სამკურნალო წერილები
და მოვლითი ტკივილები მეწყება. არადა, სულ დიეტაზე ხომ არ ვიქნები?! მეგობარმა ერთი მცენარეული საშუალება მირჩია და მომზადებაც თვითონვე მასწავლა:
- იღებთ 2 ჩაის კოვზ პიტნის წვრილად დაკეპილ ფოთოლს, 1 ჩაის კოვზ ცერეცოს თესლს და 2 ჩაის კოვზ ასევე წვრილად დაჭრილ კატაბალახას ფესვს. ამ ნარევს ვასხამთ 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 20 წუთს ვაჩერებთ, შემდეგ გადავწურავთ და ვიღებთ თითო ჩაის ჭიქას დილა-საღამოს.
ნაყენს, გარდა იმისა, რომ აირების დაგროვებით გამოწვეული დისკომფორტი მომიხსნა, არაჩვეულებრივი დამამშვიდებელი ეფექტიც აღმოაჩნდა.
ნუკრი გეგეშიძე, სამტრედია
მცენარეული ამოსახველებელი საშუალება
ხშირად ვცივდები, რაც თითქმის ყოველთვის ხანგრძლივ და მტანჯველ ხველას მიტოვებს. დიდ პატივს ვცემ ხალხურ მედიცინას, მიმაჩნია, რომ ბუნებრივი საშუალებები უსაფრთხოც არის და უფრო იაფიც, ამიტომ ჩემი ხველების წამალიც შინაურია:
- ვიღებ 2 სუფრის კოვზ ტუხტის ფესვს, ამდენივე ძირტკბილას ფესვს და 1 სუფრის კოვზ ცერეცოს თესლს. ამ ნარევს ვასხამ 2 ლიტრ მდუღარე წყალს, ვდგამ სიბნელეში და 20 წუთის შემდეგ ვწურავ. ვიღებ 3 საათში ერთხელ თბილ-თბილს, ჩაის ჭიქის მეოთხედს.
მაგდა ფესვიანიძე, თელავი
ნაღვლის ბუშტის ანთების დროს მიიღეთ...
თუ ცხარე და ნოყიერი კერძების მოყვარული ბრძანდებით, ნაღვლის ბუშტის ანთება ადრე თუ გვიან აუცილებლად შეგაწუხებთ.
აღარც კი მახსოვს, როდიდან ვუჩივი ქოლეცისტიტს. სისტემატურად ვიტარებ ნაღვლის ბუშტის გამორეცხვას და ვცდილობ, მცენარეული საშუალებებით ვიმკურნალო - ისინი არანაკლებ ეფექტური და უფრო ხელმისაწვდომია.
- აიღეთ თითო ჩაის კოვზი ასისთავა, კოთხუჯის ფესურა და ნეგოს ყვავილი. საღამოს ამ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დილამდე ასე დატოვეთ, დილით კი წამოადუღეთ, 5-7 წუთს გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა უზმოზე, დანარჩენი კი ოთხ ულუფად გაყავით და სვით დღის განმავლობაში, ჭამიდან თითო საათის შემდეგ.
მარიკო გიორგაძე, ბათუმი
გვირილის ნაყენი თმას ოქროსფერს მისცემს
ვიდრე გავჭაღარავდებოდი, ღია წაბლისფერი თმა მქონდა. ახლა უკვე ვიღებავ, მაგრამ ვინაიდან ძალიან თხელი თმა მაქვს, ქიმიურ საღებავებს ვერიდები. უმთავრესად ვიყენებ გვირილის ნაყენს, რომელიც თმას ღია ოქროსფერ ელფერს აძლევს.
- ვიღებთ 100-200 გრამ გვირილის ყვავილს, ვასხამთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და 5-10 წუთს ვადუღებთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ 1 საათით ვაყენებთ. ეს ნაყენი უნდა გადაივლოთ ყოველი დაბანის შემდეგ. ეცადეთ, თმა არ შეიმშრალოთ, ისე გაიშროთ ჰაერზე.
მაკა ნაჭყებია, ქუთაისი
ბანანი საუკეთესო კოსმეტოლოგია
ყველა ქალმა იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია სახის კანის მოვლა. დღეს პარფიუმერიული ბაზარი გაჯერებულია ფართოდ რეკლამირებული, ძვირად ღირებული კოსმეტიკით და კანის მოსავლელი საშუალებებით. ცხადია, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე უპირატესობას ვანიჭებ ჩემივე ხელით მომზადებულ ნიღბებსა და კრემებს და უნდა გითხრათ, რომ შედეგით არცთუ უკმაყოფილო ვარ.
მშრალ და დანაოჭებულ კანს ძალიან უხდება ბანანი. მისგან ნაირ-ნაირი ნიღბის მომზადება შეიძლება:
- ბანანი კოვზით გასრისეთ, ფაფად აქციეთ და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. ნიღაბი, კანის მდგომარეობის კვალობაზე, გაიკეთეთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით. კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს.
- კარგად აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი ხაჭო და არაჟანი, დაუმატეთ ამდენივე ბანანის რბილობი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
ნატა სიხარულიძე, თბილისი
ბრონქიტს უხდება
თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ, განსაკუთრებული ყურადღებით ვეცნობი რუბრიკას ”დავეხმაროთ ერთმანეთს”, კარგად ვიცნობ სამკურნალო მცენარეებს, თუმცა თქვენს ჟურნალშიც ხშირად ვპოულობ სასარგებლო რჩევას და უცნობ რეცეპტს. მინდა, მეც შემოგთავაზოთ ნაცადი მცენარეული საშუალება, რომელიც შემაწუხებელი ხველებისგან გაგათავისუფლებთ.
- 1 აიღეთ 1 ჩაის კოვზი გაზაფხულის ფურისულას ფესვი, 2 ჩაის კოვზი ცერეცოს თესლი და 2,5 ჩაის კოვზი ვირისტერფას ფოთოლი. ნარევს დაასხით 3 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და 8 საათს გააჩერეთ. გადაწურეთ და მიიღეთ 3 ულუფად ჭამიდან თითო საათის შემდეგ.
ლარისა ყიფიანი, ზესტაფონი
ბარამბო მაღალ წნევასაც უხდება
რამდენიმე ხნის წინ ძლიერი სტრესი გადავიტანე. მალე შევამჩნიე, რომ წნევის ციფრებმა მაღლა აიწია, დამეწყო პერიოდული თავის ტკივილი, გულის ფრიალი და ნერვულიც გავხდი. თანამშრომელმა ეს ნახარში მირჩია. დავლიე, წნევაც მომიწესრიგდა, ძილიც და ნერვებიც.
- ვიღებთ 1,5 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, ამდენივე კატაბალახას ფესვს და ბარამბოს ფოთოლს და სვიას. ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 5 წუთის განმავლობაში ვადუღებთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ შევაგრილებთ და ვწურავთ. ვიღებთ ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. ვსვამთ 3-4 თვე, შემდეგ ორ კვირას ვისვენებთ და, სურვილისამებრ, კურსს ვიმეორებთ.
მარიამ ნემსიწვერიძე, ქუთაისი
თუ რძე ცოტა გაქვთ
როდესაც ვაჟი შემეძინა, ძალიან მინდოდა, ძუძუთი გამეზარდა - რამდენად მნიშვნელოვანია დედის რძე ჩვილისთვის, ყველამ ვიცით. თანდათან შევამჩნიე, რომ ბავშვს რძე არ ჰყოფნიდა, მაგრამ ხელოვნური საკვების მიცემა არ მინდოდა. ბებიამ მომიმზადა წამალი, რომლის წყალობით ძუძუში რძე ჩამიდგა და ჩემი პატარაც დანაყრდა. გთავაზობთ ამ წამლის რეცეპტს:
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი ცაცხვის ხმელი ფოთოლი ან კვირტი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ნინო კლდიაშვილი, თერჯოლა
შაკიკის დროს შვებას მოგგვრით ძახველი
ბავშვობიდან მაწუხებს შაკიკი. ვიმკურნალე კიდეც, მაგრამ დაავადება დროდადრო მაინც მახსენებს თავს. ასეთ დროს ძახველის ნახარშს ვსვამ. ტკივილსაც მიყუჩებს, წნევასაც მიწესრიგებს და მამშვიდებს კიდეც.
- ვიღებთ 2 სუფრის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს, ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ნახევარი საათით ვდგამთ წყლის აბაზანაში. შემდეგ 15 წუთს ვაჩერებთ, ვწურავთ და ვიღებთ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.
ნათელა ქიტოშვილი, გარდაბანი
ორგანიზმის მოსამაგრებლად
რამდენიმეთვიანი დამქანცველი ფიზიკური შრომის შემდეგ ვიგრძენი, რომ დავსუსტდი, დილით ადრე ადგომა მეზარებოდა, უმადობაც დამჩემდა და მთელი დღე გაუნძრევლად ყოფნის მეტი არაფერი მინდოდა. ჩვეული საქმიანობაც კი იმხელა ძალისხმევას ითხოვდა ჩემგან, თითქოს არასოდეს მეკეთებინოს. მეუღლემ მადის მოსაგვრელად წამლები მასვა. მადა ნამდვილად მომემატა, მაგრამ გვარიანი ტრაპეზის შემდეგ განძრევა უფრო მეტად მიჭირდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საგონებელში ჩავვარდი და გამოსავლის ძებნა დავიწყე. ზოგმა რა მირჩია და ზოგმა - რა. ბოლოს რამდენიმე ისეთი რეცეპტი შევარჩიე, რომელთა შესახებ ადრეც გამეგონა. სწორედ მათ გთავაზობთ.
- აიღეთ 10 გრამი არყის ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ მცირე ულუფებით, დღეში 3-4-ჯერ, დაახლოებით 100-100 გრამი.
- აიღეთ 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. აიღეთ 4 ჩაის კოვზი ნარევი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3-4 საათით და გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ერთ ჯერზე. სასურველია, თუ ამ ულუფას დღეში 3-ჯერ მაინც მიიღებთ.
მოცვი, ჭინჭარი და ასკილი მდიდარი ყოფილა ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნაერთებით, რომლებიც მავნე ნივთიერებებით დაბინძურებულ ორგანიზმს საიმედოდ ასუფთავებს და ძველ ენერგიასა და ამტანობას უბრუნებს.
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ძახველი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით და გაფილტრეთ. მიიღებთ ნაყენს, რომელიც ორად უნდა გაყოთ. ნახევარი შუადღისას დალიეთ, ნახევარი კი საღამოს. ძახველით მკურნალობის კურსი ერთკვირიანია.
- 2 ჩაის კოვზ წიწაკის მარცვალს დაასხით 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად აურიეთ, შემდეგ დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარ საათს ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, ნახევარი საათით დააყენეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში და გადაწურეთ. მიღებული ნახარში დალიეთ დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი ათდღიანია.
ნუგზარ თვარაძე, რუსთავი
სცადეთ, არ ინანებთ!
ჩართავ ტელევიზორს და გაოცებული რჩები - რას აღარ გვთავაზობენ მედიკოსები თუ არამედიკოსები იმისთვის, რომ წონა დავიკლოთ და ტანადობა დავიბრუნოთ. აქ ნახავთ სასწაულმოქმედ აბებს, ფხვნილებს, ჯადოსნურ ელექტროხელსაწყოებს, წყლის პროცედურებს, რომლებიც ერთ სეანსზე წელს ორი ზომით აპატარავებს. გაზეთებში განთავსებული სარეკლამო განცხადებების სიმრავლეზე არაფერს ვამბობ. თქვენი არ ვიცი, მე კი ასეთ რეკლამებს გულგრილად ვერ ვკითხულობ, რადგტან ვიცი, რა მოსდევს ასე ელვის სისწრაფით წონის დაკლებას.
მე უკვე 50 წლის ვარ, წელის ზომა კი აგერ 20 წელია უცვლელი მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ წელიწადში რამდენჯერმე ვიცავ განსაკუთრებულ დიეტას. ის ბებიამ მასწავლა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რამდენიმე წელი ჩინეთში ცხოვრობდა - 1940-იან წლებში იქ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან სპეციალისტთა ჯგუფებს გზავნიდნენ ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორი გამხდარი და გამომშრალი ტანი აქვთ ჩინელებს, თითქოს მათ სხეულში ცხიმოვანი ქსოვილი საერთოდ არ არსებობდეს. ეს ერთი უბრალო დიეტის დამსახურება ყოფილა. მისი მეშვეობით 10 დღის განმავლობაში თითქმის 5 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი. დიეტა შეგიძლიათ ყოველ 2 თვეში ერთხელ დაიცვათ.
დიეტა სამ ძირითად პირობას ითვალისწინებს.
- პირველი: დილით, უზმოზე, უნდა შეჭამოთ იმდენი მარცვალი უმი ბრინჯი, რამდენი წლისაც ბრძანდებით. ბრინჯს წყალი არ უნდა მიაყოლოთ. მარცვლები კარგად უნდა დაღეჭოთ და დაარბილოთ ნერწყვით, თუმცა ნაწილი შეგიძლიათ დაუღეჭავად გადაყლაპოთ.
- მეორე: საღამოს 18.00 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივ ჭამთ, შეზღუდვა საჭირო არ არის.
- მესამე: საღამოს 18.00 საათის შემდეგ მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის ჭამაა ნებადართული.
კარგია, თუ შეძლებთ, ყვითელი ან როგორც ჩვენში უწოდებენ, ყავისფერი ბრინჯი იყიდოთ. ის თეთრზე გაცილებით სასარგებლოა. ერთი კურსისთვის (შეგახსენებთ - კურსი ათდღიანია) საკმარისია 100-150 გრამი.
სცადეთ და ნახავთ, რომ არ ინანებთ!
ეკატერინე ლეჟავა, თბილისი
ყელის ტკივილს ანისული დაგიამებთ
აუტანელ ყელის ტკივილს დიდი ხანია კარგად ვიცნობ. გლანდები პატარაობაშივე ამომაჭრეს, იმ იმედით, რომ ანგინა და ყელის ტკივილი ამის შემდეგ მაინც დამანებებდა თავს, მაგრამ ნურას უკაცრავად, უკვე 56 წლის კაცი ვარ და აცივდება თუ არა, რამდენიმე დღეში ყელი თუ არ ამტკივდა, მიკვირს კიდეც. თუმცა, წლებმა რაღაც-რაღაცები მასწავლა და შემოდგომის მიწურულს უკვე ანგინის დასახვედრად ვემზადები. ძალიან მიხდება ეს წამალი:
- ვიღებ ჭიქანახევარ ანისულის თესლს და ვასხამ იმავე ოდენობის ცივ წყალს, ვდგამ ცეცხლზე და ვადუღებ 15 წუთს, რომ შეგრილდება, ვფილტრავ და ვურევ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლს, შემდეგ კვლავ ცეცხლზე ვდგამ და კიდევ ერთხელ წამოვადუღებ, ხოლო ქურიდან გადმოდგმის შემდეგ, ვიდრე გაცივდება, ვამატებ 1 სადილის კოვზ კონიაკს.
სწრაფი ეფექტისთვის უნდა მიიღოთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ. ნახარშის სმა 10 დღე შეგიძლიათ.
- ჩემი ერთი ნაცნობი ყელის ტკივილის დროს ნემსიწვერას ნაყენით მკურნალობს: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნემსიწვერას უნდა დაასხათ 2 ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი და 6-8 საათით სიგრილეში დადგათ. პერიოდულად კარგად მოურიეთ. სვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. დალევის წინ ოდნავ შეათბეთ.
- კარგია რძეში მოხარშული ლეღვის ჩირის ნახარშიც: 7-8 ცალი ლეღვის ჩირი უნდა მოხარშოთ 2 ჭიქა რძეში და თბილ-თბილი დალიოთ ძილის წინ. ეს საშუალება განსაკუთრებით ანგინიან ბავშვებს უხდება.
- სცადეთ ხახვის ნაფცქვენიც - 3 ჩაის კოვზი მშრალი დაქუცმაცებული ნაფქცვენი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, დააყენეთ 4 საათით, გაფილტრეთ და პერიოდულად ყელში გამოივლეთ.
ლონდერ ჯმუხაძე, თბილისი
როცა პატარას ბრონქიტი აქვს
ჩემი შვილი საკმაოდ რთული მშობიარობის შედეგად მოევლინა ქვეყნიერებას. ორსულობისას გადატანილმა დაავადებებმა მის ჯანმრთელობას თავისი კვალი დააჩნია - გოგონას სუსტი სასუნთქი გზები აქვს. უკვე 4 წლისაა და საკმარისია, ოდნავ შესცივდეს, რომ ავად ხდება, ეწყება სპაზმური ხველა და იგუდება.
რა აღარ ვცადეთ, ათასი ექიმი გამოვიცვალეთ. ბოლოს გვითხრეს, ეს თანდაყოლილი და გენეტიკურია, ისღა დაგრჩენიათ, პატარას სასუნთქი გზების თავდაცვითი მექანიზმი გაუძლიეროთო.
როცა მედიკამენტების იმედი გადამეწურა, წამლის ძიება ხალხურ საშუალებებს შორის დავიწყე და სწორედ მაშინ ვიპოვე რეცეპტი, რომლის წყალობით მთელმა ოჯახმა შვებით ამოვისუნთქეთ.
- სპაზმური ხველისა და ბრონქიტის დროს აიღეთ ვირისტერფას 2-3 ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი აუდუღარი რძე და აადუღეთ. შემდეგ დაამატეთ ცოტაოდენი (დანის წვერით) ღორის მუცლის ქონი და დაალევინეთ პატარას თბილი ნახარში ძილის წინ.
- ბავშვებისთვის კარგია ასეთი საშუალებაც: ერთ ლიტრ წყალში მოხარშეთ საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი. ადუღეთ, ვიდრე წყალი არ განახევრდება. ასვით ბავშვს დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი. მკურნალობა შეგიძლიათ მანამდე გააგრძელოთ, ვიდრე ბავშვს ხველა არ გაუვლის.
ლელა საბაძე, ნიკორწმინდა