დავეხმაროთ ერთმანეთს
წიგნში თავმოყრილია ხალხში გაბნეული რეცეპტები და თითოეულ მათგანს ახლავს ექიმის კომენტარი. ამ წიგნის შეძენა შეგიძლიათ “ბიბლუსის” მაღაზიებში. უკვე გამოვიდა “კარაბადინის” მეორე წიგნიც.
კუჭის წყლული
- უმი კომბოსტო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული მასა გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში.
ექიმის კომენტარი: კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს, რომელთა შორის ჭარბობს კალიუმისა და ფოსფორის მარილები. მასში აღმოჩენილია თავისუფალი ამინმჟავები, რომელთა უმრავლესობა მეტად საჭიროა ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით მდიდარია კომბოსტოს წვენი ვიტამინებით, ფერმენტებით. იგი შეიცავს ასკორბიგენს, რომელიც C ვიტამინის მეტად მდგრად სახესხვაობას წარმოადგენს.
ხალხურ მედიცინაში კომბოსტო იხმარება როგორც უმად, ისე მწნილის სახით. იგი მადის მომგვრელი, შარდმდენი და მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა. აძლიერებს კუჭის სეკრეციას (წვენის გამოყოფას), ნაწლავებში საკვების გადამუშავების პროცესს.
ახალი კომბოსტოს წვენს, რომელსაც უმატებენ შაქარს, ხმარობენ სიყვითლისა და ელენთის დაავადებების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. აქვს ამოსახველებელი ეფექტიც.
წყლით განზავებული კომბოსტოს წვენი გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესების დროს.
თეთრთავიანი კომბოსტოს წვენში აღმოჩენილია განსაკუთრებული ნივთიერება მეთილმეთიონინსულფონიაქლორიდი, რომელსაც U ვიტამინსაც უწოდებენ. მას ახასიათებს სპეციფიკური, უშუალო მოქმედება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე - სპობს წყლულს.
კომბოსტოს წვენი უნდა დამზადდეს ერთი დღე-ღამის მარაგით და +20 C ტემპერატურაზე შევინახოთ. მიიღეთ შემთბარი სახით.
- 1 ს/კ კარაქი, 1 ს/კ სპირტი, 1 ს/კ სუფთა თაფლი. დილით, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე, მიიღეთ იმ თანამიმდევრობით, როგორითაც ჩამოთვლილია. შემდეგ მიირთვით ნებისმიერი საკვები. მკურნალობის კურსი 1 თვეა.
- ექიმის კომენტარი: კარაქის გამოყენება ხალხურ მედიცინაში წყლულის დროს დაკავშირებულია მის შემდგომ მოქმედებასთან: იგი ესალბუნება ლორწოვანი გარსის დაზიანებულ ზედაპირს - დეფექტს და იცავს მას დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან. სპირტი, როგორც ანტისეპტიკი, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს. დღეს უკვე აღარავინ დავობს კუჭის წყლულის ბაქტერიოლოგიურ ეტიოლოგიაზე. რაც შეეხება თაფლს, მის სამკურნალო მოქმედებაზე უკვე არაერთხელ გვისაუბრია. ასე რომ, აღნიშნული რეცეპტი ეფექტიანი უნდა იყოს კუჭის წყლულის შემთხვევაში, მაგრამ მკაცრად უნდა გაგაფრთხილოთ, რომ რეცეპტში მოწოდებულ კომპონენტთა თანამიმდევრობა აუცილებლად უნდა დაიცვათ, რადგან თუ პირველ რიგში სპირტს მიიღებთ, ამან შესაძლოა საგრძნობლად გააუარესოს თქვენი მდგომარეობა. ცხიმი კი იცავს ლორწოვანას ალკოჰოლის ზემოქმედებისაგან.
- 10 გ დაქუცმაცებულ დინდგელს დაასხით 100 გ სპირტი, ჩაასხით მუქ ბოთლში. შეინახეთ ბნელ, მშრალ ადგილას 10 დღე. შეანჯღრიეთ დღეში რამდენჯერმე. დოზა: 1 ჩ/კ ნაყენი გახსენით 1/2 ყავის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში სამჯერ, სასურველია, უზმოზე, ჭამამდე 20-25 წთ-ით ადრე. თუ ტკივილი გაგიგრძელდათ, დასაწყისში ჭამის შემდეგ მიიღეთ და მოგვიანებით შეცვალეთ მიღების წესი. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვეა.
- ექიმის კომენტარი: დინდგელი ფუტკრის პროდუქტია. მას სასიამოვნო არომატი, მომწარო გემო და წებოვანი კონსისტენცია აქვს. კარგად იხსნება სპირტში. დადგენილია დინდგელის ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი, რასაც ეფუძნება მისი ფართო გამოყენება მედიცინაში. გარდა ამისა, მას აქვს ანტიტოქსიკური (მოშხამვის საწინააღმდეგო), ანტიანთებითი, საანესთეზიო (ტკივილგამაყუჩებელი) და ინფექციათა მიმართ ორგანიზმის დამცავი ფაქტორების მასტიმულირებელი მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტში თავმოყრილია ყველა ის ეფექტი, რაც საჭიროა ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის.
1. ტუხტის (ალთეს) ფესვები დაანამცეცეთ. 2 ს/კ-ზე დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ. გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს.
2. მიირთვით ნატურალური თაფლი საუზმემდე 1,5 საათით ადრე 30 გრამი, სადილამდე 2 სთ-ით ადრე 40 გრამი, ვახშმიდან 3 საათის შემდეგ კი 30 გრამი. მკურნალობის კურსია 15-20 დღე.
3. ნიახურის ნაყენი (2 ს/კ დანამცეცებულ ძირებიან ნიახურს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 2 სთ, გადაწურეთ) მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
- ექიმის კომენტარი: 1. ტუხტის ფესვები შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოვან ნივთიერებებს. ბუნებრივი ლორწოს შემცველობით ტუხტი უთანაბრდება სელის თესლს. ლორწო ჯირჯვდება წყალში და ქმნის მახასიათებელ კოლოიდურ სისტემას, რომელსაც სამკურნალო ღირებულება აქვს. მცენარეული ლორწო კუჭის ლორწოვან გარსს ფარავს თხელი ფენით, რომელიც მასზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩერდება და იცავს შემდგომი გაღიზიანებისგან. ამის შედეგად კი იოლდება დაზიანებული ქსოვილების თავისთავადი რეგენერაცია, მცირდება ანთებითი პროცესები. ამრიგად, ტუხტიდან გამოსულ ლორწოს აქვს კუჭის ლორწოვან გარსზე დამცველობითი, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რაც წყლულის დადებით დინამიკას უწყობს ხელს.
2. თაფლის უნიკალურ თვისებებზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს, რომ თაფლის მიღებისას ემატება მჟავიანობა და ეწყება გულძმარვა. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი არ იცავენ თაფლის მიღების წესებს. კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისა და წყლულოვანი დაავადების დროს აღნიშნული პროდუქტი უნდა მივიღოთ მშიერ კუჭზე - ჭამამდე 1,5-2 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 3 სთ-ის შემდეგ. თაფლს გააჩნია კომპლექსური დადებითი ეფექტი სხვადასხვა პათოლოგიის დროს. კერძოდ, იგი ახდენს ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიულ, ქსოვილთა რეგენერაციის დამაჩქარებელ, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელ და სხვა მრავალ ზემოქმედებას. მისი გამოყენება რეცეპტში აღნიშნული წესის მიხედვით უთუოდ დადებით შედეგს მოგვცემს წყლულის დროს.
3. ნიახური მდიდარია ვიტამინებით და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ფიტოთერაპიაში იგი ძირითადად, შარდმდენ საშუალებად გამოიყენება: მასში შემავალი ეთეროვანი ზეთი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ხოლო ფესვებში შემავალი ლორწო ლორწოვან გარსზე დამცავ ზემოქმედებას ახდენს, რაც ამცირებს ანთებით პროცესს და ტკივილს კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნიახურის ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ დაბალი, ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადების დროს.
- 100-100 გრამი კარაქის, კაკაოსა და თაფლის ნარევს დაამატეთ 50 გრამი ალოეს წვენი. ნელ ცეცხლზე დაადნეთ, კარგად მოურიეთ და თავდახურული მინის ქილით შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ექიმის კომენტარი: მოცემული რეცეპტის კომპონენტები სხვადასხვაგვარად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე: კარაქი ეკვრის ლორწოვანის ზედაპირს და იცავს მას მორიგი დაზიანებისგან. კაკაოს ნაყოფი მდიდარია ცხიმებით, ცილოვანი ნივთიერებებით, სახამებლით, უჯრედისით, ორგანული მჟავებით, ალკალოიდებით (თეობრომინით, კოფეინით), ფოსფორისა და კალიუმის მარილებით, მას მსუბუქი ანტისეპტიკური, ეპითელიუმის დამცავი ეფექტი აქვს. რაც შეეხება თაფლსა და ალოეს, მათ შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ალოეს ძლიერი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციული თვისებები აქვს. თაფლი კი ცნობილია როგორც იმუნომოდულატორი (იმუნიტეტის მომწესრიგებელი), ბაქტერიების გამანადგურებელი, ანთების საწინააღმდეგო, ეფექტიანი საშუალება.
- გარეცხილი, კარგად გამშრალი ქაცვი გაწურეთ წვენსაწურში. წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის შაქარი. ნარევი უნდა შეათბოთ ცეცხლზე 40 0C-მდე (მეტი არ შეიძლება) და განუწყვეტლივ ურიოთ, ვიდრე შაქარი არ გაიხსნება. შემდეგ ცხელი ნარევი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. ამგვარად მომზადებული ჟელე კარგად ინახება და თანაც ვიტამინებს ინარჩუნებს. მას იყენებენ ორგანიზმის დასუსტებისას, იმუნიტეტის დაქვეითებისას, ნებისმიერი დაავადებისას, ალერგიის გარდა. ქაცვის ზეთი აფთიაქებში იყიდება. თითო ჩაის კოვზი მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ექიმის კომენტარი: ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას, გარდა ამისა, მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები - აფერხებს არაერთი ბაქტერიის ზრდას. ქაცვის ზეთი აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში, აჩერებს ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირებას, მდიდარია E, B1, B2, B6 და P ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ფოსფოლიპიდებით, მცენარეული სტერინებით.
ქაცვის ზეთს იყენებენ გინეკოლოგიაში ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. ეს საშუალება ეფექტიანია დამწვრობის დროს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის სამკურნალოდ. ქაცვისზეთიან სანთლებს იყენებენ პროქტოლოგიაში ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ჰემოროის სამკურნალოდ. ქაცვის ზეთი გამოიყენება, აგრეთვე, ჰაიმორიტის, ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას.
- როგორც კი მრავალძარღვა პირველ ფოთლებს გამოიღებს, მოაგროვეთ (ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში), გარეცხეთ, გააშრეთ, გაატარეთ ხორცსაკეპში და შაქართან (1:1) ერთად ფენა-ფენა ჩააწყვეთ მშრალ მინის ქილაში. შეავსეთ ქილა პირამდე, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და სამი თვით მიწაში ჩაფალით. შემდეგ წვენი დოლბანდში კარგად გაწურეთ, მიღებული ვაჟინი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და გააჩერეთ შიგ წყლის ადუღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში. ეს წამალი უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, დღეში ერთხელ, სამი თვე.
ექიმის კომენტარი: მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მეტად გავრცელებულია საქართველოში. გვხვდება მდელოებზე, ფერდობებზე. ამ მცენარის ფოთლები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ფოთლების ექსტრაქტს შეუძლია ქსოვილთა აღდგენა, აქვს საძილე და ჰიპოტენზიური მოქმედება, ნაყენს - ნახველის გამათხელებელი ეფექტი, აგრეთვე აჩერებს ბაქტერიების გამრავლებას.
მრავალძარღვას ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ბრონქიტისა და ტუბერკულოზის დროს, აგრეთვე - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მრავალძარღვა ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას და მისი მჟავიანობის მაჩვენებელს. ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია კუჭის ისეთი ქრონიკული პათოლოგიების დროს, როცა მჟავიანობა ნორმალური ან დაქვეითებულია.
- 100 გ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 500 გ არაყი ან 400-იანი სპირტი. დადგით 2 კვირა, გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 15-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე. 1 თვე. აჯობებს, თუ უწყლოდ დალევთ. ნაყენს იყენებენ დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ფაღარათის დროს. იგი შედეგიანია ქოლეცისტიტის, ღვიძლის ანთების და თირკმელში კენჭის დროსაც. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, უხდება გულის აჩქარებას.
ექიმის კომენტარი: კოთხუჯი მრავალწლიანი მცენარეა. მისთვის დამახასიათებელია სქელი, ჰორიზონტალურად მდებარე ფესურა, რომელიც გარეგნულად რუხი ან მომწვანო, შიგნიდან კი თეთრი ფერისაა. ფესურას ქვევით ბევრი წვრილი ფესვი აქვს. ფესურის ზემოთ იზრდება სამწახნაგოვანი ღერო, რომელსაც აქვს ერთადერთი ფოთოლი და ცილინდრული, ტაროს ფორმის ყვავილედი. მცირე ზომის ყვავილები მომწვანო-მოყვითალო ფერისაა.
კოთხუჯი (კოთხოჯი, ეგირი, ჯარკვატანა) გვხვდება დასავლეთ საქართველოს ლელიანლაქაშიან და ჭაობიან ადგილებში. კოთხუჯის ფესვები შეიცავს შემომგარსველ ნივთიერებებს, C ვიტამინს, გლიკოზიდებს, სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. ამის გამო მრავალმხრივი სამედიცინო ეფექტი გააჩნია. აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, ზრდის კუჭის სეკრეციას, თუმცა ამავე დროს მოქმედებს, როგორც ანტაციდი (კუჭის სიმჟავის გამანეიტრალებელი). გარდა ამისა, კოთხუჯის ნაყენი ხსნის სპაზმებს, აფერხებს ბაქტერიებისა და სოკოს გამრავლებას, აცხრობს ანთებას, არის ნაღველმდენი და შარდმდენი, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
ხალხურ მედიცინაში კოთხუჯის ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებათა (გასტრიტების, წყლულების, ფაღარათის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის), აგრეთვე, შარდკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. გამოიყენება კოთხუჯის სპირტიანი და წყლიანი ნაყენი. სპირტიანი ნაყენის მომზადების წესს მკითხველი გვაწვდის.
- წყლიანი ნაყენის მოსამზადებლად კი 2 ს/კ კოთხუჯის ფესვებს ასხამენ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალს, დგამენ წყლის ორთქლზე 15 წთ, შემდეგ გადაწურავენ და სვამენ 1/4 ჩ/ჭიქას 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- 5 ლ თხის რძე დადგით სითბოში დასამჟავებლად. შემდეგ შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი რძე შეხაჭოებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან. გაწურეთ ხაჭო. შრატი ჩაასხით ჯამში და ჩაყარეთ კარგად გარეცხილი შვრია (შრატისა და შვრიის თანაფარდობა უნდა იყოს 1:5), ხარშეთ 4-5 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე. როცა მოიხარშება და გაცივდება, კარგად გაწურეთ, შვრია გადაყარეთ. ნახარშს დაუმატეთ 300 გ თაფლი, 125 გ 70%-იანი სპირტი, კარგად მოურიეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. მიიღეთ 30 მლ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ. მიღების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ. მკურნალობის ერთი კურსისთვის დაგჭირდებათ სამი ასეთი ულუფა.
ექიმის კომენტარი: შვრია მეტად ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. შვრიის მარცვალი მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, B ჯგუფის ვიტამინებით. ხარშვისას შვრიის მარცვალი გამოყოფს ლორწოს. ასეთი ნახარში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების: გასტრიტების, ენტეროკოლიტების, წყლულოვანი დაავადებების დროს. შვრიას იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის დროსაც.
ფართოდ გამოიყენება შვრიის პროდუქტი დერმატოლოგიურ პრაქტიკაშიც. საკმაოდ ეფექტიანია შვრიის ნიღბები მოდუნებული კანის სამკურნალოდ.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
თანაბარი რაოდენობის თაფლი, შავი ღვინო და ნახევარი წილი ალოეს წვენი ჩაასხით მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დადგით სიბნელეში 3 დღით. შემდეგ მიიღეთ თითო ღვინის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. ნარევი შეინახეთ ბნელ ადგილას. ჩაიტარეთ ორკვირიანი კურსი.
ექიმის კომენტარი: თაფლის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ არაერთხელ გვითქვამს. რეცეპტში შემავალი კიდევ ორი კომპონენტი - შავი ღვინო და ალოეც კარგადაა ნაცნობი ჩვენი მკითხველისთვის. ისინი ისეთ ბიოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისებებით ხასიათდება. მათი კომბინირებული ეფექტი არაერთ ხალხურ რეცეპტშია გამოყენებული.
თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია
- 1 ს/კ მშრალი, დაქუცმაცებული ბალახი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15-20 წუთით გააჩერეთ მდუღარე წყლის ორთქლზე, მერე გადმოდგით, შეაგრილეთ, გაწურეთ და სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ექიმის კომენტარი: ხალხური მედიცინა მატიტელას კარგად იცნობს. სამკურნალოდ იყენებენ ბალახს ფესვიანად. მას ყვავილობის დროს აგროვებენ და ჩრდილში ახმობენ.
მატიტელა მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით: C ვიტამინით, გლუკოზით, მთრიმლავი ნივთიერებით. გინეკოლოგიაში იყენებენ სისხლდენების შესაჩერებლად. ხალხურ მედიცინაში მატიტელას ხმარობენ როგორც შემკვრელ, შარდმდენ, მადის მომგვრელ საშუალებას, ასევე - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სიმსივნის დროს.
ექსპერიმენტული მონაცემების თანახმად, მატიტელას ნაყენი ამცირებს სისხლის წნევას, რაც, ალბათ, იმასთანაც არის დაკავშირებული, რომ ამ მცენარეს შარდმდენი და თირკმლის ქსოვილის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
სმენის ნერვის ანთებას პროპოლისი შველის
რამდენიმე თვის წინ ამტკივდა ყური და თითქოს სმენაც დამაკლდა. მივმართე ექიმს. დამიდგინეს სმენის ნერვის ანთება. დავიწყე მკურნალობა, შვება ვიგრძენი, მაგრამ მცენარეულ საშუალებებზე უარი მაინც არ მითქვამს. მეგობარმა, რომელსაც ასეთივე ჩივილები ჰქონდა, თავი ამ შინაური წამლით მოირჩინა:
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით დინდგელის ნაყენი და მცენარეული ზეთი, აურიეთ ერთმანეთში და ამ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონი ჩაიდეთ მტკივან ყურში. დაიტოვეთ მთელი დღე-ღამე. 12-საათიანი შესვენების შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ. ასე იმკურნალეთ 20 დღე.
თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს შვებას მოგგვრით
რამდენიმე ხნის წინ წელი ამტკივდა. ჩავიტარე ექოსკოპიური გამოკვლევა. აღმომაჩნდა ცისტიტი და თირკმელში - კენჭი. დამინიშნეს მკურნალობა. შარდის ბუშტის ანთება მოვირჩინე, მაგრამ კენჭებს ვერაფერი მოვუხერხე, ამიტომ გადავწყვიტე, ბუნებრივი საშუალებით გამეგრძელებინა მკურნალობა. აი ჩემი რეცეპტი:
- აადუღეთ ნახევარი ლიტრი რძე და ჩაყარეთ შიგ 100 გრამი ოხრახუშის წვრილად დაჭრილი ფესვი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, თან განუწყვეტლივ ურიეთ. გადმოდგით ქურიდან და გადაწურეთ. გაყავით სამ ულუფად და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.