სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

მეც ვეთანხმები ამ აზრს, ისიც ვიცი, რომ სადღეისოდ ბროლის შესაცვლელად ეფექტური ტექნოლოგიები არსებობს, მაგრამ ოპერაციაზე ყველას არ მიუწვდება ხელი. დაავადების საწყის სტადიაში შესაძლებელია პროცესის ასე თუ ისე შეჩერება.

  • კარგია შავი მოცხარის, ბაბუაწვერას ფოთლებისა და ოროვანდის ფესვების ჩაი.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის შავი მოცხარი და ბაბუაწვერას ფოთოლი, ერთმანეთში აურიეთ, 1 ჩაის კოვზს დაასხით მდუღარე წყალი, 10 წუთს დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ჩაის კოვზ ოროვანდის ფესვს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 12 საათს, შემდეგ 5-10 წუთით წამოადუღეთ, გადაწურეთ და შეურიეთ მოცხარისა და ბაბუაწვერას ნაყენს. მიიღეთ დილა-საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამასთან ერთად ერთი თვის განმავლობაში ყოველ დილით, უზმოზე, აუცილებლად დალიეთ 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი (როგორსაც გაუძლებთ) - ეს სისხლძარღვებს გაგისუფთავებთ. შემდეგ 15 დღე შეისვენეთ და გაიმეორეთ. კურსი იმდენჯერ ჩაიტარეთ, რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლით.

 

ხაჭო საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა

ბალზაკის ასაკის ქალბატონი მოგმართავთ, რომელმაც კარგად იცის თავის მოვლის ფასი. პირადად მე არც მოშვებულ კანს ვუჩივი და არც სახის ცუდ ფერს. მინდა, სხვა ქართველი ქალებიც ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტე, გაგანდოთ კანის მოვლის რამდენიმე საიდუმლო.

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაფქული შვრიის ბურღული, 2 ჩაის კოვზი ახალი ხაჭო და დანის წვერით - საჭმელი სოდა. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ ხის კოვზით. თუ ხაჭო მშრალია, დაუმატეთ რძე. ნარევი სქლად წაისვით სახეზე, გარდა თვალების გარშემო არისა. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

დილის პირის ბანის პროცედურა:

რძე სანახევროდ განაზავეთ თბილი ანადუღარი წყლით. ამ ნაზავით დაიბანეთ პირი და არ შეიმშრალოთ, ისე გაიშრეთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.

საღამოს პროცედურა:

სითბოში ნადგამი მაწონი გაწურეთ 4-კეც დოლბანდში. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, წაისვით სახეზე და 10 წუთს გაიჩერეთ. ამის შემდეგ სახე რამდენიმეჯერ გაიწმინდეთ შრატით.

  • არაჟნის ნიღაბი კანს კვებავს და არბილებს. კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 კვერცხის ცილა, 0,5 ჩაის კოვზი თხელი თაფლი და წაისვით სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით.
  • მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად: აიღეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო და მწიკვი წმინდა მარილი, აურიეთ ერთმანეთში და ამ ნარევით გაიწმინდეთ სახე. 2 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა

ბევრს თმის ცვენა დისკომფორტს, არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს. თავდაპირველად მეც მაწუხებდა თმის შეთხელება, მაგრამ თანდათან აზრი შემეცვალა და მივხვდი, რომ მამაკაცის ღირსება ქოჩრით არ იზომება. თუ ვინმეს დარდით მაინც არ სძინავს, შეუძლია ეს წამალი სინჯოს - პირადად მაქვს ნაცადი და დაბეჯითებით ვურჩევ ყველას:

  • 1. აიღეთ 1 სუფრის კოვზი კონიაკი, 4 სუფრის კოვზი წითელი ხახვის წვენი, 6 სუფრის კოვზი ბირკავას (репейник) ფესვების ნაყენი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში.

ასევე შეიძლება თმის ძირებში შეიზილოთ გაჭრილი წითელი ხახვი.

 

როგორ ვებრძვით არასასურველ თმას

სახეზე, განსაკუთრებით კი საულვაშეზე, ჭარბი თმა მქონდა. რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, პირადად მაქვს ნაცადი. დარწმუნებული ვარ, ის კვლავაც მრავალს დაეხმარება არასასურველი თმის მოცილებაში. მთავარია, მოთმინება მოიკრიბოთ. მაშ ასე: დაგჭირდებათ ნიშადურის სპირიტი და 6%-იანი წყალბადის ზეჟანგი. მათი შეძენა თავისუფლად შეგიძლიათ აფთიაქში. აიღეთ 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი, გახსენით მასში 5 წვეთი ნიშადურის სპირტი და წაისვით ეს ნარევი თმაზე. გაიჩერეთ გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ ანადუღარი, გრილი ლიმონიანი წყლით. არ შეიმშრალოთ. როდესაც გაშრება, წაისვით საბავშვო კრემი. ასე გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ. თანდათანობით თმა გაუფერულდება, გათხელდება და ბოლოს სრულიად დაცვივდება. შედეგის მისაღებად არ დაიზაროთ და ყოველდღიურად ჩაიტარეთ ზემოთ აღწერილი პროცედურა.

 

თრომბოფლებიტს ჭინჭრის ნაყენი უხდება

რამდენიმე წელია, მაწუხებს ვენები ქვედა კიდურებზე. ექიმმა თრომბოფლებიტის დიაგნოზი დამისვა. განსაკუთრებით ზაფხულობით, სიცხეში ვიტანჯები - ფეხები მისივდება, მიმძიმდება, მიჭირს სიარული. სოფელში ვცხოვრობ და წამლის შეძენას ყოველთვის ვერ ვახერხებ, ამიტომ დროდადრო მცენარეულ საშუალებებს ვიყენებ, რომლებიც მუდამ ხელმისაწვდომია. კერძოდ, ვსვამ ჭინჭრის ნაყენს, რომელიც ასე მზადდება:

  • 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ მესამედი ჭიქა. მკურნალობის დროს ერიდეთ ხორცს, თევზს, შემწვარს, ფეხები დღეში 2-ჯერ დაიზილეთ ვაშლის ძმრის ხსნარით, რომელიც ასეთი პროპორციით მზადდება: 2 ჩაის კოვზი ძმარი 1 ჩაის ჭიქა წყალზე.

 

კრაზანას ნაყენი პირის ღრუსთვის უებარია

დაუდევრობისა და უდროობის გამო პირის ღრუს ჯეროვანი ყურადღება ვერ მივაქციე. შედეგმაც არ დააყოვნა - ღრძილები ამტკივდა, გამიწითლდა, კბილების წმენდის დროს სისხლი მდიოდა, პირის ღრუში უსიამოვნო სუნიც გამიჩნდა. ვიფიქრე, ექიმთან მისვლამდე მცენარეულ საშუალებებს ვცდი-მეთქი და თქვენ წარმოიდგინეთ, გაამართლა - ღრძილებიც გამიმაგრდა და სუნიც გამიქრა. გთავაზობთ ჩემ მიერ გამოყენებულ რეცეპტს:

  • 2 სუფრის კოვზ კრაზანას ბალახს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ, ვიდრე წყალი სანახევროდ არ დაშრება და გააგრილეთ. 1 სუფრის კოვზი ნახარში განაზავეთ ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში და გამოივლეთ პირის ღრუში ყოველი ჭამის შემდეგ.

 

მატიტელამ ტკივილებისგან მიხსნა

არსებობს დაავადებები, რომლებიც წლობით ტანჯავს ადამიანს. ასეთია ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის ანთება, რომლის შეტევებიც ზოგჯერ ისე გფიტავს, აღარ იცი, რა გზას დაადგე. იცი, რომ შენი ბრალია, მაგრამ ამის ცოდნა ვერაფერი შეღავათია... ქოლეცისტიტის სამკურნალო უამრავი საშუალება გამოვცადე, მაგრამ წამლები, რომლებმაც ჩემს ნაცნობებს უშველა, ჩემზე რატომღაც არ მოქმედებდა. ასე გაგრძელდა, ვიდრე შემთხვევით მატიტელას ფესვის სამკურნალო თვისებების შესახებ არ შევიტყვე.

  • წამლის მოსამზადებლად უნდა დააქუცმაცოთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხათ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, ჭურჭელი ჩადგათ ორთქლის აბაზანაში და გააჩეროთ 15 წუთს, გადმოდგათ და გადაწუროთ. წამალი მზად არის. უნდა სვათ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე, თითო სადილის კოვზი.

2-3 კვირის შემდეგ აშკარა შვება ვიგრძენი, შეტევები უფრო და უფრო გაიშვიათდა, თვალდათვალ გამოვკეთდი. როგორც შემდეგ შევიტყვე, მატიტელას ბალახისა და ფესვის ნაყენი, თუ დიდხანს მივიღებთ, ნაღვლის სადინარებს, ღვიძლსა და თირკმელებსაც კი ასუფთავებს.

 

პირველი დახმარება რადიკულიტის დროს

ეს რჩევები მათთვის არის, ვისაც რადიკულიტი სიცოცხლეს უწამლავს. თუ რადიკულიტის შეტევა დაგეწყოთ, პირველ ყოვლისა დადექით ოთხზე და გაცოცდით, როგორც ფეხაუდგმელი ბავშვი. რამდენიმე ხნის შემდეგ, როგორც კი შეამჩნევთ, რომ ტკივილი იკლებს, ნელ-ნელა წამოდექით და ოთახში სიარული დაიწყეთ. თუ გსურთ, შეტევა არ განმეორდეს, ყოველ დილით, ადგებით თუ არა საწოლიდან, რამდენიმე წუთის განმავლობაში იცოცეთ. დამიჯერეთ, ხერხემალი მადლობელი დაგრჩებათ. ვიცი კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შეტევის დროს ვიყენებ: ვიღებ რბილ სპილენძის მავთულს, ისეთს, როგორიც ტრანსფორმატორებში ან ძველ რადიომიმღებებშია, და შეტევის დროს თეძოებზე, მტკივანი ადგილის სიახლოვეს ვიხვევ. შემდეგ წელს თბილი შალით ვითბუნებ და მთელი ღამით ვიტოვებ. თუ აიტანთ, უმჯობესია მავთული 2-3 დღე გქონდეთ შემოხვეული. ამის შემდეგ, მერწმუნეთ, შეტევა დიდხანს აღარ განმეორდება.

 

თუ ფეხი გადაგიბრუნდათ

შარშან, შემოდგომაზე, სამსახურში მივიჩქაროდი და შუა ქუჩაში ისე გადამიბრუნდა ფეხი, კარგა ხანს წამოდგომაც ვერ მოვახერხე. ბოლოს, როგორც იქნა, ავდექი და კოჭლობა-კოჭლობით სამსახურამდეც მივაღწიე. სამუშაო დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, საქმეში გართულმა ვერაფერი ვიგრძენი, შინ დაბრუნებულს კი კოჭი ამტკივდა. ასატანი ტკივილი იყო, მაგრამ მაინც დავურეკე დედას და მოვუყევი, რაც შემემთხვა, მან კი ცხელი რძის კომპრესების გაკეთება მირჩია. ასეც მოვიქეცი, მთელი საღამო ცხელ რძეში დოლბანდს ვასველებდი და მტკივან კოჭზე ვიდებდი. დილით, რომ გავიღვიძე, აღარც ფეხი მტკიოდა და აღარც ვკოჭლობდი. მოგვიანებით დედამ მითხრა, რომ ცხელი რძის კომპრესები საუკეთესო საშუალება ყოფილა დაჭიმული მყესების დასაწყნარებლად. მას თურმე ხშირად იყენებენ სპორტსმენები საპასუხისმგებლო შეჯიბრებების დროს.

 

აფთიაქი ფინჯან ჩაიში

  • რაც არ უნდა შეგემთხვეთ, ისე ვერავინ დაგეხმარებათ, როგორც მცენარეთა ნაკრებისგან მომზადებული ჩაი. უნდა აიღოთ 250 გრამი ჩვეულებრივი შავი ჩაი, დაუმატოთ 2-2 სადილის კოვზი კრაზანა, სალბი, ბაღის პიტნა, თითო სადილის კოვზი გვირილა და ბეგქონდარა. ასეთი ნაკრები ყოველთვის უნდა იქონიოთ შინ და საჭიროებისას დღეში 2-3-ჯერ დალიოთ მასზე დაყენებული ჩაი. კარგია დიარეის დროს, ასევე - ნაწლავთა სპაზმის მოსახსნელად.

ნაყენით შეგიძლიათ გაიწმინდოთ თვალები კონიუნქტივიტისა და ქუთუთოების ანთების დროს, ასევე - მტვრისა და უცხო სხეულების მოსაცილებლად.

 

თავმდაბალი კენკრის ღირსებანი

ბევრმა არ იცის, რომ ჟოლოს ფოთლებს ამინდის წინასწარმეტყველება შეუძლიათ: თუ ისინი მილისებურად იხვევა, მზიანი, ნათელი და თბილი დღე გველის, თუ ბრტყლად იშლება, წვიმას უნდა ველოდოთ. არანაკლებ საიტერესოა ჟოლოს სამკურნალო თვისებებიც. ეს მცენარე ანანასზე ნაკლებად როდი შლის ცხიმოვან უჯრედებს, ასე რომ, თუ წონის დაკლება გსურთ, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ჟოლო. ამავე მიზნისთვის გამოგადგებათ მისი ფოთლების ჩაი. შეგიძლიათ, სასმელი ყვავილებისა და თავად კენკრისგანაც მოამზადოთ. გთავაზობთ წონის დასაკლები ჩაის რეცეპტს:

  • აიღეთ 300-300 გრამი ჟოლოს ფოთოლი და ნაყოფი, მაყვლის ფოთოლი და ნაყოფი, 100-100 გრამი შავი მოცხარის ფოთოლი და ნაყოფი და ამდენივე თავშავას ბალახი. აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. 50 გრამ ნარევს დაასხით 250 მლ ცივი წყალი, შედგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათს და ჩაისავით დალიეთ. უნდა მიიღოთ თითო ფინჯანი დღეში 2-3-ჯერ.

მცენარეულ ჩაის შესანიშნავად გამოაქვს ორგანიზმიდან უვარგისი ნარჩენები და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით კი ცხიმოვან ცვლას უხდება. სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთების დროსაც.

 

როცა ფარისებრი ჯირკვალი ინიღბება

ჩემი სიძის მძიმე ხასიათს დიდი ხანია მთელი სანათესაო მიეჩვია, მაგრამ ბოლო დროს მისი ატანა შეუძლებელი გახდა. სამშენებლო ფირმაში სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობს. კრიზისის დროს მისი ფირმა გაჩერდა და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთმა ნაცნობმა კერძო საქმის წარმოება შესთავაზა. თავდაპირველად არა უშავდა რა, მაგრამ რამდენიმე დღეში ვითარება შეიცვალა - სამსახურიდან სულ გაღიზიანებული ბრუნდებოდა, ბოლოს სულაც მიატოვა, რა ვქნა, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებსო. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც შინ იჯდა, 10 კილოგრამი მაინც დაიკლო, დასჩემდა თავის ტკივილები, მაჯის აჩქარება, დღე-ღამეში 3-4 საათი თუ ეძინა, ჭამითაც თითქმის არაფერს ჭამდა. ბოლოს შევშფოთდით და ექიმთან წავიყვანეთ. გამოგვიცხადა, თქვენს სიძეს ნევრასთენია სჭირსო და ანტიდეპრესანტებით დაუწყო მკურნალობა, მაგრამ არ უშველა. სხვა ექიმთან წავიყვანეთ და მის უსიამოვნებათა ნამდვილი მიზეზიც შევიტყვეთ - ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. ენდოკრინოლოგმა წამლები დაუნიშნა და დასასვენებლად სოფელში გავგზავნეთ. სოფლიდან დაბრუნებული ვეღარ ვიცანით - დამშვიდებულიყო, დაწყნარებულიყო, აღარც მწარე-მწარე სიტყვებით გვწამლავდა უწინდებურად. დავინტერესდით, რა მოხდა, რადგან ვიცოდით, წამლებს ისევ სვამდა. აღმოჩნდა, რომ სოფელში ერთი ბებოს ნასწავლებ ნაყენს სვამდა. გამოვიძიეთ ამ ნაყენის რეცეპტი და სიამოვნებით გთავაზობთ:

  • ერთმანეთში უნდა აურიოთ თანაბარი რაოდენობის სვიის გირჩა, შავბალახა და თავშავა, 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე, დადგათ და 30 წუთის შემდეგ გადაწუროთ.

ნაყენი დღეში ორჯერ, დილა-საღამოს უნდა დალიოთ.