სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

რამდენიმე წლის წინ ტკივილი და გულისრევა გამიხშირდა. იძულებული გავხდი, ექიმთან მივსულიყავი. აღმოჩნდა, რომ სანაღვლე გზების დისკინეზია მქონდა. ექიმმა დამინიშნა დიეტა და ნაღველმდენი ბალახების ნაყენი, მაგრამ მის სმას ვერაფრით შევეჩვიე - ხან დაყენება მავიწყდებოდა, ხან ნახარშის გემოს ვერ ვიტანდი. ჩემი გასაჭირი მეგობარს შევჩივლე. სულ წიგნებში იქექება, რვეულებში აქვს ამოწერილი საინტერესო გამონათქვამები, მნიშვნელოვანი თარიღები და ხალხური სამკურნალო საშუალებები. ვიფიქრე, იქნებ რამე საჩემოც მოიძიოს-მეთქი. დახმარებას დამპირდა. რამდენიმე დღეში მართლაც დამირეკა და მახარა, სწორედ საშენო რეცეპტი აღმოვაჩინეო. თურმე გრეიპფრუტი არაჩვეულებრივი ნაღველმდენი ყოფილა.

საკმარისია, ადამიანმა გრეიფრუტის წვენისა და წყლის ნაზავი მიიღოს, რომ ნაღვლის შეგუბება აღარასოდეს შეაწუხებს. ეჭვი კი შემეპარა, მაგრამ ვიფიქრე, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი. დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ვსვამდი ნახევარ ჭიქა წყალში გაზავებულ (1:3) გრეიპფრუტის წვენს. სამიოდე კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ ტკივილმა გამიარა. წავედი ექიმთან. მითხრა, თუ გიშველა, განაგრძეო. მას შემდეგ ტკივილი რა არის, არ ვიცი. სხვათა შორის, რაც გრეიპფრუტის წვენის სმა დავიწყე, არც გავციებულვარ და არც გრიპი შემხვედრია.

 

როგორ ვუშველოთ სოკოს

ზამთრობით ფეხები ხშირად მიოფლიანდებოდა და აუტანლად მექავებოდა. მერე და მერე ფეხის თითების ჭკნობაც დამეწყო. მეზობლად მცხოვრებმა ექიმმა მითხრა, ეს სოკოაო და რამდენიმე ხალხური რეცეპტიც მასწავლა. 1-2 დღეში უკეთესობა ვიგრძენი. მალე ქავილმა სულმთლად გამიარა და მას შემდეგ აღარც შევუწუხებივარ, მაგრამ ხალხური მედიცინით დავინტერესდი, დავიწყე ცოდნის გაღრმავება, ნაცნობ-მეგობრებზე უამრავი რეცეპტი გამოვცადე და ბევრი მოვიმადლიერე. მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

  • აიღეთ 100 მლ სამედიცინო (90-გრადუსიანი) სპირტი და 1 გრამი გლიცერინი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ფეხის თითებში.
  • ერთი მუჭა (100 გრამი) კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ სამ ლიტრ ადუღებულ წყალში და როდესაც შეგრილდება, გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს. ფეხი არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თვითონვე გაშრეს.
  • პიტნა დააქუცმაცეთ, შეურიეთ ცოტა სუფრის მარილი  დაიდეთ ფეხის თითებს შორის და ერთ საათს გაიჩერეთ.
  • ცივ წყალში ჩაყარეთ 1 ს/კ საჭმელი სოდა და ამდენივე მარილი, ჩაყავით ფეხები, მაშინვე ამოიღეთ და ჩაყავით სუფთა წყალში. 
  • კარგად დაიბანეთ ტერფები და ჩაყავით კონცენტრირებულ ღვინის ძმარში.

 

ოხრახუში საუკეთესო შარდმდენია

დიდი ხანია, გული მაწუხებს და ხშირად მიშუპდება ფეხები. ვსვამ უამრავ წამალს, პერიოდულად შარდმდენების დალევაც მიხდება. არ მინდოდა ბევრი ქიმიური პრეპარატის მიღება და გადავწყვიტე, შეშუპებას მცენარეებით შევბრძოლებოდი. ყველაფერს ვკითხულობდი შარდმდენი მცენარეული საშუალებების შესახებ, ერთხანს ნიახურის ძირების ნახარშიც ვსვი. უკეთესობას კი ვგრძნობდი, მაგრამ პერიოდულად შარდმდენი პრეპარატის მიღება მაინც მიხდებოდა. ერთხელ ახლობელმა ოხრახუშის ნახარშის დალევა მირჩია. დავუჯერე, ოღონდ ოხრახუშს ნიახურიც დავუმატე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე. ამ წამლის წყალობით, კარგა ხანია, შარდმდენი აბები აღარ დამჭირვებია.

  • 1 სუფრის კოვზ გამხმარ ოხრახუშს (ფოთლებს, ღეროს და ფესვებს) და 1 სუფრის კოვზ ნიახურის გამხმარ ძირებს ვაქუცმაცებ, ვასხამ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალს, წამოვადუღებ, ვაჩერებ ნახევარ საათს და ვფილტრავ. ვიღებ 2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
  • ზოგჯერ ნაყენს ოხრახუშის თესლისგანაც ვამზადებ, ისიც კარგ შედეგს მაძლევს: ნახევარ ჩაის კოვზ თესლს ვასხამ 2 ჭიქა ცივ წყალს, ვაჩერებ 8-10 საათს, ვფილტრავ და ვიღებ 2-3 სუფრის კოვზს დღეში სამჯერ.

 

როგორ განვიკურნე ფსორიაზისგან

მინდა გასწავლოთ საშუალება, რომლითაც თავის თმოვანი ნაწილის ფსორიაზი მოვირჩინე.

რა არ გადავიტანე: წლების განმავლობაში ვმკურნალობდი მალამოებით; რაკი გადამდები არ ვიყავი, ბიულეტენს არ მაძლევდნენ; დავდიოდი დაუბანელი თმით და თავი ისე მექავებოდა, სირცხვილით, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი.

  • ეს მეთოდი მიკარნახა კრეიპის წიგნმა "წყლით მკურნალობა": თავს ვყოფდი ცივი წყლით სავსე ჭურჭელში და დაახლოებით ერთ წუთს ვაჩერებდი. შემდეგ თმას ვიწურავდი, მაგრამ არ ვიმშრალებდი, ხოლო მხრებზე ვიფენდი პირსახოცს, რომელიც ჩამოწრეტილ წყალს იწოვდა. ასე დავდიოდი სახლში თმის გაშრობამდე.
  • ვინაიდან ონკანისთვის თავის შეშვერა მიჭირდა, თავდაპირველად თმას ანადუღარ გრილ წყალში ვისველებდი და თანდათანობით მასში პირდაპირ ონკანიდან ვამატებდი წყალს. ასე ვიქცეოდი ყოველ საღამოს ერთი თვის განმავლობაში. მეტი აღარც დამჭირვებია.

თუ ამ მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ სახლში უნდა თბილოდეს. დაუშვებელია ორპირი ქარი. თუ შეძლებთ, კარგი იქნება, პროცედურა დღეში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.


 

მამაკაცურ დაავადებებს მამაკაცური მიდგომა სჭირდება

40 წლისას პროსტატიტის ნიშნები გამომაჩნდა. გასაჭირი მეგობარს შევჩივლე. მითხრა, ეს დაავადება მარტო შენ კი არ გჭირს, ნუ ღელავ, გაგივლისო და რაღაც წამლების მიღება მირჩია. მართლაც, მწვავე შეტევები შემიწყდა და ცოტა ხნის შემდეგ პროსტატის არსებობაც კი გადამავიწყდა. გავიდა რამდენიმე წელი და დაავადებამ კვლავ შემახსენა თავი, მაგრამ უკვე ისეთი ძალით, რომ მივხვდი, ექიმთან მისვლას ვეღარ გადავურჩებოდი. დიაგნოზი არცთუ სანუგეშო აღმოჩნდა: წინამდებარე ჯირკვლის ადენომა. აი, მაშინ დაიწყო ჩემი წამება. ზედმიწევნით ვასრულებდი ექიმის დანიშნულებას, ვსვამდი ყველა წამალს, გავიარე მასაჟის კურსიც, მაგრამ პირად ცხოვრებაზე ფიქრიც კი არ მინდოდა.

დავიწყე პროსტატის ადენომის შესახებ ლიტერატურის ძიება, ვკითხულობდი ყველაფერს, ვიწერდი ყველა რჩევასა და რეცეპტს, გოგრის თესლი და ხახვი ჩემს ყოველდღიურ საკვებად იქცა, მაგრამ ადენომის ზომა არა და არ იკლებდა. ექიმმა უკვე ოპერაციაზე დაიწყო ლაპარაკი. ვიფიქრე, რას ვკარგავ, რომელიმე ხალხურ რეცეპტსაც ვცდი-მეთქი. იმ პერიოდში ქრისტესისხლა ყვაოდა, ამიტომ ის წამალი ავირჩიე, რომელიც აყვავებული ქრისტესისხლასგან მზადდება.

  • როგორც კი მცენარე აყვავდება, მოაჭერით წვერი (დაახლოებით 15 სმ-ზე), გაატარეთ და ორფა დოლბანდში გაწურეთ, ხოლო წვენი გააზავეთ არყით, თანაფარდობით 1:1. მკურნალობის პირველ დღეს მესამედ ჭიქა ნადგამ წყალში ჩააწვეთეთ ერთი წვეთი ქრისტესისხლას წვენი და დალიეთ, მეორე დღეს - 2 წვეთი და ასე გაზარდეთ წვეთების რაოდენობა ოცდაათამდე. მიიღეთ დღეში ერთხელ, დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. როდესაც წვეთების რაოდენობა ოცდაათს მიაღწევს, დაიწყეთ კლება და თითო წვეთობით ერთ წვეთამდე დაიყვანეთ. დოზას არამც და არამც არ გადააჭარბოთ! მკურნალობისას ერიდეთ გაციებას.

რაღა ბევრი გავაგრძელო, ოპერაციას გადავურჩი, მაგრამ დაავადება დარჩა. მას შემდეგ მკაცრი რეჟიმით ვცხოვრობ. თავიდანვე ექიმთან რომ მივსულიყავი, ეს არ დამემართებოდა... ეგებ ჩემმა ისტორიამ მაინც დაგარწმუნოთ, რომ თვითმკურნალობა ზოგჯერ თვითმკვლელობას უდრის.

 

ატროფია ლელქაშით დაამარცხეთ

უკრაინელი ბებია მყავს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და ხალხს ხელ-ფეხის მოდუნებული და დასუსტებული კუნთების გაძლიერებაში ეხმარებოდა: იღებდა ორ მუჭა ლელქაშის ღეროს, ყრიდა თასში, ასხამდა მდუღარე წყალს, აფარებდა თბილ თავშალს, 30-40 წუთის შემდეგ ავადმყოფს ლელქაშის ღეროებით უხვევდა დასუსტებულ კუნთს და უფუთავდა იმავე თავშლით, რომელიც თასზე ჰქონდა გადაფარებული. როგორც კი მცენარე გაგრილდებოდა, იწყებდა მასაჟს და თითებიდან მოყოლებული, მთელ კიდურს უზელდა.

  • ლელქაში ტბების მახლობლად ხარობს. სამკურნალოდ რომ გამოგადგეთ, უნდა დაკრიფოთ ოქტომბრიდან ზამთრის მიწურულამდე. მერწმუნეთ, უებარი საშუალებაა. უკეთესობას მე-5 პროცედურიდან იგრძნობთ. შეგიძლიათ, მოთუთქული ღეროები კიდევ ორჯერ გამოიყენოთ.

 

ყინული მუწუკებს არჩენს

კრემები და ლოსიონები მუწუკებს ყოველთვის არ შველის, ზოგჯერ კი შეიძლება, სრულიად საპირისპირო შედეგიც მიიღო. ეს პირადად მაქვს გამოცდილი. მინდა, გასწავლოთ ერთი საშუალება, რომელსაც მეც და ჩემი ახლობლებიც ძალიან ვემადლიერებით.

თავდაპირველად დაგჭირდებათ კრაზანა. ნედლი იქნება თუ გამხმარი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 3-4 ჩაის კოვზი დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 1 ლიტრ ცივ წყალში და წამოადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ სახურავი, ასე გააჩერეთ გაგრილებამდე (დაახლოებით 1 საათს) და გაფილტრეთ. ჩაასხით ყინულის ფორმებში და შედგით საყინულეში.

თუ ასეთი ყინულით სახეს ყოველ დილით გაიწმენდთ, მუწუკების კვალიც კი აღარ დაგრჩებათ.

 

როგორ მოვიქცეთ ვარიკოზის დროს

მარჯვენა ფეხზე ვენები ძალიან მქონდა გაგანიერებული და მტკიოდა. ნემსების ხანგრძლივი კურსის შემდეგ გამიჩნდა ოცთეთრიანისოდენა წყლულები. დასახმარებლად მივმართე ჩემი უბნის ექიმს. მან მირჩია, აფთიაქში შემეძინა აბუსალათინის ზეთი, იქთიოლის მალამო, სტრეპტოციდი, ერთმანეთში ამერია (აბუსალათინის ზეთი - 100 გ, იქთიოლის მალამო - 5 გ, დაფშვნილი სტრეპტოციდი - 1 გ) და წყლულებზე კომპრესი გამეკეთებინა. ორ კვირაში წყლულის კვალიც კი აღარ დამრჩა. გამოყენებამდე მალამო აუცილებლად უნდა შეათბოთ!


 

პანარიციუმსა და ძირმაგარას სოდა შველის

ვგონებ, უინტერესო არ უნდა იყოს პანარიციუმის მკურნალობის ჩემეული მეთოდი. ცერა თითი რამდენჯერმე დამიჩირქდა, ალბათ მანიკიურის დროს ინფექცია შემეჭრა. ძალიან მტკიოდა, მაგრამ იმის შიშით, რომ ოპერაცია არ დამჭირვებოდა, ექიმთან არ მივდიოდი. მეზობელმა საჭმელი სოდის აბაზანები მირჩია. რამდენჯერმე გავიკეთე და ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე განვიკურნე. უმარტივესი პროცედურაა: საჭმელ სოდას ვასხამდი მდუღარე წყალს, ოდნავ (თითისთვის ასატან ტემპერატურამდე) რომ შეგრილდებოდა, თითს შიგნით ვყოფდი და რამდენიმე წუთს ვაჩერებდი.

ერთხელ ძირმაგარა გამიჩნდა. ვიფიქრე, სოდიანმა წყალმა პანარიციუმს თუ უშველა, იქნებ ძირმაგარასაც მოერიოს-მეთქი და არც შევმცდარვარ. სოდის ცხელ ხსნარში ვასველებდი ბამბის ტამპონს, ოდნავ ვწურავდი, ძირმაგარაზე ვიდებდი და ლეიკოპლასტირით ან ბინტით ვიმაგრებდი. ასე განვაგრძე, ვიდრე ფურუნკული არ შეხორცდა.

 

როგორ მოვირჩინე პიელონეფრიტი

პიელონეფრიტის დიაგნოზი დამისვეს. რასაკვირველია, წამლებიც გამომიწერეს. ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ ორი დღის სამყოფი შევიძინე და დავლიე, მეტი ვერ შევძელი. მეზობელმა ჩემი ავადმყოფობა გულთან მიიტანა, გამომიტანა თავისი ხელით მომზადებული პროპოლისის კარაქი და მასწავლა, როგორ უნდა მესვა. დავუჯერე და შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე განკურნებული ვარ. მეზობელმა ამ წამლის მომზადებაც მასწავლა და მითხრა, რომ დიდი მადლი იქნებოდა, თუ სხვებსაც ვასწავლიდი. ძალიან მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ყველას გავაცნო ამ წამლის რეცეპტი, ვინ იცის, იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს.

  • ერთი კილოგრამი უმარილო ნაღების კარაქი გაალღვეთ მომინანქრებულ ქვაბში და ოდნავ (80 გრადუსამდე) შეაგრილეთ. ამასობაში მჭრელი დანით დაკეპეთ ან გახეხეთ პროპოლისი (ზამთარში დინდგელი მაგრდება და ადვილად იფხვნება, ზაფხულში კი წებოვანი და ძნელი დასაქუცმაცებელია, ამიტომ სითბოში პროპოლისი მაცივარში უნდა შეინახოთ), 150 გრამი ჩაყარეთ 80 გრადუსამდე შეგრილებულ კარაქში და გულდასმით აურიეთ ლითონის კოვზით, დაახურეთ სახურავი და 20 წუთს გააჩერეთ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე აურიეთ, რათა პროპოლისი ქვაბის კედლებსა და ძირს არ მიეკრას. 20 წუთის შემდეგ მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. გააცხელეთ 80-90 გრადუსამდე (უფრო მეტადაც) და 15-20 წუთს დატოვეთ ცეცხლზე (მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად დროდადრო გადმოდგით). მზა მასა გაფილტრეთ ცალფა დოლბანდში ან ლითონის საცერში და გადაიღეთ ქილაში.
  • მზა პროპოლისის კარაქს აქვს მოყვითალო-მომწვანო ფერი, პროპოლისის სპეციფიკური სუნი და სასიამოვნო მომწარო გემო. შედედების შემდეგ ქილის ფსკერზე ჩნდება პროპოლისის ნალექი. ის უვნებელია და მისი ჭამა შეიძლება.
  • თუ პროპოლისის კარაქს დაბალი ხარისხის ნაღების კარაქისგან მოამზადებთ, მაშინ ქილის ძირზე წარმოიქმნება სითხე, რომელიც აუცილებლად უნდა გადაასხათ - პროპოლისის კარაქი რაიმე მჭრელი საგნით (დანით, ჩხირით) გახვრიტეთ და სითხე გადაღვარეთ.
  • ქილის ძირზე წყალი არ გაჩნდება, თუ ნაღების კარაქს წამოდუღების დროს (პროპოლისის გარევამდე) მოხდით ქაფს.

 

პროპოლისი ადენომის წინააღმდეგ

პროსტატის ადენომის დროს ექიმები უმეტესად ოპერაციას გვთავაზობენ. იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ოპერაცია საჭირო არ არის - რასაკვირველია, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ვიცი სხვა საშუალებებიც, რომლებიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მინდა, ჩემი გამოცდილება "ოჯახის მკურნალის" მკითხველებსაც გავუზიარო.

  • დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი წყალზე დამზადებული პროპოლისის ექსტრაქტი, ძილის წინ კი სწორ ნაწლავში პროპოლისის სანთელი გაიკეთეთ. ასე იმკურნალეთ 2-4 კვირა.
  • სანთლის დასამზადებლად აიღეთ 40 გრამი დინდგელი, დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მლ სპირტი, გააჩერეთ 10-12 დღე. ბოთლი ყოველდღე შეაჯანჯღარეთ. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ, ვიდრე სპირტი არ აორთქლდება. დარჩენილ მასაში ჩაყარეთ 2 გ კაკაო, გულდასმით აურიეთ და სანთლები გამოძერწეთ.
  • აიღეთ კარგად გარჩეული და გარეცხილი ქორფა ოხრახუში, გამოწურეთ, წვენს დაამატეთ იმავე ოდენობის თაფლი და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ. კარგია პროსტატიტისა და ცისტიტის დროსაც.

კარგი იქნება, თუ პარალელურად მიიღებთ ყვავილის მტვერსაც. 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ კარგად დაღეჭეთ და ცოტაოდენი წყალი დააყოლეთ.