სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ეგებ ვინმეს ისევე გამოადგეს, როგორც თავის დროზე - მე.

რამდენიმე წლის წინ აგარაკზე ჩემს უმცროს შვილს ხელ-ფეხზე მდუღარე წყალი გადაესხა. რა მექნა, შუაღამე იყო, სანამ სოფელში ფეხით ჩავიდოდი და ექიმს მოვიყვანდი, გათენდებოდა კიდეც. ბედად, გამახსენდა ბებიაჩემის მიერ ნასწავლები მეთოდი. სასწრაფოდ მოვამზადე მაგარი ჩაის ნაყენი და მისი საფენები ბავშვს დამწვარზე დავაფინე. რამდენიმე საათში ტკივილმა იკლო, ხოლო მეორე დღეს სულ მთლად გაიარა. კიდევ რამდენიმე დღე და დამწვარი ადგილები ისე მოშუშდა, რომ დამწვრობის კვალიც აღარ დარჩა. აი ეს რეცეპტი:

  • აიღეთ მაგარი ჩაი (შავი ან მწვანე), მომინანქრებულ ან ქაშანურის ჭურჭელში ჩაყარეთ, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და დააყენეთ. შემდეგ გააგრილეთ დაახლოებით 13-14 გრადუსამდე. მიღებული ნაყენით დაასველეთ დოლბანდი და დამწვარი ადგილი გადაიხვიეთ. სახვევი იცვალეთ ისე, რომ არ გამოაშროთ.

მაგარი ჩაის საფენები მოგიხსნით ტკივილსა და სიწითლეს მზით დამწვრობის დროსაც. გაითვალისწინეთ, ყოველი ახალი გადახვევისთვის ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ.

როგორ მოვირჩინოთ ძირმაგარები

ჩემი მეუღლე მშენებელია. ოჯახის სარჩენი ფული რომ იშოვოს, ხან სად უწევს მუშაობა და ხან სად. შარშან, მშენებლობიდან რომ დაბრუნდა, გულზე შემომეყარა: მთელ სხეულზე ძირმაგარები ჰქონდა მოდებული. ერთი რომ შეუხორცდებოდა, მეორე უჩნდებოდა, დავიტანჯეთ მთელი ოჯახი. პოლიკლინიკაში უთხრეს, ვიტამინები გაკლიაო და მანაც კოლოფებით დაიწყო მათი სმა, მაგრამ არაფერმა უშველა. საბედნიეროდ, ბაბიაჩემის ძველ წიგნაკში აღმოვაჩინე რეცეპტი, რომელმაც გადაგვარჩინა.

  • აიღეთ 5 გრამი (1 სავსე ჩაის კოვზი) ფარსმანდუკი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ 2 საათით, გაწურეთ. მიიღეთ დღეში 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • ძირმაგარას მომწიფების დასაჩქარებლად ლობიოს ფქვილს თაფლში ვზელთ, ვაკეთებთ პატარა ბურთულებს და მტკივან ადგილებზე ვადებთ.

ამ რეცეპტების გამოყენება დავიწყეთ თუ არა, ორ კვირაში შესამჩნევი უკეთესობა ვიგრძენით, ხოლო ერთი თვის შემდეგ ყველა ძირმაგარა შეხორცდა, დარჩა პატარა ვარდისფერი ლაქები, რომლებიც თანდათან გაქრა.

თუ დეპრესიამ შემოგიტიათ

ვის არ მორევია უმიზეზო სევდა, უხალისობა, სისუსტე... ეს ყველაფერი ხშირად საკმაოდ მძიმე დაავადებაზე - დეპრესიაზე მიუთითებს. თუ მასთან ბრძოლისთვის საკუთარ თავში ძალას ვერ პოულობთ, ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ.

  • 1 ჩაის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთი. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ - დილაობით და ძილის წინ. კარგია ნერვული გადაძაბვისა და უძილობის დროს.
  • ნერვულ სისტემას ამშვიდებს შემდეგი ნაყენი: თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში სამყურასა და პიტნის ფოთლები და კატაბალახას ფესვები ან კატაბალახას ფესვები, გვირილის ყვავილი და კვლიავის ნაყოფი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთით. გაწურეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს.

ფრჩხილის სოკო

ამას წინათ წავიკითხე ერთი მკითხველის მოწერილი წერილი, რომელსაც ფეხის ფრჩხილის სოკო აქვს. გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ სოკოს სამკურნალო ძველი, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი:

  • კარგად დაიბანეთ ხელ-ფეხი თბილი წყლით (ხშირად სოკო ხელებზეც არის მოდებული). აიღეთ ბაღის (წიწვოვანი ხეების) ფისი, გააბრტყელეთ დაზიანებული ფრჩხილის ოდენად, დაიდეთ ზედ და დოლბანდით გადაიხვიეთ. დაიტოვეთ 1-2 დღე.

თუ დაავადება ხანდაზმულია, ფეხები კარგად დაიბანეთ და ყველაფერი თავიდან გაიმეორეთ. პროცედურა უმტკივნეულოა. სოკო ქრება, ხოლო ფრჩხილი ჯანმრთელი და სუფთა რჩება.

ქოლეცისტიტის საწინააღმდეგო საშუალება

წლების განმავლობაში მაწუხებდა გულისრევა, ხშირი პირღებინება და მუცლის ტკივილი. ექიმმა დამიდგინა ნაღვლის ბუშტის ანთება - ქრონიკული ქოლეცისტიტი. რა თქმა უნდა, დანიშნულებაც მომცა, მაგრამ ხან ვერ მოვიცალე შესასრულებლად, ხან დამეზარა... რაღა ბევრი გავაგრძელო, ერთ მშვენიერ დღეს სოფლად ღორის მსუქანი ხორცი და ნიგვზიანი მხალი მივირთვი, მეორე დღეს კი ნაღვლის ბუშტმა ისე შემომიტია, სიკვდილი მანატრებინა. დედაჩემმა ჯერ თავად მომიმზადა, შემდეგ კი მეც მასწავლა ერთი უებარი საშუალება - არყის ხის ფოთლებისა და კვირტების ნახარში, რომელმაც ძალიან დიდი სამსახური გამიწია.

  • ერთ სუფრის კოვზ არყის ფოთოლს ან კვირტს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ ორთქლის აბაზანაში ნახევარი საათი, გააცივეთ და ანადუღარი წყლით ერთ ჭიქამდე შეავსეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.
  • ღვიძლის დაავადების დროს პირში ჩაიგუბეთ მზესუმზირას ზეთი (ოღონდ არ გადაყლაპოთ) და კანფეტივით წუწნეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ზეთი ჯერ გასქელდება, შემდეგ გაწყალდება. ამის შემდეგ პირიდან გადმოღვარეთ. თუ ხსნარი რძესავით თეთრია, მაშასადამე, პროცედურა დასრულებულია. თუ მოყვითალო დაჰკრავს, ნაადრევად გადმოგიღვრიათ და მთელი პროცედურა ხელახლა გაიმეორეთ, ბოლოს კი პირში წყალი გამოივლეთ. გააკეთეთ ეს დღეში ორჯერ - დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ. ამ დროს ზეთიდან ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებს შეიწოვს, ხოლო ორგანიზმიდან ზეთი დაავადებულ მიკროფლორას გამოიტანს.
  • ესეც ღვიძლისთვის არის კარგი: დაკრიფეთ ქორფა ვარდკაჭაჭა, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაწურეთ, დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და მიიღეთ დღეში სამჯერ 20-20 გრამი.


ცისტიტის მოსარჩენად

მინდა, მკითხველს ცისტიტის სამკურნალო ერთი შესანიშნავი რეცეპტი ვასწავლო, რომლითაც არაერთხელ მიმკურნალია ოჯახის წევრებისთვისაც:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის ძირტკბილას ფესვი, სიმინდის ულვაში, ჭანგას, არყისა და დათვისკენკრას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი. დააყენეთ 6 საათით, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ. რამდენიმე ულუფად გაყავით და სვით მთელი დღე. მკურნალობა გააგრძელეთ დაავადების ჩაცხრობამდე. თუ შედეგი რამდენიმე დღეში ვერ მიიღეთ, მაშინ ექიმის დახმარება დაგჭირდებათ.

არავითარი კვანძი!

ახლახან ამხანაგთან გახლდით სტუმრად და მის ბიბლიოთეკაში იმდენი წიგნი ვნახე ორგანიზმის გაწმენდაზე, რომ თვალებს არ დავუჯერე. ყველა მათგანში სისხლძარღვებისა და ნაწლავების გაწმენდის სხვადასხვა მეთოდი იყო აღწერილი. გამახსენდა ბაბუაჩემის რეცეპტების რვეული, შინ რომ დავბრუნდი, გადმოვიღე, დავიწყე კითხვა და უამრავი რამ შევიტყვე სხვადასხვა დაავადების მკურნალობაზე. მე ლიმფური კვანძების ანთება (ლიმფადენიტი) მაწუხებდა. ამოვიწერე ბაბუას წიგნიდან რამდენიმე რეცეპტი, ვცადე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე.

  • მცენარეთა ერთ-ერთ ნაკრებს, რომლისთვისაც ბაბუას "ოთხეული" დაურქმევია, სისხლიდან, ლიმფიდან და ნაწლავებიდან უვარგისი ნივთიერებები გამოაქვს. ის ასე უნდა მოამზადოთ: აურიეთ ერთმანეთში 100-100 გ კრაზანა, გვირილა, ნეგო, არყის ხის კვირტი, აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში 3-4 საათი და გაფილტრეთ დოლბანდში, დოლბანდზე დარჩენილი მასაც გამოწურეთ. მიიღეთ საღამოობით, ჭამამდე 1/3 ჭიქა, თაფლგარეული. სვით რამდენიმე დღე (სანამ ნარევი არ გათავდება). თურმე ეს ნაყენი, რომელსაც ბაბუა ახალგაზრდობის ელექსირს უწოდებდა, ნივთერებათა ცვლას აუმჯობესებს, სისხლძარღვებს ცხიმებისა და სხვა ნადებისგან წმენდს და ელასტიკურობას მატებს.

სხვათა შორის, ლიმფადენიტს ღვიაც მოუხდა, მაგრამ მისი ჭამა კურსობრივად არის საჭირო. პირველ დღეს 5 ცალი კენკრა უნდა მიიღოთ, შემდეგ ყოველდღე თითო-თითო მიუმატოთ და ასე ახვიდეთ 15-მდე, მერე კი ყოველდღე თითოს მოკლება უნდა დაიწყოთ.

  • კიდევ ასეთ ჩაის ვამზადებდი: 1 ჩაის კოვზ ჭინჭრის დედას ვასხამდი 250 მლ მდუღარე წყალს და ჩაისავით ვაყენებდი. ეს 2 დღის ულუფაა, შემდეგ ახალი უნდა მოამზადოთ.

ვაშლის ძმარი თავად მოამზადეთ

73 წლის გახლავართ, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. არადა, რა არ მჭირდა: რევმატიზმი, ვენების გაგანიერება, კოლიტი... გადავწყვიტე, ჩემი თავისთვის თავადვე მიმეხედა. შევუდექი ვარჯიშს, ვცდილობდი, მეცხოვრა მშვიდად, წონასწორობიდან არასდროს გამოვსულიყავი და, რაც მთავარია, დავიწყე ვაშლის ძმრის მიღება. თანდათანობით მომიწესრიგდა კუჭ-ნაწლავის ფუნქცია. შემდეგ მასწავლეს, ვაშლის ძმრით ფეხები დაიზილე - ვენებს უხდებაო. ასეც მოვიქეცი და თანდათან მართლა ვიგრძენი შვება. არ იფიქროთ, რამე საიდუმლო რეცეპტი ვიცოდე - ყოველ დილით მხოლოდ 1 სუფრის კოვზ თაფლიან წყალში განზავებულ ვაშლის ძმარს ვიღებ, ეს არის და ეს. ვაშლის ძმრის მომზადება ცოტა საწვალებელი კია, მაგრამ არავის ვენდობი და მაინც საკუთარი ხელით ვამზადებ:

  • გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ დამპალი, ჭიანი და გაშავებული ადგილები და მსხვილად გახეხეთ. გადაიღეთ მინის ქილაში, დაასხით თბილი წყალი (1 ლიტრი 1 კგ გახეხილ ვაშლზე), ყოველ ლიტრზე დაამატეთ 100 გ თაფლი ან შაქარი, 10 გ პურის საფუარი და 20 გ მშრალი შავი პური. დადგით თავახდილი ბნელ ოთახში, 20-30 0ც ტემპერატურაზე. გააჩერეთ 10 დღე-ღამე და დღეში 2-3-ჯერ ხის კოვზით ამოურიეთ. დაწესებული დრო რომ გავა, დოლბანდში გაწურეთ, ჩაასხით ფართოპირიან ჭურჭელში, ყოველ ლიტრზე დაამატეთ 50-100 გ თაფლი ან შაქარი, აურიეთ, ჭურჭელს დოლბანდი დააფარეთ და დუღილის გასაგრძელებლად სითბოში დადგით. როცა დუღილი შეწყდება, ძმარიც მზად იქნება (ამას დაახლოებით 40-60 დღე დასჭირდება). გაფილტრეთ და გადაასხით ბოთლებში, შეინახეთ სიგრილეში.


ჰემოგლობინის ასაწევად

მშობიარობის შემდეგ ჰემოგლობინი ძალიან დამივარდა. რკინის პრეპარატებმა კუჭი გამიღიზიანა და ამიტომ ვეღარ დავლიე. ჩემმა მეზობელმა, პროფესიით ექთანმა, ერთი რეცეპტი მასწავლა. თავდაპირველად ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ ბოლოს მაინც ვცადე - თუ არ მარგებს, არც მავნებს-მეთქი. დავიწყე სმა და სული მოვითქვი. აი ეს რეცეპტი:

  • კუნელის ნაყენი: აიღეთ 50 გ წითელი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და სვით 200-200 მლ დღეში 3-ჯერ.
  • კუნელის ნახარში: 100 გ კუნელის ნაყოფი დააქუცმაცეთ, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ 50-100 მლ დღეში 3-ჯერ.

ნაყენი და ნახარში მონაცვლეობით უნდა სვათ. თუ კუნელით მკურნალობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ იგი აქვეითებს წნევას. თუმცა ეს მგონი ყველამ იცის. ისიც ბევრს ექნება გაგონილი, რომ კუნელი გულის წამალია. ერთ-ერთ წიგნში ისიც ამოვიკითხე, რომ კუნელი არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. ასე რომ, ურიგო არ იქნება, კენკრა საზამთროდაც მოიმარაგოთ: ახალმოკრეფილი ნაყოფი ღუმელში გამოაშროთ და ქაღალდის პარკში შეინახოთ. ასე 8 წელიც კი გაძლებს. გამომშრალი ყვავილების შენახვის ვადა კი მხოლოდ 2 წელია.

ოფლიანობა აღარ შეგაწუხებთ

ბავშვობიდან მაწუხებდა ჭარბი ოფლიანობა. საკმარისი იყო, ტემპერატურა 20 გრადუსზე მაღლა ასულიყო, რომ ოფლი ღვარად მდიოდა. სიცივეშიც, თუ ფეხით დიდხანს სიარული მომიწევდა, სულ მთლად ვიოფლებოდი. არაერთ ექიმთან ვიყავი. ყველა ერთხმად მეუბნებოდა, რომ არაფერი მჭირდა - უბრალოდ, ასეთი ნივთიერებათა ცვლა მქონდა, მაგრამ როგორია, ახალგაზრდა ქალი გამუდმებით იმის შიშში იყო, ოფლის სუნი არ აგდიოდეს? თავდაპირველად ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ვცადე, შემდეგ დიეტა დავიცავი და წონა დავიკელი, - ესეც ამაო აღმოჩნდა. ბოლოს გადავწყვიტე, მცენარეებით მკურნალობა მეცადა. დავიწყე ხალხური რეცეპტების კითხვა და მივაგენი კიდეც საჭირო საშუალებას.

  • ძილის წინ კვირაში 2-3-ჯერ ასეთ აბაზანას ვიღებდი: 3 ჩაის კოვზ თავშავას, 4 ჩაის კოვზ ჭინჭარს, 5 ჩაის კოვზ შავბალახას, 5 ჩაის კოვზ მატიტელასა და 4 ჩაის კოვზ სვიის გირჩას ერთმანეთში ვურევდი, ვასხამდი 2 ლ მდუღარე წყალს, ცოტა ხანს ვაჩერებდი, ვფილტრავდი და თბილი წყლით სავსე აბაზანაში ვასხამდი.
  • ფეხის აბაზანებს ცალკე ვიკეთებდი: 1 ლ მდუღარე წყალში ვურევდი 1/2 ჭიქა მუხის ქერქს, 15 წუთი ვადუღებდი, 30 წუთი ვაჩერებდი და ვფილტრავდი, ბოლოს 10 მლ პროპოლისის 30%-იან ნაყენს ვამატებდი. 38 გრადუსამდე ვაგრილებდი და 20 წუთით ვაწყობდი ფეხებს. 10-12 პროცედურა საკმარისია, რომ ფეხების ოფლიანობამ მთელი ზაფხული აღარ შეგაწუხოთ.

ოფლის დენას ვეგეტაციური ნერვული სისტემა განაგებს, ამიტომ მისი მოძლიერებაც საჭიროა. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა კონტრასტული (ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა) შხაპი. ამ სამმა საშუალებამ არა მარტო ოფლიანობისგან მიხსნა, არამედ გამაკაჟა კიდეც. მოთმინებასა და მიზანსწრაფვას მართლაც რომ სასწაულის მოხდენა შესძლებია.

ღვთიური მანანა

ბოლო ხანს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ მანანის სამკურნალო თვისებებზე. მაგალითად, თურმე წინათ მებრძოლები ჩირქოვან ჭრილობაზე მანანის ფხვნილს იყრიდნენ, ასევე მკურნალობდნენ დამწვრობას, ეგზემას და კანის სხვა დაავადებებს. მანანის ფოთლებს პოდაგრის, რევმატიზმის, თვალის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, მანანის აყვავებული ტოტების ნაყენი კი გაციებასა და ნერვულ დაავადებებს, დიზენტერიასა და ტუბერკულოზს უხდება. მანანის მოხარშულ ფოთლებს ნაღრძობზე ან ამოვარდნილ სახსარზე იდებენ და ტკივილი ცხრება. ეს ყველაფერი ხალხური მედიცინის კრებულებში ამოვიკითხე. რამდენიმე საგულისხმო რეცეპტიც აღმოვაჩინე, გამოვცადე და არაჩვეულებრივი ეფექტი მივიღე, ამიტომ მინდა, თქვენც გასწავლოთ:

  • მანანის თაფლი შველის დაღლილობას, გაციებას, ძლიერ ხველას. მის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მანანას, 1 სუფრის კოვზ თხაწართხალას და 2 სუფრის კოვზ თაფლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 48 საათი, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში 5-ჯერ 1/2-1/2 ჭიქა.
  • მანანის ნაყენს სვამენ საშარდე გზების ანთების დროს როგორც შარდმდენ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. მის მოსამზადებლად აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მანანა (ყვავილებითურთ), ჩაყარეთ 0,5 ლ მდუღარე წყალში, გააჩერეთ 1/2 საათი და მიიღეთ 1/3-1/3 ჭიქა ყოველ 2-3 საათში ერთხელ.
  • უძილობის, გაციების, მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს გიშველით მანანის წვენი. ის უნდა გამოწუროთ ბუჩქის კენწეროში არსებული ფოთლებისა და ყვავილებისგან, განაზავოთ თაფლში (თანაფარდობით 1:1), 0,5 ჩაის კოვზი ნარევი გახსნათ 1/3 ჭიქა რძეში და მიიღოთ დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.