სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

 წლობით მტკიოდა კუჭი. ბოლოს გასტროფიბროსკოპი გადამაყლაპეს და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოზი დამისვეს.
სად არ მივედი, რით არ ვიმკურნალე... გამუდმებით დიეტაზე ვიყავი, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხანმოკლე გახლდათ. გამოგიტყდებით, ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო - დროდადრო დიეტასაც ვარღვევდი და არც მკურნალობა მიმყავდა ბოლომდე.

ჩემს წამებას მეზობლის სოფლიდან ჩამოსული დეიდა შეესწრო, ჩაიღიმა და მითხრა, წყლულის ისეთ წამალს გასწავლი, თავის დღეში აღარ შეგაწუხებსო. ვისაც ვასწავლე, ყველა კმაყოფილია, სცადე, ეგებ შენც მოგიხდესო.
ვცადე და მოხდა სასწაული - ტკივილი უკვალოდ გაქრა. იმ კეთილშობილ ქალბატონს მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, მინდა,

ასე მაინც გამოვხატო მისდამი მადლიერება და ჩემი ცოდნა "ოჯახის მკურნალის" მკითხველსაც გავუზიარო. დარწმუნებული ვარ, ჩემი კეთილისმყოფელი ამ საქციელს მომიწონებდა.

                                                                                                         ქ. კეთილაძე

ხალხური მედიცინა სკლეროზსაც შველის

 ჩემი მეზობელი ათეულობით წლის განმავლობაში ხალხური საშუალებებით მკურნალობდა მეზობლებსა და ნათესავებს. სწორედ მან მასწავლა სკლეროზის სამკურნალო არაჩვეულებრივი საშუალებები, რომლებმაც დედაჩემს ძალიან არგო. სიამოვნებით გთავაზობთ ამ რეცეპტებს:

ნივრის ზეთი
ერთი თავი საშუალო ზომის ნიორი გაარჩიეთ, გახეხეთ, ჩაასხით მინის ქილაში და დაასხით ერთი ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი. შედგით მაცივრის ქვედა თაროზე. მეორე დღეს აიღეთ ლიმონი, ყუნწის ადგილი მოაჭერით და გახეხეთ. ერთი ჩაის კოვზი ფაფა გადადეთ სუფრის კოვზზე, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის წვენი და კარგად აურიეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი გრძელდება 1-3 თვეს. ამის შემდეგ ერთ თვე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
ნივრის ზეთი აფართოებს და წმენდს სისხლძარღვებს, ხსნის თავის ტვინისა და გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმებს და ქოშინს.

ნიორი
ბოთლის მესამედი აავსეთ დაჭრილი ნივრით. დაასხით არაყი ან 50-60-გრადუსიანი სპირტი. 14 დღით დადგით სიბნელეში. დღეში ერთხელ მაინც შეანჯღრიეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, ერთ ჩაის კოვზ ცივ წყალში გახსნილი 5 წვეთი.
წმენდს სისხლძარღვთა სისტემას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ასუფთავებს კუჭს, ხსნის თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმს.
თაფლი და ხახვი
ხახვი წვრილად გახეხეთ და გამოწურეთ. 1 ჭიქა წვენს შეურიეთ 1 ჭიქა თაფლი. თუ თაფლი ჩაშაქრდა, შეათბეთ წყლის აბაზანაში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.
კარგია ათეროსკლეროზის, განსაკუთრებით - ტვინის სკლეროზის დროს.

                                                                                               ეკატერინე ვაშაკიძე

ვაშლის ძმარი - უებარი წამალი

 რამდენიმე ხნის წინ სახსრებმა შემაწუხა. თითქმის ყველა სახსარი მტკიოდა. არ მქონდა საშუალება, ექიმებთან და გამოკვლევებზე მევლო. დედაჩემმა ვაშლის ძმრის მიღება მირჩია. დავაყენე და დავიწყე მკურნალობა. ყოველი ჭამის დროს ვიღებდი ერთ ჭიქა წყალში გახსნილ ათ ჩაის კოვზ ძმარს. თანდათან შვება ვიგრძენი, ტკივილი შემისუსტდა და ბოლოს სულმთლად დამიცხრა.
აქვე მინდა გაგაცნოთ სხვადასხვა დაავადების სამკურნალო რამდენიმე რეცეპტი:

  • ვენების ვარიკოზული დაავადების დროს
    ვაშლის ძმარს დილა-საღამოს ისხამენ ვარიკოზულ ვენებზე და იზელენ. დაახლოებით ერთ თვეში ვენები შესამჩნევად შევიწროვდება. ამასთან ერთად დღეში 2-ჯერ სვამენ ერთ ჭიქა წყალში გახსნილ 2 ჩ/კ ვაშლის ძმარს.
  • ანგინის (ტონზილიტის) დროს
    1 ჩაის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალში გახსენით და საათში ერთხელ ყელში გამოივლეთ. ძმრიანი წყალი არ გადმოღვაროთ, ჩაყლაპეთ. ყლაპვის დროს ნარევი რეცხავს ყელის უკანა მხარეს, სადაც გამოვლებისას ვერ აღწევს. ტკივილი რომ შესუსტდება, ინტერვალი შეიძლება ორ საათამდე გავზარდოთ. ნუშისებრ ჯირკვალზე ნალექი 12 საათში ქრება.

საკვებით მოწამვლისას
ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი და 5 წუთში ერთხელ თითო ყლუპი სვით. მთელი ჭიქის გამოსაცლელად დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ. შემდეგ მეორე ჭიქა მოამზადეთ და ამჯერად ყოველ 5 წუთში 2 ყლუპი მიიღეთ, მესამე ჭიქა კი სვით 15-წუთიანი შუალედებით.
თუ ფაღარათი და გულისრევა გაგიგრძელდათ, სვით წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი მთელი დღის განმავლობაში, ვახშმად კი ცოტაოდენი მსუბუქი საკვები მიირთვით. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის მოსაწესრიგებლად ორი ან სამი დღე ყოველი ჭამის დროს სვით თითო ჭიქა ნარევი.

ვაშლის ძმრის მომზადების წესი
ვაშლი გარეცხეთ, დამპალი და ჭიანი ნაწილები ამოაჭერით, დაწნეხეთ ან გახეხეთ მსხვილად.


 ფაფა მოათავსეთ სათანადო ზომის მომინანქრებულ ქვაბში. დაასხით თბილი ანადუღარი წყალი (0,5 ლ 0,4 კგ ვაშლზე). ყოველ ლიტრ წყალზე დაუმატეთ 100 გ თაფლი ან შაქარი, 10 გ პურის საფუარი და 20 გ გამომშრალი შავი პური.
ჭურჭელი თავახდილი დადგით 20-30 გრადუს ტემპერატურაზე. ძმარმჟავას დუღილს ხელს შეუწყობს ცოტაოდენი (შაქრის ნივთიერების 20%-ზე ნაკლები) სპირტი. გარდა ამისა, საჭიროა მუდმივი ტემპერატურა და ნარევის რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ჰაერთან (აერობული ფერმენტაცია).
ჭურჭელი შეიძლება იყოს მინის (ქილები), ხის (თავღია კასრი) ან მომინანქრებული, მაგრამ აუცილებლად სიბნელეში უნდა დადგათ, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები დუღილს აბრკოლებს.
ფერმენტაციის პირველი სტადია: ჭურჭელი 10 დღით დადგით სითბოში (20-30 გრადუს ტემპერატურაზე). ვაშლის ფაფა დღეში 2-3-ჯერ აურიეთ ხის კოვზით, შემდეგ მოათავსეთ დოლბანდის ტომარაში და გაწურეთ. მიღებული წვენი კიდევ ერთხელ გაწურეთ დოლბანდში, აწონეთ და ჩაასხით ფართოყელიან ჭურჭელში. თითოეულ ლიტრ წვენს შეიძლება დავუმატოთ 50-100 გრამი თაფლი ან შაქარი, ვურიოთ, ვიდრე მასა სრულიად ერთგვაროვანი არ გახდება.
ფერმენტაციის მეორე სტადია: ქილას გადააფარეთ დოლბანდი, პირი მოუკარით და დუღილის გასაგრძელებლად სითბოში დადგით. დუღილი დასრულებულად ითვლება, როცა სითხე დაწყნარდება და დაიწმინდება.
ვაშლის ძმრის დასამზადებლად 40-60 დღეა საჭირო. ჩაასხით ბოთლში (გაფილტრეთ დოლბანდგადაფარებულ ძაბრში), თავი დაუცეთ და სიგრილეში შეინახეთ.

                                                                                  ნანული ბურდიაშვილი

 

 

ბოსტნეულის ელექსირი

ჰიპერტონიკი გახლავართ. აქამდე ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე არტერიული წნევა მითამაშებდა, - გეცოდინებათ, რა სატანჯველიც არის ეს, - მაგრამ აი, უკვე მეორე წელია, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რომელიც ყოველი წლის გარდამავალ პერიოდში ბოსტნეულის თერაპიას მიტარებს. ეს ძალიან ადვილია, მხოლოდ ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები დაგჭირდებათ.

  • აურიეთ ერთმანეთში 150 მლ ჭარხლისა და 150 მლ სტაფილოს ახალგამოწურული წვენი, დაამატეთ 50 მლ შტოშის წვენი და 150 მლ არაყი. 1 საათის შემდეგ ამ ნარევს ემატება 150 მგ თაფლი. დააცადეთ წვენში გახსნა და შემდეგ კარგად აურიეთ. ნაყენი 3-4 დღით დადგით ბნელ, გრილ ადგილას, შემდეგ კი მაცივარში შედგით. მიიღეთ ყოველდღე, დღეში 3-ჯერ, თითო სადილის კოვზი ჭამის შემდეგ.
    უკეთესობა ორი კვირის შემდეგ ვიგრძენი. წნევა ისევ მაწუხებს, მაგრამ გაცილებით იშვიათად.

                                                          გივი წიბახაშვილი, თბილისი

 

როგორ ვიცხოვროთ პოდაგრით
მსურს, ჩემი პოდაგრასთან ბრძოლის ამბავი მოგითხროთ. ამ მზაკვარმა სნეულებამ სიცოცხლე გამიმწარა. ექიმები ამბობენ, დაავადების მიზეზი არასწორი კვება და ალკოჰოლის სიყვარულიაო, მაგრამ არ მჯერა, რადგან არ ვსვამ, წელიწადში რამდენიმეჯერ თუ დავლევ ორიოდე ქილა ლუდს, არც მეტისმეტად ნოყიერი საკვები მიყვარს.
რამდენიმე წლის წინ შევიტყვე, რომ დაავადება პურინული ცვლის დარღვევის შედეგი ყოფილა და მას მერე ლუდს, ხორცს, თევზს, ნამცხვრებს, ჩაის, ყავასა და კაკაოს აღარც გავკარებივარ. ამასთან ერთად, ყოველდღე ვიღებ ორგანიზმიდან მარილების გამომტან ნაყენს. ბრძოლას ამაოდ არ ჩაუვლია - პოდაგრამ უკან დაიხია და თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.

  • ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული შავი მოცხარის ფოთოლი, დაასხათ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარი საათით დადგათ. უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 5-6-ჯერ.

მეორე დღეს ასეთივე წესითა და პროპორციით უნდა მოამზადოთ ნაყენი, ოღონდ არა შავი მოცხარის, არამედ წითელი მოცვის ფოთლებისგან და იმავე წესით მიირთვათ.
გახსოვდეთ: მკურნალობისას მთავარი მიზანია, რომლისკენაც განუხრელად უნდა ისწრაფოდეთ. მეუღლე მეუბნება, მკურნალობის შემდეგ ხასიათიც კი გამოგიკეთდა, დამშვიდდი და დაბრძენდიო.
თუ ჩემი ამბავი ვინმეს პოდაგრასთან ბრძოლაში დაეხმარება, მოხარული ვიქნები.

                                                                                 გელა ჩახავა, ზუგდიდი

 

წითელი მოცვის წყალობით ართრიტი ვერაფერს დაგაკლებთ
 ბავშვობიდან მაქვს რევმატოიდული ართრიტი. ახალგაზრდობაში ყოველგვარ წამალს დაუფიქრებლად ვსვამდი, მაგრამ ხანში რომ შევედი, ვიგრძენი, წამლების დაუდევარ სმას ჩემი კუჭ-ნაწლავისთვის დაღი დაესვა. ახლა საკმარისია, ერთი აბი მივიღო, რომ მუხლზე მეტად კუჭი მტკივდება, ამიტომ იძულებული ვარ, ჩემს სნეულებას მცენარეული საშუალებებით ვუწამლო.
ჩემმა ნაცნობ-მეგობრებმა იცოდნენ, ფიტოსაშუალებებს რომ ვეძებდი და ერთ დღეს თანამშრომელმა ეს რეცეპტი ჩამაწერინა. ჯერ ეჭვით შევხედე, მაგრამ როცა ფეხი ისევ ამტკივდა, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და ვსინჯე. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თქვენც მას გთავაზობთ:

  •  აიღეთ 3-4 ჩაის კოვზი წითელი მოცვის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთს დახურული, მომინანქრებული ჭურჭლით წყლის ორთქლზე. შემდეგ 45 წუთით

 დადგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ, ბოლოს 4-კეც დოლბანდში გაფილტრეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. ნაყენი სასარგებლოა გასტრიტის (დაბალი მჟავიანობის), ფაღარათისა და ცისტიტის დროსაც.

                                                                                   ლეილა მიქაუტაძე, ვანი

 


 ნიახური და ოხრახუში საუკეთესო მკურნალები არიან
მძიმე მშობიარობის შემდეგ თირკმელებმა შემაწუხა, დროთა განმავლობაში კი ქვიშაც გამიჩნდა. მდგომარეობის დამძიმებას აღარ დაველოდე და მეგობრების დახმარებით ოხრახუშითა და ნიახურით დავიწყე მკურნალობა.
4 აიღეთ 1 კგ ახალი ოხრახუში ფესვიანად და ნიახურის მოზრდილი კონა, წვრილად დაჭერით, დაამატეთ 1 კგ ნატურალური თაფლი და 1 ლიტრი წყალი, კარგად აურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. გადმოდგით და 3 დღეს გააჩერეთ, შემდეგ ისევ დაასხით 1 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ. ქურიდან გადმოდგით და გადაწურეთ. მიიღებთ ვაჟინს, რომელიც უნდა სვათ ჭამამდე, ჯერზე - 3 სადილის კოვზი. მკურნალობა ვაჟინის გათავებამდე გრძელდება. კურსის ჩატარება შეიძლება წელიწადში ორჯერ, როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე სამკურნალოდ, დაავადების გამწვავებისას.

                                               ლელა ქათამაძე, სოფელი საქარა


 
იმუნური ძალების აღსადგენად
ყოველ შემოდგომაზე, როგორც კი სოფლად საქმეს მოვილევ და მთელი წლის მონაგარს დავაბინავებ, საოცარი სისუსტე მეუფლება. თითქოს ენერგია ერთი ხელის მოსმით გამომაცალესო. დილაობით ადგომა მიჭირს, შეგნებულად გავურბივარ ყოველგვარ საოჯახო საქმეს და ზოგჯერ ჭამაც კი მეზარება.
ერთ დღეს ეს ამბავი მეზობლებს შევჩივლე და მათაც ამ რეცეპტით მომზადებული წვეთების დალევა მირჩიეს. აი უკვე მეორე წელია, ვსვამ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. წვეთები იმდენად სასარგებლო აღმოჩნდა, რომ მსურს, რაც შეიძლება მეტმა ხალხმა შეიტყოს მათ შესახებ.

  • ხორცსაკეპ მანქანას მდუღარე წყალი გადაავლეთ და მასში 300-350 გრამი გარჩეული ნიორი გაატარეთ. გატარებული ნიორი მინის ქილაში მოათავსეთ და დაასხით 200 მლ სპირტი. ქილას მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და დადგით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე. ათი დღის შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი კიდევ ორ დღეს გააჩერეთ.


წვეთებს ასხამენ 50 მლ ცივ ანადუღარ რძეს და დღეში 3-ჯერ იღებენ. თავდაპირველად 5-5 წვეთი უნდა მიიღოთ, მერე კი ყოველ ჯერზე წვეთების რაოდენობა 1-ით გაზარდოთ. მე-11 დღეს უკვე 25 წვეთს მიიღებთ. ასე გააგრძელეთ ნაყენის დამთავრებამდე.
თუ წამლის სმის დროს თირკმელი აგტკივდათ, წვეთების რაოდენობა გაანახევრეთ. თუ ტკივილი გაგრძელდა, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ.
მკურნალობის პერიოდში უხვად სვით სითხე. კარგია ლიმონის, ფორთოხლისა და სხვა წვენები. განსაკუთრებით მარგებელია ახალგამოწურული სტაფილოს წვენი (დღეში 0,5 ლიტრი).
რაციონიდან უნდა ამოიღოთ ყავა, კაკაო, მაგარი ჩაი, ცხარე სანელებლები და ალკოჰოლი.
წვეთების სმა ეკრძალებათ ორსულებს, ეპილეფსიით დაავადებულებს და თირკმლის მწვავე დაავადებების მქონეთ.
მკურნალობა იმუნიტეტის გაძლიერებასთან ერთად ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ძლიერ რგებს ათეროსკლეროზს, გულის ზოგიერთ დაავადებასა და შაკიკს.

                                                                            ომარ სალაძე, თბილისი

როგორ გავხდი საკუთარი თავის კარდიოლოგი

 მშვენივრად ვიცი, რომ გულთან ხუმრობა არ შეიძლება - როცა კაცს გული აწუხებს, დიაგნოზი სპეციალისტმა უნდა დაუსვას. სწორედ ასე მოვიქეცი, გულმა პირველად რომ მთხოვა, მიშველეო, მაგრამ ვერ მოვითმინე, ჩემი აზრით, ყველაზე სასარგებლო მცენარეული რეცეპტი ამოვარჩიე და მკურნალი ექიმის თანხმობით მის სმას შევუდექი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს წამალი პროფილაქტიკისთვისაც შესანიშნავი ყოფილა.
რეცეპტის მთავარი კომპონენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი კატაბალახაა. წამალი ყოველ დილას უნდა მოამზადოთ და მთელი დღის განმავლობაში სვათ.

  • აიღეთ საჩვენებელი თითისოდენა პურის ნაჭერი და 4 ტოლ ნაწილად გაჭერით. თითოეულს დააწვეთეთ 3-4 წვეთი კატაბალახას ნაყენი. ერთი მაშინვე ჩაიდეთ პირში, რამდენიმე წუთს გააჩერეთ, შემდეგ დაღეჭეთ და გადაყლაპეთ, დანარჩენი კი 4 საათში ერთხელ ასეთივე წესით მიირთვით. შედეგს 4-5 დღის შემდეგ იგრძნობთ.

 გულით დაავადებულთათვის ძლიერ სასარგებლოა მეორე წამალიც:

  • აიღეთ 1 ლიტრი ნატურალური თაფლი, 10 ლიმონის წვენი და 10 მომცრო თავი გახეხილი ნიორი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და თავდახურულ ქილაში ერთ კვირას დატოვეთ. ერთი კვირის შემდეგ ქილას ხუფი მოხადეთ, ნაზავს კარგად ამოურიეთ და მიიღეთ 4 სადილის კოვზი დღეში ერთხელ, მაგრამ ერთბაშად ნუ გადაყლაპავთ, ნელ-ნელა, აუჩქარებლად მიირთვით. ერთი დღეც არ გამოტოვოთ.
    ნარევი 2 თვეს უნდა გეყოთ. მკურნალობის კურსიც სწორედ ამდენ ხანს გრძელდება.

                                          ნათელ მამათელაშვილი, გურჯაანი 

 

 

 

რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9