სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

გულსაც ამით მკურნალობდნენ და სახსრებსაც. მეც ხშირად ვიყენებ ამ ნარევს იმუნიტეტის აღსადგენად.

* აიღეთ სამი წლის ალოეს 3 მსხვილი ფოთოლი (ფოთლების მოჭრამდე მცენარე 1 კვირა არ მორწყოთ!). გარეცხეთ, ეკლები დააჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური 300 გ მაინც უნდა იყოს. შეურიეთ 1/2 კგ ნატურალურ თაფლში და დაამატეთ 1 ბოთლი კაგორი (სადესერტო წითელი ღვინო). შემდეგ 1 კვირით სიბნელეში დადგით.

პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ერთხელ, შემდეგ - თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მკურნალობის კურსი 10 დღიდან 2 თვემდეა. მე წელიწადში ერთხელ ვიტარებ და, მადლობა ღმერთს, თავს მშვენივრად ვგრძნობ.

სახსრების ტკივილსაც მოერევით

დიდი ხანია, სახსრები მაწუხებს. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ხალხური საშუალება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, ამ ცოტა ხნის წინ კი გავიგე, რევმატიზმს ფიჭვის კვირტები შველისო. იმედი გადაწურული მქონდა, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო... მეც ავდექი და ფიჭვის კვირტების ნაყენი მოვამზადე (ძალიან ადვილი მოსამზადებელია და ამიტომ უფრო არ დამზარებია):

  • აიღეთ ფიჭვის კვირტები, კანიანად დაჩეჩქვეთ, დაასხით იმდენი არაყი, რომ 5-6 სმ-ით ასცდეს და 7 დღის განმავლობაში დააყენეთ, თან დროდადრო შეაჯანჯღარეთ. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ამ ნაყენის სმა შარშან ზამთარში დავიწყე. პარალელურად მტკივან სახსრებს ღვიის ნაყენით ვიზელდი (50 ცალ ღვიის ნაყოფს დაასხით 500 მლ სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა და გაფილტრეთ). თუ ადრე სახსრები ყოველ შემოდგომაზე მტკივდებოდა, ამ შემოდგომაზე თითქმის არ შეუწუხებივარ.

არ ვიცი, ამ ორი რეცეპტიდან რომელი უფრო მეტად მომიხდა, მაგრამ ფაქტია, რომ თავს კარგად ვგრძნობ. იქნებ სწორედ ორივეს ერთდროულმა გამოყენებამ მიშველა?

ეგზემა ოროვანდით დავამარცხე

დიდხანს მაწუხებდა ეგზემა. ვერაფრით ვშველოდი. ზოგჯერ, რომ მეგონა, სადაც არის, გამონაყარი გაქრება-მეთქი, ყველაფერი თავიდან იწყებოდა... ექიმებთანაც ვიარე, ექიმბაშებთანაც, მაგრამ არაფერმა მიშველა.

  • ერთხელ დაავადება მეტისმეტად გამიმწვავდა, გამონაყარი გამიხშირდა და აუტანელი ქავილი დამეწყო. წყალწაღებულივით ხავსს მოვეჭიდე - მე თვითონ დავიწყე მცენარეული რეცეპტის ძებნა. თავდაპირველად ოროვანდის ნაყენი ვცადე (ეს მცენარე აფთიაქში იყიდება): 1 ს. კ. დაქუცმაცებულ ფესვს ვასხამდი 1 ჭიქა მდუღარე წყალს და ძალიან დაბალ ცეცხლზე 20 წუთი ვადუღებდი, ნახევარი საათით თავდახურულ ჭურჭელში ვაყენებდი და შემდეგ ორფა დოლბანდში ვფილტრავდი. ვსვამდი თითო სუფრის კოვზს დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ.

გამონაყარი თანდათან გაქრა, მაგრამ მეშინოდა, ისევ არ გამიმწვავდეს-მეთქი, ამიტომ ძიება განვაგრძე. ერთხელ სადღაც ამოვიკითხე, ოროვანდის ნაყენში დასველებული ნაჭერი მთელ ტანზე უნდა შემოიხვიოთო. მეც ყოველ საღამოს, ძილის წინ, სველ ზეწარში ვეხვეოდი.

ხუთ სუფრის კოვზ ოროვანდის ფესვს ვასხამდი ერთ ვედრო მდუღარე წყალს, 15 წუთი ვადუღებდი ნელ ცეცხლზე და ოთახის ტემპერატურამდე ვაგრილებდი, შემდეგ ამ ნაყენში ვდებდი ოთხად გაკეცილ ზეწარს, ვწურავდი, შიგ ვეხვეოდი და ვწვებოდი (ლეიბზე წინასწარ ცელოფანს ვაფარებდი). დედა ზემოდან მაფარებდა მეორე, მშრალ ზეწარს და შალის პლედს და ქინძისთავებით მიმაგრებდა, რომ ერთი საათის განმავლობაში არ დაშლილიყო. შეხვევები სამი კვირა ვიკეთე. პირველი ექვსი პროცედურის შემდეგ ერთი საღამო დავისვენე, შემდეგ კიდევ ექვსი პროცედურა ჩავიტარე, ისევ დავისვენე და ასე შემდეგ. ცხადია, ეს ყველაფერი წელიწადის თბილ დროს უნდა გაკეთდეს, თორემ შეიძლება გაცივდეთ.

ოროვანდის ნაყენის კურსს კი დროდადრო ახლაც ვიტარებ - რამდენიმე კვირა ვსვამ, შემდეგ ერთი თვე ვისვენებ, რომ არ შევეჩვიო. დამიჯერეთ, ტანზე ეგზემის ნიშანწყალიც აღარ მეტყობა.

გაციებისას კრაზანა დაიხმარეთ

ვფიქრობ, ჩემი მარტივი რეცეპტი ყველას გამოადგება, რადგან არ მინახავს ადამიანი, წელიწადში ერთხელ მაინც რომ არ ცივდებოდეს. მე უკვე კარგა ხანია ვხმარობ შინ მომზადებულ კრაზანას ნაყენს, რომელიც ხველასა და ბრონქიტს ძალიან უხდება.

  • 7 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ კრაზანას დაასხით 1/2 ლ არაყი, 2 კვირა გააჩერეთ სიბნელში და გაფილტრეთ. გამოიყენეთ გულმკერდის, ზურგისა და ფეხების დასაზელად.

თუ გაქვთ სიცხე, სურდო და თან გახველებთ, დაზელის პარალელურად სვით ოფლმდენი ნაყენი, რომელიც ბეგქონდარას, კრაზანას, პიტნის ან თავშავასგან მზადდება. 1 სუფრის კოვზ ნებისმიერ მცენარეს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა. კრაზანას ნაყენს ადრე ფილტვების ანთების სამკურნალოდაც იყენებდნენ და საკმაოდ ეფექტურადაც. ნაყენი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ - არ გაფუჭდება.

კუჭის ტკივილი აღარ მაწუხებს

ქრონიკული გასტრიტი მაქვს. ბუნებრივია, კუჭი ხშირად მტკიოდა, გულძმარვაც მაწუხებდა. ერთხანს მინერალურ და სოდიან წყალს ვსვამდი, მაგრამ რამდენიმე საათით თუ მგვრიდა შვებას. ერთ დღესაც ხალხურ მედიცინას ჩავუჯექი და გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალების ძებნა დავიწყე. მრავალი რეცეპტი ვსინჯე, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მომიხდა:

  • აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი გამხმარი და დაქუცმაცებული პიტნა, 1 ჩაის კოვზი კამა, 2 ჩაის კოვზი კრაზანა. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათი გააჩერეთ, გაფილტრეთ და სვით მთელი დღე, თითო ჯერზე - 1-2 სუფრის კოვზი.

გულძმარვისა და კუჭის ტკივილის პროფილაქტიკისთვის ამ ნაყენს ჭამის წინ ვიღებ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ დამილევია და არაფერი დაშავებულა.


გაციება გაზაფხულზე

გაზაფხული დადგა, მაგრამ ვიდრე ძალას მოიკრებს, ზამთარი კიდევ მოიქნევს კუდს. ასე რომ, არც გაციებაა გამორიცხული. მართალია, ვირუსებსა და ბაქტერიებთან საბრძოლველად დღეს უამრავი ფარმაკოლოგიური საშუალება არსებობს, მაგრამ თითქმის ყველა ოჯახში ინახება გაციების საწინააღმდეგო შინაური რეცეპტი. მინდა, მეც შევიტანო მცირე წვლილი თქვენი მკითხველის ჯანმრთელობაში და ჩემ მიერ ნაცადი ხალხური რეცეპტები შემოგთავაზოთ.

  • გაციების დროს უსიამოვნო სიმპტომებს შეგისუსტებთ სანელებლებიანი ჩაი: თერმოსში ჩაყარეთ თითო ჩაის კოვზი გვირილა, სალბი, პიტნა, დაფნის ფოთოლი, კატაბალახას ფესვი, 1-2 მიხაკი, მწიკვი დაფქული კოჭა, ქინძი და შავი პილპილი, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ერთი საათით დააყენეთ და ჩაიც მზად არის. გაწურეთ ბადეში და სვით მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩაი იყოს ზომიერად ცხელი. ასეთი სასმელი ამცირებს სხეულის ტემპერატურას, აცხრობს ხველას და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.
  • სურდოს ნიშნების გაჩენისთანავე ცხვირი მარილიანი წყლით გამოირეცხეთ: გრილ ანადუღარ წყალში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი. პირსაბანთან თავი გვერდულად დახარეთ, ზევით მოქცეულ ნესტოში ნელ-ნელა ჩაისხით მარილიანი წყალი. ცხვირიდან წყალი თანდათანობით გადმოვა. შემდეგ თავი მეორე მხარეს მიაბრუნეთ და იგივე გააკეთეთ მეორე ნესტოთი. თუ პროცედურებს დროულად დაიწყებთ და დღეში რამდენჯერმე გაიმეორებთ, სურდო მალე გაგივლით.
  • ადუღებული სამკურნალო ნახარში (ევკალიპტისა, სალბისა, გვირილისა, სოდიანი ან სხვა) ჩაასხით მცირე ზომის ტაშტში (უმჯობესია, პროცედურა სააბაზანოში ჩაიტაროთ, რათა ჰაერი წინასწარ გაათბოთ ცხელი წყლის ნაკადით), შემდეგ წელამდე გაშიშვლდით, ტაშტისკენ დაიხარეთ და ხაოიანი პირსახოცი გადაიფარეთ. ისუნთქეთ თბილი ჰაერით 10-15 წუთი. ბოლოს სწრაფად გადაივლეთ თბილი შხაპი, თბილად ჩაიცვით და საწოლში ჩაწექით. კარგი იქნება, თუ საწოლშივე მოგართმევენ თბილ, თაფლიან ბალახის ჩაის. ანდა ჩაი წინასწარ მოიმზადეთ, ჩაასხით თერმოსში და დაიდგით საწოლთან, რათა ინჰალაციის შემდეგ სიარული არ მოგიწიოთ. დალიეთ და დაიძინეთ. დილით თავს უკეთ იგრძნობთ.

ზეითუნის ზეთი სახსრებს აყუჩებს

წლების განმავლობაში მაწუხებდა მუხლისა და იდაყვის სახსრები. რაზეც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველაფერი ვცადე, მაგრამ გაგიგონია? - როგორც კი ამინდი შეიცვლებოდა, მაშინვე სახსრების ტეხა მეწყებოდა. ერთ დღეს სადღაც ამოვიკითხე, ზეითუნის ზეთს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვსო. სწორედ იმ დროს გულმკერდი მტკიოდა - ეტყობა, ნიავმა დამკრა. დავიწყე მკერდის ზეითუნის ზეთით ზელა და ტკივილმაც გამიარა. რაც შეეხება სახსრების ტკივილს, თუ მუხლები აგტკივდათ, საღამოს გაიკეთეთ ასეთი კომპრესი: აიღეთ ორი ნაჭერი დოლბანდი, დაასველეთ ზეითუნის ზეთით, მიიდეთ მტკივან ადგილას და შეიხვიეთ. დილისთვის ტკივილი გაგივლით.

გასტრიტის უებარი წამალი

ახალგაზრდობიდან მოყოლებული, მაწუხებდა კუჭი. ექიმებმა ასეთი დიაგნოზი დამისვეს: ქრონიკული გასტრიტი მჟავიანობის დაქვეითებითო. ქიმიური წამლების სმა მაინცდამაინც არ მიყვარს, ამიტომ ხალხურ მედიცინას მივმართე და უამრავი რეცეპტი მოვიძიე, რომელთაგანაც ყველაზე ხელმისაწვდომს და მოხერხებულს ვირჩევ. მინდა, გაგაცნოთ ის რეცეპტები, რომლებიც ყველაზე მეტად მიხდება:

  • აიღეთ მრავალძარღვას ფოთლები, დანაყეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. დაამატეთ იმდენი თაფლი, რომ არაჟნის კონსისტენციის ნარევი მიიღოთ. მიირთვით ჩაის კოვზით დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. მისი წინასწარ მომზადებაც შეიძლება, რადგან კარგად ინახება და სამკურნალო თვისებებს ოთახის ტემპერატურაზე დახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ კარგავს.

ამ წამლის წყალობით დაავადება სულ უფრო იშვიათად მახსენებს თავს. სცადეთ, იქნებ თქვენც მოგიხდეთ.

თუ კისერი გაგიშეშდათ

მახსოვს, ერთ დილით გავიღვიძე და თავის მობრუნება ვეღარ შევძელი. კისერი საშინლად მტკიოდა - ოსტეოქონდროზი გამიმწვავდა. კიდევ კარგი, უქმე დღე იყო და არსად მეჩქარებოდა. ასეთი შემთხვევებისთვის შინ მუდამ გვაქვს წიწაკის არაყი. ავიღე ცხვირსახოცი, დავასველე, დავიდე მტკივან ადილას, ზევიდან პოლიეთილენის ნაჭერი გადავაფარე და შალის კაშნეთი შევიხვიე. საღამოს უკვე სიმსუბუქე ვიგრძენი. თქვენც გირჩევთ, წიწაკის არაყი დასაზელადაც და საფენებისთვისაც გამოიყენოთ - ის არაჩვეულებრივად ათბობს და ამცირებს ტკივილს.