სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

mkurnali.ge

  • შეიზილეთ კოჟრებზე ხახვის წვენი. ერთი დღის განმავლობაში 3-ჯერ დაილბეთ კოჟრები თბილ სოდიან წყალში, კარგად გაიმშრალეთ, შემდეგ დაიდეთ გახეხილი ნიორი და შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ 10-15 დღეში ერთხელ. მთელი ღამით დაიდეთ კოჟრებზე გაჭრილი ალოეს ფოთოლი და შეიხვიეთ. დილისთვის ის დარბილდება და ადვილად მოიცილებთ. შეიზილეთ კოჟრებში ბაბუაწვერასა და ქრისტესისხლას წვენი. 6 ლ ცხელ წყალში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი სოდა, ჩაასხით 1 ჭიქა გვირილის ნაყენი და 20-30 წუთით ჩაყავით ფეხები. საკმარისია 6-10 პროცედურა.

პროფილაქტიკა ბალახებით

ყოველ წელს ვიტარებ სამკურნალო ბალახების პროფილაქტიკურ კურსს. გთავაზობთ ერთ რეცეპტს, რომელიც პირადად მე საუკეთესოდ მიმაჩნია:

  • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ასკილის ნაყოფი, ნეგოსა და გულყვითელას ყვავილი, ძირტკბილა, პიტნა და ქრისტესისხლას ბალახი. ძილის წინ აიღეთ 2 სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი და დილამდე დატოვეთ. დილით გაფილტრეთ. სვით პატარ-პატარა ყლუპებით 70-80 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.

ალბათ იკითხავთ: რას მოგვცემს ეს. უპირველეს ყოვლისა, ნაყენი უხდება ღვიძლს. გარდა ამისა, ალაგებს ორგანიზმში არსებულ ანთებით კერებს, მათ შორის - კბილის კისტებს. ისეთებსაც კი, რომელთა არსებობას არც კი ვეჭვობთ. ხშირად მცირე მენჯის ღრუში არსებული ანთებითი კერებიც კი ჩამცხრალა. ასევე, აღადგენს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს. თუ ნაწლავში პატარა პოლიპებია, შესაძლოა, ისინიც გაქრეს.

წითელი მოცხარი და ნიორი იმუნიტეტს გაგიძლიერებთ

ზამთარი ჯერ არც კი დაწყებულა, რომ ათობით, ასობით ადამიანს გრიპი და გაციება აწამებს. მინდა ყველას ვურჩიო ერთი მარტივი ხალხური წამალი, რომელიც იმუნურ სისტემას მოგიძლიერებთ, ხშირი გაციებისგანაც დაგიცავთ და ენერგიით აგავსებთ.

  • ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 0,5 კგ წითელი მოცხარი, 300 გრამი ნიორი და 2 ლიმონი ქერქიანად. ეს ყველაფერი მოათავსეთ მინის ქილაში, დაამატეთ 400 გრამი თაფლი, კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში. რამდენიმე საათი აცადეთ და მზად არის. მიიღეთ 2-2 ჩაის კოვზი ყოველ დილით, უზმოზე, და საღამოს, ვახშმიდან 2 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.

ნარევი ხელს უწყობს ორგანიზმში ნორმალური მჟავატუტოვანი ბალანსის აღდგენას.

  • ნიორი, როგორც ცნობილია, ორგანიზმს ქოლესტერინისა და სხვა სახის ნალექისგან წმენდს. მოცხარი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებსაც, სხვა ხილისა და კენკრისგან განსხვავებით, დამუშავების შემდეგაც საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს.

    თაფლის შესახებ, ვფიქრობ, ლაპარაკიც ზედმეტია - ბავშვმაც კი იცის, რა სასარგებლო პროდუქტია და როგორ აძლიერებს იმუნურ სისტემას, როგორ უადვილებს ინფექციებთან გამკლავებას.

ნარევი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, ოღონდ მათ დღეში 1 ჩაის კოვზიც ეყოფათ, შუადღისას, სადილის შემდეგ.


დღეგრძელობის ელექსირი

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: უკვე 15 წელია, წელიწადში ერთხელ ვიტარებ სიცოცხლის გამახანგრძლივებელ თერაპიას და კმაყოფილი ვარ. რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩენია, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, მაგრამ ელექსირის მიღების შემდეგ თავს ისე კარგად ვგრძნობ, მართლა მგონია, რომ გავახალგაზრდავდი. რეცეპტი მარტივია:

  • აიღეთ 30 გრამი ხმელი ჭინჭარი და დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. გააჩერეთ 10 დღე. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში რამდენიმეჯერ: ჭამამდე 30 წუთით ადრე და ძილის წინ, - ვიდრე არ გათავდება. ეს იქნება სრული კურსი.
  • ხმელი ჭინჭრის ნაყენიც კარგია, მაგრამ მაინც ვცდილობ, ახალშემოსულისგან მოვამზადო: ვიღებ 200 გრამ ქორფა ჭინჭარს და ამდენივე არაყს. ერთ დღეს მზეზე ვტოვებ, მერე კი სიბნელეში ვდგამ. ნაყენი მთელი წლის განმავლობაში მშვენივრად ინარჩუნებს სამკურნალო თვისებებს. ვფიქრობ, მისი ეფექტი ეფუძნება ვიტამინებისა და იმ ნივთიერებების შემცველობას, რომლებიც განსაკუთრებით კარგად წმენდს სისხლს და მთელ ორგანიზმს.

სასურველია, კურსის დაწყებამდე და დაწყებიდან ერთი კვირის თავზე გაიკეთოთ კოაგულოგრამა - ანალიზი სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობის გამოსავლენად. თუ სისხლის შედედების უნარი მომატებული გაქვთ, ნაყენი კვირაზე მეტხანს არ უნდა მიიღოთ. თუ კვირის თავზე ანალიზმა ცვლილებები აჩვენა, 2 კვირა უნდა შეისვენოთ და შემდეგ ერთკვირიანი კურსი გაიმეოროთ.

სიბერე ათეროსკლეროზის გარეშე

ზამთრის დაწყებისთანავე მწვავედ ვრეაგირებდი ამინდის ცვლილებაზე: ხან თავის ტკივილი მტანჯავდა, ხან - წნევის მატება. ექიმმა მითხრა: ათეროსკლეროზის გამო მეტეომგრძნობელობა გაქვთ მომატებულიო. თან დაამატა, საკმაოდ ასაკოვანი ბრძანდებით და ეს თქვენს სისხლძარღვებში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებების ბრალიაო. ასაკოვანი ნამდვილად გახლავართ, - უკვე 70-ს გადავაბიჯე, - მაგრამ გულხელდაკრეფილი ჯდომა მაინც არ მსურდა. მთელი ცხოვრება წამლებს გავურბოდი, მაშინაც კი, როცა მათი თავისუფლად ყიდვის საშუალება მქონდა, საპენსიო ასაკში კი წამლების კიდევ უფრო დიდი მოძულე შევიქმენი. გადავწყვიტე, საშველი მამის ბიბლიოთეკაში მომეძებნა - ის სამედიცინო შინაარსის წიგნებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან აგროვებდა. დიდი ხნის ძიება არ დამჭირვებია - ჩემი ყურადღება ერთ-ერთ წიგნში ჩადებულმა სანიშნემ მიიპყრო. გავშალე და სწორედ ის რეცეპტი აღმოვაჩინე, რომელიც მჭირდებოდა:

  • აიღეთ 1 ლ წითელი მშრალი ღვინო, 0,5 კგ შაქარი, 150 გრამი გახეხილი პირშუშხა და 2 ცალი კანიანად გახეხილი ფორთოხალი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და შედგით მაცივარში.

მიღებული ნახარში უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ, 2 სადილი კოვზი ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. ორიოდე კვირაში შევამჩნიე, რომ წამალი მართლა მომიხდა. გახსოვდეთ: ნახარში უნდა დალიოთ უნალექოდ, ასე რომ, დალევის წინ ნუ შეანჯღრევთ. ყველას ვურჩევ, წელიწადში ერთხელ ათეროსკლეროზის ასეთი პროფილაქტიკა ჩაიტაროს.

ანგინა სამუდამოდ დამავიწყა

მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სიცოცხლე სუფთა ჰაერით ვსუნთქავდი, წვრილ-წვრილ დაავადებებს მაინც ვერ გადავურჩი. წლების განმავლობაში მტანჯავდა ანგინა. ერთ წელიწადს დასასვენებლად ბორჯომში წასვლა გადავწყვიტე, გზაში კვლავ გავცივდი და ანგინაც დამეწყო. დიდი გაჭირვებით ვიშოვე სანატორიუმის საგზური, ამიტომ უკან დაბრუნება არც მიფიქრია. ექიმი იქვე გავიკითხ-გამოვიკითხე. იქაურებმა ერთ 102 წლის ბებოსთან მისვლა მირჩიეს.

  • ბებომ გულდასმით მომისმინა და მითხრა, 10 დღეში მოგარჩენო. მიმატანინა თაფლი, წითელი და მწვანე წიწაკა, 2 თაფლის სანთელი და დაანთო. გასანთლული ქაღალდი, ადრე კომპრესის ქაღალდს რომ ეძახდნენ, ორად გადაკეცა და სანთლის ალზე კიდეები მოუწვა. გააკეთა მისგან პატარა, ძაბრივით ჭურჭელი, ჩაასხა შიგ ნახევარი ჭიქა თაფლი და ჩადო საჩვენებელი თითისოდენა წიწაკა. ასე ეჭირა ნელ ცეცხლზე, ისე, რომ ქაღალდი არ იწვოდა. თაფლი და წიწაკა 3 წუთის განმავლობაში ხარშა, შემდეგ ჭიქაში გადმოასხა, წიწაკა ამოიღო, თაფლი გააცივა და კოვზით დამალევინა.

ამ წამალს მასმევდა დღეში ერთხელ, ნავახშმევს, რადგან ამის შემდეგ არც რამის დალევა და არც ჭამა არ შეიძლებოდა. 3 დღის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი, 10 დღეში კი ანგინა სამუდამოდ გაქრა. მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტა არაფრით შეიძლება - შესაძლოა, მოჩვენებითი გამოჯანმრთელების შემდეგ ანგინამ ძალა მოიკრიბოს და უფრო მეტი ძალით შემოგიტიოთ.


გასტრიტის დროს ბაბუაწვერას ფესვები დაიხმარეთ

რამდენიმე წლის წინ გასტრიტი აღმომაჩნდა. ეს ჩემი ცხოვრების  წესსა და მოუწესრიგებელ კვებას დავაბრალე. წამხდარ საქმეს რაღა ეშველებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, ამიერიდან მაინც მეზრუნა საკუთარ თავზე. ჩემი მეგობარი კარგად იცნობს მცენარეთა სამკურნალო თვისებებს. სწორედ მან მირჩია, ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი მიმეღო. დავუჯერე და მისი მადლიერი დავრჩი.

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი ბაბუაწვერას წვრილად დაჭრილი ფესვები, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 20 წუთი, გადაწურეთ და გააცივეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

გულის გემრიელი წამალი

ეს რეცეპტი ვისაც ვასწავლე, ყველამ არასერიოზულად მიიღო და როგორც დესერტი, ისე გასინჯა, მაგრამ ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:

  • აიღეთ თითო ჩაის ჭიქა ნიგოზი, შავი ქლიავის ჩირი, კურაგა და უკურკო ქიშმიში, 2 ცალი ლიმონი. ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (ჩირი წინასწარ დაალბეთ, ლიმონი კი კანიანად გაატარეთ), შეურიეთ 1 ჭიქა თაფლი, მოათავსეთ მინის ქილაში, თავზე დაახურეთ და მაცივარში შედგით. დილით, უზმოზე, მიიღეთ თითო დესერტის კოვზი, სანამ არ გათავდება. მერე 2-3 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

გრიპის დროს ევკალიპტი გიშველით

გრიპის სეზონისთვის წინასწარ ვამზადებ ნაყენს, რომელიც ძალიან კარგია იმუნიტეტის მოსაძლიერებლად:

  • აიღეთ 20 გრამი ევკალიპტის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 100 გრამი სპირტი, ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და 8 დღით დააყენეთ. მერე გადაწურეთ, კარგად გამოწურეთ ფოთლებიც და გამონაწური ნაყენს დაამატეთ. 25 წვეთი გახსენით 1/4 ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

ყველას სურს, ჯანმრთელი და მიმზიდველი იყოს. ხშირად ჩვენი ჯანმრთელობა და სილამაზე ჩვენსავე ხელთაა, მთავარია, დავიცვათ კვებისა და შრომის სწორი რეჟიმი. გარდა ამისა, მინდა, მკითხველს ვასწავლო სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალების მომზადებისა და მიღების წესი:

  • აიღეთ 5 სუფრის კოვზი შვრია (არა ფანტელები, არამედ ბურღული), დაასხით ამდენივე ცივი, ანადუღარი წყალი და მთელი ღამით გააჩერეთ. დილით დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ნაღები, ამდენივე თაფლი და 5 ლებანი წვრილად დაჭრილი ნიგოზი. მიირთვით. ამგვარად ისაუზმეთ ყოველდღე 1 თვის განმავლობაში.

ფეტვი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

ფეტვი ალბათ ყოველ ოჯახში მოიძებნება, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების გამოყენება. იგი მრავალი დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ. წყალში მოხარშულ ფეტვის ფაფას კარგად გამოაქვს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები და წიდა.

  • თუ დიეტაზე ხართ და გშიათ, აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფეტვი, გარეცხეთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და კოვზით დაჭყლიტეთ. წყალი მიიღებს მოთეთრო-რძისფერ შეფერილობას. ასეთი "რძე" შესანიშნავად აცხრობს შიმშილს და 1 კვირის განმავლობაში 2-3 კილოგრამს დაგაკლებინებთ.

ხერხემლის ოსტეოქონდროზის სამკურნალო აბაზანა

სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების სამკურნალო ერთ-ერთი ძველი ხალხური საშულებაა მცენარეული აბაზანები. ეს აბაზანები ხსნის დაღლილობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აახალგაზრდავებს და ასუფთავებს კანს. სულაც არ არის საჭირო ძვირად ღირებულ კურორტებზე სიარული - ეს გამაჯანსაღებელი კურსი, 10-12 აბაზანა, შინაც შეიძლება ჩაიტაროთ.

  • აიღეთ 300 გრამი გვირილის ყვავილი, დაასხით 5 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და 2 წუთი ადუღეთ. გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. ჩაასხით აბაზანაში (ეს ულუფა 10 ლიტრ წყალზეა გათვლილი). ამ აბაზანას არაჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმის მომხსნელი უნარი აქვს. ოსტეოქონდროზის დროს ის ასუსტებს ზურგის კუნთების დაჭიმულობას და ამცირებს ტკივილს, რასაც ემატება ის განუმეორებელი სურნელი, რასაც კანზე გვირილის ნაყენი ტოვებს.