ქოლესტერინისა და მაღალი წნევის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება
ამ ინგრედიენტების ერთობლიობა მძლავრი მოქმედებით ხასიათდება და მისით მრავალი პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ. ის ეფექტურია ქოლესტერინის დონისა და არტერიული წნევის მოსაწესრიგებლად:
- 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, 1ს/კ ლიმონის წვენი, 1 გახეხილი კოჭა, 1 ს/კ ვაშლის ძმარი, 1 ჩ/კ თაფლი კარგად აურიეთ და შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 5 დღისა. მიიღეთ ეს ნარევი საუზმისა და ვახშმის წინ, დღეში 2-ჯერ.
კბილის ნადებსა და ქვას სახლის პირობებშიც მოიშორებთ
კბილის ქვა გავრცელებული პრობლემაა და თანამედროვე სტომატოლოგია მის მოსაშორებლად უამრავ საშუალებას გვთავაზობს. თუმცა, არსებობს ეფექტური და თანაც ბევრად უფრო იაფი მეთოდი:
- მოიმარჯვეთ 40 გრ კაკლის ნატეხი და 1 ჩაის ჭიქა წყალი. კაკლის ნატეხი ადუღეთ წყალში 20 წუთის განმავლობაში, გააციეთ და გადაწურეთ. კბილის ჯაგრისი მოათავსეთ ამ ხსნარში 10 წუთის განმავლობაში და გულდასმით გაიხეხეთ კბილები. ეს პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ დღეში 3-ჯერ, მანამდე, ვიდრე კბილის ქვა სრულად არ გაქრება. კაკლის ნატეხი ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც მინანქრის ზედაპირს ასუფთავებს უსიამოვნო ნადებისგან. ეს პროცედურა სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც სისხლმდენი ღრძილები აქვს.
სახსრების ტკივილისგან იასამანი გიხსნით
მოვა გაზაფხული და იასამანიც აყვავდება. არ მეგულება ადამიანი, ამ მცენარის საუცხოო სურნელი არ სიამოვნებდეს.
ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ იასამნის სურნელება დადებითად მოქმედებდა ნერვულ სისტემაზე და მას ძლიერ ამშვიდებდა, მაგრამ სახსრების ტკივილის დაამებაც თუ შეეძლო, ეს მას შემდეგ გავიგე, რაც ტკივილებისგან შეწუხებულს, მეგობარმა იასამნის ნაყენის გამოყენება შემომთავაზა.
დიდი სიამოვნებით მივიღე ეს წინადადება და წამალიც მალევე მოვამზადე, შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა:
- ნაყენის დასამზადებლად მოაგროვეთ იასამნის ყვავილები 20 გრამის ოდენობით და გააშრეთ ჩრდილში, შემდეგ დაასხით 40-გრადუსიანი სპირტი თანაფარდობით 1:10 და 8-10 დღის განმავლობაში შემოდგით ბნელ ადგილას თავდახურულ ჭურჭელში. 10 დღის შემდეგ ნაყენი მზად არის. ის უნდა მიიღოთ 30 წვეთის ოდენობით, დღეში 2-3-ჯერ. პარალელურად ამ ნაყენით დღეში ერთხელ უნდა დაიზილოთ მტკივნეული და მარილოვანწანაზარდებიანი ადგილები.
ნაყენით გამოწვეული დადებითი ეფექტი 1-2 კვირაში ჩნდება. გამოსცადეთ, არ ინანებთ!
ლალი ლიპარტელიანი, რუსთავი
კალანქოეს ღირსებათა ნუსხა უსასრულოა
კალანქოეს პირველად მაშინ გავეცანი, როდესაც მეგობართან სოფელში ჩასულმა ხელი დავიწვი და მისმა ფოთლებმა ზუსტად რამდენიმე დღეში წყლულები მომიშუშა.
მოგვიანებით კიდევ უფრო მეტად დავინტერესდი ამ მცენარით და აღმოვაჩინე, რომ მის ღირსებათა ნუსხა უსასრულოა, დამწვრობის გარდა, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ მწერების ნაკბენების სამკურნალოდ, განსაკუთრებით - ფუტკრის ნაკბენისას.
კალანქოე სასარგებლოა ღრძილების ანთების ჩასაქრობადაც. ამისთვის საკმარისია მისი ფოთლებით რეგულარულად გაიწმინდოთ ღრძილები და შეიზილოთ წვენი. ანთება 2-3 კვირაში გაივლის.
ზამთარში, გახშირებული გაციებისა და სურდოს პერიოდში, საკმარისია კალანქოეს ფოთოლთა პატარ-პატარა ნაწილები ცხვირის ორივე ნესტოში ჩაიდოთ და 20-30 წუთი ასე ისუნთქოთ.
ასე რომ, დააფასეთ კალანქოე და ის ვალში ნადვილად არ დაგრჩებათ!
ციცო ლ., თბილისი
ვიტილიგოს ლაქების მოსაშორებელი საშუალება
ვიტილიგოს თეთრი ლაქები გაქრება, თუ ამ საშუალებას გამოიყენებთ:
- 200 მლ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ს/კ კრაზანა. ნახევარი საათის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა, 7-დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ. ნაყენის მიღების პარალელურად პრობლემურ ადგილებზე 30-40 წუთით დაიდეთ კრაზანას ზეთში დასველებული 2-3 ფენად დაკეცილი დოლბანდი. ზეთის მოსამზადებლად 1 წილ კრაზანას ბალახს დაასხით 10 წილი ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ 3 საათი ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ გადაწურეთ კაპრონის ქსოვილში. ზეთი შეინახეთ მაცივარში.
ანემიით შეწუხებულებს ვურჩევ ამ გამაჯანსაღებელი საშუალების მიღებას:
- კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ 400-500 გრამი ნიახურისა და სტაფილოს ფესვი, 250 გრამი ოხრახუშისა და პრასის ფესვი, დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და ხარშეთ მომზადებამდე. ნახარში გადაწურეთ და გამოიყენეთ წვნიანის მოსამზადებლად, ბოსტნეულის ნარჩენი სალათის სახით მიირთვით. მუდმივად დაიცავით ეს რაციონი, გარკვეული დროის შემდეგ ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იგრძნობთ.
რამდენიმე წელი, სხვადასხვა სეზონზე, რევმატული ტკივილები მტანჯავდა. სპეციალისტები ვერაფრით ხსნიდნენ დაავადების ასეთი ხშირი გამწვავების მიზეზს.
წამლების მიღებითა და ნემსების ჩხვლეტით რომ დავიღალე, გადავწყვიტე ხალხური საშუალებები მეცადა. დავრწმუნდი, რომ ნიახურის ფესვებისგან დამზადებულ წვენზე უკეთ არაფერი მშველოდა:
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ახალდაქუცმაცებული ნიახურის ფესვები, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და შეფუთეთ 4 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ 2 სადილის კოვზის ოდენობით 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
შეგიძლიათ ნიახურის ფესვების ნაყენი ცივ წყალზეც მოამზადოთ, ოღონდ ასეთი მეთოდით დამზადებული წამალი უნდა დალიოთ მეოხედი ჭიქის ოდენობით, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
ანა შველიძე, თბილისი
ტკივილები დაფნამ დამიამა
შუახნისას დამერღვა ნივთიერებათა ცვლა, ამის გამო რამდენიმე თვეში მხრის სახსრის ართროზი ჩამომიყალიბდა.
ვარჯიშის მიუხედავად, ტკივილების დაამება მხოლოდ დაფნის ფოთლის ნახარშმა შეძლო:
- დაფნის 4-5 ფოთოლს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთით კვლავ ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და შეფუთეთ, ან თერმოსში გადაასხით და გააჩერეთ 8 საათით.
ნახარში უნდა სვათ დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/3 ჭიქის ოდენობით. მკურნალობა 2 კვირა გრძელდება, შემდეგ შეისვენეთ და საჭიროების შემთხვევაში 1 თვის შემდეგ ისევ გაიმეორეთ.
დაფნის ფოთლის ნახარშის დალევისას სიფრთხილე მართებთ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, რადგან დაფნა სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის მისი დალევა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია.
დალი ლ., თბილისი
უნივერსალური კოქტეილი ნერვების დასამშვიდებლად
თუ ამინდის ცვლილება თქვენზე ცუდად მოქმედებს, თავი გტკივათ და ადვილად ღიზიანდებით, ამ ნარევის მიღებას გირჩევთ:
- ერთ ქილაში შეურიეთ (სააფთიაქო ნაყენები) 100-100 მლ შავბალახას, ვალერიანის, კუნელის, 50 მლ ევკალიპტის ფოთლისა და 25 მლ პიტნის ნაყენი. გააჩერეთ 2 კვირით. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 1 ჩაის კოვზი, 1/3 ჭიქა წყალში გახსნილი.
ღვიძლის დაავადებების განკურნება მისი გაწმენდით შეიძლება
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა უმეტესობა, შესაძლებელია, ჩვეულებრივი გაწმენდით განიკურნოს. მსუბუქი გაწმენდა შესაძლებელია ჭარხლის საშუალებით:
- 3 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი დაჭერით მცირე ნაჭრებად, მოათავსეთ 3-ლიტრიან ქილაში. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 500 გრამი შაქარი. დაახურეთ ქილას პოლიეთილენის სარქველი და 2 დღით დადგით ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. დღეში 2-ჯერ მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ 700გ ქიშმიში, 4 ჭიქა შაქარი, ½ ჩაის ჭიქა წყალი და დადგით 7 დღე დუღილისთვის. დღეში ერთხელ მოურიეთ. გადაწურეთ, მიიღებთ 1 ლიტრ ჭარხლის ბურახს. გაწმენდის კურსისთვის საკმარისია 3 ლიტრი ჭარხლის წვენი. ეს ბურახი მიიღეთ საღამოს, დაძინების წინ, 100 გრამის ოდენობით.