომელმაც მდგომარეობა შემიმსუბუქა. მინდა, გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო.

  •  1 სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ სალბს.დაასხით ორი ჭიქა ადუღებული წყალი. ადუღეთ 1-2 წუთის განმავლობაში. სვით ჩაისავით ყოველი ჭამის დროს - დილით, შუადღისას და საღამოს. მკურნალობის კურსი 12-15 დღეა. შემდეგ 1-2 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. მიიღეთ წამოხურვების დროსაც.

ნათელა გზირიშვილი

 

თუ ნაღვლის ბუშტმა შეგაწუხათ

კუჭ-ნაწლავის პრობლემა ყოველთვის მქონდა, მაგრამ წვეულების შემდეგ განსაკუთრებით მაწუხებდა გულისრევა და პირღებინება. ვერანაირ საკვებს ვერ ვიტანდი, თუ ან პომიდვრით, ან ბადრიჯნით იყო შეზავებული. წიწაკიანსა და ნივრიანზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

ჩემმა ექიმმა ბალახეული საშუალებები მირჩია. მივიღე და მდგომარეობა შემიმსუბუქდა. მინდა, თქვენც გასწავლოთ ეს რეცეპტები.

  •  აიღეთ 0,5 კგ სტაფილო, ამდენივე ქიშმიში და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ 500 გ თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი.
  • ნაღვლის ბუშტის გამოსარეცხად ერთ სუფრის კოვზ უკვდავას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთს. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთი ჭიქა მთლიანად. დააყოლეთ 100 გ ზეითუნის ზეთი, შემდეგ დაწექით მარჯვენა გვერდზე, დაიდეთ სათბური და ასე დარჩით საათ-ნახევრის განმავლობაში.

ნაირა წიწილაშვილი

 

თავშეუკავებლობის შედეგებს ყოველთვის ვიმკით

ჩემს სისუსტეს გაგიმხელთ: ძალიან მიყვარს ჭამა. მსუქანი არ გახლავართ, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ორგანიზმი ზედმეტ კალორიებს ადვილად წვავს, მაგრამ ამ ჩემმა მავნე გატაცებამ თანდათან გამოიღო საკადრისი ნაყოფი და დამეწყო გულძმარვა. თავიდან რეკლამირებულ წამლებს წავეტანე. ვიფიქრე, რაკი ასეთ რეკლამას უკეთებენ, მართლაც მიშველის-მეთქი, მაგრამ გულძმარვაზე მეტად ჯიბე შემიმსუბუქა. შემდეგ დავიწყე რძისა და პიტნის ნახარშის სმა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ბორჯომს მივეტანე, დღეში ერთ ბოთლს მაინც ვცლიდი. შვება ვიგრძენი, მაგრამ წვის შეგრძნება მაინც არ გამქრობია. არ მოვეშვი და ძიება განვაგრძე. უამრავი საშუალება ვცადე და რამდენიმე თვეში ვიპოვე კიდეც ჩემი მხსნელი. ახლა კი მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. გულით გირჩევთ, ჩაიწეროთ ეს რეცეპტი და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ, დარწმუნებული ვარ, გიშველით.

  • უნდა აურიოთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი კრაზანა, 2 ჩაის კოვზი მრავალძარღვას ფოთოლი და 1/2 ჩაის კოვზი გვირილა. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხათ 1/2 ჩაის ჭიქა ქაფქაფა წყალი, გააჩეროთ 10 წუთს, შემდეგ გაფილტროთ და მიიღოთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი.

ეკა გიგაური

 

 

დასხივებისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ 

დამეთანხმებით, ძლიერი ტრავმაა, როცა შეიტყობ, რომ სიმსივნე გაქვს, მაგრამ ფარ-ხმალის დაყრით და დაავადების ნებაზე მიშვებით პრობლემა არ მოგვარდება. რასაკვირველია, ახლობლების თანადგომა და ექიმების გულისხმიერება ფასდაუდებელია, მაგრამ ავადმყოფი პირველ რიგში თვითონვე უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს, უნდა გამოიყენოს ყოველგვარი საშუალება ამ საშინელი დაავადების დასამარცხებლად. განა არ ყოფილა კიბოსგან განკურნების შემთხვევები? ყოფილა და ძალიან ბევრიც.

ალბათ მიხვდებოდით, რომ მეც ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ. თავის დროზე არ გავუფრთხილდი ჯანმრთელობას და... ახლა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. გეტყვით მხოლოდ ერთს: როცა ექიმმა ქიმიოთერაპია და სხივები დამინიშნა, კატეგორიული უარი ვუთხარი, რადგან გაგონილი მქონდა, რა გვერდით მოვლენებს იწვევდა ასეთი მკურნალობა. ვიფიქრე, გინდ კიბოს მოვუკლავვარ და გინდ მის წამალს-მეთქი... ღვთის ნებით, ბოლოს მაინც დავთანხმდი და არც მინანია - მკურნალობამ არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. იმედი მომეცა, მეტიც - დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ დავამარცხებ ამ დაავადებას.

ახლა კი მინდა, მივმართო მათ, ვინც გართულებების შიშით უარს ამბობს ქიმიოთერაპიასა და სხივებზე. ცნობილია, რომ ასეთი თერაპია სისხლის ცვლილებებს იწვევს, საშინლად აქვეითებს ჰემოგლობინს. საბედნიეროდ, ეს პრობლემა მოუგვარებელი არ არის. ამის საწინააღმდეგო საშუალება მე მეორე ავადმყოფმა მასწავლა.

  •  აიღეთ 100 გ ლუდი, 50 გ არაჟანი, აურიეთ და დილით, უზმოზე, ჭამამდე 1/2 საათით ადრე დალიეთ ოდნავ თბილი. შეიძლება უალკოჰოლო ლუდის გამოყენებაც.
  • აიღეთ წიწიბურა, ოდნავ მოხალეთ (არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბოლომდე მოხალვა), დაფქვით, 3 სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მაწონი და მეორე დილამდე დატოვეთ. დალიეთ უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიირთვით დღეში ერთი ფილა შოკოლადიც.

ეს ორი რეცეპტი ერთმანეთს შეუნაცვლეთ. რასაკვირველია, პარალელურად უნდა შეასრულოთ ექიმის რეკომენდაციები კვებისა და დასვენების თაობაზე.

მეორე ჯგუფის ინვალიდი ნელი კ.

 

ნევროზის დასამარცხებლად

მას შემდეგ, რაც სამსახურიდან დაითხოვეს, ჩემმა ქმარმა ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, აღარც ჭამდა და აღარც სვამდა. აღარ გვკითხულობდა, აღარ გველაპარაკებოდა... აღარ ვიცოდი, რით მეშველა. ბოლოს გადავწყვიტე, ხალხური მეთოდები მეცადა. უამრავი საშუალება გამოვცადე და ბოლოს რამდენიმეზე შევჩერდი. ამ წამლებმა მე - მეუღლე, ბავშვებს კი მამა დაუბრუნა. გთავაზობთ ამ რეცეპტებს.

  • დეპრესიული მდგომარეობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ასთენიისა და ნერვული წარმოშობის სისუსტის დროს სვით შვრიის ღეროების ნახარში: 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვრიის ღეროს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ ჭამის წინ, დღეში სამჯერ.
  • ნერვული სისტემის გამოფიტვისა და უძილობის შემთხვევაში მიიღეთ ნაღველას ნაყენი: 2 სუფრის კოვზი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთს. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

თუ არ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა და გული, არ გტანჯავთ უძილობა, ნევრასთენიისა და დეპრესიის დროს მიიღეთ მანჯურიული არალიის ფესვების ნაყენი, 15-20 წვეთი დღეში ორჯერ.

თამარ ბერიძე, თბილისი