დავეხმაროთ ერთმანეთს
ადენოიდები და გლანდები (ტონზილები) ბევრ ბავშვს აწუხებს, რასაც თან ახლავს ხშირი გაციება, ყელის ტკივილი, მაღალი სიცხე. მოგვიანებით ამას შეიძლება დაერთოს სახსრებისა და გულის პრობლემებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადენოიდებს დროულად და სათანადოდ ვუმკურნალოთ, რადგან ეს წარმონაქმნები დიდ როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესშიც. ჩემს შვილს ძალიან მოუხდა ასეთი წამალი:
-
აიღეთ 2 წილი მუხის ქერქი, 1 წილი პიტნის ფოთოლი და ამდენივე კრაზანას ბალახი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, წამოადუღეთ და 3-5 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით ქურიდან, გადაწურეთ და გამოივლეთ ცხვირ-ხახაში დღეში 1-2-ჯერ.
ნანა ცხვედიანი, თბილისი
ჭრილობებსა და დამწვრობას ეს წამალი მოგიშუშებთ
თბილისის ახლოს პატარა ნაკვეთი მაქვს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, ამიტომ მისი დამუშავებისას ხშირად ვიღებ ტრავმას. ამ დროს მშველის მალამო, რომელსაც თვითონვე ვამზადებ:
-
აიღეთ 100-100 გ თაფლის სანთელი, ნაძვის ფიჭა, ღორის მუცლის ქონი, გამხმარი, დაფქული ჭინჭარი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და 3-4 წუთის განმავლობაში ადუღეთ. რომ გაცივდება, ნატკენი ადგილი ჩამოიბანეთ წყლით და დაიდეთ ამ მალამოთი გაჟღენთილი საფენი. რომ გაშრება, გამოიცვალეთ. 3-4 ამგვარი პროცედურის შემდეგ ყველაზე მძიმე ჭრილობაც კი ხორცდება.
უშანგი ღელეღუტაშვილი, თბილისი
ვიტილიგოს მკურნალობის ხალხური მეთოდები
მინდა მოგაწოდოთ რამდენიმე რეცეპტი ვიტილიგოს სამკურნალოდ.
- კანის იმ უბნებში, სადაც თეთრი ლაქები გაქვთ, დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ ძირთეთრას ფესვების წვენი. ამ დღეებში რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროთ მზეზე. ან: დღეში 2-ჯერ თხლად შეიზილეთ კანში ძირთეთრას მალამო (2 სუფრის კოვზ ძირთეთრას გამომშრალ ყვავილს შეურიეთ 100 გრამი ღორის მუცლის ქონი; შედგით ნელ ცეცხლზე, შეათბეთ, გადმოდგით და გადაწურეთ).
- 1 სუფრის კოვზ კრაზანას გამომშრალ ფოთლებსა და ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, სამი კვირის განმავლობაში. ერთი კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. მკურნალობა 4-6 თვეს მოითხოვს. ამავე დროს ისვით კრაზანას ზეთიც: აიღეთ 1 წილი ბალახი, დაასხით 10 წილი ზეთი, გააჩერეთ 3 საათის განმავლობაში, ჩადგით წყლის აბაზანაში, შემდეგ გაფილტრეთ და გაწურეთ. კრაზანა ზრდის ულტრაიისფერი სხივებისადმი კანის მგრძნობელობას, ამიტომ პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ მზის ხანმოკლე აბაზანა. უმჯობესია, დაიწყოთ 1-2 წუთით და ყოველდღიურად 1-2 წუთი მიუმატოთ. კურსი 20-30-დღიანია.
- აიღეთ 20-20 გრამი გვირილის ყვავილი, სალბის ფოთოლი, კრაზანა, კალენდულას ყვავილი, შავთავას ბალახი, ჭინჭრის ფოთოლი, ორკბილა. დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე, 2 თვის განმავლობაში.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით შავი პილპილი და საჭმელი სოდა, აურიეთ ერთმანეთში, შეიზილეთ ნარევი კანში.
კახაბერ ქარცივაძე, ხულო