დავეხმაროთ ერთმანეთს
- ნ აიღეთ 100 გრამი ნაღების კარაქი, შეათბეთ 50-60 გრადუსამდე, გადმოდგით და დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული დინდგელი (პროპოლისი). ნარევი კვლავ შემოდგით ცეცხლზე, 70 გრადუსზე, და გააჩერეთ 8-10 წუთი. ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ უნდა ურიოთ. შემდეგ გადმოდგით, გაწურეთ და ორფა დოლბანდში გაფილტრეთ. გააცივეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, თბილ რძესთან ერთად, ჭამამდე საათნახევრით ადრე.
მკურნალობა 2 თვე გრძელდება. სცადეთ, არ ინანებთ! ზაზა სიფრაშვილი, თბილისი
ნეგო შეიძლება ღვიძლის ციროზის სამკურნალოდ გამოვიყენოთ
ჩემი მეუღლე, ვიდრე შეეძლო, სვამდა. შედეგად მიიღო დანგრეული ჯანმრთელობა და ფსიქიკა. ერთ-ერთი დიაგნოზი ღვიძლის ციროზია, რომელსაც ნეგოთი ვმკურნალობთ. გაითვალისწინეთ: ნეგო უნდა დავკრიფოთ ყვავილობის დაწყებიდან არა უგვიანეს 2 კვირის განმავლობაში - უფრო გვიან მოკრეფისას მცენარის სამკურნალო აქტივობა მცირდება.
- ნ მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ 2 ჩაის კოვზი ნეგოს ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შედგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 1 საათის განმავლობაში. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მაყვალა ლაღიძე, ბაღდათი
მასტოპათიის დროს იმუნიტეტის მოძლიერებაა საჭირო
30-50 წლის ასაკში ქალების 60-90%-ს აღენიშნება მასტოპათია - სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი პათოლოგია. მეც მაქვს ეს დაავადება, რომელიც ზოგჯერ ტკივილით მახსენებს თავს. მკურნალობა ეფექტური რომ იყოს, აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება. ამისთვის საჭიროა:
- ნ წვრილად დაჭრათ და თანაბარი ოდენობით შეურიოთ ერთმანეთს გულყვითელას ყვავილი, აბზინდა, მრავალძარღვა, ქრისტესისხლა და ფარსმანდუკი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 3 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით და გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 3 თვის განმავლობაში.
მაია მაღლაფერიძე, თელავი
სისხლძარღვებიც იწმინდება
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიო მედიცინის პირველი პრობლემაა, ამიტომ აღარავის უკვირს, როდესაც ექიმთან მისულს ათეროსკლეროზით გამოწვეული გულის იშემიური დაავადების ან სულაც რომელიმე ტიპის არითმიის დიაგნოზს დაუსვამენ. ასე ვიყავი მეც. მართალია, მაიმედებდნენ, რომ პათოლოგია ეს-ესაა დაიწყო და საშიში არაფერი იყო, მაგრამ ამას ჩემთვის შვება არ მოუტანია. სპეციალისტთა დანიშნულების კვალდაკვალ ხალხური მედიცინის წიღშიც დავიწყე წამლების ძებნა და აი, რას მივაგენი:
- ნ აიღეთ 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და 3 სადილის კოვზი დაფქული მშრალი კატაბალახას ფესვი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, დაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. 5-წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოდგით და მთელი ღამე ასე დატოვეთ. დილით გადაწურეთ და ნაყენი მინის ჭურჭელში ჩაასხით.
მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით 2 კვირა, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და ორკვირიანი კურსი გაიმეორეთ. სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, ამგვარი მკურნალობა ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ ერთსა და იმავე დროს - შემოდგომაზე ან გაზაფხულზე. ნატა ქართველიშვილი, გორი
ძახველის ნაყენი გულის უკმარისობას და მაღალ წნევას უხდება
გულით ავადმყოფი ვარ. ხშირად მაქვს მაღალი წნევაც. ამ დროს მშველის ძახველის ნაყენი, რომელიც ასე მზადდება:
- 2 სუფრის კოვზი ძახველი გახეხეთ, ჩაასხით მომინანქრებულ ქვაბში, ნელ-ნელა დაამატეთ 200 მლ მდუღარე წყალი. 15 წუთი გააჩერეთ მდუღარე ორთქლის აბაზანაში. გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და შეავსეთ გადადუღებული წყლით 200 მლ-მდე. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
თამარ ყანჩაშვილი, გორი
მედიკამენტების ალერგიას ასე უშველით
ყველამ იცის, რომ როგორც ნატურალური, ისე სინთეზური სამკურნალო საშუალებები შესაძლოა ძლიერი მედიკამენტური ალერგიის მიზეზად იქცეს. ასეთი ალერგიის დროს გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტები:
- აიღეთ თითო ჩაის კოვზი დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი, გულყვითელას ყვავილი და ორკბილა. დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე. დადგით მთელი ღამით, მერე კი გაწურეთ, უკვე გაწურულს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და ამდენივე მუქი ფერის თაფლი, სასურველია წაბლისა. სვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თან ყოველი ჭამის შემდეგ ენაზე დაიყარეთ ცოტაოდენი (დანის წვერით) დაფქული კვერცხის ნაჭუჭი (უმჯობესია, სოფლის ქათმისა იყოს). ასე გააგრძელეთ, ვიდრე ალერგიისთვის დამახასიათებელი გამონაყარი, ქავილი ან შეშუპება არ გაგივლით.
- შაქრის ნატეხს დააწვეთეთ 5 წვეთი დაფნის ზეთი და მოწუწნეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ჭამის შემდეგ კი დალიეთ 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება 1 ჩაის კოვზი კალიუმის ქლორიდი.
რომან დიდბერიძე, საჩხერე