დავეხმაროთ ერთმანეთს
- გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ორი ცალი ლიმონი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და კარგად აურიეთ. წაისვით ცოტ-ცოტა ხელისგულებზე. 10-15 დღის შემდეგ ოფლიანობა დაგავიწყდებათ.
მანანა სარია
მრავალძარღვა სახსრების ტკივილს დაგიამებთ
დიდხანს მტკიოდა სახსრები. ვხმარობდი ათასგვარ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, მაგრამ ისინი ტკივილს მხოლოდ ცოტა ხნით მიყუჩებდა. ბოლოს ამ წამალს მივაგენი. მისი წყალობით სახსრების ტკივილი მალე გაგივლით და დიდხანს აღარ შეგახსენებთ თავს.
- 2-3 ცალი მწარე წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 0,5 ჩაის ჭიქა მრავალძარღვასა და ხახვის წვენი, ძვლის ცხიმი, შედგით ნელ ცეცხლზე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ადუღეთ. ამ ნახარშით გაიკეთეთ კომპრესი მტკივან ადგილებზე, შეიხვიეთ თბილად და დაიტოვეთ მთელი ღამით.
ნუცა სებისკვერაძე, ზესტაფონი
სტენოკარდიის შეტევის თავიდან ასაცილებლად
რამდენიმე თვის წინ გულის არეში დამეწყო ჩხვლეტა. მივმართე ექიმს, გადავიღე კარდიოგრამა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, შესაძლოა, სტენოკარდიული შეტევები იყოსო. მეგობარმა მირჩია მცენარეული ნაყენი, რომელიც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა:
- აიღეთ 6 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი შავბალახა და ამდენივე კუნელის ნაყოფი. ნარევს დაასხით 7 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეახვიეთ ჭურჭელი და გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. შემდეგ გადაწურეთ, გამოწურეთ ნარჩენიც და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მზა ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას.
ლეილა კობეშავიძე, ქარელი
პროსტატიტის დროს პროპოლისის სანთელი სცადეთ
რამდენიმე ხნის წინ ამტკივდა წვივები, დამეწყო ღამღამობით შარდვა, გამიჩნდა უსიამოვნო შეგრძნება საზარდულის არეში. დამისვეს წინამდებარე ჯირკვლის ანთების დიაგნოზი. დამინიშნეს მკურნალობაც. შვება ვიგრძენი, მაგრამ დისკომფორტი დამრჩა. თანამშრომელმა, რომელსაც იგივე დაავადება ჰქონდა, მირჩია შინაური საშუალება - პროპოლისის რექტალური სანთელი. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ.
- 40 გრამი პროპოლისი გახსენით 1 ჩაის ჭიქა სუფთა სპირტში. აიღეთ 0,1 გრამი ნარევი, დაამატეთ 2 გრამი კაკაოს ქონი და აურიეთ. გააკეთეთ სანთელი და ჩაიდეთ ძილის წინ უკანა ტანში. დაიტოვეთ დილამდე. ასე გააგრძელეთ ერთი თვე. მომდევნო ერთი თვე შეისვენეთ, მერე ისევ გაიმეორეთ კურსი.
ნოდარ თურმანიძე, სამტრედია
მტკივნეულ მენსტრუაციას კვლიავის თესლის ნახარში უხდება
მთელი ცხოვრება მტანჯავდა მტკივნეული მენსტრუაცია. გამუდმებით ვსვამდი ტკივილგამაყუჩებლებს. ზოგჯერ აბები არ მშველოდა და ნემსიც კი ხდებოდა საჭირო. ერთმა ქალბატონმა მირჩია კვლიავის თესლის ნაყენი, რომელმაც ციკლიც მომიწესრიგა და ტკივილიც გამიქრო.
- 1 სუფრის კოვზ კვლიავის თესლს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 6-7 წუთი. შემდეგ 10 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და სვით ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში. მიიღეთ ყოველდღე, სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ.
მეგი კორსანტია, ზუგდიდი
ლარინგიტისგან მზესუმზირა გიხსნით
ამ გაზაფხულზე ძლიერ გავცივდი. დამრჩა ყელში ჩახეხვის შეგრძნება და ჩახლეჩილი ხმა. პოლიკლინიკის ექიმმა ლარინგიტის დიაგნოზი დამისვა. ძალიან მიყვარს მცენარეების შეგროვება და ბევრი რამ წამიკითხავს მათ სამკურნალო თვისებებზე, ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური საშუალებები მესინჯა. ძალიან მომიხდა ეს წამალი:
- აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი მზესუმზირას დანაყილი ფოთოლი და თესლი. დაასხით 1 ლიტრი წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და საათ-ნახევარი დატოვეთ ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ, დაუმატეთ, გემოვნებისამებრ, თაფლი და მიიღეთ 30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მანანა გამცემლიძე, ქუთაისი
ნიახურის თესლი ხველას შველის
გაციებისა და გრიპის შემდეგ დამრჩა ხველა, რომელსაც ვერაფერი მოვუხერხე. მიშველა ნიახურის თესლის ნაყენმა, რომელიც ასე მზადდება:
- 1 ჩაის კოვზ ნიახურის თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი გააჩერეთ ორთქლის აბაზანაში, გადაწურეთ და მიიღეთ საათში ერთხელ 2 სუფრის კოვზი.
ვენერა კუპატაძე, ჭიათურა
ყივანახველის დროს შვებას მოგგვრით
ჩემი პატარა დისშვილისგან ყივანახველა გადმომედო. პროცესი მეტისმეტად გამიხანგრძლივდა. ჩემმა დამ გამიკეთა შინაური წამალი, რომელმაც მტანჯველი ხველისგან გამათავისუფლა.
- აიღეთ ნახევარი კილო ხახვი, წვრილად დაჭერით ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 50 გ თაფლი, 100 გ შაქარი და 1 ლ წყალი. ეს ყველაფერი ჩაუშვით მომინანქრებულ ქვაბში, შედგით ნელ ცეცხლზე და 3 საათის განმავლობაში ადუღეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-6-ჯერ გამოჯანმრთელებამდე.
ზურაბ მესაბიშვილი, თელავი