სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

საქართველოში იყო სოფლები, სადაც დაავადება ფეხს ვერ იკიდებდა. ერთ-ერთი ასეთი სოფლიდან აღმოჩნდა ჩემი მეუღლის ნათესავი, რომელმაც, სიტყვამ მოიტანა და, გაგვანდო, ჩვენს სოფელში ისეთი წამალი იცოდნენ, ტუბერკულოზი სათოფეზეც ვერ გვეკარებოდაო. ამ წამალს თურმე კალციუმიტს ეძახდნენ. ნათესავმა მისი რეცეპტიც მოგვცა:

  • უნდა აიღოთ 10 ლიმონი, 6 კვერცხი (აუცილებლად თეთრნაჭუჭიანი), 300 გრამი თაფლი (უმჯობესია, ცაცხვისა იყოს) და 3/4 ჭიქა კონიაკი. კვერცხები უნდა ჩააწყოთ ქილაში და დაასხათ 10 ცალი ლიმონის გამონაწური, ქილას თავზე დაახუროთ, მუქ და სქელ ქაღალდში გაახვიოთ და მოათავსოთ ბნელ, გრილ ადგილას, მაგრამ არა სიცივეში. ასე უნდა გააჩეროთ, ვიდრე კვერცხის ნაჭუჭი ლიმონის წვენში არ გაიხსნება. ამას დაახლოებით 6-8 დღე დასჭირდება. შემდეგ გადმოიღეთ, თაფლი იქამდე შეათბეთ, რომ გადნეს და მიღებულ მასას დაასხით, კარგად მოურიეთ და კონიაკიც დაამატეთ. ისევ კარგად მოურიეთ, გადაასხით მუქ ქილაში და აუცილებლად მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.

უნდა მიიღოთ დესერტის კოვზით დღეში სამჯერ, როგორც კი ჭამას დაამთავრებთ. 3 კვირაში კალციუმიტი სამკურნალო თვისებებს კარგავს, ასე რომ, ამ ხნის შემდეგ ახალი ულუფის მომზადებაა საჭირო. წამლის მიღება შეგიძლიათ ფილტვებისა და ბრონქების ნებისმიერი ტიპის დაავადების დროს, აგრეთვე მათი პროფილაქტიკის მიზნითაც.

მრავალძარღვა კუჭის წყლულს არჩენს

მაქვს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება დაქვეითებული მჟავიანობით, ამიტომ, მასწავლეს თუ არა ეს რეცეპტი, ბევრი აღარ მიფიქრია, მის გამოცდას შევუდექი.

  • ავიღე ერთნაირი რაოდენობით მრავალძარღვასა და სალბის ბალახი. წვრილად დავჭერი და ერთმანეთში ავურიე. 1 სადილის კოვზ ნარევს დავასხი 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ვადუღე 5 წუთი, შემდეგ 1 საათი გავაჩერე და გადავწურე.

გაზაფხულის დამდეგს, როცა დაავადების გამწვავებაა მოსალოდნელი, ვსვამ ნახევარ ჭიქა ნაყენს დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. შემოდგომაზე, როცა გამწვავების ალბათობა უფრო მეტია, ნაყენს ისევ 10 დღის განმავლობაში ვიღებ, ოღონდ შედარებით მეტს - ნახევარ ჭიქას დღეში სამჯერ. არსებობს მხოლოდ მრავალძარღვასგან მომზადებული წამალიც. ამისთვის საჭიროა, მოაგროვოთ მრავალძარღვას ფოთლები, გარეცხოთ ცივ წყალში, როცა გაშრება, მოთუთქოთ (დაასხათ ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღოთ), დააწყოთ ვარცლზე და როცა დაიწრიტება, გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ბოლოს კი გაწუროთ. თუ სქელი და წელვადი წვენი მიიღეთ, ნუ შეშინდებით (როდესაც მრავალძარღვა ცხელ დღეს არის მოკრეფილი, უფრო სქელი წვენი აქვს), დაასხით იმავე ოდენობის წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. გამოწურული წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში. მისი მიღების წესი კი ასეთია: დღეში 4-ჯერ, 1 სადილის კოვზის ოდენობით ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ღვია კანის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ

ბოლო ხანს ხალხური მედიცინით დავინტერესდი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყვე, რომ ღვიას სხვა სამკურნალო თვისებებთან ერთად კოსმეტიკური ეფექტიც ჰქონდა.

  • ღვიის გირჩის ნახარში: 1 ცალ ხმელ, დაქუცმაცებულ გირჩას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთი თავდახურული ჭურჭლით ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ნახევარი საათი დააყენეთ და გადაწურეთ. 40 მლ ნახარშს შეურიეთ 1 სადილის კოვზი სახამებელი. მიღებული მასა 20 წუთით დაიდეთ სახესა და ყელზე, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს პროცედურა კანზე მატონიზებელ, მკვებავ და ანტიმიკრობულ მოქმედებას ახდენს.

  • გამონაყარის, თმის ცვენისა და ქერტლის დროს კარგია ღვიის გირჩის ლოსიონი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: 4 სადილის კოვზ დაფქულ (ყავის საფქვავში) ღვიის გირჩს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათით დააყენეთ, გადაწურეთ, დაამატეთ 1 სადილის კოვზი გლიცერინი და 100 მლ 70%-იანი სპირტი. ამ ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ კანი დღეში 1-2-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში.
  • ალერგიული გამონაყარის დროს კი შესანიშნავია ღვიის აბაზანები: აიღეთ ღვიის ტოტები, დააქუცმაცეთ, 200-300 გრამს დაასხით 10 ლ ცივი წყალი, 2 საათის განმავლობაში დააყენეთ, შემდეგ 20 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, გაწურეთ და აბაზანაში (36-37გრადუსი) ჩაასხით.

აბაზანა უმჯობესია ძილის წინ მიიღოთ. მკურნალობის კურსი დაახლოებით 10-12 პროცედურას მოიცავს, რომლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.

ჰაიმორიტი ნუ შეგაშინებთ

ჰაიმორის ღრუს გამოსარეცხად ძალიან კარგი ყოფილა მცენარეთა ასეთი ნაკრებისგან მომზადებული ნაყენი:

  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი მრავალძარღვა, 1 სუფრის კოვზი კაკლის ფოთოლი, 2 სადილის კოვზი ფარსმანდუკი, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 3 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 1 საათი გააჩერეთ.

ამ ნაყენით უნდა გამოირეცხოთ ჰაიმორის ღრუ - ცხვირით შეისრუტოთ და გადმოღვაროთ - დღეში ორჯერ.


სოკოს საწინააღმდეგო მალამო

5 წლის წინ ფეხის სოკო გამიჩნდა, რომლისგანაც საკუთარი ხელით მომზადებულმა მალამომ მომარჩინა. გასწავლით მისი მომზადების წესს:

  • ნახევარლიტრიან ქილაში ჩაასხით 50 გრამი 70-90%-იანი ძმრის ესენცია, დაამატეთ 1 ცალი ქათმის კვერცხი, კარგად აურიეთ, თავზე დაახურეთ და სიგრილეში დადგით. მაცივარში არ შეიძლება!

24 საათის შემდეგ დაუმატეთ 200 გრამი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და კიდევ 24 საათით გააჩერეთ იმავე ადგილას. მალამო მზად არის. თხლად უნდა წაისვათ სოკოთი დაზიანებულ კანის უბნებზე. გექნებათ წვის შეგრძნება, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინოთ და არ ჩამოიბანოთ. ასე უნდა გაიმეოროთ 3-4 დღე, შემდეგ კი დაიბანოთ და დააკვირდეთ. თუ სოკოს ნიშნებს ჯერ კიდევ ამჩნევთ, 3-4-დღიანი კურსი უნდა გაიმეოროთ.

სტენოკარდიულ შეტევას შველის...

ბოლო ხანს სტენოკარდიული შეტევები გამიხშირდა. სამსახურის შეცვლაც კი მომიწია - ელექტრომექანიკოსი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მკერდში დამეწყო მოჭერითი ხასიათის ტკივილი, რომელიც მარცხენა ხელსაც გადაეცემოდა, მუშაობა გამიჭირდა. ახლა, რასაკვირველია, ვმკურნალობ და ექიმის დანიშნულებას ვასრულებ, ექიმისავე მითითებით ვვარჯიშობ, პარალელურად კი ვსვამ სამკურნალო ნაყენებს, რომლებიც გულის კუნთს ამაგრებს.

  • ჩემმა მეუღლემ მდგომარეობის შემსუბუქების მარტივი და ეფექტური გზა იპოვა: სტენოკარდიის შეტევის დროს ხელისგულზე ისხამს 5-6 წვეთ სოჭის ზეთს და მკერდში, ძუძუსთავის ქვემოთ, შემაზელს ხოლმე (როგორც გავიგე, ეს გულის მკვებავი სისხლძარღვების მიდამო ყოფილა). შეიძლება ამის გაკეთება პროფილაქტიკის მიზნითაც, დღეში 2-3-ჯერ.

რძიანი სასმელი მხოლოდ ქალებისთვის

ეს რეცეპტი მენსტრუაციის დროს ტკივილის დაძლევაში დაგეხმარებათ. მე ის დიდი ხნის წინ მასწავლა დიდმა ბებიამ, მაგრამ ვიფქრობ, დღევანდელ გოგონებსაც გამოადგებათ.

  • ერთმანეთში აურიეთ 3 წილი მარწყვაბალახა და ორ-ორი წილი გულყვითელა და მარმუჭი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და წყლის აბაზანაში ადუღეთ 2-3 წუთი, შემდეგ გადმოდგით, თავზე დაახურეთ და 15 წუთი გააჩერეთ, ბოლოს გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი დარიჩინი. წამალი მზადაა. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, თბილ-თბილი.

ღიღილო საშარდე გზებს უხდება

ზამთარში, თოვლჭყაპში, ფეხები დამისველდა, სველი ფეხსაცმელები დროულად ვერ გავიხადე და ფეხზევე შემაშრა. რამდენიმე დღე - არაფერი; ვიფიქრე, გაციებას გადავურჩი-მეთქი, მაგრამ უცბად მუცლის ქვედა ნაწილი ამტკივდა, ფეხები შემიშუპდა და სიცხე მომცა. გავიკეთე ანალიზები, მივედი ექიმთან, დამიდგინეს შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთება. დროზე მივუსწარი - პროცესი თირკმელებზე ჯერ არ იყო გადასული. დავიწყე მკურნალობა, მაგრამ ვიფიქრე, ურიგო არ იქნება, თუ წამლებს ბუნებრივ საშუალებებსაც მივაშველებ-მეთქი. მეგობარმა ღიღილოს ნაყენის რეცეპტი მასწავლა და გამხმარი ღიღილოც თვითონვე მომცა. ნაყენი არაჩვეულებრივი შარდმდენი საშუალება აღმოჩნდა, რომელიც თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის ანთებით დაავადებებს და ამ დაავადებებით გამოწვეულ შეშუპებას კურნავს.

  • ღიღილოს ხმელი ყვავილები დავაქუცმაცოთ, ავიღოთ 1 ჩაის კოვზი და დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ 2-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

კამა თვალების უებარი წამალია

კამა უგემრიელესი საკაზმია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ მცენარის ფესვებსაც, თესლსაც და ფოთოლსაც არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს. მინდა, გაგაცნოთ კამისგან დამზადებული რამდენიმე საშუალება, რომლებიც ძალიან უხდება თვალის დაავადებებს.

  • გლაუკომის დროს: 1 ჩაის კოვზი კამის თესლი დანაყეთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ. მკურნალობის კურსი 2-კვირიანია. 10-დღიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. სასურველია, პერიოდულად შარდმდენი საშუალებებიც მიიღოთ.
  • თვალის ანთებითი დაავადებების დროს: აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული კამის ღეროები ან თესლი, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და საფენებად გამოიყენეთ.


თაფლის სამკურნალო თვისებები

მინდა, თქვენს მკითხველს თაფლის სწორად გამოყენება ვასწავლო, განსაკუთრებით - კუჭის დაავადებების დროს.

  • კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას თაფლი უნდა გავხსნათ 40-42 გრადუსამდე ტემპერატურის წყალში, რათა მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ორგანული ნივთიერებები და მიკროელემენტები არ დაიშალოს, და ასე მივიღოთ.

თაფლი უნდა მივიღოთ დღეში 4-ჯერ: საუზმის, სადილის, ვახშმის წინ და დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე. კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას თაფლი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე უნდა მივიღოთ, მომატებული მჟავიანობისას - 1,5-2 საათით, ხოლო ნორმალური მჟავიანობისას - 1 საათით ადრე. დაქვეითებული მჟავიანობისას თაფლი ოთახის ტემპერატურის წყალში უნდა გავხსნათ. დღეში შეიძლება მივიღოთ 120-150 გრამამდე თაფლი, მაგრამ უარი უნდა ვთქვათ შაქარსა და შაქრის შემცველ პროდუქტებზე. თაფლთან ერთად არ არის რეკომენდებული თეთრი პურის, ცომეულის, მაკარონისა და კარტოფილის ჭამა. სიფრთხილე მართებთ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს - მათთვის თაფლით მკურნალობა უკუნაჩვენებია. მინდა, მათ, ვისაც ნერვული დაძაბულობა და უძილობა აწუხებს, ვურჩიო თაფლზე მომზადებული ნაყენის მიღება:

  • კატაბალახას ფესვები დააქუცმაცეთ, აიღეთ 15 გრამი და მოათავსეთ ფაიფურის ჭურჭელში. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დილამდე დატოვეთ.Mმეორე დღეს გადაწურეთ და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ 30 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ძილის წინ შეგიძლიათ ცოტა მეტიც მიიღოთ.

სვია თავდაჯერებას დაგიბრუნებთ

მოგეხსენებათ, სქესობრივი ძლიერება მამაკაცს საკუთარი თავის რწმენას მატებს, თავდაჯერებული მამაკაცი კი ცხოვრებისეულ სირთულეებს უფრო იოლად უმკლავდება. პოტენციის ასამაღლებლად კარგია სვიის გირჩისგან მომზადებული წამალი.

  • აიღეთ სვიის გამხმარი გირჩა, დააქუცმაცეთ და 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-ჯერ ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10-დღიანია.

სალბის ნაყენი კბილის ტკივილს შეგიმსუბუქებთ

კბილის ტკივილი ნებისმიერ დროს აუტანელია, მაგრამ განსაკუთრებით შემაწუხებელია დღესასწაულზე, როცა შენი კბილისთვის არავის სცალია და არც თავად გინდა, უქმე დღე სტომატოლოგიურ კლინიკაში გაატარო. ახალ წლამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, როცა კბილი საშინლად ამტკივდა. მთელი ოჯახი ფეხზე დადგა. საბედნიეროდ, შინ სალბი აღმოგვაჩნდა და დედაჩემმა მისგან ნაყენი მომიმზადა, რომელმაც ტკივილი გამიყუჩა და შვება მომგვარა.

  • 1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 40-50 წუთით დააყენეთ, მერე კი საათში ერთხელ პირში გამოივლეთ. იმავდროულად მტკივან კბილზე დაიდეთ ამ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი.

მტანჯველი ხველისგან გაგათავისუფლებთ

ამ ზამთარს გრიპი შემხვდა. ხუთიოდე დღეში კი გამიარა, მაგრამ დამიტოვა საშინელი ხველება და სისუსტე. რა საშუალება არ ვიხმარე, რა წამალი არ მივიღე, მაგრამ ხველებას არაფერი ეშველა. დავდიოდი კლინიკებში, ვიტარებდი გამოკვლევებს... ყველა მეუბნებოდა, ბრონქიტის მეტი არაფერი გჭირსო, მე კი თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. კიკეთში აგარაკი მაქვს. იქაურმა მეზობელმა მომინახულა და ჩემი გასაჭირის წამალიც მასწავლა:

  • ერთმანეთში აურიეთ 300 გრამი თაფლი და წვრილად დაჭრილი ალოეს 1 ფოთოლი, დაასხით 0,5ლ მდუღარე წყალი, შედგით ქურაზე, წამოადუღეთ და 2 საათი ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და კარგად ამოურიეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.