სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • 1 სმ სისქის ლიმონის ნაჭრით ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვიზელდი მტკივან სახსარს, რამაც ენით აუწერელი შედეგი მომცა. გარდა ამისა, ტკივილის მოსახსნელად პერიოდულად ვიკეთებ შვრიის ფანტელების (ჰერკულესის) კომპრესს: ვყრი ქვაბში ერთ მუჭა ჰერკულესს, ვასხამ 2 ჭიქა წყალს და ვდგამ დაბალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში ვადუღებ (თან გამუდმებით ვურევ), შემდეგ გადმოვდგამ ცეცხლიდან და ოდნავ რომ შეგრილდება, ვიკეთებ კომპრესს. ვიტოვებ 1 საათს, თუმცა ტკივილი მალევე ცხრება. ან: ვურევ 100 გ სპირტში 50 გ ქაფურს, ვამატებ 50 გ მდოგვის ფხვნილს, ცალკე ვთქვეფ 2-3 კვერცხის ცილას და ვამატებ უკვე მომზადებულ მდგოვისა და სპირტის ნაზავს. ამ საშუალებით პერიოდულად ვიზელ მტკივან სახსარს და ძალიან მშველის.

 

ადენოიდების დროს გიშველით...

შარშან ჩემს რვა წლის შვილს შევამჩნიე, რომ პირღიას ეძინა და დღისითაც სულ ღია ჰქონდა პირი. როცა ვეტყოდი, პირი მოკუმე-მეთქი, მპასუხობდა, ასე ვერ ვსუნთქავო. მივიყვანე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან. მითხრა, ადენოიდები აქვს გადიდებული და იმის ბრალიაო. განსაზღვრულ ასაკში ისინი თავისთავად დაპატარავდება და გადაგვარდება, მაგრამ ვიდრე ბავშვი ამ ასაკამდე მიაღწევს, შესაძლოა გართულებები განვითარდეს, მაგალითად, სუნთქვა რომ უჭირს, ტვინმა სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვერ მიიღოს და სწავლა გაუჭირდესო. ოპერაციისგან მაინც თავი შევიკავე, ვიფიქრე, ცოტა ხანს დავაკვირდები, თუ მდგომარეობა დამძიმდა, ქირურგთან მისვლას ყოველთვის მოვასწრებ-მეთქი. ეს ამბავი გაიგო ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ჩემი შვილის კბილა გოგონა ჰყავს, დამამშვიდა და მასწავლა სასწაულმოქმედი საშუალება, რომლის წყალობითაც დღეს ჩემი ბიჭი უპრობლემოდ სუნთქავს. ძალიან გამიხარდება, თუ ეს რეცეპტი კიდევ ვინმეს გამოადგება და ოპერაციას თავიდან ააცილებს.

მკურნალობა სამ ციკლად ტარდება:

I - ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ ნახევარ-ნახევარი პიპეტი ქაცვის ზეთი;

II - ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ 3-3 წვეთი კედრის წიწვების ზეთი;

III - ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ ჩაის ხის ზეთი (ანოტაციის მიხედვით).

ზეთის ჩაწვეთების წინ ნესტო უნდა გამოირეცხოს მარილწყლით (1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა გადადუღებულ წყალზე) - ბავშვმა ცხვირით უნდა შეისრუტოს ეს ხსნარი და პირიდან გადმოაფურთხოს. თუ ცხვირი გაჭედილი დარჩა, 15 წუთის შემდეგ უნდა ჩააწვეთოთ ნაფტიზინი ან პინოსოლი. ამ პროცედურიდან 15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ ზეთი. გისურვებთ ჯანმრთელობას.

 

ართროზს გვირილაც უხდება

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ცერა თითი მოხრის დროს ტკაცუნებდა, შემდეგ გამისივდა და ამტკივდა. დამისვეს ართროზის დიაგნოზი და რამდენიმე პროცედურის ჩატარება შემომთავაზეს. ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულე, მაგრამ არ მიშველა, პირიქით, მდგომარეობა სულ უკან-უკან მიდიოდა. თითის მოხრასაც ვეღარ ვახერხებდი. დავიწყე ნაირ-ნაირი კომპრესის კეთება... არც ამან მიშველა. შემდეგ გვირილის ნაყენის აბაზანები მირჩიეს. ამ საშუალებამ კი ნამდვილად გაამართლა.

  • 2 სუფრის კოვზ გვირილას ვასხამდი 2 ლიტრ წყალს, 3 წუთს ვადუღებდი დაბალ ცეცხლზე. 50-60 გრადუსამდე რომ შეგრილდებოდა, თითს შიგნით ვყოფდი და თან ვიზელდი. პროცედურა 20 წუთს გრძელდებოდა (ნაყენს არ ვაძლევდი გაციების საშუალებას და პერიოდულად ცხელ-ცხელს ვამატებდი), შემდეგ თითს პირსახოცით ვიმშრალებდი და 5-10 წუთით ვიფუთნიდი. პროცედურას ვიტარებდი ძილის წინ. შვება პირველივე ჯერზე ვიგრძენი. დილით თითი ოდნავ ჩამცხრალი იყო და მოხრაც შემეძლო. სამი პროცედურის შემდეგ შესივება მთლიანად ჩაცხრა, თითის მოხრა-გაშლის დროს ტკაცუნი აღარ ისმოდა, მაგრამ შედეგის გასამყარებლად მკურნალობა მაინც გავაგრძელე. სულ 15 პროცედურა ჩავიტარე, მეტი ჯერჯერობით აღარ დამჭირვებია.

 

ნაღველა ვიტილიგოს წინააღმდეგ

20 წლისაც არ ვიყავი, ფეხებზე თეთრი ლაქები რომ გამიჩნდა. კაბას, ფაქტობრივად, ვეღარ ვიცვამდი. შემდეგ ლაქები მკლავებზეც მომედო. გადავედი გრძელსახელოებიანი ტანსაცმლის ტარებაზე... თანდათან ლაქებმა სახემდე მოაღწია და მათი დამალვა უკვე შეუძლებელი გახდა... მეტი რა გზა მქონდა, ნელ-ნელა შევეგუე. ჩემს მეზობელს უამრავი ქათამი ჰყავდა, დროდადრო კლავდა და გასაყიდად მიჰქონდა ქალაქში. დაკვლაში მეზობლებიც ვეხმარებოდით. გაგონილი გვქონდა, რომ ქათმის ნაღველი სასარგებლო იყო, მაგრამ რისთვის, არავინ ვიცოდით. ჩვენც პროფილაქტიკისთვის ქათმის ნაღვლის ბუშტის ყლაპვა დავიწყეთ. ვაცილებდით ღვიძლს, ვავლებდით წყალში და ვყლაპავდით. ასე "ვიმკურნალეთ" ერთი კვირა, მომდევნო თვესაც ერთი კვირა ვყლაპეთ ქათმის ნაღვლის ბუშტი... ერთ მშვენიერ დღეს შევამჩნიე, რომ სახეზე თეთრი ლაქები გაბაცდა, მერე კი სულ გაქრა. შემდეგ ხელებსა და ფეხებზეც გამეწმინდა კანი. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ეს სასწაული ქათმის ნაღველს დავაბრალე, მერე ეს ხერხი ერთ ნაცნობს ვასწავლე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მასაც უშველა.

 

გეოგრაფიული ენა და თხის რძე

ჩემი პატარა რამდენიმე კვირისა იყო, როდესაც შევამჩნიე, რომ ენა ძირიდან წვერამდე უხეში ღარებით ჰქონდა დაფარული. სასწრაფოდ ვაჩვენე პედიატრს, რომელმაც მითხრა, რომ ეს იყო გეოგრაფიული ენა, არ იკურნება, მაგრამ ტკივილი არ იცის და ბავშვს არანაირად არ შეაწუხებს, ერთადერთი, შესახედავად არ იქნება ლამაზიო. ბავშვი ერთი წლისა რომ გახდა, სოფელში, დედასთან წავიყვანე. მას თხები ჰყავს. ვიცოდი, რომ თხის რძე სასარგებლოა და შვილს ყოველდღე ვასმევდი. მოხდა სასწაული: ენა ღარებისგან სულმთლად გაეწმინდა. დიდხანს მეგონა, რომ ეს დროებითი ეფექტი იყო, წამდაუწუმ ვთხოვდი ბავშვს, ენა ეჩვენებინა... ახლა იგი 7 წლისაა, მაგრამ ენაზე "გეოგრაფიის" კვალიც აღარ ეტყობა.

 

პომიდორი და ვარიკოზი

თბილისის მახლობლად მიწის ნაკვეთი მაქვს და დღედაღამ იქ ვართ მე და ჩემი მეუღლე. ძალიან გვიყვარს ბაღ-ბოსტანში საქმიანობა, მაგრამ მძიმე ჯაფა კია, განსაკუთრებით - ფეხებისთვის. თანდათან ვენები დამებერა, ამტკივდა, შემისივდა... დამისვეს ვენების ვარიკოზული გაგანიერების დიაგნოზი, დამინიშნეს წამლები დასალევად, ფეხზე წასასმელად და კიდევ ათასი დარიგება მომცეს. მე მაინც ხალხური მედიცინა ვარჩიე. ძებნა-ძებნაში ერთ მარტივ, მაგრამ უებარ საშუალებას მივაგენი. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მომიხდა, ეგებ თქვენც გამოგადგეთ.

  • უმი პომიდორი დაჭერით და დაიდეთ გაგანიერებულ ვენებზე. გაიჩერეთ, ვიდრე არ დაგიწყებთ წიწკნას. შემდეგ პომიდვრის ნაჭრები მოიშორეთ და ფეხები ცივი წყლით დაიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ვენები აღარ დაგეტყობათ.

ბრონქიტის საწინააღმდეგო მიქსტურა

ეს რეცეპტი ერთმა ნაცნობმა მასწავლა. ჩემს 3 წლის გოგონას ბრონქიტი დაემართა და არაფერი შველოდა, არც ექიმის მიერ გამოწერილი წამალი და არც შინაური საშუალებები, ამ მიქსტურამ კი მოარჩინა.

  • უნდა აიღოთ 2 თავი საშუალო ზომის ხახვი, გაფცქვნათ, დაჭრათ ალყა-ალყა, ჩაყაროთ ჭიქაში და მოაყაროთ 2 სუფრის კოვზი შაქარი. გააჩეროთ მთელი ღამე, დილით დასრისოთ და გაფილტროთ. უნდა შეინახოთ სითბოში, მაგალითად, სამზარეულოში. ჩემს გოგონას ვასმევდი 1 ჩაის კოვზს დღეში 6-7-ჯერ და რამდენიმე დღეში ხველამ სულმთლად გაუარა. მოგვიანებით ეს საშუალება საკუთარ თავზე გამოვცადე და ძალიან მომიხდა, ოღონდ მე 1 სუფრის კოვზს ვსვამდი დღეში ასევე 6-7-ჯერ.

 

ლიმონის წვენი აჩერებს სისხლდენას

ჩემთვის ყველაზე საშინელი იყო ის, როდესაც ცხვირიდან მეწყებოდა სისხლდენა ნაკადულად, მისი შეჩერება საშინელი პრობლემა იყო. მე ვერაფრით ვერ გავიგე ამის მიზეზი. ერთნი ერთ მიზეზს მისახელებდნენ, მეორენი კი სხვას. ერთ მიზეზად ასახელებდნენ ცხვირის სისხლძარღვების სისუსტეს, სხვა მიზეზი არც იყო. ამის გარდა ბავშვობიდან არაფერი მაწუხებდა და სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. არაფერს არ ვუჩიოდი, თავი არასოდეს მტკიოდა. ერთმა ჩვეულებრივმა შემთხვევამ მასწავლა სისხლდენასთან გამკლავება.  ერთხელ ჩემს მეგობარს ვეწვიე და ღამეც მასთან დარჩენა გადავწყვიტე. როდესაც დასაძინებლად ვწვებოდი, ცხვირმა ისევ მიღალატა და დამეწყო ძლიერი სისხლდენა. ჩემი მეგობარი გოგონა შეშინდა და დედას დაუძახა საშველად, რომელმაც მასწავლა, რა უნდა გამეკეთებინა ამ დროს. რეცეპტი მინდა თქვენც გაგიზიაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურის დროს უნდა იჯდეთ მშვიდად და არ უნდა დაწვეთ. ჩემი მეგობრის დედამ თავდაპირველად მაცივრიდან გამოღებული ყინული შეახვია დოლბანდში და ცხვირზე დამადო. ამასობაში კი მოამზადა შემდეგი ნარევი:

  • აიღო 1 ჭიქა ცივი წყალი, მასში ჩააწურა 1/4  ლიმონის წვენი და მთხოვა, რომ ეს ნარევი შემესრუტა ცხვირით და მცირე ხნით შემეკავებინა ცხვირში თითის ნესტოზე დაჭერით. სისხლდენა ძალიან სწრაფად შეწყდა.

ხსნარისთვის, გარდა ლიმონისა, შეიძლება გამოიყენოთ ღვინის ძმარი - ერთი ჩაის კოვზი გახსენით ერთ ჭიქა წყალში. გარდა ამისა, შესანიშნავი შედეგი აქვს ჩვეულებრივ შაბსაც. 1/3 ჩაის კოვზი დაფხვნილი შაბი გახსენით ერთ ჭიქა ცივ წყალში. ეს ხსნარი შეისრუტეთ ცხვირის ნესტოში და კარგად გამოირეცხეთ ცხვირი. ამავე მიზნით ზაფხულში დიდი წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ ფარსმანდუკის ახალი ფოთლები ან მისი წვენი. ამისათვის ახალქორფა ფოთლები კარგად დასრისეთ და პატარა ნაფლეთები ჩაიდეთ ცხვირის ნესტოებში. შეგიძლიათ ჩაიწვეთოთ ახლაგამოწურული წვენის რამდენიმე წვეთი თითოეულ ნესტოში. ასე შეიძლება მთელი ზაფხულის განმავლობაში სისხლდენისგან გათავისუფლდეთ. სცადეთ, იქნებ გიშველოთ.

 

როგორ მოვირჩინოთ კოჟრები და ბებერები

  • აიღეთ ერთი თავი ხახვი, გაფცქვენით და შუაზე გაჭერით. ჩადეთ ჭიქაში და დაასხით იმდენი ღვინის ძმარი, რომ დაიფაროს. ასე დატოვეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ მოაცილეთ ერთი ფურცელი და დაიდეთ კოჟრზე. დაიმაგრეთ პლასტირით ან ბინტით. გამოიცვალეთ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს. რამდენიმე დღეში კოჟრისგან კვალიც არ დარჩება.

საკმაოდ შემაწუხებელია ბებერაც. ხდება ხოლმე, შიშველ ფეხზე ჩაიცვამ ფეხსაცმელს, ფეხი გადაგეყვლიფება, გაგიწითლდება და ჩნდება ბუშტუკები, რომლებიც წყლით ივსება. ასეთ დროს მოიქეცით ასე: თბილ წყალში გახსენით იმდენი კალიუმის პერმანგანატი, რომ წყალმა ბაცი ვარდისფერი მიიღოს, დაამატეთ ცოტაოდენი ჩვეულებრივი სუფრის მარილი და ფეხები 15-20 წუთით ჩაყავით ამ წყალში. რომ ამოიღებთ, არ გაიმშრალოთ, ზედვე შეიშრეთ. ტკივილი ძალიან მალე გაივლის და ბებერაც შრება.


უნივერსალური რეცეპტები

თქვენი ჟურნალის მუდმივი მკითხველი გახლავართ და დიდად მადლიერი ვარ, ფიტოთერაპიას ამდენ ადგილს რომ უთმობთ. მე თვითონ ფიტორეცეპტებს დიდი ხანია ვაგროვებ და საკმაოდ კარგი კრებულიც მაქვს. ასაკს მთელი ხურჯინი დაავადება მოაქვს თან, ხალხურ მედიცინაში კი უამრავი უნივერსალური რეცეპტი არსებობს. გთავაზობთ ერთ ასეთ რეცეპტს ჩემი უბის წიგნაკიდან:

  • ცისტიტის, პროსტატის ადენომის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ჭინჭრის ციების, ბრონქული ასთმის დროს აიღეთ 1 ჭიქა ქორფა ჭინჭრის ფოთოლი, გასრისეთ არაჟნის კონსისტენციამდე, შეურიეთ 1 კგ თაფლი, შედგით ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი 40 დღეა, შესვენება - 2 კვირა. ჩაიტარეთ რამდენიმე კურსი.

 

ჩვენი ლურჯი მკურნალი

ჩემი ნაავადმყოფარი შვილი ძალ-ღონის აღსადგენად სანატორიუმში გავგზავნე, იქიდან კი კანის დაავადებით დამიბრუნდა. რით არ ვუმკურნალეთ, არაფერმა უშველა - ტანი ჩირქგროვებით ჰქონდა სავსე. დერმატოლოგმა გვითხრა, რომ ამ ჩირქგროვებს კანში ჩამჯდარი ინფექციური აგენტი იწვევდა. ერთხელ დეიდაჩემს წამოსცდა, იქნებ ბადრიჯანი გეცადაო. წყალწაღებულივით ხავსს მოვეჭიდე - გამონაყარზე დღეში სამჯერ ბადრიჯნის წვენს ვუსვამდი. ამასთანავე, ვაჭმევდი ბევრ ბადრიჯანს, მაგრამ არა შემწვარს, არამედ ღუმელში გამომცხვარს ან ცოტაოდენ წყალში ჩაშუშულს. ზოგჯერ ვამატებდი ნიორს, რომელსაც ანტიმიკრობული თვისებები აქვს. ვაძლევდი უმი ბადრიჯნის წვენსაც - დღეში სამჯერ, უზმოზე, 2-3 სუფრის კოვზს. უკეთესობა მეოთხე დღესვე შეეტყო, მაგრამ მკურნალობა მაინც გავაგრძელეთ, რათა ჩირქგროვები მთლიანად ალაგებულიყო. მართალია, თვის ბოლოს ჩემს გოგონას ბადრიჯნის დანახვაც აღარ უნდოდა, მაგრამ ყველაფერმა გაუარა და ჩვენც დავისვენეთ...

 

ბლის ყუნწი შეშუპებულ ფეხებს აცხრობს

უკვე მერამდენე წელია, ჟურნალის არც ერთ ნომერს არ ვუშვებ წაუკითხავს. მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ რჩევებისა და რეცეპტებისთვის და ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ. უკვე მწიფს ბალი. სწორედ მისი საშუალებით მოვირჩინე ფეხების შეშუპება, რომელიც დიდხანს მაწუხებდა.

  • უნდა აიღოთ ერთი სუფრის კოვზი ბლის ყუნწი, დაასხათ 0,5 მლ მდუღარე წყალი, დააყენოთ ერთი ღამით, ხოლო დილით გადაწუროთ. ეს ნაყენი ერთი დღის ულუფაა. უნდა სვათ სურვილისამებრ, მცირე ულუფებით.

 

მოწამლულებს მოცხარმა გვიშველა

უკვე რამდენიმე წელია, აგარაკზე წამლები აღარ მიმაქვს - მათ ნაცვლად მცენარეებს ვიყენებ. ბევრჯერ დავრწმუნებულვარ, რომ ბუნებაში ყველა წამალი არსებობს, მთავარია იცოდე, სად ეძებო და როგორ გამოიყენო. სულ ცოტა ხნის წინ მეზობელმა შვილს დაბადების დღე გადაუხადა - მეგობრები დაუპატიჟა, მეორე დღეს კი მეზობლებს ნამცეცობაზე დაგვიძახა. თავპატიჟი არ გამოგვიდვია, წინა დღის ნარჩენებს კარგად მოვულხინეთ. რამდენიმე საათში კი გულისრევა და პირღებინება დაგვეწყო. მე მაშინვე ამოვირეცხე კუჭი თბილი წყლით. ბედად, შინ წითელი მოცხარი აღმომაჩნდა. ვიცოდი, რომ ეს კენკრა უხვად შეიცავს პექტინებს, რომლებიც კუჭის ლორწოვანში გარდაიქმნება და მოწამვლისას წარმოქმნილ ტოქსინებს ბოჭავს, ამიტომ კუჭის ამორეცხვის შემდეგ თავს ძალა დავატანე და მოცხარის რამდენიმე მარცვალი შევჭამე. საღამო ხანს უკვე ფეხზე წამოდგომაც შევძელი და მეზობლისკენ გავეშურე. ის საწყალი ღებინებისაგან გათანგული იწვა. ვაიძულე, კუჭი რამდენჯერმე ამოერეცხა თბილი წყლით, შემდეგ კი მოცხარის წვენი მივეცი - ვიფიქრე, რომ გაღიზიანებული კუჭი მას უფრო ადვილად მოინელებდა. რამდენიმე საათის შემდეგ ჩემი მეზობელიც მოსულიერდა, ორ-სამ დღეში კი ჩვენი მოწამვლისგან კვალიც აღარ დარჩა.

 

თუ წნევამ შეგაწუხათ

  • აიღეთ სამი მოზრდილი ლიმონი, გახეხეთ, დაამატეთ 0,5 კგ შაქარი, 0,5 ლიტრი არაყი და 25 გ მიხაკი. გადაიღეთ სამლიტრიან ქილაში და დაასხით თბილი ანადუღარი წყალი. ქილა მოათავსეთ ბნელ და გრილ ადგილას და 2 კვირით დატოვეთ. პერიოდულად ურიეთ. ორი კვირა რომ გავა, გადაწურეთ. მიიღეთ 25 მლ წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.