დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

გარდა ამისა, ყოველ საღამოს ვიბანდი ფეხებს, ვისუფთავებდი ფრჩხილებს, როცა საჭირო იყო, ვიჭრიდი, ღამით კი ვისვამდი ლამიზილს. ბოლოს სოკო გაქრა და ახალი ფრჩხილი წამოვიდა. რამდენიმე თვის შემდეგ ფრჩილის კუთხეში კვლავ გაჩნდა რუხი ლაქა - სოკო. წავიკითხე, რომ ფეხსაცმლის დეზინფიცირებაც აუცილებელი იყო. ასეც მოვიქეცი, კიდევ ცოტა ხანს ვიმკურნალე და ყველაფერმა გამიარა.

სისხლჩაქცევების მოსაშუშებლად

ამას წინათ ჩემი შვილი შინ ნაჩხუბარი დაბრუნდა. მთელი ტანი დალურჯებული ჰქონდა. რა მექნა - სოფლად ვცხოვრობთ, სადაც აფთიაქამდე კარგა ძალი მანძილია. უცბად გამახსენდა ხალხური მეთოდი, რომელსაც დედაჩემი იყენებდა, ვსინჯე და საუკეთესო შედეგი მივიღე. მინდა, გამოცდილება თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო.

  • აიღეთ გიორგელას (ქათმისკუჭა) ოთხი ახალამოღებული ფესვი, კარგად გარეცხეთ, ჩაუშვით ერთ ლიტრ ადუღებულ წყალში და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. ღრმა სისხლჩაქცევების დროს სვით თითო ჭიქა 20 წუთში ერთხელ, სანამ არ გათავდება, ხოლო შედარებით ზერელე სისხლჩაქცევების დროს მოიბანეთ ეს ადგილები თბილი წყლით და შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში სამჯერ.

ქრონიკული კოლიტის დასამარცხებლად

მამაჩემს ქრონიკული გასტროდუოდენიტი აქვს, ამიტომ ხშირად უჩივის კუჭის ტკივილს. გამუდმებით მკურნალობს. ერთხელ გადავწყვიტე, ექიმის დანიშნულებასთან ერთად ხალხური მეთოდებიც მეცადა და კმაყოფილი დავრჩი. გამოცდილებას დიდი სიამოვნებით გავუზიარებ თქვენს მკითხველს.

  • კუჭის ქრონიკული დაავადებების - გასტრიტის, წყლულის - დროს, აგრეთვე - მსხვილი ნაწლავის ანთების დროსაც, მთელი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღეთ 8 გრამამდე დინდგელი. უნდა ღეჭოთ დიდხანს. კარგი იქნება, თუ ამას გააკეთებთ უზმოზე.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს კარგია ასეთი ნაკრები:Dსაპონა, ვირისტერფა, ასფურცელა, უკვდავა, გვირილა, წითელი მოცვი, აბზინდა, მოცვი, კატაბალახა. ჩვეულებრივი წესით დააყენეთ და დალიეთ.
  • კუჭის ტკივილის დროს აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი კრაზანა, ჭინჭარი ან კაკლის უღელი, დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • მაღალი მჟავიანობის დროს აიღეთ 2-2 სუფრის კოვზი ბაღის პიტნა, ფარსმანდუკი, კრაზანა, 1/4 სუფრის კოვზი კამის თესლი, ქონდარა ნუში. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 20 წუთით დააყენეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით 2-3 თვის განმავლობაში.
  • დაბალი მჟავიანობის დროს აიღეთAთანაბარი რაოდენობით ბაღის პიტნა, გვირილა, კამის თესლი, კვლიავი, კატაბალახა (ნახევარი წილი), სვია. ჩვეულებრივი წესით დააყენეთ და სვით უზმოზე 2-3 თვის განმავლობაში.

წითელი წიწაკის სიკეთე

გაგიმხელთ ჩემი "საფირმო" წითელი ცხარე წიწაკის ნაყენის საიდუმლოს. ამ ნაყენს მე სხვადასხვა მიზნით ვიყენებ: მადის გასაძლიერებლად, მსუბუქი მოწამვლის დროს, თმის ძირების გასამაგრებლად, სახსრების დასაზელად.

  • მადის მომგვრელი ნაყენის მომზადება ძალიან ადვილია: წვრილად დაჭერით 50 გ ცხარე წიწაკა და დაასხით 0,5 ლიტრი 70%-იანი სამედიცინო სპირტი ან არაყი. 10 დღე გააჩერეთ, პერიოდულად ურიეთ, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 10-20 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე, ძალიან ცოტა წყალთან ერთად.
  • შესაზელი საშუალება ასე მოამზადეთ: აიღეთ 1 ს.კ. დაფქული წიწაკა, შეურიეთ 2 ს.კ. მცენარეულ ზეთს და დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში. გამოიყენეთ სახსრების ტკვილის, ნევრალგიის, რადიკულიტის დროს. ეს ზეთი შეიძლება მიიღოთ შინაგანადაც, თუ ყაბზობა გაწუხებთ - 10-20 წვეთი ჭამამდე.

ტკბილი წიწაკის წვენს კი ჩემი მეუღლე ამზადებს პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად: იღებს ახალგამოწურულ წვენს, ურევს იმავე ოდენობის სტაფილოს წვენს და იწმენდს სახეს. შედეგით თავად ძალიან კმაყოფილია. გაითვალისწინეთ: ნაყენი უკუნაჩვენებია წყლულიანი ავადმყოფებისთვის.


დოპინგი პენსიონერებისთვის

უკვე რამდენიმე წელია, ვსვამ ძალიან სასარგებლო სასმელს, რომელსაც "შავი ბალზამი" ეწოდება. გემოც არაჩვეულებრივი აქვს და თვისებებიც: კლავს წყურვილს, უხდება ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს, საჭმლის მონელებას. მე მას პენსიონერთა დოპინგს ვუწოდებ. მოხარული ვიქნები, თუ რეცეპტი თქვენს მკითხველსაც გამოადგება.

  • შავი ბალზამის შემადგენლობაში შედის: კრაზანა - 3 ჩაის კოვზი, ვირისტერფა - 3 ჩაის კოვზი, თავშავა - 2,5 ჩაის კოვზი, გვირილა - 2 სუფრის კოვზი, პიტნა - 2 ჩაის კოვზი, სიმინდის ულვაში - 1,5 ჩაის კოვზი, კატაბალახა - 1 ჩაის კოვზი, ასკილი - 1,5 ჩაის კოვზი, კუნელი - 1 ჩაის კოვზი. ამას დაამატეთ 9-10 ჩაის კოვზი ფაბრიკული წესით დამზადებული ჩაი. ეს ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ. ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში სასურველი ოდენობით, დაასხით მდუღარე წყალი, 1 ჩაის კოვზზე - 1 ჭიქა, ჩაისავით დააყენეთ და დალიეთ.

ამ ჩაის რამდენიმე წელია ვსვამ მეგობრის რჩევით. მართლაც უკეთესად ვგრნობ თავს; დავმშვიდდი, საჭმლის მონელება მომიწესრიგდა, კუჭსა და ნაწლავებში უსიამოვნო შეგრძნებებს აღარ ვუჩივი. ჩემი გოგონაც, რომელსაც ძალიან დაძაბული სამუშაო აქვს, ამ სასმელს სვამს და აფიაქში არავითარ დამაწყნარებლებს აღარ ყიდულობს.

ბაბუაწვერა ათეროსკლეროზთან ბრძოლას გაგიადვილებთ

ათეროსკლეროზი ერთ-ერთი იმ დაავადებათაგანია, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია, თუმცა არსებობს უამრავი რეცეპტი, რომლებიც ამ დაავადებასთან ბრძოლას გაგიადვილებთ. მეც მაქვს ერთი საიდუმლო რეცეპტი და მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველებს გავანდო.

  • ყოველ წელიწადს მოუთმენლად ველი ბაბუაწვერას სეზონს. საქმე ის არის, რომ ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბაბუაწვერას ახალგამოწურული წვენი. უნდა მიიღოთ მთელი სეზონის განმავლობაში, 50 მლ დღეში 4-ჯერ, აუცილებლად ბრინჯის ახალმომზადებულ ნახარშთან ერთად, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ერთი შეხედვით, მკურნალობა დამღლელია, რადგან ყველაფერი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ: ფესვები და ფოთლები გარეცხოთ, გააშროთ, გამოწუროთ წვენი. ამავე დროს უნდა მოხარშოთ ბრინჯიც და ასე დღეში 4-ჯერ მთელი სეზონი, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ეფექუტური საშუალებაა. მისი წყალობით დაგიბრუნდებათ ნათელი გონება და არაჩვეულებრივი მეხსიერება, ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, განურჩევლად თქვენი ასაკისა.

მარილების დაგროვება ნუღარ შეგაშინებთ

მალე 80 წლისა შევსრულდები, მაგრამ არაფრით არ მინდა, უუნაროთა სიაში ჩავეწერო. ვიდრე შვილები პატარები მყავდა, საკუთარი ჯანმრთელობა არ მანაღვლებდა; როცა წამოიზარდნენ და მეც 50 წელს გადავაბიჯე, დაავადებებმა თავად შემახსენეს თავი. მაშინ დავფიქრდი ჯანმრთელობის ფასზე და საკუთარ თავზე ზრუნვაც დავიწყე. ქვედა კიდურებში მარილების დაგროვების გამო გაჩენილი ტკივილებისთვის თავი რომ დამეღწია, წინდებში ვირისტერფას ახალ ფოთლებს ვიფენდი - ძველ წინდებს ფოთლებით იქამდე ვავსებდი, რომ ტერფი დაეფარათ და ასე დავდიოდი საღამომდე. ძილის წინ ფეხებს ვიბანდი, ტერფებს ნაზად, ისეთი ძალით ვიზელდი, რომ სასიამოვნო ტკივილი მეგრძნო. ყოველ შემოდგომაზე, თითო თვის განმავლობაში, ვსვამ მზესუმზირას ფესვების ნახარშს, რათა ორგანიზმიდან, განსაკუთრებით კი ძვლებიდან, არასასურველი მარილები გამოვაძევო. ამის შემდეგ წელის ტკივილებიც იკლებს, კისერიც ისე აღარ ტკაცუნობს, ქვედა კიდურებს კი თავისუფლად ვხრი. დღეში რამდენჯერმე ფეხებს 20-30 წუთით ვასვენებ და 10 გრადუსით ვწევ მაღლა, რათა ვენებში სისხლი არ შეგუბდეს და ვარიკოზული დაავადება არ გამიჩნდეს. სწორი კვების მნიშვნელობაზე აღარაფერს ვიტყვი - უამისოდ არაფერი გამოვა. რაციონში უნდა ჭარბობდეს ხილი და ბოსტნეული, ხაჭო და რძის სხვა ნაწარმი. ყოველ დილით თვალებს ვიბან ცივი წყლით, რომელშიც ცოტაოდენ სუფრის მარილს ვურევ (ვიღებ ნახევარ ჩაის კოვზს 1 ჭიქა წყალზე).  იქნებ თავი შეგაწყინეთ, მაგრამ როდესაც ჩემი ასაკის ხალხს ვხედავ, სურვილი მიჩნდება, რამით დავეხმარო. რჩევების აშკარად მიცემა უხერხულია, მაგრამ ჩემს ასაკში თავს ამის უფლებაც შეიძლება მისცეს კაცმა.

ღვიძლის გასაწმენდი მცენარეული საშუალება

რამდენიმე ხნის წინ ღვიძლმა შემაწუხა. უნდა გამოგიტყდეთ, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ამას ველოდი კიდეც. არ დამიკლია სმა, სიგარეტი; სამსახურის გადამკიდე, ნორმალურად ჭამასაც ვერ ვახერხებდი და აი, ნაყოფიც მოვიმკე... ჩემმა მეგობარმა, რომელსაც იგივე პრობლემა აწუხებს, ღვიძლის გასაწმენდი საშუალება მასწავლა, რომელიც ასე მზადდება:

  • აიღეთ 3 ჩაის ჭიქა შვრია, გარეცხეთ თბილი წყლით, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი არყის ხის კვირტი და 2 სუფრის კოვზი წითელი მოცვის ფოთოლი. დაასხით 4 ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე-ღამე. შემდეგ ნაყენი შედგით ნელ ცეცხლზე, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ადუღეთ 15 წუთი. ნაყენს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მატიტელა და ამდენივე სიმინდის ულვაში. კიდევ ადუღეთ 15 წუთი. ბოლოს გადმოდგით და 45 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  • ცალკე მოამზადეთ დანაყილი ასკილის ნაყენი. 1 ჩაის ჭიქა ასკილს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 1 დღე-ღამე გააჩერეთ. ორივე ნაყენი გაწურეთ დოლბანდში და ერთმანეთში აურიეთ. უნდა მიიღოთ 3-4 ლიტრი სითხე, ანუ იმდენი, რამდენიც სჭირდება მოზრდილი ადამიანის ღვიძლის გაწმენდას. სვით 10 დღის განმავლობაში - დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 150 მგ. დალევის წინ შეათბეთ წყლის აბაზანაზე. ბოლო ულუფა 19 საათზე გვიან არ მიიღოთ.

ათ წელს გადაცილებული ბავშვებისთვის ერთჯერადი ულუფაა 50 მგ, 5-დან 10 წლამდე - 25 მგ, 5 წლამდე - 1 სუფრის კოვზი. ნაყენი მუქი მინის ბოთლში უნდა ჩაასხათ და მაცივარში შეინახოთ. გაითვალისწინეთ: მომზადებიდან 5 დღის შემდეგ ნაყენის გამოყენება რეკომენდებული არ არის.