სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

მეუღლესთან უთანხმოებამ საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო. ახლობლები რას აღარ მთავაზობდნენ, მაგრამ ამაოდ - სპეციალისტთან მისვლასა და მკურნალობაზე ფიქრიც არ მინდოდა. ბოლოს შვილების ხათრით რაღაც დამამშვიდებელი ნარევის სმა დავიწყე. თქვენ წარმოიდგინეთ, ორიოდე კვირაში მხოლოდ დეპრესიას კი არ დავაღწიე თავი, პრობლემისადმი დამოკიდებულებაც შემეცვალა. მომავალზეც კი დავიწყე ფიქრი.

გთავაზობთ ჩემ მიერ ნაცადი წამლის რეცეპტს. მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება.

  • წამლის მოსამზადებლად საჭიროა ერთი კვერცხი და ორი ლიმონი. საღამოს კარგად გარეცხეთ ახალი კვერცხი, ორი მოზრდილი ლიმონი კარგად გამოწურეთ და გამონაწური კვერცხს დაასხით (კვერცხი მთლიანად უნდა დაიფაროს). ასე დატოვეთ დილამდე. დილით კვერცხი ამოიღეთ, დარჩენილ სითხეს კარგად მოურიეთ და უზმოზე დალიეთ.

ნაყენის თეთრი ლაქები ნუ შეგაშინებთ, ლიმონის წვენს მონაცრისფრო ფერი უნდა დაჰკრავდეს. წვენიდან ამოღებული კვერცხი შეგიძლიათ ჩვეულებრივ გამოიყენოთ კერძის მოსამზადებლად. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 კვირაა.

კანის გაწმენდა თავადაც შეგიძლიათ

პრობლემური კანი მაქვს. რაც მოწიფულ ასაკს მივაღწიე, მას შემდეგ სულ მის მოვლაში ვარ. რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ სუფთა და გლუვი პირისკანი ოცნებად მრჩებოდა. ერთ ზაფხულს თანაკურსელმა სოფელში დამპატიჟა. მის მეზობლად ახალგაზრდა ქალი ცხოვრობდა, რომელიც დილიდან დაღამებამდე საქმიანობდა - დიასახლისობდა, თაკარა მზეში ბაღ-ბოსტანსა თუ ვენახს უვლიდა... როგორც კი შევხედე, მაშინვე დამავიწყდა, რაც კი კანზე მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების შესახებ გამეგონა. დალის, - ასე ერქვა იმ ახალგაზრდა ქალს, - ისეთი პირისკანი ჰქონდა, დედაქალაქის პრესტიჟული სალონების სტუმრებს არც კი დაესიზმრებათ. ერთ საღამოს გავბედე და ვკითხე, ამდენი შრომისა და გარჯის შემდეგ ასეთი კანის შენარჩუნებას როგორ ახერხებ-მეთქი? პასუხად დალიმ კანის გასაწმენდი და დასარბილებელი საშუალება მასწავლა:

  • 1 კვერცხის გულს უნდა შეურიოთ 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი (ნებისმიერი) და 250 გრამი ნაღები ან რძე.

ცალკე უნდა აიღოთ ორი ლიმონის ნაყენი (დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 2-3 საათი, გაფილტრეთ და გააცივეთ), დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი და დააყენოთ.

  • ეს ორი ნარევი ერთმანეთში უნდა აურიოთ და დაამატოთ 150 მლ ქაფურის სპირტი, კარგად შეანჯღრიოთ, დაასხათ 250 მლ ცივი ანადუღარი წყალი და კიდევ ერთხელ შეანჯღრიოთ.

მიღებული ნარევი უნდა შეინახოთ ბნელ, გრილ ადგილას. ამ ნარევით სახე უნდა გაიწმინდოთ ძილის წინ და არა დილით.

ნაწოლებმა რომ არ შეგაწუხოთ

უკვე 15 წელია, რაც დედაჩემს პარკინსონის დაავადება დაუდგინეს. ერთხანს მკურნალობდა და თავს მშვენივრად გრძნობდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ორგანიზმის რეზერვიც იწურება და ბოლო ორი წელია, დედა ლოგინად ჩავარდა. პარკინსონთან ერთად თავი იჩინა თანმხლებმა დაავადებებმაც. ზოგი ასაკის ბრალი იყო, ზოგიც - პარკინსონიზმით გამოწვეული ტვინის დეგენერაციული ცვლილებებისა. მაგრამ ბოლოს ნაწოლებმა ყველა დაავადება დაგვავიწყა... უამრავი საშუალება ვცადეთ და ბოლოს ერთ-ერთ მათგანზე შევჩერდით, რომელმაც მართლაც რომ ამოგვასუნთქა. ნაწოლები ყველა მწოლიარე ავადმყოფის პრობლემაა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება თქვენთვისაც გამეზიარებინა:

  • მინის ქილაში ჩაყარეთ 100 გრამი კრაზანას ხმელი, დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით 200 მლ ზეითუნის ზეთი, დაახურეთ და 2 კვირის განმავლობაში დააყენეთ ნათელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და თავდახურულ ჭურჭელში მოათავსეთ. შეინახეთ სიბნელეში. ნაწოლებით დაზიანებულ კანზე ამ ნაყენის საფენები და სახვევები უნდა დაადოთ.

შეგიძლიათ ასეთი ნარევიც სცადოთ: ერთმანეთში აურიეთ თითო ჩაის კოვზი ხახვის წვენი, სარეცხის საპონი, თაფლი და რძე. გაუკეთეთ ავადმყოფს ამ ნარევის საფენები დღეში 2-3-ჯერ.

სოკოვანი დაავადებები

თავადაც არ ვიცი, სად შემეყარა სოკოვანი ინფექცია. კიდევ კარგი, მეგობარმა დროზე მასწავლა მისგან თავის დახსნის საშუალება, თორემ ალბათ მეც გავიზიარებდი ყველა იმ უსიამოვნებას, რომელიც ამ ინფექციას ახლავს თან. ზაფხულში სოკოთი ინფიცირების ალბათობა იზრდება, ამიტომ გასწავლით, როგორ დაიცვათ მისგან თავი:

  • წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, ჩაყარეთ მოზრდილ ჭურჭელში, ნელ-ნელა დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი და დადგით მზეზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, კარგად დაახურეთ თავზე და 1 თვით შედგით მაცივარში. ერთი თვის შემდეგ წამალი მზად არის და შეგიძლიათ, სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ.

თუ წამალი არ გაქვთ, მაგრამ ინფექციის ნიშნებს უკვე ამჩნევთ, შეგიძლიათ, დაზიანებულ ადგილას ლიმონის წვენი ან ნივრისა და ნაღების კარაქის ნარევი (თანაფარდობით 1:1) წაისვათ.


კუჭის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება

35 წლისას ექიმებმა კუჭზე კიბოსწინარე დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმომიჩინეს. საფუძვლიანად ვიმკურნალე და რამდენიმე წელი საკმაოდ მკაცრ დიეტასაც ვიცავდი, მაგრამ მედიკამენტური მკურნალობა რომ დავასრულე, გადავწყვიტე, კუჭისთვის მცენარეული საშუალებებითაც შემეწყო ხელი, რომ დაავადება აღარ გამწვავებულიყო, ამაში კი ქრისტესისხლა დამეხმარა:

  • ფრთხილად ამოთხარეთ ქრისტესისხლა, ჩამორეცხეთ ტალახი, გააშრეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. დოლბანდში გაწურეთ და გამონაწურს შეურიეთ არაყი თანაფარდობით 1:1. ნარევი 10 დღით დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი წყლის მიყოლებით ჭამამდე 1 საათით ადრე, მერე და მერე, ორგანიზმის შეგუების შესაბამისად, დოზა 1 სადილის კოვზამდე გაზარდეთ და ასე გააგრძელეთ გამოჯანმრთელებამდე.

პროფილაქტიკისთვის კარგია თავშავას ნაყენიც: 3 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 600 მლ წყალი, წამოადუღეთ, თბილად შეფუთეთ, 8 საათით დააყენეთ და გაწურეთ. წყალივით სვით დღის განმავლობაში.

დიეტა წითელ ქარსაც შველის

ახალგაზრდობისას ისეთი სამსახური მქონდა, უმეტესად ფეხზე დგომა მიწევდა, ამიტომ სრულიად ახალგაზრდას ვენების ვარიკოზული გაგანიერება დამემართა. რამდენიმე წლის განმავლობაში დაავადების მართვას ვახერხებდი, ბოლო ხანს კი ვენების გაგანიერებას წითელი ქარიც დაერთო. ანტიბიოტიკოთერაპია რამდენჯერმე ჩავიტარე. დაავადება ერთხანს ჩაცხრებოდა, მერე კი ისევ იჩენდა თავს. ბოლოს, როცა აღარც წამლების სმა მინდოდა და აღარც მათი ყიდვის საშუალება მქონდა, ყველაფერზე უარი ვთქვი და ხალხური მედიცინის წიაღში ვიპოვე ჩემი მხსნელი.

  • ავადმყოფი რამდენიმე დღის განმავლობაში (ერთ კვირამდე) წყალზე, ლიმონის ან ფორთოხლის წვენზე უნდა იყოს. როგორც კი ცხელება გაივლის, უნდა გადავიდეს ხილის დიეტაზე - დღეში 3-ჯერ მიირთვას ნებსმიერი მწიფე ხილი - ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, გარგარი, ატამი.

დიეტა მკაცრად უნდა დაიცვათ. ამ პერიოდში შეგიძლიათ სვათ მხოლოდ წყალი. შეიძლება ლიმონის წვენის გარევაც. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბევრი საკვების მიღება! ზამთარში შეგიძლიათ ხილის ნაცვლად წყალში დამბალი ჩირი მიირთვათ, დაამატოთ თაფლი და რძე. მკურნალობის კურსი ორ კვირამდეა.

ციტრუსების საშუალებით მრავალ პრობლემას გაუმკლავდებით

ცნობილია, რომ ციტრუსები უხვად შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, ამიტომ ვცდილობ, რამდენადაც ხელი მიმიწვდება, შინ ყოველთვის მქონდეს ესა თუ ის ციტრუსი. სამკურნალოდ ვიყენებ არა მარტო ციტრუსის რბილობს, არამედ ქერქსაც.

  • როდესაც ლიმონს, ფორთოხალს ან გრეიპფრუტს მიირთმევთ, ქერქი არ გადაყაროთ - შეაგროვეთ და გაახმეთ. საღამოს, როდესაც ტელევიზორის წინ მოიკალათებთ, გაიკეთეთ ფეხების ასეთი აბაზანა: ჩაასხით თასში თბილი წყალი, ჩაყარეთ გამომშრალი ციტრუსის ქერქი და ფეხები ჩაყავით. მაშინვე იგრძნობთ სიამოვნებასა და შვებას, ხოლო დახეთქილი ქუსლები მოგიშუშდებათ და დაგირბილდებათ.
  • თანაბრად აურიეთ ერთმანეთში ლიმონისა და ფორთოხლის გაჭყლეტილი რბილობი, დაიდეთ გაწმენდილ სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ასეთი პროცედურის შემდეგ კანი გაახალგაზრდავდება და აელვარდება.
  • ზოგჯერ იდაყვებზე კანი უხეშდება და სკდება. ასეთ დროს ლიმონს ვიყენებ: ვჭრი შუაზე და ამ "ფინჯნებში" 10-15 წუთით ვყოფ იდაყვებს. თუ ლიმონი არ გაქვთ, შეგიძლიათ ფორთოხალი ან გრეიპფრუტი გამოიყენოთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ იდაყვები ახალშობილივით გლუვი გაგიხდებათ.


პროპოლისი ყურის ტკივილს გაგიყუჩებთ

ყურები ჩემი სუსტი წერტილია - როგორც კი აცივდება ან ქარი დამიბერავს, მაშინვე მტკივდება. ტრანსპორტში ყველას თავს ვაბეზრებ - ყურის გაციების ისე მეშინია, როგორც არ უნდა ცხელოდეს, ფანჯრებს არავის ვაღებინებ. ყურის ტკივილის დროს კი ამ საშუალებას ვიყენებ:

  • ვიღებ პროპოლისის 10%-იან სპირტიან ექსტრაქტს, ვურევ სიმინდის ან ზეითუნის ზეთს (პროპორციით 1:2) და კარგად ვანჯღრევ. ამ ემულსიაში ვასველებ ბამბის ბურთულას და 2-4 საათით ვიდებ ყურში.

მკურნალობის კურსი 15-20-დღიანია. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გაიმეოროთ 2 კვირის შემდეგ.

სისხლძარღვებზე ათეროსკლეროზული ფოლაქები გაგიქრებათ

დღეს ჰიპერტონიული დაავადებით ვერავის გააკვირვებ. თითქმის ყველამ იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ დაავადების მკურნალობისთვის დიეტასა და ათეროსკლეროზული ფოლაქებისგან სისხლძარღვების გაწმენდას. უამრავი წამალი არსებობს, მაგრამ მე ასეთ ნარევს ვიყენებ და კმაყოფილი ვარ:

  • გახეხეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 200 გრამი ნიორი, 100 გრამი ხახვი, 3 ცალი ლიმონი (ქერქიანად) და დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, თავზე დაახურეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამამდე, დააყოლეთ წყალი.

ეს ნარევი სასარგებლოა არა მარტო ასაკოვანთათვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც, ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკოდ.

ნიახური და თაფლი ართრიტს უხდება

მამაჩემს მადეფორმირებელი ოსტეოართრიტის დიაგნოზი დაუსვეს. მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარი ისე სტკივა, რომ გამართულად ვეღარც კი დადის - კოჭლობს. მაგრამ მამას ფარ-ხმალი არ დაუყრია, უამრავი ხალხური საშუალება შეისწავლა და მათი დახმარებით ასე თუ ისე უმკლავდება დაავადებას. პერიოდულად მამა ამ ნაყენს სვამს:

  • ერთმანეთში ურევს ნიახურის ძირების გამონაწურს და თაფლს, პროპორციით 1:1. ნარევს მაცივარში ინახავს, მიღებამდე ანჯღრევს. იღებს ერთ სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე. მკურნალობს თვეზე მეტხანს და ასეთ კურსს 3 თვეში ერთხელ მაინც იტარებს.

თმის მოვლაში კამა დაგეხმარებათ

თუ დამიჯერებთ, თმის მოსავლელად ბუნებრივ საშუალებებს არაფერი სჯობია. ათასნაირი შამპუნი თუ თმის ნიღაბი არსებობს, მაგრამ მე რატომღაც იმთავითვე ბუნებას მივმართე და არც მინანია. გარდა ამისა, ხარისხიან კოსმეტიკაზე ყველას არ მიუწვდება ხელი, ამიტომ ყველა ქალს სიამოვნებით ვასწავლი ჩემ მიერ ნაცად რეცეპტებს, რომლებიც მარტივიც არის, ხელმისაწვდომიც და ეფექტურიც.

ცხიმიანი თმისთვის

  • აიღეთ 5-5 სუფრის კოვზი კამა და კრაზანა, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ.
  • ცხიმიანი თმა უსუფთაოს შთაბეჭდილებას რომ არ ტოვებდეს, თმის გაყოფის ადგილას ბამბის ტამპონით წაისვით ლიმონისა და კამის წვენის ნაზავი.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით ალოესა და კამის წვენი, ერთმანეთში აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში დაბანამდე ორი საათით ადრე. ეს პროცედურა ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს.
  • თუ მამაკაცი თმის ცვენას უჩივის, დაეხმარეთ მასაც: აიღეთ თანაბარი რაოდენობით ალოესა და კამის წვენი, აურიეთ ერთმანეთში, წაუსვით თავზე ეს ნაზავი, შეუხვიეთ პირსახოცით და ერთი საათის შემდეგ ჩამობანეთ. ეს პროცედურა ერთჯერადი არ არის - იგი ორი თვის მანძილზე, სამ დღეში ერთხელ უნდა გაიმეოროთ.
  • აიღეთ ორი სუფრის კოვზი კამა, დაასხით ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის ჭიქა არაყი. თუ თავს კვირაში 3-ჯერ ამ ნაყენით გაიწმენდთ, თმის ცხიმიანობა საგრძნობლად იკლებს.

მშრალი თმისთვის

  • აიღეთ 30 გრამი წვრილად დაჭრილი კამა და ამდენივე გვირილა, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, რამდენიმე ხანს გააჩერეთ და გადაწურეთ. როდესაც შეგრილდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. თავის დაბანის შემდეგ თმა არ გაიშროთ, მხოლოდ ოდნავ შეიმშრალეთ პირსახოცით და ეს ნარევი გადაივლეთ, ნახევარი საათის შემდეგ კი სუფთა წყლით ჩამოიბანეთ.

ეს პროცედურა გაიმეორეთ 2 კვირაში ერთხელ. შედეგი უდავოდ გაგახარებთ.

თმის სიჯანსაღისთვის

პრობლემური თმა რომც არ გქონდეთ, კამის ნაყენის გადავლება მაინც სასარგებლოა. ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 50 გრამი კამის ფოთოლი, დაჭერით, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.

დაზიანებული თმისთვის

თუ თმას ხშირად იხვევთ ქიმიურად, დროდადრო კამისა და სალბის ნაყენი გადაივლეთ: აიღეთ 2-2 სუფრის კოვზი კამისა და სალბის ფოთლები, დაჭერით წვრილად, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ და გადაწურეთ.