სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

  • შედეგს მოთმინებით უნდა

ველოდოთჩემმა შვილმა ხელი გაიკაწრა. ამ ამბავს ყურადღებაც არ მივაქციე. ალბათ, ყველა ასე მოიქცეოდა... რამდენიმე დღის შემდეგ დაზიანებული არე გაფართოვდა, მერე კი ქერცლით დაიფარა. ხელებსა და ფეხებზე გამონაყარი გაჩნდა. ექიმის დიაგნოზმა თავზარი დამცა - ჩემს შვილს ფსორიაზი დაუდგინეს. ვიცოდი, რომ მეცნიერული მედიცინა ამ დაავადების წინაშე უძლურია, მისი განკურნება არ ხდება. შესაძლოა, ერთხანს ჩაცხრეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება.

გადავწყვიტე, საკუთარი მეთოდები შემემუშავებინა. აფთიაქში არყის ხის კუპრი ვიყიდე და შვილს სხეული დავუზილე, რის შემდეგაც გამონაყარი შემცირდა. შემდეგ გოგირდის მალამოს გამოყენება დავიწყე - აბაზანის შემდეგ მთელ ტანზე მალამოს ვუსვამდი. ყველაფერთან ერთად საჭიროდ ჩავთვალე დიეტური კვებაც - რაციონიდან გამოვრიცხეთ მწარე, ცხარე, შებოლილი, მარილიანი საკვები, ციტრუ-სები, მჭადის ფქვილი, მარწყვი, ბანანი, პომიდორი, ნიორი, რა თქმა უნდა, ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის ჩათვლით), ყავა, შოკოლადი. საკვებად უმთავრესად ხაჭოსა და რძის სხვა პროდუქტებს, კომბოსტოს, ბარდას, ლობიოს, წიწიბურას, შვრიას, ხორბალს, თევზს ვიყენებდით. ყოველ საღამოს საგანგებო საუზმეს ვამზადებდით - 2 სუფრის კოვზ წიწიბურას ვუმატებდით მაწონს და დილამდე მაცივარში ვტოვებდით, დილით კი მას ჩემი შვილი მიირთმევდა. ჭამის შემდეგ ვასმევდი ბალახების ნაყენს: 10 დღის განმავლობაში - გვირილასა და კუნელს, ხოლო მომდევნო 10 დღის განმავლობაში - კატაბალახასა და შავბალახას.

ნაყენის მომზადების წესსაც შეგახსენებთ: თითო სუფრის კოვზი გამხმარი მცენარე ერთმანეთში უნდა ავურიოთ და ერთი ჭიქა მდუღარე წყალი დავამატოთ, დავტოვოთ რამდენიმე საათით, შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ 50 მლ. თავდაპირველად ყველაფერი უშედეგო ჩანდა, მაგრამ 2 კვირის შემდეგ შევამჩნიეთ, რომ გამონაყარმა იკლო, ერთ თვეში კი საერთოდ გაქრა. ახლა ვხვდებით, რომ ჩვენი მეთოდი შედეგიანია, ოღონდ საჭიროა, მოთმინებით ველოდოთ მის ეფექტს.

  • გაციებას არყით ვებრძვი

მინდა, გაციების საწინააღმდეგო ჩემი რეცეპტი შემოგთავაზოთ. პატარა ქვაბში ჩაასხით 15 სუფრის კოვზი არაყი და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ჩაი, ქვაბს თავი დაახურეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. გაციებისას ერთი ყლუპი თბილი ნაყენი მიიღეთ ერთ ჩაის კოვზ თაფლთან ერთად. სიცხეც რომ გქონდეთ, დილით თავს კარგად იგრძნობთ. მკურნალობის ეს მარტივი მეთოდი ბევრჯერ გამოვცადე და შედეგს არასოდეს დაუყოვნებია, ამიტომ თქვენც თამამად გირჩევთ.

  • ნესვის კურკები ქვიშის წინააღმდეგ

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ რეცეპტმა თირკმლის კენჭებისა და ქვიშისგან მიხსნა:

ნესვის კურკები უნდა გავრეცხოთ, გავაშროთ და ყავის საფქვავში ან ხორცსაკეპ მანქანაში დავაქუცმაცოთ. ავიღოთ 1 ჩაის კოვზი, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე რძე და კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. 1 ჭიქა ამ ნახარშს 7 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ ვსვამდი, რასაც თირკმლის მსუბუქი შეტევა და შარდით კენჭის გამოყოფა მოჰყვა.

  • მარტივი რეცეპტი ფილტვების დაავადებათა სამკურნალოდ

ცხოვრება მუდმივი ფუსფუსი, ქაოსი და ყოველდღიური წვრილმანებია. წუთითაც რომ შეჩერდე, უმალვე შეამჩნევ, რომ ხან თავი წამოგტკივდება, ხან გული დაიწყებს ბაგაბუგს, გაჩერების დრო და უფლება კი არ გვაქვს. ამიტომაც მივყავი ხელი ფიტოთერაპიას. მინდა, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო. ამჯერად სასუნთქი სისტემის დაავადებების მკურნალობის ჩემეულ მეთოდს გთავაზობთ.

აიღეთ 100 მლ თაფლი (სასურველია, მაისის), 100 მლ ალოეს წვენი, 100 მლ ძახველის წვენი, 1/2 მწარე წითელი წიწაკა. ალოეს წვენის მოსამზადებლად 3-5 წლის ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებული მასა 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ.

ჩამოთვლილი კომპონენტები მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში, თავი მჭიდროდ დაახურეთ და წინასწარ მომზადებული ცომით "დალუქეთ". ქვაბი ღუმელში შედგით და 2,5 საათს დატოვეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ ცომის ლუქი მოხსენით (შეგიძლიათ, მიირთვათ), ნაყენი შუშის ბოთლში ჩაასხით და პლევრიტის, ფილტვების ანთების, ბრონქიტის დროს მიიღეთ - 50 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 4-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

  • არყის ხის კუპრი თქვენც გიშველით

მაქვს თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზი. მინდა, თქვენც გასწავლოთ, როგორ მიშველა არყის ხის კუპრმა.

ის აფთიაქში ვიყიდე, შევიზილე თავის კანში, ცელოფნის ქუდი დავიხურე და 4-5 საათით დავიტოვე, შემდეგ დავიბანე, ჯერ - კუპრის საპნით, შემდეგ - შამპუნით. ეს პროცედურა ორი კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით ვიმეორე. შედეგმა გამაოცა. ახლა ჩემი თავის კანი ნორმალურად გამოიყურება.

თუ გსურთ, ჩემი გამოცდილება გაიზიაროთ, გაითვალისწინეთ ერთი დეტალიც: კუპრი თეთრეულს სვრის, ამიტომ ჯობს, პროცედურა დილით ჩაიტაროთ. არ შეშინდეთ, თუ თავდაპირველად თავის კანი გაგიწითლდათ - სიწითლე თანდათან გაქრება.

  • კოლიტის წინააღმდეგ

კოლიტს თითქმის ყოველთვის ახლავს ყრუ, შემაწუხებელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. მინდა, შემოგთავაზოთ ეფექტური რეცეპტი ამ არასასიამოვნო სიმპტომის წინააღმდეგ.

1 ჩაის კოვზ მრავალძარღვას, სალბს. და გვირილას დაამატეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 1 სუფრის კოვზი ნაყენი მიიღეთ ყოველ 2 საათში, დღეში დაახლოებით 7-8-ჯერ. 1-3 თვის შემდეგ, თქვენი თვითშეგრძნების გათვალისწინებით, დოზა შეამცირეთ, მიღებათა შორის შუალედები გაზარდეთ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა დაიცვათ დიეტაც - უარი თქვით შემწვარ, მეტისმეტად ცხელ და მეტისმეტად ცივ საკვებზე, ღორის ხორცზე, კანიან ხილზე, მწარე, ცხარე საკვებზე, ყავასა და შოკოლადზე. თუ ამ რეკომენდაციებს დაიცავთ, ეფექტი არ დააყოვნებს.

  • სურდოსი არ მეშინია

სურდოს პროფილაქტიკისთვის საკუთარი მეთოდი მაქვს შემუშავებული. მართალია, ის ძალიან განსხვავდება მედიცინის მიერ შემოთავაზებული საშუალებებისგან, მაგრამ იმდენად ეფექტურია, რომ მინდა, ყველას გავუზიარო. საგანგებოდ ვამზადებ პილპილის ნაყენს, რისთვისაც 50 მლ შინაურ არაყს ვუმატებ ერთ ცალ მწარე წითელ წიწაკას და ერთი კვირის განმავლობაში ვტოვებ. ბანაობის წინ ამ ნაყენს თავის კანში ვიზელ, ცელოფნის ქუდს ვიხურავ და საათ-ნახევრით ვიტოვებ, შემდეგ კი თავს ვიბან. უკვე ხუთი წელია, სურდოთი ავად აღარ გავმხდარვარ. ამ ნაყენით ოჯახის წევრებსაც ვმკურნალობ - დღეში სამჯერ 10 წვეთს ჩაისთან ერთად ვასმევ. ჩემი წამალი საყოველთაოდ ცნობილ საშუალებებს არაფრით ჩამოუვარდება.

  • ვუწამლოთ დამწვარ კანს

სამი შვილიშვილი მყავს, სოფლად ვცხოვრობთ და ზამთარი ისე არ ჩაივლის, რომელიმემ ღუმელზე რამე არ დაიწვას. რა აღარ ვცადეთ და ბოლოს დავასკვენით, რომ დამწვრობისთანავე დაზიანებულ ადგილზე წყლის დასხმას არაფერი სჯობს. შესაძლებელია წყლის მაგივრად ალოეს წვენის, თეთრი ღვინის დასხმა, თაფლის წასმა, გახეხილი უმი კარტოფილის დადება, ფქვილის შეფრქვევა, თუმცა ეს საშუალებები მხოლოდ წვას აჩერებს. როგორც კი წვა დაცხრება, დამწვარზე მაშინვე უნდა დაიდოთ მალამო, რომელიც იოლად მზადდება შინაურ პირობებში, მაგრამ სამკურნალო თვისებებით ძვირადღირებულ წამლებს არაფრით ჩამოუვარდება.

აიღეთ 1 ჭიქა მცენარეული ზეთი, მცირე ხანს ადუღეთ და ქურიდან გადმოდგით. ოდნავ რომ შეგრილდება, დაუმატეთ 50 გრამი თაფლის სანთელი და 20 გრამი სუფთა პარაფინი, კარგად მოურიეთ და გაცივება აცადეთ. როგორც კი გაცივდება, დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 2 აბი სტრეპტოციდი. ისევ კარგად ათქვიფეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

  • ლიმონის წვენი ხველებას შეგიმსუბუქებთ

ძალიან სუსტი ბრონქები მაქვს. ოდნავი გაციებაც კი მტანჯველი, ხანგრძლივი ხველებით მირთულდება. ჩემი გასაჭირი თითქმის ყველა ჩემმა ახლობელმა იცის. მეგობარმა გულთან მიიტანა ეს ამბავი და მასწავლა წამალი, რომელმაც ძალიან მარგო:

1 ცალ ლიმონს დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ქურიდან და გააცივეთ. გაჭერით შუაზე და ჩაის ჭიქაში გამოწურეთ. წვენს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი შინაგანად მისაღები გლიცერინი და ჭიქა შეავსეთ თაფლით. აურიეთ. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ და ძილის წინ.

  • რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილს დაგიამებთ

რადიკულიტი ერთი და ორი წელი როდი მტანჯავდა... შეიძლება ითქვას, სიცოცხლე ახალგაზრდობაშივე გამიმწარა, უებარი წამლის ძიებაში უამრავი დრო დავკარგე, ბოლოს კი რამდენიმე ისეთ რეცეპტს გადავაწყდი, სიცილად არ მეყო, მაგრამ ნათქვამია, გაგონილს ნანახი სჯობიაო და მეც ვცადე, მით უფრო, რომ ეს საშუალებები ძალზე იოლი მოსამზადებელი აღმოჩნდა. შედეგმა გამაოგნა.

  • აიღეთ 375 გრამი ალოეს ფოთოლი (ალოე უნდა იყოს 3-5 წლის, ფოთლების დაკრეფამდე 5 დღის განმავლობაში არ უნდა მორწყოთ), მოაჭერით ეკლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ 625 გრამი ნატურალური მაისის თაფლი და 675 მლ წითელი ღვინო, ამ ყველაფერს კარგად მოურიეთ და 5 დღით დადგით ბნელ, ცივ ადგილას.

პირველი 5 დღის განმავლობაში მიირთვით თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, მომდევნო დღეებში კი - თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ასევე ჭამამდე ერთი საათით ადრე.

  • აიღეთ პირშუშხას მოზრდილი ფოთლები და დაიდეთ მტკივან ადგილას, წელი შეიხვიეთ თბილად.

შეგიძლიათ, ფოთლები გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული ფაფა სქლად წაუსვათ საფენზე და ისე დაიდოთ წელზე, გარედან კი თბილად შეიხვიოთ.

  • აიღეთ რამდენიმე თავი შავი ბოლოკი და კანიანად გახეხეთ, მიღებული ფაფა კარგად გაწურეთ დოლბანდში, წვენით დაიზილეთ მტკივანი ადგილები და სწრაფად შეიხვიეთ თბილად.
  • აიღეთ 10 გრამი სვიის გირჩი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, რამდენიმე საათს დადგით და შემდეგ იმდენ ხანს ადუღეთ, რომ წყალი განახევრდეს. მიღებულ ნახარშს დაუმატეთ წილი ძროხის მუცლის ქონი ან ვაზელინი და კარგად ათქვიფეთ. ამ მალამოთი დღეში სამჯერ დაიზილეთ მტკივანი ადგილი.

  • ყურის ტკივილის დასამარცხებლად

ხალხური მედიცინის მოყვარული ვარ და როცა ერთ ძველ სამკურნალო წიგნში ავიცენასეულ რეცეპტებს წავაწყდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ყურის ტკივილი ჩვენი საგვარეულო სენია, ამიტომ განსაკუთრებით მისი დასაამებელი საშუალებებით დავინტერესდი. ვფიქრობ, არც თქვენი ჟურნალის მკითხველისთვის უნდა იყოს ინტერესმოკლებული, როგორ შველოდა დიდი ექიმი ყურის ტკივილით შეწუხებულ პაციენტებს.

  • ყური აგტკივდებათ თუ არა, უნდა გამოსწუროთ ხახვს წვენი, დაუმატოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, დაასველოთ მასში ბამბა და ყურში ჩაიდოთ. ტკივილს აცხრობს ნუშის ზეთის ჩაწვეთებაც.
  • 10 გრამ დინდგელს დაასხით 90 მლ 70%-იანი სპირტი და 10 დღით დადგით სითბოში. ურიეთ დღეში ორჯერ. მიღებული ხსნარი ჩაიწვეთეთ ყურში დღეში 3-4-ჯერ.
  • თუ ყურის ტკივილს თან ახლავს ჩირქოვანი გამონადენიც, აიღეთ თანაბარი ოდენობის კაკლის ფოთოლი და მრავალძარღვა, კარგად დანაყეთ, გამოწურეთ წვენი, შეათბეთ და ორივე ყურში ჩაიწვეთეთ.
  • ნივრის გარჩეული კბილი მტკივან ყურში ჩაიდეთ და იქამდე გაიჩერეთ, ვიდრე მსუბუქ წვას არ იგრძნობთ.
  • თუ 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად გაღეჭავთ ლიმონის ქერქს, სმენა გაგიუმჯობესდებათ.
  • გააცხელეთ ძმარი და მტკივანი ყური მის ორთქლზე გააჩერეთ. ძმრის ცხელი ორთქლი რამდენიმე წუთში მოხსნის საცობს და სმენაც აღდგება, ასევე, აქრობს ყურში ხმაურსა და შუილს.

  • როგორ ვუწამლოთ ჰაიმორის ღრუს

ქრონიკული ჰაიმორიტი მჭირს, აცივებას ყოველ წელს შიშით მოველი და ნოემბერში რომ დიდ ქუდს დავიხურავ, აპრილამდე ვერ ვიხდი. ზოგჯერ მაქვს საშუალება, ექიმთან მივიდე და მკურნალობის კურსი ჩავიტარო, ზოგჯერ კი, ჩემი მწირი პენსიის პატრონი, იძულებული ვარ, შინაურ საშუალებებს დავჯერდე. ძველმა მეგობარმა მასწავლა რეცეპტი, რომლითაც დიდად კმაყოფილი დავრჩი:

  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი მრავალძარღვა, 1 სუფრის კოვზი კაკლის ფოთოლი, 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 3 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათს. ამ ნაყენით უნდა გამოირეცხოთ ჰაიმორის ღრუ (შეისრუტოთ ცხვირით) დღეში ორჯერ.
  • გაადნეთ პარაფინი 60-65 გრადუსზე ისე, რომ ფუნჯით ადვილი წასასმელი იყოს, შემდეგ თხელ ფენად წაისვით ჰაიმორის ღრუს მიდამოებში. უნდა გაკეთდეს რამდენიმე ფენა, ვიდრე პარაფინის სისქე 1 სმ-ს არ მიაღწევს. შემდეგ ზემოდან დაიფარეთ თბილი ქსოვილი (სასურველია შალი) და 1 საათს გაიჩერეთ. პარაფინი ისეთი ტემპერატურის უნდა იყოს, რომ კანი არ დაწვას. უმჯობესია, მის წასმამდე კანი მზესუმზირას ზეთით ან ვაზელინით დაიზილოთ.

შეგიძლიათ, პარაფინი გაადნოთ, ლავაშივით გააბრტყელოთ და ისე დაიდოთ ჰაიმორის ღრუს მიდამოში.